ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

შალვა

მე და ისაკა სკოლის უკან შევხვდით, ფიზკულტურის გაკვეთილიდან რომ ვიპარებოდით ხოლმე, იმ კართან. ჯიბეში 3-3 ლარი გვიდევს, ანუ მერვეკლასელების კვალობაზე მდიდრები ვართ. შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ და 2 ლარი კოკა-კოლაში დავხარჯოთ, ანუ თითო ბოთლი მივცხოთ. შეგვიძლია გავიჯეჯილოთდა 3 საათი mIRC-ში, Nincho_Nincho_Caramel-თან, Mulatka-26-თან და Mari_Shakaladka-სთან ჭორაობაში გავლიოთ. Counter Strike-ის თამაშიც მოსულა, ორი-ორზე, მეორეელებთან, რომლებიც ჩვენი ბულკები არიან, მაგრამ ბოლო დროს მულატკა ამ პირტიტველ ბიჭებს ისეთ ცხელ წერილებს გვწერს, რომ თუ ჩემი ძმა ხარ, რა დროს Counter-ი და ჯახაჯუხია. 
I მ/რ-ის ინტერნეტკაფე დაკეტილი დაგვხვდა. გაგულისებულები ვეძებთ სხვა ბუნაგს, სადაც 6 ლარს გავანიავებთ და შინ დამშვიდებული სინდისით დავბრუნდებით. პირველი კვარტალის კომპიუტერულ ბარიგებში გავიკითხეთ და მიგვასწავლეს, საბავშვო ბაღის შენობაში, უკანა მხარეს, რკინის კიბის ქვეშ, ახალი ინტერნეტკაფე გაიხსნაო. დავაწექით. 
კარი გუსეინამ გაგვიღო, – როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ დაწესებულების მღებავის შვილმა, – რომელმაც მექსიკური კარტელის მიერ კონტროლირებადი კოკაინის ქარხნის დარაჯის გამომეტყველებით შეგვიპატიჟა პატარა ოთახში, სადაც მამამისი, 5 გამორთული კომპიუტერი, დიდუბის ბაზრობის სასადილოს მაცივარი და შალვა დაგვხვდა.

რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ შალვა არასწორ დროსა და არასწორ ადგილას დაიბადა – გულის სიღრმეში ის ცივი ომის კაცი იყო. წინა ცხოვრებაში ალბათ კარდინალი რიშელიე გახლდათ, ხოლო ამ ცხოვრებაში, ერთოთახიანი ინტერნეტკაფეს მფლობელი რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად იქნებოდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი და მოწინააღმდეგეთა აგენტების რეკრუტირების ოსტატი; მაგრამ ბედისმწერალს მელანი დაუშრა, ვაზისუბნური ინტერნეტკაფეს მამასახლისობა არგუნა ნაჩქარევად და აქაური ქუდი დაახურა.

შალიკოს სიღრმეები გაცნობისთანავე ამოვიცანით, როცა მსუბუქი იმერული კილოთი გვითხრა, ეს მაცივარი ჩვენი კლიენტების მაქსიმალური კომფორტისთვისაა, როცა გენებოთ, ახადეთ თავი და ცივი წყალი მიირთვითო. ამის გაგონებაზე გუსეინას მამა შეიშმუშნა. mIRC-ის უღრანებში შესულებსა და მულატკას წერილებით შეხურებულებს, შალვას მაცივრის მადლი მალევე გაგვახსენდა და ჭიქები მოვითხოვეთ, რასაც შალიკომ ოსტატურად წაუყრუა და ბოთლითვე მიირთვითო, ნება დაგვრთო. მინის ბოთლს, რომლის მსგავსებშიც ბებიაჩემი ტყემალს ასხამდა ხოლმე, თავი მოვხადეთ და ზედ პომიდვრის მიმხმარი კანი დაგვხვდა, გუსეინას მამამ კი გამარჯვებულის იერით გააწკლაპუნა პირი, რადგან მისი წმინდა გრაალი უმალვე ჩავაბრუნეთ მაცივარში, უკვდავების წყალი კი პირუხლებელი დავუტოვეთ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ შალვა სინამდვილეში დიდი გაქანების კაცია, მისი ინტერნეტკაფე კი – ჰერმიონ გრეინჯერის ჩანთა: იქ ყველაფერი ეტევა. თვალსა და ხელს შუა აღმოვაჩინეთ, რომ ამ პატარა ოთახში, ინტერნეტკაფესთან ერთად, რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, კოლეჯი და სკოლა-ლიცეუმი, რომელშიც სულ რამდენიმე ცოდნას მოწყურებული ახალგაზრდა სწავლობს და ერთი მათგანია გუსეინა – იურიდიული ფაკულტეტის ერთადერთი სტუდენტი, რომლის უმაღლესი განათლების გადასახადიც შალვამ მამამისს ოთახის შეღებვაში გამოუქვითა. მართლაც, გუსეინა სამართალმცოდნეობის შესასწავლად იყო მოვლენილი ამქვეყნად და ვიტყოდით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებსო, რომ არა ერთი უმნიშვნელო დეტალი – გუსეინამ ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა, ამ ავტორიტეტულ სასწავლებელში კი სწავლება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე მიმდინარეობდა. ერთხელ, როცა მე და ისაკას უკვე მტკიცედ გვქონდა გაცნობიერებული, რომ Counter-ს ცოდნის ტაძარში ვთამაშობდით, ანუ მეტი თავშეკავება გვმართებდა, მორიგმა გზააბნეულმა მშობელმა მორიგი გზააბნეული ცოდნის მაძიებელი მოიყვანა შალვასთან და როცა ყველა ფინანსურ საკითხზე შეთანხმდნენ, შვილის სწორ გზაზე დამყენებელმა დედამ, თითქმის დარწმუნებულმა, მაგრამ მაინც ფრთხილმა და წინდახედულმა, იკითხა: „ეს ნამდვილად იმ ცნობილი სასწავლებლის ფლიალია, ხომ?” – რის შემდეგაც შალვამ დიდხანს უყურა მას თვალებში (ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, ლამის Counter-ის ტერორისტებიცა და სპეცრაზმელებიც მის პასუხს ელოდნენ) და ჩაცინებით უპასუხა: „რა თქმა უნდა”.

შალვასი ტყუილიც დაიჯერებოდა. ბიზნესმენობასთან ერთად, ის იყო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ამავე უნივერსიტეტის საპატიო რექტორი, იურიდიული და ისტორიის ფაკულტეტების დეკანი და სამხედრო კათედრის გამგე. სხვათა შორის, სამხედრო საქმის სწავლების მისეული მეთოდი ძალზე თანამედროვე გახლდათ – შალვას სილაბუსში თეორია და პრაქტიკა 50/50-ზე იყო წარმოდგენილი – ის სამხედრო თეორია/პრაქტიკას Counter Strike-ის თამაშით ასწავლიდა და თითოეული სტუდენტისგან საათში 1 ლარსაც იღებდა. ერთი სიამოვნება იყო მისი სამართლის ლექციების მოსმენა, რომლებიც ჩვენი კომპიუტერული შერკინებების პარალელურად ტარდებოდა. შალიკოს ღვთით ბოძებული უნარი ჰქონდა, მთელი მსოფლიოს იურისპუდენცია, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ჭიჭიკიასა და ბიჭიკიას მაგალითამდე მიეყვანა, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, კამათის საბაბს იძლეოდა. მე შევსწრებივარ მის ორსაათიან მონოლოგს, რომელმაც დამარწმუნა, რომ მთელი მსოფლიოს ხალხებმა გულზე მჯიღის ცემით უნდა შევწიროთ მადლობა ღმერთს, რომ შალიკო ბირთვული ქვეყნის მეთაური არ არის. თუმცა ბირთვული იარაღი რა მოსატანია კაცთან, რომელიც მთელი თავისი დღე და მოსწრება ტერორიზმს შიშველი ხელებით ებრძოდა. ერთხელ შალვა და მისი ძმაბიჭები თვითმფრინავში ავიდნენ და რას ხედავენ – ვიღაც-ვიღაცები ქურთუკების ქვეშ კალაშნიკოვის ავტომატებს მალავენ. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ნახევარმეტრიანი ავტომატებით შეიარაღებულებმა უპრობლემოდ გაიარეს აეროპორტის ყველა შემოწმება და თვითმფრინავში აღმოჩნდნენ. ამათაც ხომ მეტი არ უნდოდათ, სულ წიხლებით ჩაუყრიათ თვითმფრინავიდან ავტომატიანები.

ეს კაცი ვარდების, უფრო სწორად, აჭარის რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედიც იყო. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობდა. დიდი გამარჯვებისა და საკუთარი წვლილის დასტურად კი თავისი სამუშაო და, საერთოდ, უნივერსიტეტის ერთადერთი მაგიდის თავზე გაკრული ჰქონდა საქართველოს დროშა, რომელსაც ნაფეხური ემჩნეოდა. ეს ასლან აბაშიძის ნაფეხურია, წასვლისას დააბიჯაო, გვიყვებოდა არაკს შალიკო. ასლან აბაშიძისა – არა, მაგრამ ერთხელ მორიგი გადაგდებული კაცის ნაფეხური დაემჩნა მის ცხვირსაც და, აჭარული გადატრიალებისგან განსხვავებით, შალვამ ამაზე ლაპარაკი არ ისურვა. რა ვიცი, შეიძლება, იმ თვითმფრინავიდან ჩაყრილმა ავტომატიანებმა მოაგნეს ამდენი წლის შემდეგ. რას გაიგებ.

აი, ასეთი, ცხვირგატეხილი, მობუზული და ყელში ბურთგაჩხერილი დარჩა ჩემს მეხსიერებაში შალვა. მას შემდეგ იმ ინტერნეტკაფესა თუ უნივერსიტეტში აღარც მივსულვარ. მალე, როგორც ასეთ ჩალიჩა კაცებს სჩვევიათ, შალიკომაც მიხურა თავისი ობიექტი და ალბათ სხვა საქმეს შეეჭიდა. მისი ალღოს პატრონს, ახალი გამოწვევები არ შეაშინებდა. მით უმეტეს, ბოლოს რომ შევამოწმე, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსის ადგილი თავისუფალი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი