პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩემი ზღაპრების გმირი

ის ახლა რაჭის მთიან სოფელში სქელ და ჭრაჭუნა თოვლში სქელძირიანი ბათინკებით ნაფეხურებს ტოვებს. თავის რამდენიმე მოსწავლესთან ერთად თეთრ თუ იისფერ თოვლს მიაპობს – ის მასწავლებელია, ბავშვები – მოსწავლეები.

ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ამ თეთრი პეიზაჟის ფონზე, ამინდი წყნარია, ზამთრის ცივი, ცინცხალი ნიავი ოდნავ, სულ ოდნავ არხევს მისი თბილი ქუდის პომპონს.

პირველად თითქმის ერთი წლის წინ მომწერა, მითხრა, რომ სულ კითხულობს,  რასაც ვწერ, რომ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და რომ ჩემი გულშემატკივარია.

მერე ერთხელაც თავისი გადაწყვეტილებაც გამანდო, რომელიც სულ, სულ მალე მოიყვანა სისრულეში –ადგა და ორ პატარა შვილთან ერთად მთიანი რაჭის ნახევრადდაცლილ სოფელში მასწავლებლად წავიდა.

პირველი რეაცია?  – რომ სხვამ გაბედა ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია მინდა და ვერ ვბედავდი.  რამდენჯერ მიფიქრია, ავდგები და წავალ, მაგრამ მერე ათასი დაბრკოლება და კითხვა – „კრედიტს რა ვუყოთ”, „სამსახური?”, „ბავშვი როგორ შეეგუება?”  –  მოკლედ, ათასი  როგორ და მაგრამ. მან კი გაბედა და წავიდა.

წავიდა და ერთ კვირაშივე შეცვალა მთიანი სოფლის ბავშვების ცხოვრება.

როცა ათასი საფიქრალით, წერით, პრობლემებით და ხმაურიანი ქალაქით დაღლილი ფეისბუქზე შევდივარ, ერთ–ერთი მთავარი თერაპიათაგანი – მისი ფოტოების დათვალიერება და მისი ამბების წაკითხვაა.

„დილას ჩემი მოსწავლე თამუნა მეკითხება: -მასწავლებელო, ადრე საჩუქარი რომ გაგიკეთეთ გაგიხარდათ?

– ძალიან,ძალიან.-ვპასუხობ.

-გინდათ კიდევ განიცადოთ სიხარული? – და ჩანთიდან ფრთხილად ამოიღო შეფუთული , “დასკოჩილი” საჩუქარი. იმან, რაც შიგ იდო, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. სიყვარულის გამოხატვის გარდა, აღმოვაჩინე, უკვე დარდობენ ეს პატარები, მათი დატოვება რომ მომიწევს. თან ამ ასაკში ასეთი დარდი, ხომ გახსოვთ, როგორი მტკივნეულია. არ მინდა, რომ იდარდონ! ისიც აღმოვაჩინე,რომ ჩემს თითოეულ სიტყვას ისრუტავენ,იმახსოვრებენ.

ამ ბავშვებს უკვე ეტყობათ წაკითხული წიგნების გავლენა. თამუნას საოცარი მოთხრობა დაუწერია, მოთხრობის გმირებისთვის არაჩვეულებრივი სახელები მოუფიქრებია, ილუსტრაციებიც დაუხატავს, “არარსებული” მზეც გამოუძერწავს ჩემთვის და სიყვარულის გამოსახატავად წერილებიც დაუწერია. მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, აქ და ახლა ამ ბავშვებთან რომ ვარ.ამ პატარა არსებების, ნაძვების, ცის, მთების სილამაზეს რომ განვიცდი ყოველდღე.” ( მისი ფეისბუქიდან).

ამას წინათაც მომწერა, რაღაც რჩევა მკითხა გაკვეთილის აგების შესახებ. აბა,  ჩემი რჩევები  რაში სჭირდება, თვითონ ჩემზე უკეთ იცის ყველაფერი, მაგრამ მაინც, სულ პატარა მინიშნება მივეცი. ამ პატარა მინიშნებიდან ჯადოსნური გაკვეთილი შექმნა, მეორე დღეს როცა ამ გაკვეთილის და გახარებული ბავშვების შესახებ მწერდა, ისე კარგად, ისე ცხადად დავინახე მისი გაბრწყინებული თვალები, რომ იმ დღეს აღარც არაფერზე მიწუწუნია და არც დავღლილვარ მაინცდამაინც.

იმ მთიანი სოფლის პატარა სკოლაში სულ რამდენიმე მოსწავლე ჰყავს, პატარა კლასისთვის გაკვეთილის დაგეგმვა ადვილიცაა და ძალიან რთულიც, ადვილია იმიტომ, რომ  პატარა ანცების შფოთი, ხმაური და ფაციფუცი ადვილი გასაკონტროლებელია, რთული კი იმიტომ, რომ მთელი გაკვეთილი ისე უნდა დაგეგმო, რომ არ მობეზრდეთ და ჩაერთონ, მათ, თითოეულს ხომ გაკვეთილისთვის დათმობილი დროიდან უფრო მეტი შეხვდებათ, შესაბამისად, ეს დრო კარგად, ჭკვიანურად უნდა დაუგეგმო. მას არ გაუჭირდება, ვიცი.

ვუყურებ მის ფოტოებს – პოეზიის კვირა, ასტრიდ ლინდგრენობის დღესასწაული, ხელნაკეთი წიგნების გაკეთება, შემოდგომის დღეები, ლიტერატურული პერსონაჟები და პარალელები… ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს  ეს ყველაფერი ჩემს საყვარელ წიგნში ხდება, იქნებ ეს კუნძული სალტკროკაა ან ბიულერბიუ?!

„შაბათი დღე მთელი უწერის ბავშვები ლინდგრენის სამყაროში გადასახლდნენ.ზოგს ყანაში მიქონდა სათუთად გახვეული წიგნები და შემთხვევით შეხვედრილები,მამშვიდებდნენ:ნუ გეშინიათ,მასწავლებელო,არ დავსვრითო. თუ უნდა სულ დასვრილი და დაფლეთილი დამიბრუნონ,ოღონდ წაიკითხონ!” – ისევ მისი ჩანაწერებიდან მოვიპარე.

ახლა აქცია მოაწყო, პატარა მთიანი სოფლის სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები მოაგროვა, ბევრი გამოეხმაურა, პატარა, მაგრამ მდიდარი ბიბლიოთეკა ბავშვების ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

მას ლელა ჰქვია,  ჩემი ახალი ზღაპრის გმირია, „ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამის მონაწილე და შესანიშნავი, ენთუზიასტი მასწავლებელი.

მინდა ამ ახალ წელს ჩემს ქვეყანას ბევრი მისნაირი დაებედოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი