სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მოყინული მანდარინები

ზაზა ურუშაძეს ანტიქართული ფილმის გადაღებას ედავებიან. თუმცა, მოდით, თავიდან დავიწყოთ…

ქართულ-ესტონური, უფრო ზუსტად კი ესტონურ-ქართული ფილმი „მანდარინები” ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს – ოსკარის ნომინანტია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. აქამდე ეს ერთადერთმა ქართველმა რეჟისორმა, ნანა ჯორჯაძემ მოახერხა შორეულ 1996 წელს, როცა „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” გადაიღო. შორეული-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ქართული კინოს ზოგიერთი გულშემატკივრისთვის ეს გაფართხალება 1981 წელს თბილისის „დინამოს” მიერ ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგების ტოლფასია. ისიც წინა საუკუნეში მოხდა, მაგრამ საფეხბურთო ამბებში ჩვენი მთავარი დასაკვეხნი დღემდე სწორედ ეგ არის. სინამდვილეში, ალბათ,  დინამოელების გამარჯვება გაცილებით  დიდი მოვლენა იყო, ვიდრე ოსკარის მარტოდენ ნომინანტობაა. მით უმეტეს, რომ შანსები ვერ გვაიმედებს. შეგვიძლია თითები გადავაჯვარედინოთ და გულდამშვიდებულებმა ვილაპარაკოთ, მაგრამ თუ ცივი გონებით ვიფიქრებთ, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის” მსგავსად, თავის ხანგრძლივ მარათონს „მანდარინები” სავარაუდოდ მხოლოდ ნომინანტობით დაასრულებს. სამწუხაროა, მაგრამ ეს უფრო ნაღდი წინასწარმეტყველებაა. რატომ? იმიტომ, რომ რუსმა ანდრეი ზვიაგინცევმა შესანიშნავი ფილმი, „ლევიათანი” გადაიღო, რომელშიც რუსეთში არსებული უსამართლობის მორევსა და ეკლესიის ბნელ მხარეებზე ილაპარაკა და ეს დიდი ოსტატობით გააკეთა. ამ ფილმმა უკვე დაიმსახურა „ოქროს გლობუსი” და მეტად სავარაუდოა, რომ ხმლიან რაინდსაც ზვიაგინცევი დაიჭერს ხელში და არა ურუშაძე. რას ვიზამთ, ოსკარზეც რუსები გვიშლიან ხელს და სინამდვილეშიც. 
საოსკარო აურზაურის შემდეგ, ისინი, ვისაც ეს კინო ჯერაც არ უნახავთ, დრო არ გამოუჩნდათ ან პრინციპულად უარს ამბობენ ისეთი ფილმის ნახვაზე, რომელზეც ბევრი ლაპარაკობს, შიდა საუბრებში სვამენ შეკითხვას, როგორი ფილმია ეს „მანდარინები”. საშენი მასალის დასათვლელად სახლში ამოყვანილი მატყუარა ხელოსნის პრინციპით რომ ვთქვათ, ანუ უხეშად რომ ავიღოთ, თანამედროვე ქართული სტანდარტებით საშუალოზე კარგი, ისე კი – საშუალო დონის.  ბევრი დადებითი მხარე აქვს და ბევრიც – პირიქით. „მანდარინები” სტერეოტიპებისა და კლიშეების ნაკლებობას არ უჩივის (ჩეჩენი პერსონაჟი მაინდამაინც დაქირავებულ მებრძოლადაა წარმოჩენილი. მაშინ, როდესაც აფხაზეთის ომში ჩეჩნების ნაწილი არა ფულისთვის, არამედ კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის შექმნის იდეისთვის იბრძოდა; კავკასიელები სხვებზე მეტად ერთგულებენ ნათქვამ სიტყვას და სხვა სტერეოტიპები). ასევე, სეანსის დროს დისკომფორტი შემიქმნა იმ რიტორიკამ, რომელიც დიალოგებში იკითხებოდა. კარგსაც ნუ დავუკარგავთ: დრამატურგია, შესრულება, პერსონაჟები… კარგია.
[მათთვის, ვისაც ფილმი ჯერაც არ უნახავს: მოქმედება აფხაზეთის ესტონელებით დასახლებულ სოფელში ვითარდება, რომელსაც ორი მოსახლეღა შემორჩა, დანარჩენები კი ომს გაერიდნენ და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ. ქართველებსა და ჩეჩნებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ სიკვდილის პირას მყოფ ერთმანეთის მოწინააღმდეგეებს (ქართველსა და ჩეჩენს) ერთ-ერთი ესტონელი შეიფარებს, ანუ მტრები ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდებიან]
რა არის ამ ყველაფერში ანტიქართული? ჯერ ის გავარკვიოთ: თავად რას ნიშნავს ეს ანტიქართული? ამ სიტყვამ გაქვავება ჯერ კიდევ ოცდახუთი წლის წინ დაიწყო და თვალსა და ხელ შუა შემოგვაქვავდა. მან უკვე დაკარგა მნიშვნელობა. ყველა, ვინც კი ეკრანზე გამოდის, ან რომელიმე გაზეთი შინ ესტუმრება ვიდეომიმართვის ჩასაწერად, ხარბად იმეორებს: ანტიქართული… ანტისახელმწიფოებრივი… ეს სიტყვა იმდენად გაცვდა და დაბეჩავდა, რომ ჭკუის კოლოფები მხოლოდ თურქული სერიალების მომრავლების შედეგებზე სერიოზული (სინამდვილეში კი სულის შეხუთვამდე სასაცილო) საუბრისას იყენებენ. 
დავივიწყოთ სიტყვა ანტიქართული და სხვანაირად დავსვათ კითხვა: რა არის ამ ფილმში ისეთი, რაც ამ ქვეყნის ინტერესსა და იმიჯს აზიანებს? ჩემი ზოგიერთი Facebook-ელი მეგობრის პოზიცია ასეთია: კინოს დასასრულს ირკვევა, რომ ესტონელი ივოს შვილი ომის დაწყებისას ქართველების ხელით დაიღუპა. მათი აზრით, ეს ემოციურად ცუდად იმოქმედებს  საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი ქვეყნის ხალხზე, ესტონელებზე, მითუმეტეს, რომ ისტორიული სარჩული დარღვეულია. მათი მტკიცებით ქართველებსა და ესტონელებს შორის ომის დროს არცერთი კონფლიქტი არ მომხდარა და ზაზა ურუშაძეს  ამ პასაჟის სხვაგვარი გაგრძელება შეეძლო, რადგანაც ამის ფაქტობრივი აუცილებლობა არ არსებობდა. ამბობენ, რომ ოსკარის ნომინანტობა ესტონელების განაწყენებად არ ღირს.
ცხადია, ამ პატიოსანი მეგობრების ემოციები ქართველებისთვის ბევრ რამეზე მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაში სიტუაციის ზედმეტი დრამატიზება ხდება, ანუ ბუზისა და სპილოს ამბავთან გვაქვს საქმე. არახალია, ძველია, რომ მხატვრული ფილმის რეჟისორი ვალდებული არ არის ისტორიული სიზუსტე დაიცვას (გაიხსენეთ რა უქნა ტარანტინომ ჰიტლერს); გარდა ამისა, ურუშაძის კინოში არსად ჩანს ქართველებისა და ესტონელების ფართომასშტაბიანი დაპირისპირება, მეტიც, არსად ჩანს ესტონელების მონაწილეობა ამ ომში. აქ ნახსენებია, რომ ცალკეულმა ესტონელმა მამის რჩევას არ დაუჯერა და სასროლად წავიდა. საერთოდაც, ამ ფილმში ყველაზე დადებით ტიპებად რეჟისორს სწორედ ესტონელები ჰყავს გამოყვანილი. ანუ ესტონელების განაწყენების პრობლემა, ჩემი აზრით, თითქმის არ დგას. რამდენიმე დღის წინ, როცა ოსკარის ნომინანტთა სია გამოქვეყნდა და სოციალურ ქსელში გაზიარებულ ერთ არაადეკვატურ  კომენტარს გადავაწყდი, მეც ავენთე და დავწერე, გამჩენი არ გვასვენებს, ციხე შიგნიდან ტყდება-მეთქი. ეს „ციხე შიგნიდან ტყდება” ცოტა ზედმეტი მომივიდა. აი, გამჩენი რომ არ გვასვენებს ამ აზრზე ისევ ვრჩები. ამ ფილმისთვის ანტიქართულობის დაბრალება ისეთივე სისულელე მგონია, როგორც ერთი ბიზნესმენის განცხადება, რომ ყველა ის ქართველი ქვეყნის მოღალატეა, ვისაც „აგვისტოს 5 დღე” არ მოეწონა. ამ თემაზე კამათისას ერთმა მკითხა: განა უფლება არ მაქვს ანტიქართულად მივიჩნევდე და ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკოო? ღმერთი, რჯული, კითხვა რიტორიკული იყო. იმ ქალბატონს დაავიწყდა, რომ მეც და ისიც სამიოდე დღით ადრე, ორივენი შარლი ვიყავით.
მე ამ ისტორიაში ალბათ ის უფრო მასევდიანებს, რომ „მანდარინები” ოსკარზე ესტონეთის სახელით გავა, რადგანაც პროექტში ესტონური ფული უფრო მეტია, ვიდრე ქართული. ისე, ცნობისათვის ადრეი ზვიაგინცევს იმ ჭეშმარიტად ანტისამთავრობო სურათის გადაღებისთვის ფული რუსეთის კულტურის სამინისტრომ მისცა. რა მანქანებით მოახერხა ამ ეშმაკმა კაცმა ეგ აფიორა, ვერ გეტყვით. აღდგომა და ხვალეო. მოვა ოსკარის ღამე, დაიჭერს ქანდაკებას ხელში ზვიაგინცევი და მერე, ალბათ, ყველა დაწყნარდება. 
…და თუკი პირიქით მოხდა, პირველს მე გამეხარდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი