შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ქალაქის ხმები

#ტაქსი

 

***

„ვარდი, ვარდი, ვარდები, რა ლამაზი ბრძანდები,“ –  ასე იწყებს მარშრუტს მოხუცი მძღოლი.

 

***

– ქიაჩელზე გახვალთ?

– გამახსენეთ, სად არის?

– აი, ფილარმონიასთან, იქვე.

– კოსტავაზე დავეშვა?

– არა, რუსთაველისკენ რომ გაუყვებით, გამზირის პარალელურია.

– ჰოდა, ბელინსკით ავუხვევ.

– არა, ქვედა ქუჩაა.

– ქიაჩელზე მეუბნები, კაცო? ეგრე გეთქვა, რა, თავიდან.

 

***

ცენტრი: გამოძახებაა თავდაცვის სამინისტროსთან.

მძღოლი: ცენტრი, პლეხანოვზე რო თავდაცვის სამინისტროა, იმასთან თუა, მე დავაკავებ.

მეორე მძღოლი: ბიჯო, თავდაცვა ერთია, ერთი! და საერთოდ ყველა სამინისტრო თითო გვაქ, რით ვერ დაიმახსოვრეთ!

 

***

ვერაზე მივდივარ, ტაქსის ვურეკავ, სტამბასთან-მეთქი და ოპერატორი ხოშარაულამდე ფასს ანგარიშობს.

„გაზეტჩიკები“ გამიგებენ.

 

***

ტაქსის მძღოლს მობილურზე ურეკავენ:

– ბაბუ, როგორ ხარ?

– ბებიაშენს დაურეკე და გეტყვის.

– ეე, იმას ვეკითხები, როგორა ხარ-მეთქი და ბაბუაშენს დაურეკე და ის გეტყვისო.

ნაჩხუბარია თავის ხაზეიკასთან და ღიღინებს, ვითომ არაფერი.

 

***

– თქვენ ადრეც გიმგზავრიათ ჩემთან.

– შეიძლება.

– აქსისის კორპუსში ხომ არ ცხოვრობთ?

– არა.

– მეცნობით ძალიან. სამი დღის წინ დადიანზე არ გაგიყვანეთ?

– არა.

– აბა, იქიდან წამოგიყვანეთ?

– არ ვყოფილვარ სამი დღის წინ დადიანზე.

– სად მიდიხარ, სადა?! – ქალს გასძახა ქუჩაში, – უჰ, ჩემი ცოლი მეგონა. ასეთი კურტკა აქვს ზუსტად!

 

***

ტაქსის რაციით სოფლელი და ქალაქელი მძღოლები ჩხუბობენ:

„ამ სოფლელებმა ხო შეგვჭამეთ, რა!“

„ეხლა ქალაქელებმა ცოტა თავი შეიკავეთ!“

 

***

„თოვლი გამააცხადეს, აბა, თოვლი?! არადა, მუხლებამდე თოვლი იყო ჩემ შეყვარებულს პირველად რომ ვაკოცე, მეათე კლასში ვიყავი, მეტი კი არა, ჰოდა, რომ მოთოვს, სულ ეგ მამაგონდება ხოლმე. ერთი აღარ ჩამოთოვა, რა.“

ტაქსის მძღოლი იქნებოდა სამოცდაათის.

 

***

„რიგის ქუჩას რო მეუბნები ქალაქურადა, მე სოფლელი კაცი ვარ და როგორცა ეხლა ჰქვიან, ეგრე ვიცი აქაურობა.“

 

***

ტაქსის მძღოლს ვეკითხები, კამოზე რამდენად გახვალთ-მეთქი და მომიბრუნდა, რამდენი წლის ხარ, შვილო, რაღა დროს კამოაო.

 

***

კავკასიის უნივერსიტეტთან გავაჩერე ტაქსი, შევთანხმდით, დავიძარით. საცობებია, აღარ მოსწონს ტარიფი და მეგრული წამღერებით მეუბნება:

– ქალბატონო, უმაღლესში ასწავლი და უმაღლესი თუ არა, მაღალი ხომ გაქვს ხელფასი?

არ ვპასუხობ, არც ხელფასი მაქვს მაღალი.

სარკიდან განაწყენებული მიყურებს და ცალ მხარს ათამაშებს: „აბა, სტუდენტს არ გავხართ და…“

 

***

ტაქსის მძღოლმა ახლა გაიგო ჩემგან, რომ კენტი და ლუწი კორპუსები ქუჩის სხვადასხვა მხარესაა.

 

***

ტაქსის მძღოლის შეთავაზება:

„პირბადეს ქუჩაში რატო მაკეთებინებ, რატო?! აი, დაუშვათ, ორი კაცი მიდის ერთად, დააწესე, რომ ერთმანეთს გვერდით არ გახედონ, წინ იყურონ და ისე ილაპარაკონ. ეგრე არ გადაგედება, შანსი არაა, მაგრამ მოფიქრება ხო უნდა?!“

 

***

ტაქსის მძღოლი მიყვებოდა, როგორ იშოვეს დიდი ფული მუზიკანტებმა შაბაშით ზაქათალაში, თან იმდენი, რომ შუა წვეულებიდან გაპარულან იმის შიშით, არ წაგვართვანო. მართლაც დადევნებიან ერთი მაშინა კაცები, ამათ ბაქომდე უვლიათ, იქ დამალულან, კარგად დაუთვლიათ, გაუნაწილებიათ და მერე დიდი ამბებიც მოუწევიათ. ეს კაცი გახლდათ არა მედუდუკე ან მედოლე, არამედ გადმოგდებული შაბაშის ჩამვლები, აი, ისეთი მოხერხებისა, ძაღლი პურის ნაჭერს ჰაერში რომ იჭერს. ფული ყველას უნდა, თვალი უნდა გეჭიროს და ამოიცნო, ვინ გადმოაგდებს და რამდენის გადმომგდებიაო. აკა-ძია, მე რა ღირსი ვარ, ამ ყველაფერს შენ რად არ ისმენდი.

 

***

– ფრანგული დუხია?

– დიახ.

– მომაშია, აი!

 

***

სანამ მე ვეტყოდი, ტაქსის მძღოლმა თვითონ მკითხა, თამარაშვილზე მარცხნივ გინდათ თუ მარჯვნივო. მარცხნივ-მეთქი. აჰა, ესე იგი, მარცხნივო. კი-მეთქი. არა, წინასწარ ხო უნდა ვიცოდეო. რა თქმა უნდა-მეთქი. დროზე თუ არ მითხარით, მერე ჭირს მარცხნივ აღება, ეგრე არ არიო. მესმის-მეთქი. ნახევარმა ტარება არ იცისო.  მართალი ხართ-მეთქი. მერე რომ მეუბნებიან, უკვე გვიანიაო. ჰო-მეთქი, ჰო და გაუტია მარჯვნივ. აბა, რატომ მკითხეთ-მეთქი. ვახ, ისევ ამერიაო.

 

***

ტაქსით მგზავრობისას წესად მაქვს, ფანჯარა ღია უნდა იყოს. მოვყევით ვაკის საცობში და გავყინე მძღოლი.

– ხო გამყინეთ, ქალბატონო!

– ხო მომკალით, ქალბატონო!

– რაფერ თბილოდა, იცით, თქვენ სანამ ჩაჯდებოდით?!

– თქვენი თავი მიმაყვანინა, ქალბატონო, და მეტი არ მინდა არაფერი!

– უჰ, ახლა ამაწევინა ოთხივე ფანჯარა!

– თქვენ რომ გულიანად იცინით, მეც მაგი მიხარია, ქალბატონო, თვარა ამისთანებისთვის გამიძლია?!

 

***

– რამდენი წლის ხარ, ბუძი?

– ექვსის.

– რვის მეგონე მე კიდე! შვილიშვილი მყავს სახლში, სამი წლის. ნეკა თითით შედის ყველგან ტელეფონში. რო შეხედო, ხუთის გეგონება სრაზუ! აკონტროლე, ქალბატონო, აკონტროლე, სწრაფად იზრდებიან ძალიან!

 

***

– ეჰ, სულ ასეთი კი არ იყო ეს ცხოვრება, ერთ დროს მეც შენსავით ვიდუხა ბიჭი ვიყავი…

– ბატონო!

ჩემს ხმაზე შეცბა, სარკიდან გამომხედა და დარცხვენილმა მომიბოდიშა.

 

***

„წავიდნენ ბიჭები უცხოეთში სამუშაოდ და იმდენი დააგროვეს, სულ ჩეხურები იყიდეს გლდანში.“

 

***
2.8! წარმოგიდგენიათ?!

მძღოლი რადიოს უსმენდა და ამ შეძახილით გამიჩერა ტაქსი.

 

***

„ნეტაი იმას, ყველა საბუთი დახია, ყველა ხელშეკრულება გააუქმა – აღარც ბანკის ვალი, აღარც შუქის გადასახადი, აღარც „ეს აღარა გვაქვს“, აღარც „ის მაიტანე“!

ერთ სახლთან პანაშვიდის გამო ტაქსი შეფერხდა.

თბილისობა, 2019

 

***

დღეს ტაქსის მძღოლი ტაქსის მძღოლებზე მიყვებოდა ამბებს. იმედია, ტაქსიში ვიჯექი.

 

რუსუდან რუხაძე (როცა ძალიან ეჩქარება, წვიმს ან იქამდე შორია)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი