ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ბაღვაშები, ჩემი ამბიციები და მანანა კაკულია

„კლდეკარის საერისთავო და საქართველოს მეფენი” – ასე ერქვა ჩემს პირველ საკონფერენციო თემას, რომელიც მერვე კლასში დავწერე. დიდი გამოწვევა იყო: ის დროა, როცა სასკოლო გაკვეთილებიდან დაწინაურებული, უნარიან მოსწავლედ შეფასებული, კლასგარეშე გარემოში ხვდები. ძალაც, გამბედაობაც და თავხედობაც მოგდევს იმისათვის, რომ სხვებს, დანარჩენებს, შეიძლება შენზე გაცილებით ნიჭიერებსაც, რაღაც დაუმტკიცო. 

მასწავლებელმაც გამათამამა: მანანა კაკულია რატომღაც ყოველთვის მხარს უჭერდა ჩემს გამოხდომებს, შემწყნარებლურად იღებდა ჩემს ამბიციურ ჩანაფიქრებს. ხან სახლში, ხანაც მეუღლის – მხატვარ რობერტ აბსანძის სახელოსნოში მივადგებოდი, საათობით ვრჩებოდი და დარწმუნებული ვარ, იქ მყოფ ბევრ ადამიანს (სახელოსნოს სტუმრები არასოდეს აკლდა) ტვინის მბურღავ და ამოჩემებული აზრების მფრქვეველ ბავშვად დავამახსოვრდი.

– ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია”, საქართველოს ისტორიის ნარკვევები… კიდე? – საღამო ხანია, მთელი დღის მუშაობისგან დაღლილი ცოლ-ქმარი მაგიდას შემოსხდომია, მე კი გამოსაწვავად გამზადებულ თიხის ფიგურებს შორის ბოლთას ვცემ და საკონფერენციო თემისთვის საჭირო ლიტერატურას ვიმახსოვრებ. 

– ქართლის ცხოვრების მეორე ტომი, ახლობელს ვათხოვე და შევეხმიანები, – შემაწევს მანანა მასწავლებელი, – იქიდან მატიანე ქართლისა, სუმბატ დავითის ძისა და დავითის ისტორიკოსის თხზულებები გამოგვადგება…

– კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი”? იქაც ხომ არიან ბაღვაშები?!– არ ვაცლი, იმ ზაფხულს მოვრჩი ტეტრალოგიის კითხვას და ისეთი გაბრუებული ვარ, ისეთი შთაგონებული მეტი არ შეიძლება.
– არა, ეს მხატვრული ნაწარმოებია, მწერლის გამონაგონი.

– აჰა, გასაგებია, მასწ. – წინასწარ ვიცი, დილით რასაც ვიზამ: გაკვეთილებს გავაცდენ (პირველი ალგებრა გვაქვს, ჩვენი მეზობელი ცისანა გეგელია (ღმერთმა აცხონოს) მაპატიებს, მეორე ახალი ისტორია – მანანა მასწი ხომ ისედაც მიხვდება, სად შეიძლება ვიყო), გადაკეცილ „პაპკაში” რვეულებს ჩავილაგებ და ბიბლიოთეკისკენ დავაწვები.

– ინგა დეიდა…– ხმაურით ვაღებ კარს (ალბათ ფიქრობენ: „ისევ მოვიდა, ღმერთო, რა მომაბეზრებელი ბავშვია!”), – ინგა დეიდა, “საქართველოს ისტორიის ნარკვევების” მესამე ტომი მინდა. 

– და „თამაში ჭვავის ყანაში” როდის უნდა მოიტანო? – კითხვას მიბრუნებს ქალბატონი ინგა, – უკვე იმდენმა მოითხოვა, ჩვენ კი მხოლოდ ორი წიგნი გვაქვს.

– მალე, ძალიან მალე. 

სელინჯერის რომანის მალე მიტანისა რა მოგახსენოთ, მაგრამ რეკორდულ დროში დაწერილი პირველი ორი თავი რომ მივართვი მანანა მასწავლებელს, მახსოვს, გაუკვირდა. ხელით მანიშნა, ჩამოჯექიო, თვითონ კი ჩემი არც თუ ისე რიგიანი კალიგრაფიით გავსებული თაბახის ფურცლების კითხვას შეუდგა.

– ორ კვირაშია საქალაქო კონფერენცია. თემა დამიტოვე, უფრო ყურადღებით წავიკითხავ, არის ბუნდოვანი ადგილები, შესავალიც ცოტა მხატვრულად დაწერილი მეჩვენება. კარგი იქნება, ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენლების სამეფო კართან ურთიერთობასა და ამ პროცესების ანალიზს მეტ ადგილს თუ დავუთმობთ.

 

ყველაფერი გასაგები იყო – მანანა კაკულია, ადამიანი, რომელმაც ჩემში ფეხბურთის ვნებისგან ჩაკლული წიგნისადმი ინტერესი მკვდრეთით აღადგინა, თავაზიანად მირჩევდა, რომ მხატვრულ ლიტერატურაზე ფიქრი საკონფერენციო თემის წერისას თავიდან ამომეგდო. უფრო მარტივად რომ ვთქვა, კონსტანტინე გამსახურდიასეულ ლიპარიტ ბაღვაშზე კი არ დამეწერა, არამედ საისტორიო წყაროებში და მეცნიერულ მონოგრაფიებში გამოკვლეულ კლდეკარის საერისთავოზე. „დავით აღმაშენებლის” პირველ წიგნში, ორხმლიანი სპარაზენის – მახარას სიტყვები კი არ დამემოწმებინა, არამედ ადგილები ქართლის ცხოვრებიდან, და ქართველი ისტორიკოსებისგან არაერთხელ ციტირებული მათეოს ურჰაეცის, გიორგი კედრენესა და სხვათა ქრონიკები.

მისი დიდი მცდელობის მიუხედავად, საკონფერენციო თემა მაინც ბელეტრისტული პასაჟებით გავავსე, რამაც საბოლოოდ რესპუბლიკურ კონფერენციაზე მეორე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. დამსახურებას ვამბობ, რადგან მაშინ ისეთი სახელი ჰქონდა სასწავლო კონფერენციებს, რომ იქ მონაწილე მაშინვე მიღებული და პატივსაცემი პერსონა ხდებოდა სკოლაში. შენი წარმატების შესახებ არა მხოლოდ დამრიგებელმა და სასწავლო ნაწილმა, არამედ ფიზიკის მასწავლებელმაც იცოდა, რომელიც მხოლოდ იმით გიმახსოვრებდა, რომ დროდადრო საკლასო ჟურნალში შენი გვარის გასწვრივ სამიანი (დამაკმაყოფილებელი) ჩაეწერა .

ბელეტრისტულ პასაჟებს რომ თავი გავანებოთ, სასწავლო კონფერენციის პირველ საფეხურზე – საქალაქოზე –კინაღამ ჩავიჭერი. როცა გამომიძახეს, ჯერ წინა რიგში მჯდომმა ერთმა გოგომ დამაბნია (მაგის გამო, როგორც მახსოვს, ქალაქის ნარჩევ ბიჭებს დიდხანს უჭირდათ ზავი ერთმანეთში). ცოტა ხანს ხმა ვერ ამოვიღე. მერე, აზრზე რომ მოვედი, ზურაბ კუპრეიშვილის შეკითხვამ შეარყია ჩემი ამბიციები.

– ზვიად მარუშიანი გეცოდინება… – შეკითხვაც არ იყო, თითქოს ჩემს ცოდნასა და ნაკითხობას ამოწმებდა სიმკაცრითა და პროფესიონალიზმით ცნობილი ისტორიკოსი, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სკოლის დირექტორი. შეიძლება ის აინტერესებდა, ვიცოდი თუ არა ჩემი ათასი წლის წინანდელი სეხნია.

დავიბენი და გავშრი. უხერხული სიჩუმისგან მეც და მთელი კონფერენციაც ისევ ზურაბ კუპრეიშვილმა იხსნა:

– გმადლობთ. ზონურ ტურში, სენაკში შევხვდებით!

დერეფანში რომ გამოვედი, გახარებული და ჩემს თავზე გაბრაზებული, ვერავის ვამჩნევდი. მხოლოდ მერე გავიხსენე ის ქალი, კიბეებთან რომ დამეწია და გადამეხვია – ჰო, მანანა კაკულია იყო.

ბედნიერი და თან უცნაურად დათრგუნული, გულში მხოლოდ ერთ წინადადებას ვიმეორებდი, რომლის მთავარი პერსონაჟიც ცოტა ხნის წინ ვერაფრით მოვიგონე. ზვიად მარუშიანი… როგორ არ ვიცოდი! საოცარია, რამ დამამუნჯა – აღელვებამ თუ მოზარდის თავმოყვარეობამ, შეცდომა არ მომივიდესო. არადა, ენის წვერზე მადგა ის ტყვიასავით მკაცრი სიტყვები:

„ზვიად სპასალარი დიახაც მორწმუნე იყო, მაგრამ ჯვარის ძალით დამარცხებული მტერი არსად ენახა ჯერ…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი