სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ჰიბრიდული სწავლება, ანუ საკლასო ოთახი დღეს

პანდემიის დაწყების დღიდან საგანმანათლებლო სივრცე არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. 2020 წლის 9 სექტემბერს გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. დოკუმენტში განხილული იყო დისტანციური სწავლების მოდელები, რომლებიც მოიცავდა სამინისტროს მიერ რეკომენდებული რომელიმე ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის დისტანციურ სასწავლო პროცესში სინქრონულად ჩართვის შესაძლებლობას. ასევე ითვალისწინებდა ასინქრონულ მოდელსაც (ტელე/ვიდეო გაკვეთილები, ელექტრონული პლატფორმები, ციფრული რესურსები და სხვ.). აქვე განიხილებოდა ჰიბრიდული მოდელით სწავლების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს „სრულად ელექტრონული სინქრონული ან/და ასინქრონული და დასწრებით სწავლების კომბინირებულად გამოყენებას, რაც შეიძლება იყოს დიფერენცირებული საგნების, კლასებისა და განაყოფების მიხედვით“.

ზემოაღნიშნულ დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ისიც, რა შემთხვევაში შეიძლება დაიხუროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. პანდემიის გამწვავების გარდა, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის წინაპირობად მიიჩნიეს ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი, რთული მეტეოროლოგიური პირობებით თუ ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული შეზღუდვები, სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სამუშაო პროცესები (ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სხვა სასკოლო საჭიროება).

სკოლებს მიეცათ დისტანციური სწავლების სასურველი მოდელის არჩევის შესაძლებლობა, თუმცა მათ თავიანთი არჩევანი რესურსცენტრთან უნდა შეეთანხმებინათ. სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შესახებ კი საბოლოო გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს უნდა მიეღო. აღნიშნული დოკუმენტის დეტალურ განხილვას აღარ მოვყვები. მასში ასახულია სასწავლო პროცესის ტექნიკური მხარეები და მასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული საკითხები, რომლებიც უფლება-მოვალეობების გადანაწილებასა და მხარეებს შორის კომუნიკაციაზეა მიმართული.

სრულად დისტანციური სწავლების ფორმატმა ნათლად დაგვანახა, რომ ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე არ არის საკმარისად აღჭურვილი ელექტრონული და ტექნიკური რესურსით. ამავე მიზეზით, დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც. ბუნებრივია, მასწავლებელიც არ იყო მზად იმ მასშტაბის სირთულეების გადასალახად, რომელიც უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის ხარისხიანად წარმართვას სჭირდებოდა (ელექტრონული საკლასო ოთახების შექმნა, საგნის საჭიროების შესაბამისი ციფრული რესურსების მომზადება, ტექნიკური პრობლემებით გამოწვეული სირთულეები და სხვ.). პედაგოგებს მაშველ რგოლებად ისევ კოლეგები მოევლინნენ. ისინი სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმის (საგანმანათლებლო ჟურნალები, ბლოგები, სოციალურ ქსელებში შექმნილი ჯგუფები და სხვ.) საშუალებით ერთმანეთს უზიარებდნენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას: საგნობრივ პრეზენტაციებს, ე.წ. სასწავლო ტუტორიალებს, რეფლექსიებს, საინტერესო მიგნებებსა და სიახლეებს, რისთვისაც უცნობ თუ ნაცნობ კოლეგებს მეც ძალიან ვემადლიერები.

ჩემთვის ყველაზე დიდ გამოწვევად დღემდე დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგი, დავალების მიწოდება/მიღება და უკუკავშირის გაცემა რჩება. ალბათ დამეთანხმებით, უმეტესად გამორთული კამერებისა და ხმის, წყვეტილი კავშირის და სხვა მსგავსი სირთულის ფონზე, გაკვეთილის შედეგს ვერაფრით გაზომავ. ამას გარდა, მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა დაკარგა სწავლის მოტივაცია. პანდემიის პირველ წელს, დავალების მიწოდებას, მიღებასა და შეფასებას ერთ-ერთი ელექტრონული პლატფორმით უზრუნველვყოფდით. თუმცა სასწავლო მასალის ელექტრონულ რესურსად ქცევა, ატვირთვა, შემდეგ კი თითოეული დავალების ამავე სივრცეში გასწორება და უკუკავშირის გაცემა კოლოსალურ ადამიანურ რესურსს მოითხოვდა, რასაც პირადად მე მთელი ცხოვრების სამყოფი ენთუზიაზმი და დარჩენილი სემესტრის ყველა თავისუფალი საათი თუ დასვენების დღე შევწირე, რაც ყოვლად დაუშვებელ მოვლენად მიმაჩნია ხანგრძლივ პერსპექტივაში.

ის-ის იყო, ავად თუ კარგად, ალღო ავუღეთ ონლაინკლასებში სწავლების სპეციფიკას, რომ სრულად დისტანციური სასწავლო პროცესის შერეულ საგაკვეთილო ცხრილზე გადაწყობა მოგვიხდა. საკლასო ოთახებში დაბრუნების შემდეგ, მოსწავლეებს არჩევანის უფლება დაუტოვეს, რის შედეგადაც, მშობლების გარკვეულმა ნაწილმა სწავლების სრულად დისტანციური ფორმატი აირჩია. შედეგად მივიღეთ ჰიბრიდული ცხრილი, ანუ, ე.წ., ონლაინ და ოფლაინ ჩასატარებელი გაკვეთილების ყოველკვირეული განრიგი. თავისთავად, ეს მოდელი ითვალისწინებდა გაორმაგებული შრომასა და რესურსს, როგორც სკოლის (ტექნიკური თუ ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით), ისე მასწავლებლების მხრიდან. საათების რაოდენობის თუ სხვა განმასხვავებელი ფაქტორების არსებობის მიუხედავად, სასწავლო გეგმის გადაწყობა და დისტანციურ ფორმატზე მორგება უკვე ნაცადი ხერხი იყო. ახალ გამოწვევად დასწრებით და დისტანციურ ჯგუფებში გავლილი სასწავლო საკითხების თანხვედრა (სინქრონულობა) გახლდათ, რადგან ონლაინ ჯგუფში შემავალ ბავშვთა სია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თითქმის ყოველ კვირას იცვლებოდა და საჭირო გახდა ერთიანი სასწავლო ხაზის შენარჩუნება, რამაც, განსხვავებული საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე, საკლასო აქტივობების შემცირება და საშინაო დავალებების მოცულობის გაზრდა მოითხოვა. გარკვეული დროის შემდეგ, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ჰიბრიდული სწავლების ამ კომბინაციასაც „შევეჩვიეთ“, მაგრამ თურმე მთავარი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ იყო.

ახლა გარეთ 2022 წელია და სკოლების უმეტესობა ისევ ჰიბრიდულ საკლასო ოთახში იმყოფება, თუმცა სწავლების სულ სხვაგვარი კომბინაციით. ამჯერად დისტანციურად მყოფი ბავშვები საკლასო ოთახებში მიმდინარე გაკვეთილებს ესწრებიან, რაც, ჩემი აზრით, კომბინირებული სწავლების ყველაზე რთული მოდელია სწავლა-სწავლების თვალსაზრისით. ეთიკურ პრობლემებთან ერთად (ღია ფანჯარა საკლასო ოთახში/მოსწავლეთა ოჯახებში), ვაწყდებით კლასის მართვის სერიოზულ სირთულეებს, რომელთა დაძლევაც ჯერჯერობით მოსწავლეთა კეთილსინდისიერებასა და მასწავლებლის ყურადღების ორ სივრცეზე ერთდროულად ორიენტირების უნარზეა დამოკიდებული. რაც არ უნდა ძლიერი პედაგოგი იყო, შეუძლებელია, საკლასო სივრცეში სრულყოფილად ჩართო დისტანციურად მყოფი მოსწავლე, რომელსაც ხელს უშლის, როგორც ტექნიკური (ხმის დაგვიანება, შეზღუდული ხედვა, წყვეტილი კავშირი, მასალის გაზიარების სირთულე და სხვ.), ასევე ემოციურ-სოციალური ფაქტორები. ამას გარდა, დასწრებით ჯგუფში სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვას იმხელა ადამიანური რესურსი სჭირდება, ელექტრონულ ფანჯრებთან დაყოვნებამ შესაძლოა კლასში ქცევითი სირთულეები გამოიწვიოს. ამას გარდა, შეზღუდული ხარ აქტივობათა მრავალფეროვნების თვალსაზრისითაც, რადგან გაკვეთილის დაგეგმვის დროს უნდა გაითვალისწინო ყოველი აქტივობის მსვლელობა, როგორც დისტანციურ, ასევე – საკლასო სივრცეში. ინტერაქციული სასწავლო პროცესი კი, როგორც ვიცით, მოსწავლე-მასწავლებლებს შორის უწყვეტ უკუკავშირს ემყარება. აქედან გამომდინარე, ჰიბრიდული გაკვეთილების უმეტესობა სალექციო ფორმატს და კითხვა-პასუხის რეჟიმს შესაძლოა ვერც გასცდეს.

ჩემი აზრით, პირისპირ და დისტანციურად სწავლების კომბინაცია ამ ფორმით, როგორიც ახლა არის, ეფექტური ვერასდროს გახდება. ამას სჯობს, დისტანციური ჯგუფებს ისევ ცალკე ჩაუტარდეთ გაკვეთილები, რადგან პირადი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, დამატებითი რესურსების შექმნას, სასწავლო გეგმის ფორმირებასა და გაზრდილი საგაკვეთილო საათების ჩატარებასაც კი არ წაურთმევია ჩემთვის იმხელა ენერგია, რასაც დასწრებით სასწავლო პროცესში ჩაშენებული დისტანციური მოდელით მუშაობა მოითხოვს, თან შედეგიც სათუოა.

აქვე უნდა ითქვას, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მეტად უნდა კონტროლდებოდეს საკლასო სივრცეში თუ განცალკევებულ გაკვეთილებზე დისტანციურად მოსწავლეების ჩართვის საკითხი, რადგან ბავშვების გარკვეული ნაწილი სარგებლობს ზემოაღნიშნული შესაძლებლობით და სიზარმაცის თუ პირადი კომფორტის მიზეზით სახლიდან ჩართვას ამჯობინებს, რაც ისედაც გართულებულ სასწავლო პროცესს კიდევ ერთ ხელის შემშლელ ფაქტორად (თან არ აქვთ სასწავლო ნივთები, არ ერთვებიან სრულყოფილად/დროულად და ა.შ.) ევლინება.

როგორც ხედავთ, ზემოაღნიშნული კომბინირებული სასწავლო მოდელი მასწავლებლებისგან დიდ ფსიქიკურ და ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს. სასწავლო პროცესიც უმეტესად ცოდნის გადაცემასა და საფეხურით გათვალისწინებული აუცილებელი უნარების გამომუშავებაზე იხარჯება, რაც, სამწუხაროდ, ინტერაქტიული სასწავლო პროცესის წარმართვის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს გარემოში ხანგრძლივად მუშაობამ შესაძლოა მასწავლებლის პროფესიულად გადაწვა, სამუშაო მოტივაციის დაქვეითება და ბევრი სხვა სირთულე წარმოშვას, მოსწავლეებში კი – თვითეფექტურობასა და სწავლის დაბალ მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი