შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სტილის გრძნობის დაკარგვიდან – ყველაფრის დაკარგვამდე

ცოტა ხნის წინ კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა, როდესაც თავის ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა გადაცემა „მძიმე კაცთან” წამყვანის – დათო კოვზირიძის სტატუსს.

„დღეს ლარს დაენძრა, აფხაზეთი ოფიციალურად წაგვართვეს და კიდევ მოგისმენთო, გვეუბნებიან – ვამაყობ საქართველოს მთავრობით” – ეს ჟურნალისტის კომენტარია. 

„სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა ქუჩური ლექსიკით კომიკურია. სტილის გრძნობა არ უნდა დავკარგოთ, თორემ ყველაფერს დავკარგავთ” – ეს კი ფილოლოგის რეპლიკა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან ბრეგაძის ამ მოწოდებამ, სოციალური ქსელის ჟარგონით რომ ვთქვათ, ბევრი „ლაიქი” ვერ ააგროვა, რადგან ჩვენ ყველაზე ნაკლებად სწორედ გააზრებული, გაწონასწორებული და ზუსტი, ადეკვატური ენით გადმოცემული შეფასებები გვიჭირს. ამას ადასტურებს კიდეც ჭარბი ემოციებითა და ერთმანეთის შეურაცხყოფით, ყველაფრის ერთმანეთისთვის გადაბრალებით, წამოძახებებითა და ჭკუის დარიგებებით სავსე საქართველოს უახლესი ისტორიის თუნდაც ბოლო ოცდახუთწლიანი მონაკვეთი. 

და რაც მთავარია – ხშირ შემთხვევაში თითქოს ჩვენ თვითონვე ვაკნინებთ საკუთარ თავს (როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს), როცა გააზრებულად, გაუცნობიერებლად თუ უბრალოდ კუდაბზიკობის გამო გვერიდება (!) მნიშვნელოვან საკითხზე სერიოზულად საუბარი. გვგონია (და ვფიქრობ, სწორედ აქ ვტყუვდებით ყველაზე მეტად), რაც უფრო მსუბუქად, ირონიულად, ენისმოჩლექით, ჟარგონისა და სლენგის გამოყენებით შევაფასებთ რამეს, მით უფრო იოლად მიიღებს და გაუშინაურდება საზოგადოება.

ალბათ უტრირებაში არ ჩამომერთმევა, მაგრამ როცა ერთ წინადადებაში სიტყვები „აფხაზეთი” და „დაენძრა” მხოლოდ მძიმითაა (,) გამოყოფილი, ამის დამწერს მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, საქართველოს მთავრობა რატომ სერიოზულად არ ეკიდება ჩვენს მოთხოვნებსო.     

გეთანხმებით, სოციალური პროტესტის ფორმა მრავალგვარია – რაციონალური შეფასებიდან დაწყებული ჩვეულებრივი გინებით დამთავრებული. მაგრამ ის, რაც კერძო, პირად საუბარში მიღებული და ბუნებრივია, საჯარო სივრცეში არასერიოზული და კომიკური შეიძლება გახდეს. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს ანეკდოტები, რომელსაც ყველგან ვერ მოყვები. ამასთან ერთად, არის თემები, რომლებზეც ყველგან ერთი ენით უნდა ილაპარაკო.

სტილის დაკარგვის თვალსაჩინო ნიმუშია ცნობილი პოეტის ბოლოდროინდელი ვიდეომიმართვები. შემთხვევა, თუ როგორ შეიძლება რამდენიმე მართლაც უმაღლესი რანგის ლექსის ავტორი გადაიქცეს ოდიოზურ პიროვნებად – ჯვარ-ხატებით გაწყობილი კუთხიდან დაგმოს და წყევლა-კრულვა გამოუცხადოს ყველას, ვინც მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ეთანხმება.

ცალკე სათქმელია ჩვენი ხანმოკლე მეხსიერებისა და მთავარი თემების მეორე- ან მესამეხარისხოვანით გადაფარვის ამბავი, რაც ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ თავის დროზე, დროულად და შესაბამისად (შესატყვისი ენით, შესაფერისი ქცევით) ვერ ვეხმაურებით ამა თუ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოვლენას. 

იმავე დღის ბოლოს, როცა რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, მთელი ერის (ყოველ შემთხვევაში ქვეყნის დედაქალაქში მცხოვრებთა დიდი ნაწილის) მთავარი განსჯის საგანი მოულოდნელად მოსული წვიმა და რამდენიმესაათიანი საცობი იყო. ცხადია, ყოფითი პრობლემები ხშირად გადამწყვეტია და თითოეულ ჩვენგანს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს ხოლმე, მაგრამ ის, რაც უკრაინელ ხალხს გასული წლის სუსხიან ზამთარში ფეხს არ აცვლევინებდა „მაიდნიდან” – ეროვნული თავმოყვარეობის გრძნობა – ჩვენთვის შეიძლება მაშინვე გაქრეს, როცა ორსაათიან საცობში აღმოვჩნდებით წერეთლის გამზირიდან გმირთა მოედნამდე.

არ დამავიწყდება: 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, როდესაც ზუგდიდი რუსეთის ჯარმა დაიკავა და ნახევრად დაცლილ ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ადგილას იყო სავაჭრო პუნქტი დარჩენილი, ერთ-ერთი მარკეტის გამყიდველმა 5-ლარიანი ლაი-ლაი ბარათი 8 ლარი დამიფასა. მაშინ, ალბათ, ათჯერ მეტს გადავიხდიდი, მაგრამ მერე, კარგად რომ დავუკვირდი ამ ამბავს, ყველაზე საშინელ სიმართლეს მივხვდი: შენი გამბედაობა (კონფლიქტის ზონაში რომ საყოფაცხოვრებო პროდუქტს ყიდი) იმ წუთასვე უფასურდება, როცა შენი მოქალაქის ხარჯზე მოინდომებ გამდიდრებას, შენი გამბედაობის კომპენსაციას მისგან დამატებითი გროშების მიღებით შეეცდები. 

მოგვიანებით ჟურნალ „ტაბულას” ინტერნეტ გვერდზე ლევან ბრეგაძეს თავის მართლებამაც მოუწია, როცა ფეისბუქ მომხმარებლის „პასუხები უხერხულ კითხვებზე” აგრესიულ კომენტარს – „ლაიქები” გაქვთ, თქვენი ეგო კმაყოფილია, ბატონო ლევან? როცა აფხაზეთი კულტურულად აგვახია რუსეთმა, „ბრძენმა” პუტინმა (პატრიარქისა არ იყოს). როცა ხალხი სიხარბით დაბრმავებულია, დაგოიმებულია და მაინც „ქოცობს”, რა დროს „სტილის გრძნობაა”?! – რბილად, შემწყნარებლურად უპასუხა: 

„ნუ გამინაწყენდებით, მე ჩემი „სამრეკლოდან” ვრეკავ ხოლმე – ფილოლოგიის „სამრეკლოდან”.

რას ვიზამთ, ეტყობა ჩვენში ისე მკვიდრადაა პარტიული (და არა სახელმწიფოებრივი) აზროვნება ჩაშენებული, რომ ცნობილი პოეტიცა და უბრალო ფეისბუქ მომხმარებელიც შეიძლება ერთ ენაზე ალაპარაკოს – მათთვის ხომ ერთნაირად მიუღებელია საპირისპირო აზრი, ან ადამიანი, ვინც თუნდაც კეთილი განზრახვით მოგცემს რჩევას. და ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებიათ, რომ თუ სტილის გრძნობას დაკარგავ, ყველაფერი შეიძლება დაკარგო, რადგან, ერთი ფრანგი მწერლისა არ იყოს, სტილი – ადამიანია.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი