პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მულტფილმების გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე

ვფიქრობ, ნებისმიერი აღმზრდელი დამეთანხმება, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა მულტფილმების ყურებაა. ყველა ბავშვს უყვარს მულტფილმები. ისინი ადრეული ასაკიდან „მონუსხული“ უყურებენ ეკრანს. ალბათ ბევრი მშობელი არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ იზიდავს მაგნიტივით ტელევიზორის ეკრანი პატარას და თვალს ვერ აცილებს იქ გამოჩენილ გამოსახულებებს. ისინი სხედან მოჯადოებული და მზად არიან, მორიგი მულტფილმის საყურებლად ნებისმიერი რამ გააკეთონ. ბევრ მშობელს გამოუვალი მდგომარეობა აიძულებს, ჩაურთოს ბავშვს მულტფილმი; ცდილობს, გადართოს ბავშვის ყურადღება სხვა მიმართულებით, იმისათვის, რომ პატარამ სხვა საქმის კეთებაში ხელი არ შეუშალოს. სანამ ბავშვი გატაცებით უყურებს მორიგ მულტფილმს, უფროსი ბევრი რამის გაკეთებას ასწრებს, რაც მისთვის ძალიან მომგებიანია. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, მართალია, ბავშვებს მოსწონთ მულტფილმების ყურება, მაგრამ ყველაფერი, რაც მათ მოსწონთ, შეიძლება მათთვის სასარგებლო არ იყოს. იმ დროს, როცა ბავშვი მორიგ მულტფილმს გატაცებით უყურებს, ბევრი მშობელი ალბათ არ ფიქრობს იმაზე, რომ მულტფილმების საყურებლად მუდმივად ეკრანის წინ ჯდომა შეიძლება მათი პატარისთვის მავნე ჩვევად იქცეს და ძალიან მალე გაუჭირდეს მისი ეკრანიდან მოწყვეტა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს სამყაროში არაფერია მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი, და, რომ ყველაფერში შეიძლება ვიპოვოთ როგორც პლუსები, ასევე მინუსები, მულტფილმების გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა გაანალიზდეს.

მულტფილმების დადებითი გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე და მის განვითარებაზე:

  • პიროვნების ფორმირების პროცესში განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს ბავშვი 7 წლამდე გადის, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი განსაკუთრებით არის გატაცებული მულტფილმების ყურებით. იმაზე, თუ რა ჩაიდება პატარა არსებაში ამ წლებში, ბევრად არის დამოკიდებული შემდგომში მისი ფსიქიკის განვითარება. მულტფილმი ბავშვის აღზრდისა და განვითარების ერთ-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს განმავითარებელი, შემეცნებითი და აღმზრდელობითი როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში. ხატოვანი, წარმოსახვითი, საყურებლად სასიამოვნო და გასართობი მულტფილმები თავისი განმავითარებელი შესაძლებლობებით ახლოს არის ზღაპრებთან, თამაშებთან, ცოცხალ ურთიერთობებთან;
  • მულტფილმი შეიძლება ბავშვის მეტყველების განვითარების სერიოზული ხელშემწყობი გახდეს. ისმენს რა პერსონაჟების ლამაზ, გამართულ მეტყველებას, პატარა იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს, სწავლობს გამართულად ლაპარაკს, საკუთარი აზრების ლამაზად, სწორად ფორმულირებას და შეიძლება გააოცოს კიდეც გარშემომყოფები თავისი გამონათქვამებით;
  • მულტფილმი ავითარებს წარმოსახვას, აზროვნებას და მეხსიერებას. ბავშვი სწავლობს მულტფილმის შინაარსის გაანალიზებას, შედარებას, განზოგადებას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პოვნას;
  • მულტფილმს სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია სწავლების პროცესში. მულტფილმები მოგვითხრობს გარემომცველ სამყაროზე.მათი დახმარებით ბავშვმა შეიძლება ისწავლოს თვლა, კითხვა, უცხო ენაზე ლაპარაკი, შეისწავლოს გეომეტრიული ფიგურები, ფერები;
  • მულტფილმს შეუძლია განავითაროს შემოქმედებითი უნარები, წარმოსახვა. ის კვებავს ბავშვის ფანტაზიას, უტოვებს მას ნათელ შთაბეჭდილებებს და შეიძლება გახდეს წყარო მისი შემოქმედებისა.

მიუხედავად იმისა, რომ მულტფილმებს საკმაოდ ბევრი პლუსი აქვს და მათი ყურება შეიძლება დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს ბავშვისთვის, ისინი გარკვეული საფრთხის შემცველიც არიან და მათმა ყურებამ შეიძლება ნეგატიურადაც იმოქმედოს ბავშვზე.

მულტფილმების ყურებიდან მომდინარე საფრთხეები ბავშვის ფსიქიკისთვის:

  • მულტფილმების უკონტროლო ყურებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მხედველობის და ნერვული სისტემის გადატვირთვა;
  • მულტფილმებიდან შეიძლება მოედინებოდეს ისეთი ინფორმაცია, რომლის აღქმისთვის პატარას ჯერ კიდევ არა აქვს საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და არ შეუძლია მისი გაფილტვრა, გაანალიზება და კრიტიკულად შეფასება. თუ ეს ინფორმაცია უარყოფითი შინაარსის მატარებელია, დიდი ალბათობით ის ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქიკაზე;
  • მულტფილმებში ბავშვი ხედავს ქცევის მოდელს. ის აიგივებს საკუთარ თავს მთავარ პერსონაჟებთან; აკოპირებს მათ მეტყველებას, ქცევას და სწავლობს. როგორ იმოქმედოს ამა თუ იმ სიტუაციაში, რეალურ ცხოვრებაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბავშვმა შეიძლება მიბაძოს, როგორც დადებით, ასევე უარყოფით პერსონაჟებს. ხშირად უფროსების მიერ დაფიქსირებული ბავშვის აგრესიული ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს მულტფილმის მთავარი პერსონაჟებისთვის მიბაძვის სურვილი. პატარასთვის ძალიან ძნელია იმაში გარკვევა, ვინ არის ნამდვილად კარგი და ვინ ცუდი. როგორც წესი, ასეთ დროს ის ირჩევს ქცევის იმ სტრატეგიას, რომელიც მას უფრო ლოგიკურად ეჩვენება;
  • გამომდინარე იქიდან, რომ ძალადობის სცენები იშვიათი არ არის თანამედროვე მულტფილმებში, ბავშვმა შეიძლება ქცევის ისეთი მოდელი „აიღოს“ ნანახი მულტფილმიდან, რომელიც მას გარშემომყოფებთან ურთიერთობას სერიოზულად გაურთულებს;
  • მულტფილმის ყურება ბავშვში ძლიერ ემოციურ რეაქციას იწვევს. სწორედ ამიტომ, მისი სიუჟეტი დიდხანს რჩება პატარის ცნობიერებაში, ის ღრუბელივით შთანთქავს, იწოვს ნებისმიერ ინფორმაციას ისე, რომ ხშირად არც კი ესმის მისი აზრი. ხშირად ცვალებადი კადრები საშუალებას არ აძლევს პატარას, გააცნობიეროს მათი თანმიმდევრობა;
  • მულტფილმებში გამოყენებული მყვირალა ფერები, ხმამაღალი, მკვეთრი ბგერები დიდ ზეწოლას ახდენს ბავშვის მოუმწიფებელ ფსიქიკაზე, იწვევს თავის ტკივილს და მომატებულ შფოთიანობას; ამასთან, შესაძლებელია შიშების გამოვლენაც. საღამოს საათებში ასეთი მულტფილმების ყურების შემდეგ ბავშვს გაუჭირდება ღამით დაძინება და ძილიც საკმაოდ შფოთიანი ექნება;
  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში მულტფილმების ყურებამ შეიძლება ბავშვში მულტფილმების მიმართ დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა გამოიწვიოს. მულტფილმებს მიჩვეული ბავშვი მათი ყურების აკრძალვის შემთხვევაში ხდება ჭირვეული, აპათიური, ნერვიული. ასეთ დროს ძნელია ბავშვის დაინტერესება წიგნით, ხატვით, ძერწვით. მისთვის გაცილებით უფრო მომხიბვლელია მულტფილმის ყურება, სადაც ყველაფერი გაცილებით დინამიკურად მიმდინარეობს, ემოციურია, ფერადია და თან მუსიკაც ახლავს.

როგორც ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, მულტფილმის გავლენა ბავშვზე ერთგვაროვანი არ არის. ის შეიძლება იყოს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი და საფრთხის შემცველიც. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მულტფილმების ისე შერჩევა და გამოყენება, რომ მათ დადებითი გავლენა მოახდინონ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე.

რეკომენდაციები მულტფილმებიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად:

  • ყურადღებით და დიდი სიფრთხილით შევარჩიოთ მულტფილმები, რომლებსაც ბავშვს ვთავაზობთ;
  • გავითვალისწინოთ, რომ მულტფილმი, პირველ რიგში, უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე პატარას არ შეუძლია ნებისმიერი მულტფილმის არსის გაგება. ამის გარეშე კი მას გაუჭირდება თანაუგრძნოს მულტფილმის გმირს. თანაგრძნობა, თავის მხრივ, ყურადღებით მომართავს ბავშვს, საშუალებას აძლევს თვალ-ყური ადევნოს ლოგიკურ ჯაჭვს, დააფიქროს და აითვისოს ის, რასაც ეკრანზე ხედავს;
  • სასურველია, მულტფილმის სიუჟეტი იყოს მარტივი და ბავშვის ცხოვრებასთან ახლოს;
  • კარგი იქნება, თუ ჩვენ წინასწარ თავად ვნახავთ იმ მულტფილმს, რომლის შეთავაზებასაც ბავშვისთვის ვაპირებთ; გავეცნობით მის შინაარსს, გავიგებთ, რა ასაკის ბავშვებზეა ის გათვლილი. ნუ მოგვხიბლავს მულტფილმის პოპულარობა. გავითვალისწინოთ, რომ თუ მულტფილმი პოპულარულია, ეს არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილად სასარგებლოა. გვახსოვდეს, რომ ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლები მის გარშემო მყოფი უფროსები ვართ; მულტფილმი არა მხოლოდ საინტერესო, სასარგებლოც უნდა იყოს;
  • ნუ დავტოვებთ პატარას მარტო მულტფილმის ყურების დროს – როგორც მისი მიმდინარეობის, ასევე დასრულების შემდეგ ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ მულტფილმის გმირების, მათი ქცევის შესახებ. ჩვენი კომენტარები დაეხმარება მას კრიტიკულად აღიქვას მულტფილმის შინაარსი, გააანალიზოს მისი პერსონაჟების ქცევა;
  • ყურადღება მივაქციოთ მულტფილმში გამოყენებულ ფერებს, მუსიკასა და პერსონაჟების გარეგნულ სახეს, სახის ნაკვთებს, ფიგურის პროპორციებს. კაშკაშა, არაბუნებრივი ფერები ბავშვისთვის ძალიან დამღლელია, ამასთან მასში ნერვიულობასა და აგრესიასაც იწვევს. გვახსოვდეს, რომ მხედველობითი ხატები საკმაოდ მდგრადია და დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ცნობიერებაზე;
  • საჭიროა ვაკონტროლოთ, რა დროს ატარებს ბავშვი ეკრანის წინ მულტფილმების ყურებაში. 3 წლამდე ასაკის პატარებისთვის საერთოდ არ არის რეკომენდებული მულტფილმების ყურება. ამ ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ ერთდროულად ჯდომა, მულტფილმის ყურება და მოსმენა;
  • სასურველია, რომ ყოველდღე არ შევთავაზოთ ბავშვს მულტფილმების ყურება. საკმარისი იქნება, თუ ამას კვირაში რამდენჯერმე გავაკეთებთ. რასაკვირველია, ბავშვებს იზიდავს ზღაპრული სამყარო, მაგრამ არსებობს სხვა გასართობიც რეალურ სამყაროში. შევეცადოთ, რაც შეიძლება გავამრავალფეროვნოთ ბავშვის დასვენება. თუ ვიგრძნობთ, რომ გაძლიერდა მისი დამოკიდებულება ეკრანთან, დავაკავოთ ის ხატვით, ძერწვით, დახატოს და გამოძერწოს საყვარელი მულტფილმების პერსონაჟები;
  • რეკომენდებულია, რომ ბავშვისთვის შერჩეულ და შეთავაზებულ მულტფილმებში პერსონაჟებს ახმოვანებდნენ პროფესიონალი მსახიობები, რომლებიც თითოეულ სიტყვას წარმოთქვამენ ნათლად, მკაფიოდ, გამოკვეთილად და გამომხატველობითი ინტონაციით. ეს ყველაფერი დაეხმარება პატარას სწორად მეტყველების უნარის გამომუშავებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის აღზრდის პროცესში მულტფილმები შეიძლება გახდეს ჩვენი სერიოზული მოკავშირე და აქტიური დამხმარე ან იქცეს გარდაუვალ საფრთხედ. ამასთან, გვახსოვდეს, რომ ვერანაირი მულტფილმი ვერ ჩაანაცვლებს უფროსთან ბავშვის ცოცხალ ურთიერთობას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი