შაბათი, თებერვალი 4, 2023
4 თებერვალი, შაბათი, 2023

ავტოპორტრეტი და ავტობიოგრაფია

ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა საგნის თემები ერთმანეთს ისე დავუკავშიროთ, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო გავხადოთ. საგნებს შორის კავშირის დამყარება, მოსწავლეებს აქტიურ მსმენელებად აყალიბებს. გავაერთიანე ქართული ენისა და სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე შესწავლილი ორი თემა და მოსწავლეებს შევთავაზე.

ქართული ენის თემა: ბიოგრაფია/ავტობიოგრაფია;

სახვითი ხელოვნების თემა: პორტრეტი/ავტოპორტრეტი.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს დაემყარებინათ საგნებს შორის კავშირი. მოეხდინათ შესწავლილი თემის ტრანსფერი.

ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.

  • ადგენს მცირე ზომის ტექსტებს ცხოვრებისეული და/ან ლიტერატურული გამოცდილების საფუძველზე, თანამიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს.

ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

  • საკომუნიკაციო მიზნის შესაბამისად იყენებს ნიმუშებს, საყრდენებს.

ს.გ.IV.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრისა და იდეის განსახორციელებლად.

  • მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით ქმნის ნამუშევრებს სხვადასხვა ჟანრში (პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი, ყოფითი ჟანრი).

..IV.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და საუბარი საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.

 

  • ინდივიდუალური, ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრის, იდეის შესახებ (თუ რის ასახვა სურდა), ასახელებს გამოყენებულ ელემენტებს (მაგ., ხაზი, ფორმა, ფერი), პრინციპებს (მაგ., რიტმული გამოსახულებები) მასალას და სხვა.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებს შევთავაზე ორი ტექსტი აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ (ნაწყვეტი) და აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფია. მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ ორივე ტექსტი და შეედარებინათ ერთმანეთისთვის.

  • ვინ საუბრობს პირველ ტექსტში? მეორეში?
  • რა მსგავსება/განსხვავებაა მათ შორის.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებას, ვაწვდი ინფორმაციას ბიოგრაფიისა და ავტობიოგრაფიის შესახებ. ამისათვის სასურველია თვალსაჩინოების მომზადება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის ვიზუალურად აღქმა.

მიღებული ინფორმაციის განმტკიცების მიზნით, მოსწავლეებს ვთხოვე, გადმოეცათ საკუთარი ბიოგრაფია და ავტობიოგრაფია.

მოსწავლეებს ვთხოვე, სახვით ხელოვნებაში შესწავლილი თემა „პორტრეტისთვის“ მიექციათ ყურადღება. დავუსვი რამდენიმე შეკითხვა:

  • როგორ ფიქრობთ, ჰგავს თუ არა ერთმანეთს ავტოპორტრეტი და ავტობიოგრაფია? რით?
  • როგორ შეუძლია ადამიანს ავტოპორტრეტით პიროვნების წარმოდგენა? ავტობიოგრაფიით?
  • რა კავშირია ბიოგრაფიასა და პორტრეტს შორის?
  • ჰგავს თუ არა ერთმანეთს აგებულებით სიტყვები – ავტობიოგრაფია და ავტოპორტრეტი? რით?
  • რა შეუძლია ადამიანს გამოხატოს ავტობიოგრაფიითა და ავტოპორტრეტით?

მოსწავლეებს ვთხოვე, შეექმნათ ავტოპორტრეტი. მომდევნო გაკვეთილისთვის კი შემდეგი სახის აქტივობა დავგეგმე, რითაც მოსწავლეებს მოტივაცია მივეცი:

შემდეგ გაკვეთილზე მოსწავლეებს ვუზიარებდი ერთმანეთის ავტოპორტრეტებს. მათ კი უნდა გამოეცნოთ, ვინ იყო გამოსახული. აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს დავალება მაქსიმალურად ზუსტად უნდა შეესრულებინათ, რათა შესძლებოდათ ერთმანეთის ამოცნობა. (ეს აქტივობა განვახორციელე მომდევნო გაკვეთილზე, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა).

ქართულში განხილული თემის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა დაეწერათ ავტობიოგრაფია. დავალების წარდგენა შეეძლოთ სხვადასხვა ვარიანტის სახით. მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა ელექტრონული პრეზენტაციის სახით წარადგინა, ზოგმა ელექტრონული წიგნის, ნაწილმა კი – მატერიალური სახით.

საბოლოოდ, მოსწავლეები ქმნიან ავტობიოგრაფიასა და ავტოპორტრეტს.

ნამუშევრებს კი წარადგენდნენ მომდევნო შეხვედრაზე, სადაც განვიხილავდით და შევაფასებდით თითოეულს.

ვფიქრობ, საგნებს შორის კავშირის დამყარება მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ხალისითა და ინტერესით შეასრულეს მოცემული დავალება. ბოლოს კი გიტოვებთ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შესრულებულ დავალებას:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი