ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორები იყვნენ მდიდრები საქართველოში?

საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მეწარმეობის საკითხს. ბევრ სკოლაში უკვე დიდი ხანია ინტენსიურად ასწავლიან აღნიშნულ დისციპლინას. პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეების ეკონომიკურ საქმიანობაში გაწაფვას და მათ მოგების მოპოვების შესაძლებლობებზე, კომერციულ ურთიერთობებსა და ბიზნესის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. დარწმუნებული ვარ, ბევრი მასწავლებელი მეწარმეობის ქართულ გამოცდილებაზეც ამახვილებს ყურადღებას და გაკვეთილზე დაწვრილებით აღწერს წარსულში ცნობილი მდიდრების ქცევის კულტურას. ყველასათვის ცნობილ ძმებ ზუბალაშვილებსა და გენიალურ დავით სარაჯიშვილზე საუბრით აღარ შეგაწყენთ თავს. მხოლოდ რამდენიმე საინტერესო და სახასიათო მოვლენას შეგახსენებთ.

ალბათ ყველამ არ იცის, რომ გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველ მეწარმეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომერსანტი აკაკი ხოშტარია გახლდათ.

აბაშელი აზნაურების ოჯახში დაბადებულმა ხოშტარიამ წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია. პეტერბურგის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მცირე დანაზოგის მქონე ახალგაზრდამ გრანდიოზული ბიზნესის დაფუძნება, განვითარება და გაფართოვება მოახერხა. ის მთელ კავკასიაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. ფლობდა საპნის და აგროსამრეწველო მექანიზაციის ქარხნებს, ნავთობსარეწებს თანამედროვე აზერბაიჯანში. აღნიშნული საწარმოების საათივით აწყობის ხარჯზე, მან ძალიან გავლენიანი თურქულ-სპარსული ბანკისა და მაღალშემოსავლიანი ირანულ-რუსული სანავთობო კომპანიის დაარსებაც შეძლო. ეს ყველაფერი გასაგებია, ჩვენ ბევრი მდიდარი ქართველის შესახებ გვსმენია. უფრო საინტერესო არის ის, თუ რაში ხარჯავდა იგი თავისი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს.

ხოშტარიას სახელს უკავშირდება არაერთი სტუდენტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლად გამგზავრების ისტორია. ახლო აღმოსავლეთში ცნობილი მრეწველი აფინანსებდა ქართულ სკოლებსა და მათ წიგნთსაცავებს. მისი უშუალო თანამონაწილეობით მოახერხა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებამ კვლევითი საქმიანობის განახლება და პირველი ქართული უნივერსიტეტის მუშაობისათვის ნიადაგის შემზადება. 1920 წელს, დენიკინის არმიისა და ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო კრეისერების თარეშისგანაც ნაწილობრივ ხოშტარიამ გადაგვარჩინა. მან დაძლია პიროვნული ბარიერები და საქართველოს რესპუბლიკის ფლოტს ოთხი სამხედრო გემი უსასყიდლოდ აჩუქა. არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ ჩვენ მთავრობას სოციალ-დემოკრატები, კომერსანტის უდიდესი მოწინააღმდეგეები და ოპონენტები აკონტროლებდნენ.

მაშასადამე, ამ ადამიანისათვის პრიორიტეტული მხოლოდ საკუთარი მოგება არ ყოფილა, მას მხოლოდ სიხარბე არ ამოძრავებდა. აბაშელი აზნაური თავის პრიორიტეტად სტუდენტთა კეთილდღეობას, სასკოლო განათლებას, მეცნიერების განვითარებას და შორეული მშობლიური მხარის უსაფრთხოებას მიიჩნევდა.

ვფიქრობ, რომ არც არტემ ღვალაძის წარმოჩენა იქნება ურიგო საქმე. გადამდგარ სამხედროსა და რუსეთ-იაპონიის ომის ვეტერანს ხოშტარიას მსგავსად საერთაშორისო ბაზრები არ დაუპყრია, მაგრამ ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის გააკეთა ბევრი კეთილი საქმე. არტემ ღვალაძე გახლდათ ერთ-ერთი პირველი მანგანუმის მრეწველი ჭიათურაში, რომელიც ამავდროულად ადგილობრივი საწარმოს მოდერნიზაციასა და დასაქმებული მუშების უფლებებზე ზრუნავდა. მან მის თანამებრძოლთან და სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ლიდერთან გიორგი მაიაშვილთან ერთად მოახერხა ჭიათურაში მუშებისა და კომერსანტების სოციალურ პარტნიორობაზე დაფუძნებული სამრეწველო დაწესებულების ჩამოყალიბება. პარტნიორობის ეს მოდელი ფინანსური წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. შედეგად, არტემ ღვალაძემ მოახერხა სოლიდური თანხის გამოყოფა, რომელიც სოფელ სვერში პირველდაწყებითი სასწავლებლის, სამოქალაქო-საკვირაო სკოლისა, ადგილობრივი ბიბლიოთეკის დაარსებასა და ღარიბ მოწაფეთა შემწე ფონდის მობილიზებას მოხმარდა. გამოდის, რომ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლისთვისაც პრიორიტეტი სახელმწიფო საქმის ხელშეწყობა, დაქირავებულებთან თანამშრომლობა და საგანმანათლებლო კრების მხარდაჭერა ყოფილა.

მაშინდელ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დაწინაურებულ ფენას თავად-აზნაურები წარმოადგენდნენ. წლების განმავლობაში მსხვილი მიწათმფლობელობის ხარჯზე მათ მნიშვნელოვანი ქონების დაგროვებაც მოახერხეს. ამ ფენის წარმომადგენელთა საქციელიც შექებას და გამორჩეულად აღნიშვნას იმსახურებს. 1918 წელს, საქართველოს არისტოკრატიამ მთელი თავისი კაპიტალი ეროვნულ საბჭოს გადასცა. რამდენიმე თვეში ეროვნულმა საბჭო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაც გამოაცხადა. დამოუკიდებლობის ფინანსურ გარანტიებს სწორედ თავად-აზნაურთა მიერ გაღებული მსხვერპლი ქმნიდა.

საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მდიდარი ფენების ქცევის კულტურაზე აქცენტის დასმა, აუცილებლად გახდება სოციალური პარტნიორობის იდეების გავრცელების შესანიშნავი წინაპირობა. ქვეყნისათვის სასარგებლო, ნაკლებად ხარბი კომერციული საქმიანობის განვითარება კი ნამდვილად უნდა იყოს მეწარმეობის პედაგოგთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი