ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მომხმარებლური სამყაროს მეტაფორა – თხამ ვენახი შეჭამა?

ხშირად მიფიქრია, რა შეიძლება იყოს ამ ლექსის/სიმღერის იდეა? ერთი შეხედვით, თითქოს და, არაფერი… მაგრამ თუ უფრო ღრმად წავალთ, ადამიანის ბუნებასთან მივალთ. მთელი ლექსი იგავია, მაგრამ ამ იგავში მთავარი აზრი ის არის, რომ სამყაროში ყველა ყველას ჭამს… მაგრამ უფრო მთავარი ისაა, რომ ყველა მჭამელს თავისი მჭამელი გამოუჩნდება და ასე… უსასრულოდ გრძელდება… აი, თხამ რომ ვენახი შეჭამა, მერე თხა მგელმა შეჭამა, მგელი – თოფმა და ასე შემდეგ. გავიხსენოთ ეს ტექსტი და შევეცადოთ ავხსნათ, რატომ ხდება ასე და შეიძლება თუ არა სხვაგვარადაც მომხდარიყო ან მოხდეს?

რა კვებავს „თხა და ვენახის“ იდეას? მომხმარებლური სამყარო თუ ადამიანის ბუნება?

„მოდი, ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი;
მიველ ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი.
მოდი, ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა;
მიველ ვნახე თხა, მგელმა ჭამა თხა.
მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ მგელი, რამ შეჭამა მგელი;
მიველ ვნახე მგელი, თოფმა ჭამა მგელი.
თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ თოფი, რამ შეჭამა თოფი;
მიველ ვნახე თოფი, მიწამ ჭამა თოფი.
მიწამ თოფი, თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ მიწა, რამ შეჭამა მიწა;
მიველ ვნახე მიწა, თაგვმა ჭამა მიწა.
თაგვმა მიწა, მიწამ ჟანგი,
ჟანგმა თოფი, თოფმა მგელი,
მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ თაგვი, რამ შეჭამა თაგვი;
მიველ ვნახე თაგვი, კატამ ჭამა თაგვი.
კატამ თაგვი, თაგვმა მიწა,
მიწამ ჟანგი, ჟანგმა თოფი,
თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა“.

ადამიანი, რომელმაც დაკარგა ღირებულებები და რომლის მთავარი მოთხოვნილება დაკმაყოფილებაა, ჩართულია ამ წრებრუნვაში. „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ და ამიტომ უნდა დაგასწროს შეჭმა, რადგან მატერიალიზმით დაავადებულ ცნობიერებას ჰგონია, რომ თავად შეჭამ მას… გაგიგიათ ხომ: „ვიდრე შენ შემჭამ, მე შეგჭამ…“. უბრალოდ, ასეთი „მჭამელი“ მხედველობიდან ტოვებს ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას, რაც ამ ტექსტის იდეაცაა: რომ აუცილებლად მასაც გამოუჩნდება შემჭმელი.

მომხმარებლური სამყაროს ამ სევდიან ისტორიაზე ბევრი მიფიქრია… ნუთუ მხოლოდ „აღუვსებელი და დაუკმაყოფილებელი“ სურვილების მანქანაა ადამიანი?

„მაინც რა არის ჩვენი ყოფა – წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..“.

შვეიცერის აზრით, „ინდივიდი საზოგადოებიდან იღებს მზა იდეებს და ხდება მათი მომხმარებელი, რითაც საზოგადოება შთანთქავს ინდივიდს. შვეიცერის აზრით, ეს შუა საუკუნეების თავისებურების აღდგენაა, როდესაც რელიგია ცხადდებოდა ყოველგვარი განაზრებისაგან თავისუფალ სფეროდ და ბატონობდა აბსოლუტური დოგმატიზმი. თანამედროვე ვითარებაში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არ ეძიებს ჭეშმარიტებასა და სიმართლეს, მათ ადგილს იჭერს პროპაგანდა; ჭეშმარიტებისადმი რწმენა დაკარგულია.

თანამედროვე ადამიანის ყველაზე არსებით ნიშნად შვეიცერი მიიჩნევს საზოგადოების მიერ პიროვნების ნიველირებას. საზოგადოება მას მზა სახით აწვდის ეროვნულ, პოლიტიკურ და რელიგიურ შეხედულებებს. ადამიანი დაემსგავსა უხეირო ბურთს, რომელსაც ყოველი დარტყმის შემდეგ უჩნდება ჩანაზნექი“.

სტრუქტურა, რომელშიც ადამიანი ინდივიდი კი არა დანომრილი ჭანჭიკია, მოქმედებს ავტომატურად და სწორედ ამგვარი ავტომატიზმის შედეგია ადამიანი, რომელიც სიტყვებით მანიპულირებს, მაგრამ არსს დაშორებულია. ყველაფერი ხდება „სიყვარულის სახელით“ და არა სიყვარულით, ლიბერალიზმის სახელით და არა ლიბერალური ბუნებით, პატრიოტიზმის სახელით და არა შინაგანი პატრიოტობით… სამყარო იქცა ცარიელ ნიშანთა სისტემად, რომელსაც გაწყვეტილი აქვს კავშირი არსთან; სწორედ ამიტომ ყველა ყველას ჭამს…

როცა ამაზე ვფიქრობდი, ერთმა აზრმა გამიელვა: რა იქნებოდა, რომ თხას ვენახი არ შეეჭამა? როგორ საზოგადოებას მივიღებდით მაშინ….? ან რაკი უკვე ყველამ ყველა შთანთქა, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ყველა კადრი უკან დაბრუნდეს?

ამ ფიქრში ვიყავი და მოულოდნელად ჩემი მეგობარი, პოეტი დავით რობაქიძე, კითხულობს ლექსს „ვენახნანახი“, რომელშიც ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. ამ შემთხვევამ გადამაწყვეტინა, თქვენთვის საფიქრალად ეს ორი ლექსი შემომეთავაზებინა… ვფიქრობ, საინტერესო დისკუსია გამოვიდოდა.

აგერ ეს ლექსიც:

„გამოფენაზე წარმოდგენილი მოტორიანი თხა

მგელმა შეჭამა, ვაზის პატრონმა არ ამოიღო ხმა,

მგელი შეჭამა ორლულიანმა თოფმა – არ უნდა თქმა,

თოფი შეჭამა ჟანგმა თავისი სიტყვა ჟანგბადმაც თქვა,

ჟანგი შეჭამა მიწამ, უკეთესს რას შეგიჭამდა სხვა,

მიწა შეჭამა თაგვმა თხილივით არ უტკენია ყბა,

თაგვი შეჭამა კატამ, ეგონა დიდი ამბავი ქნა,

კატას აჭამა ვაზის პატრონმა პირაწყობილი რქა.

კატის თავიდან თაგვი ამოხტა, თაგვმა თხილივით შვა

მიწა, მიწიდან ჟანგი გამოჩნდა, ჟანგმა თოფს მიცა გზა,

თოფი შერიგდა მგელთან, მგელმა კი აღარ შეჭამა თხა,

თხამ დაუბრუნა პატრონს ვენახი ტირის, დასრულდა სხვლა“.

 

ჩემი წერილის გზავნილი კი ასეთია: თუ თქვენ „შეგჭამეს“, თქვენ სხვას ნუ შეჭამთ და თქვენს შემჭმელს სხვა უფრო დიდი მჭმელი ისედაც გამოუჩნდება… მხოლოდ ამ დამოკიდებულებით შეიძლება დაძლიოთ „მჭამელი“ თქვენში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი