ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რობერტ მაკკამონი – „ბიჭის ცხოვრება“

უმბერტო ეკო ერთ-ერთ თავის წერილში მკითხველებს გვეუბნება, კლასიკური წიგნებიდან ის გრჩებათ, რომლის წაკითხვასაც 24 წლამდე მოასწრებთო.

ვიცი, მის ამ რჩევას რაციონალური მკითხველები ზედმეტი სერიოზულობით არ მოეკიდებიან, მით უფრო, როდესაც არსებობს საკმაოდ მაღალი რისკი იმისა, რომ ამ განსაკუთრებული იუმორის გრძნობით გამორჩეულმა ავტორმა, თავის დივერსიულ ანკესზე წამოგვაგოს და სხვებმა ამასობაში გვამხილონ, რომ იქ, სადაც, წესით, ხმამაღლა უნდა გაგვცინებოდა, ჩვენ ზედმეტად სერიოზულად განვეწყვეთ.

მაგრამ ამ დღეებში რაღაც ისეთი წავიკითხე, რამაც ძალაუნებურად ზემოთ ნახსენები წერილი გამახსენა.

ჩემ მიერ წაკითხული წიგნების ნუსხას რომ თვალი გადავავლო, აღმოვაჩენ, რომ ყველაზე შთამბეჭდავი სიამოვნება, რაც მათგან მიმიღია, ბავშვობის წლებთანაა დაკავშირებული. ეს შეიძლება ინდივიდუალური მოცემულობაც იყოს, მაგრამ მაინც, საინტერესოა, რატომ მოხდა ასე. ცხადია, იმიტომ არა, რომ საბავშვო მწერლები თავისი საქმის უფრო დიდი ოსტატები არიან, ვიდრე, მაგალითად, კლასიკოსები. საქმე ჩემშია. იმაში, რომ ბავშვობის წლებში, ან შესაფერის ასაკამდე გულწრფელი მკითხველი ვიყავი. ამიტომ უფრო მარტივად შემიძლია, გავიხსენო იმ წიგნებიდან მიღებული ემოცია, რომლებიც ძალიან ბევრი წლის წინ წავიკითხე, ვიდრე იმათი, რომლებთანაც სულ რაღაც თვეები მაშორებს.

გახსოვთ ის დრო, როცა დევიდ კოპერფილდი, მუშკეტერები, მონტე-კრისტო, კაპიტანი ნემო ან მარეკ პეგუსი გავიცანით? ეს ძირითადად ზაფხულში ხდებოდა. ნაწილისთვის იქნებ ის პერიოდი, ისევე, როგორც ჩემთვის, სოფლის, მყუდრო სახლის და ამწვანებული ეზოს ნანატრ მოგონებებთანაა დაკავშირებული. ეს დღეები ჩვენში დარჩნენ, როგორც ცხოვრების ყველაზე ფერადი ფრაგმენტები და მოხარული ვარ, რომ შემიძლია, გირჩიოთ გზა მათში კვლავ დასაბრუნებლად. ეს არის ამერიკელი მწერლის, რობერტ რ. მაკკამონის საოცარი რომანი: „ბიჭის ცხოვრება“. წიგნი ბევრი ჩვენგანის ზაფხულისა და ბავშვობის უნიკალური კონსერვაციაა და რადგან ყველა ჩვენგანი შინაგანად მივილტვით იმ დროში დაბრუნებისკენ, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ქართულად ჯერ კიდევ 2018 წელს სალომე ჯაფიაშვილმა თარგმნა და გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გახადა ჩვენთვის ხელმისაწვდომი.

წიგნში მოქმედება ალაბამას პატარა ქალაქ, ზეფირში ვითარდება. მთხრობელი, კორი მაკენსონი იქ გატარებული ცხოვრების ადრეულ წლებს იხსენებს, როცა ჯერ კიდევ 12-13 წლის ბიჭი იყო.

ეს ფათერაკებით, ურთიერთობებით, მისტიკით, სიხარულით, სევდითა და ბავშვობით გაჟღენთილი ამბავია. ის იწყება გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულით და მთავრდება მისი გახსნითა და პერსონაჟის აუცილებელი რეფლექსიით, რომელიც თითქმის 600-გვერდიანი ამბით მიღებულ გამოცდილებას ფასეულობათა სისტემის ჩამოსაყალიბებლად იყენებს.

ამ წიგნში არის უამრავი ცალკეული ისეთი თავი, რომელიც თავისუფლად შეიძლება გამოყენებული იქნეს ბულინგის, ოჯახში ძალადობის, ჰოლოკოსტის, სეგრეგაციის, მეგობრობის მტკიცე მაგალითის, ალკოჰოლდამოკიდებულების მძიმე შედეგებისა და სხვა ბევრი დამოუკიდებელი თემის ილუსტრირებისთვის. ამასთანავე, წიგნის მთავარი ღირსებაა ამ ძვირფასი ლიტერატურული მარგალიტების ურღვევი კავშირი, რომელიც სიუჟეტური ლოგიკით თავმოყრილია ერთი ისტორიის მოქმედების არეალში და ქმნის მთლიან და შთამბეჭდავ არქიტექტონიკულ სურათს. წიგნს აქვს შესაშური სიუჟეტური დინამიკა და მიუხედავად მისი საკმაოდ დიდი მოცულობისა, ყველაზე ზარმაც მკითხველებსაც არ მისცემს მისგან დიდი ხნით დასვენების საშუალებას.

„ბიჭის ცხოვრება“ იმდენად შლის ზღვარს რეალურსა და წარმოსახვითს შორის, რომ გაზაფხულის თუ ზაფხულის ერთ უქმე დღეს, როცა გადაწყვეტთ წიგნი დახუროთ, მიწვეთ და ზეფირში განვითარებული ამბებისგან დროებით დაისვენოთ, დიდია იმის შანსი კორი მაკენსონი დაგესიზმროთ. მაშინ იგრძნობთ, როგორ დგახართ აბიბინებულ მდელოზე და ზურგზე გაჭერთ თაკარა მზე, როგორ გიმსუბუქებთ ძვლებს თავისუფლების აღმაფრენა, როგორ შეგიძლიათ იფრინოთ ხეების კენწეროებთან და ზაფხულით აღსავსემ ზურმუხტისფერი ციდან ათვალიეროთ ზეფირის სათამაშოებივით სახლები, რომლის ქუჩებიც საღეჭი რეზინის ფირფიტებს ჰგვანან, ხოლო ავტომობილები ხუთცენტიან მოსამართ მანქანებს. მერე კი ღრმა და ლურჯი ტბიდან ამომავალმა იდუმალმა ხმამ შეგახსენოთ, რომ ამ სურათის დიდი ხნით შესანარჩუნებლად სასწრაფოდ საჭიროა ზეფირში მომხდარი სასტიკი დანაშაულის გახსნა. დამიჯერეთ, გაიღვიძებთ და ისევ წიგნის კითხვას მიუბრუნდებით.

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ პლანეტის სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ, ერთმანეთისთვის სრულიად უცნობ ადამიანს თავისუფლად შეიძლება ერთნაირი ზაფხული ჰქონდეთ გატარებული. ამიტომაც თავგადასავალში მოგზაურობა იმ სასწაულებრივ განცდასთან ზიარებას დაემსგავსება, რომ წიგნმა ჩვენზე უჩვეულოდ ბევრი რამე იცის. მიხვდებით, რომ შორეულ ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებთანაც კი უამრავი რამ გვაკავშირებს და თუ შევეცდებით გამოვიკვლიოთ ამ კავშირის მიზეზი, ვფიქრობ, კითხვა უალტერნატივო პასუხამდე მიგვიყვანს: ეს ბავშვობის გამო ხდება. ბავშვები თითქმის ყველგან ერთნაირი არიან. მათ ნებისმიერი ობიექტური მოცემულობის, სუბიექტურ ბედნიერებად გარდაქმნის უნარი აქვთ, ასეთ დროს კი წიგნების კითხვაც თამაშივით თავშესაქცევი ხდება ხოლმე.

და ის მაინც მაწუხებს, რომ მიუხედავად ამხელა სიამოვნებისა, რომელიც კორი მაკენსონის საოცარმა თავგადასავალმა 34 წლის ასაკში მომანიჭა, არ მქონია ბედნიერება ის მაშინ წამეკითხა, როცა ჯერ კიდევ 14, ან 16 წლის ვიყავი…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი