პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დაგვიანებული ბოდიში

სამი მწვანე გვქონდა და ერთი სტაფილოსფერი. საახალწლოდ გვიყიდეს. მანამდეც ვაფეთქებდით. გამოზოგვით. სხვადასხვა მეთოდით – ბოთლში. სკოლის ქვეშ რომ სარდაფია, იქ. პარალელკლასელის კაპუიშონში. პიროტექნიკა. ასაფეთქებლები. მე შევაგდებ! – ვთქვი ოდნავი ყოყმანით, მაგრამ ამაყად. მანამდე ცოტა ვითათბირეთ. მეზობლებმა. ბავშვებმა. კაშუტიჩს, უბნის გიჟს, ავთო ცერცვაძეს პირი ღია ჰქონდა და ისე ეძინა. დედამისი მეორე სართულზე წვებოდა. ეს ქვევით, ტელევიზორთან, დაღლილ ტახტზე. თვითონაც დაღლილი. რაღაც უცხოთი. ეძინა კაშუტს. შეიძლება ის რუსი გოგო ესიზმრებოდა, ჯარში ყოფნისას, სადაც ,,გააგიჟეს”, როგორც ამბობდნენ. სოფელში წყლის დასალევად რომ შევიდნენ და ღუმელთან ოდნავ გაკვირვებული იჯდა – ის გოგო. შეიძლება ჭიდაობა, რომელსაც ,,გაგიჟდა’’ და ვერ გაყვა. შეიძლება კარაქი ესიზმრებოდა. კარაქის ჭამა განსაკუთრებით უყვარდა. ან ყავა ხუთი კოვზი შაქრით. შეიძლება არაფერი ესიზმრებოდა. კაშუტს ეძინა. შევაგდე და კაშუტი გამოვარდა. ჩვენც გავვარდით. წამით მოვიხედე უკან, კაშუტიჩი იყურებოდა სადღაც გაურკვეველი მიმართულებით და მომეჩვენა, რომ ცახცახებდა. მესამე დღეს, სკოლიდან მომავალს და უცებ მითხრა: ,,არ გინდა ბუძია მაი შენ’’. მივიღე უტიფარი სახე, ,,მე არ ვყოფილვარ ავთოია’’ – უნდა მეთქვა, მაგრამ სწრაფად ჩამიარა. მომეჩვენა, რომ ისევ ცახცახებდა. გუშინ კაშუტიჩი მომკვდარა. უბნის გიჟი. მე მინდა დაგვიანებული ბოდიში შევუთვალო. სიცოცხლეში ვერ შევძელი. რადგან უფრო ასე ადვილია ავთოია. შენ ადვილად გამიგებ. იქ ისედაც ყველაზე უფრო შენ გესმოდა ჩემი.

ბაბუაჩემი სხვა რანგის კაცი გახლდათ. გარე-ამბებისა, სხვათა თვალის და საკუთარი რეპუტაციის დიდად დამკვირვებელი. სირცხვილიანი. მე კი ახირებული, საშინელი ბავშვი. აი, სამყარო მის ირგვლივ რომ ბრუნავს წაღმა-უკუღმა და ხან ჩერდება კიდეც. ჰოდა, მე ერთი, საყმაწვილო ჰალსტუხი მქონდა, სიგრძეში ჩემთვისაც პატარა -საგანგებოდ. ავიჩემე და დიდი ომის შედეგად, რომელშიც მთელი ოჯახი ჩაერთო – პოზიცია/ოპოციზიად – არგუმენტებით: ,,ბაღანას ასე უნდა, რა მოხთება ერთხელ ქენით!’’ VS ,,ნუ გააბდლეთ ამხელა კაცი, რას მიდიხართ ყაზილარის ჭკუაზე’’ – ბაღანამ გაიმარჯვა. მთელი გზა უყურებდა ბაბუჩემს ორსანტიმეტრიანი ჰალსტუხით, გაწითლებული სახით, ზომაზე მეტად ხელზე მოჭერილი ხელით მივყავდი სკოლაში. ახლა ვხვდები, თუ როგორ რცხვენოდა და ითმენდა. ძალიან ითმენდა. ამისთვისაც ბოდიში.

ბებიაჩემი, ნათელა, სტუდენტობისას, როცა ზაფხულობით ჩავდიოდი, ჩემ გვერდით წვებოდა. ისევ პატარა ვეგონე – თაფლიანი კოვზით, ფეხები დაითბილეო მეუბნებოდა ძილის წინ. ძილისას მის სუნთქვას ვაკვირდებოდი, ეგეთი აკვიატება ადრეც მქონდა – სიტყვებით ცოტა რთულად გამოდის ამის თქმა რატომ. უფრო სწორედ წაფილოსოფობა გამოდის – ვაკვრიდებოდი, იმიტომ რომ ვიცოდი, ადრე თუ გვიან შეწყდებოდა და წამისშეჩერების ამბავზე ვფიქრობდი და მსგავსი ფუჭი ამბები. ეს იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა. მასაც ვუყვარდი. ამის მიუხედავად, ხშირად მიწყენინებია. საშინლადაც. დღემდე ვნანობ – ერთხელ, მეგობრებთან ერთად ვიყავი სურებში, ზაფხულში, თვითონც გვახლდა და ღამით ტუალეტისთვის რომ გავდიოდი, ბავშობისას რომ მეუბნებოდა, ეგრე მითხრა: ,,გადააფსი ბებია ბალკონიდან, აფერი არ უჭირს” იმხელა ვუყვირე, ახლაც ყურები მტკივა. და სინდისიც. თვითონ მეორე დღეს ცრემლი ედგა თვალში. არაფერი უთქვამს, ნათელა წლების წინ გარდაიცვალა.გურული დღიურები-ს წერა მის გამო დავიწყე. ახალ წელს ვულოცავ, სადაც არის – კვირიკეთის სასაფლოეზე თუ სამოთხეში. თუ სამოთხე არის, სამოთხეში იქნება

მორალის მასწავლებლად მე ვერ გამოვდგები. ეს ბლოგი არ გახლავთ მოწოდება – ,,ბავშვებო, დროულად მოიხადეთ ბოდიში’’. ალბათ ახლაც ვერ შევძლებდი, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ადამიანები უცნაური არსებები ვართ. სხავდასხვაგვარი. ამოუცნობი. ეს ბლოგი სხვა რამისკენ მოწოდებაა. ასევე კარგი რამისკენ. დაფიქრდებით და თქვენვე მიხვდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი