პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დამარცხებული კანდიდატები

რამდენიმე კვირის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურაში, წარმომადგენლობით საბჭოში ამირჩიეს. ცხადია, კენჭისყრის შემდეგ საჯარო მადლობა გადავუხადე თანაფაკულტეტელებს. მოგვიანებით უამრავი წერილიც მივიღე. მათ შორის ერთი ელექტრონული შეტყობინება გამოირჩეოდა. ჩემი ანონიმური გულშემატკივარი უზომოდ წუხდა, რომ თურმე „დამარცხების გემო” არ ვიცი. ბუნებრივია, არ მოვყვები წუწუნს ხელის მოცარვათა შესახებ, მაგრამ ერთი ამბავი აუცილებლად უნდა გავიხსენო.

პირველად არჩევნებში მონაწილეობა მაიძულეს – ჩემმა მეგობრებმა მოინდომეს, მოსწავლეთა კვოტით სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი გავმხდარიყავი. სასკოლო კენჭისყრაში დავმარცხდი. ჩემს მასწავლებლებს ეგონათ, ამას გადაულახავ ტრაგედიად მივიჩნევდი. გონიერი, კეთილი პედაგოგები ჩემს გამხნევებას ცდილობდნენ და ათასგვარ ისტორიას მიყვებოდნენ დამარცხებული კანდიდატების შესახებ. დღეს სწორედ ამ საინტერესო ფაქტების გახსენებას შევეცდები თქვენთვის.

დამარცხების შემდეგ პირველად ქართულის მასწავლებელს შევხვდი. მაკა ბრეგვაძემ 1890-იანი წლები გაიხსენა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტფილისის სათათბირო საბჭოს ასარჩევად რამდენიმე საქალაქო კენჭისყრა ჩატარდა. მაშინ ხმის მიცემის უფლება მხოლოდ რამდენიმე ასეულ კაცს ჰქონდა. აუცილებელი იყო, ქართველ ამომრჩევლებს საერთო ენა გამოენახათ შედარებით ღარიბ არაქართველ ხმოსნებთან, რომელთაც „ახალგაზრდა სომეხთა ჯგუფად” მოიხსენიებდნენ. განსხვავებული ეთნიკური ერთობებისადმი მიკუთვნებულობა მოუგვარებელ პრობლემას არ წარმოადგენდა, მოლაპარაკების შედეგიანად დასრულება შესაძლებელი იყო, თუმცა ყველა დისკუსია წარუმატებლად დასრულდა. ამომრჩეველთა ჯგუფებმა შეთანხმება ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს. შეუთანხმებლობის შედეგად ილია ჭავჭავაძე ორჯერ დამარცხდა ქალაქის საბჭოს არჩევნებში. ჯგუფთა დაპირისპირების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ილიას დაბლოკვა გახლდათ. თბილისის ქართველი ამომრჩევლები მას შეუფერებელ კანდიდატად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით ასეთივე ფათერაკი გადახდა თავს ილიას უახლოეს თანამებრძოლსაც. მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე აკაკი წერეთელს ჩაუგდეს საარჩევნო ურნაში შავი ქვა, რათა დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში საჩხერის ინტერესების დამცველი არ გამხდარიყო.

ქართულის შემდეგ ისტორიის გაკვეთილი გველოდა წინ. ისტორიის მასწავლებელიც განსკუთრებულად მომზადებული დამხვდა. გაკვეთილის დაწყებისთანავე მან მწვანეყდიანი წიგნი მოიმარჯვა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრემიერ-მინისტრის წარუმატებლობის შესახებ დაიწყო მსჯელობა. ისტორიულ ფიგურას ჯერ დანდის ოლქში წაუგია საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ პარტიის ლიდერის პოსტის დასაკავებლად გამართულ კენჭისყრაში წაბორძიკებულა. ბოლოს, ოცწლიანი დავიდარაბის მიუხედავად, მაინც გამხდარა თავისი ქვეყნის ლიდერი, მოუგია მსოფლიოში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი და ომის შემდგომ პირველსავე არჩევნებზე კვლავ დამარცხებულა. პროფესორი მაჭავარიანი სერ უინსტონ ჩერჩილის შესახებ გვიყვებოდა… მერე კი მთელი გაკვეთილი 1946 წელს არჩევნებში დამარცხებული გენერალი დე გოლის გამო მოთქვამდა, რაც ჩვენთვის, ბუნებრივია, დაუგეგმავი მხიარულების საბაბი გახდა.

მეექვსე გაკვეთილზე გეოგრაფიის მასწავლებლისთვის უნდა მოგვესმინა. ვიფიქრე, რომ ამჯერად მაინც ამცდებოდა გამხნევება და ირიბად ყურადღების ცენტრში აღმოჩენა. იმ წელს შევიტყვე პირველად ჩემი მომავალი პროფესიის, პოლიტიკის მეცნიერების შესახებ და უკვე გატაცებული ვიყავი მისი ძირითადი, ყველაზე მარტივი დებულებების ძიებით. როგორც ჩანს, ჩემი ახალი გატაცების შესახებ პედაგოგმაც იცოდა, ამიტომ მან საუბარი ეკონომიკური გეოგრაფიის ნაცვლად დიდ პოლიტოლოგებზე ჩამოაგდო. თავდაპირველად ყურადღება ვილფრედო პარეტოზე გაამახვილა. „ელიტების წრებრუნვის თეორიის” ავტორს არაერთხელ უცდია ბედი იტალიის პარლამენტში მოსახვედრად, მაგრამ დღემდე აქტუალური სამეცნიერო კონცეფციის ფუძემდებელი ვერც ერთხელ ვერ გამხდარა ჩრდილოეთ იტალიის მოქალაქეთა რჩეული. იტალიელი ამომრჩევლები მას უღირს და უნიჭო კანდიდატად მიიჩნევდნენ და კენჭისყრაში მის გამარჯვებასაც მონდომებით ეწინააღმდეგებოდნენ. ცხადია, დამარცხებას აკადემიურ კიბეზე პარეტოს სვლა არ შეუფერხებია.

გეოგრაფმა იტალიელის თავგადასავლის აღწერა არ იკმარა და ჩარლზ მერიემის უიღბლობათა ეპოპეაც გაიხსენა. მერიემი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც გაბედა და ემპირიული მეთოდების გამოყენებით შეისწავლა ჩიკაგოელთა საარჩევნო ქცევა. მაშასადამე, მან დასაბუთებული, დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე იცოდა ყველაფერი ჩიკაგოელთა ღირებულებების, პრინციპების, განწყობების შესახებ. მიუხედავად ამისა, მან მაინც ვერ მოახერხა ქალაქის მერის ნაკლებად მნიშვნელოვანი პოსტის მოპოვება.

გამოგიტყდებით, მასწავლებელთა მხარდაჭერა ბევრი რამის გააზრებაში დამეხმარა. მაშინ არაფერი ვიცოდი სამოქალაქო განათლების თანამედროვე სახელმძღვანელოების შესახებ. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ამოვიკითხე ინტერნეტში, რომ წარუმატებლობის გადააზრების სტრატეგიები სამოქალაქო განათლების სწავლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მოსწავლეთათვის ყველაზე სასარგებლო რგოლს წარმოადგენს. მიხარია, რომ ჩემი მასწავლებლები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ალბათ, ურიგო არ იქნება, სხვა პედაგოგებმაც გაამახვილონ ყურადღება იმაზე, როგორ აღიქვამს დამარცხებას, ხელის მოცარვას თითოეული მოსწავლე. მერწმუნეთ, მოვლენის პოზიტიურ აღქმას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლაც კი შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი