ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„დავეხმაროთ წითელქუდას“ – კომპლექსური დავალება მათემატიკაში

მინდა, გიამბოთ, როგორ ვაქციეთ მეორე კლასში მათემატიკის კომპლექსური დავალება მთელი კლასისთვის სახალისო, საინტერესო და ამავდროულად, სიკეთით სავსე აქტივობად.

წინასწარ შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით, კომპლექსური დავალება ჩემს მოსწავლეებს ნოემბრის თვეში უწევდათ. პირველი საგანი მათემატიკა იყო, თემები – რიცხვები და თანრიგები, კანონზომიერებები, მოქმედებები რიცხვებზე.

კომპლექსურ დავალებას სახელად დავარქვი – „დავეხმაროთ წითელქუდას“. მათემატიკური მინიშნებების ამოხსნით მას თავისი საყვარელი ბებია მგლისგან უნდა გაეთავისუფლებინა.

ნოემბერი უკვე ის დროა, როდესაც მასწავლებლებს აქტიურად აქვთ დაწყებული ამგვარ დავალებებზე მუშაობა. შესაბამისად, მოსწავლეები და მშობლებიც შემართებით არიან ჩართული ამ პროცესში. თუმცა ირგვლივ არის არასასიამოვნო აჟიოტაჟიც, რომ კომპლექსური დავალებები დიდი თავსატეხია ოჯახებისთვის, რომ მათ ბავშვების ნაცვლად მშობლები ასრულებენ, რომ ბევრი სამუშაოა მოკლე დროში და სხვ. ზოგმა მშობელმა მასწავლებლის მიერ გაგზავნილი „მშობლის ბარათის“ არსი და დანიშნულებაც ვერ გაიგო და ფიქრობდა, რომ მასწავლებელი მას აძლევდა დავალებას… ყველა სიახლეს ამგვარი გამოხმაურებებიც თან სდევს, თუმცა ფაქტია, რომ კომპლექსური დავალებების დანერგვა სასწავლო პროცესში მრავალი სიკეთის მომტანია და ის ხარვეზები, რომლებიც ამგვარი დავალებების დანერგვას, მოსწავლემდე ან თუნდაც მათ ოჯახებამდე მიტანასა და განხორციელებას ახლავს თან, თანდათან შემცირდება და აღმოიფხვრება.

მინდა, ჩემი პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ, რომელიც, ვფიქრობ, შესაძლოა ერთ-ერთი პოზიტიური მაგალითი იყოს კომპლექსური დავალებების დანერგვის საწყის ეტაპზე.

„მეგობრებო, წითელქუდას ხომ ყველა იცნობთ? მას ჩვენი დახმარება სჭირდება“, – ვუთხარი ნოემბრის პირველივე სასწავლო დღეს მოსწავლეებს. დაინტერესდნენ. ისინი ხომ მეორეკლასელები არიან. მთავარია, შეეხმიანო, მიმართო დახმარებისთვის, თავი საჭიროდ აგრძნობინო და მაშინვე მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რომ დაგეხმარონ.

მგელმა მისი ბებია დაატყვევა. შემდეგ წითელქუდას დაურეკა და მათემატიკური თამაში შესთავაზა – სანამ მოშივდებოდა, მანამდე წითელქუდას მის მიერ გაგზავნილი მათემატიკური სავარჯიშოები უნდა ამოეხსნა. თუ დროში ჩაეტეოდა, მის ბებიას გაათავისუფლებდა. მაგრამ წითელქუდამ მათემატიკა კარგად არ იცის, ნანობს, მეორე კლასში რომ იზარმაცა და გულიანად არ იმეცადინა. დასახმარებლად კეთილ და მოაზროვნე მეორეკლასელებს მოგმართათ. დაეხმარებით ბებიის განთავისუფლებაში? ამოხსნით მათემატიკურ სავარჯიშოებს?

რა თქმა უნდა, შემართებული თანხმობა მივიღე. და დავიწყეთ!

პირველ რიგში, ყველამ ავიღეთ თხელი, 12-ფურცლიანი რვეული, რომელსაც „წითელქუდას რვეული“ დავარქვით. გადავწყვიტეთ, აქ მოგვეთავსებინა ყველა მინიშნება, თავისი ამონახსნით.

რვეულის პირველი ფურცლები ამ ამბის ამსახველ კომიქსს დავუთმეთ. ალაპარაკებული პერსონაჟები ყველას თავისებურად სახალისო და საინტერესო გამოუვიდა.

შემდეგ გავიხსენეთ და ჩამოვწერეთ, რა ვისწავლეთ ამ ორ წელიწადში მათემატიკაში. მომდევნო ფურცელი რჩევებს დავუთმეთ, რომლებსაც მეორეკლასელები ამ ამბის პერსონაჟებს – წითელქუდას, მგელს და ბებიას აძლევდნენ. ამასობაში, პარალელურად, მათემატიკის გაკვეთილებზე გამოვყოფდით ხოლმე დროს, როცა მოსწავლეებს კომპლექსური სავარჯიშოების მსგავს დავალებებს ვთავაზობდი. ვვარჯიშობდით მათი ამოხსნის ტექნიკაში. შემდეგ კი კონკრეტულ მინიშნებებს ვაძლევდი დამოუკიდებლად ამოსახსნელად. მოსწავლეებს აღარ უჭირდა მათი ამოხსნა, პირიქით, ხალისით მუშაობდნენ. იმის შეგრძნება, რომ ამით სიკეთეს აკეთებდნენ, სხვანაირ მოტივაციას აძლევდა ბავშვებს.

კომპლექსური დავალება სამუშაოს დასრულების შემდეგ პრეზენტაციების გამართვასაც გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა მოკლედ უნდა წარმოადგინონ საბოლოო ნაშრომი და აღწერონ მასზე მუშაობის პროცესი.

ამისთვისაც განსაკუთრებით მოვემზადე.

მოსწავლეებს ვუთხარი, რომ ყველა მინიშნების ამოხსნის შემდეგ წითელქუდა ესტუმრებოდათ კლასში და თავად გადაუხდიდა მათ მადლობას. ასეთი ეფექტების შეტანა, ვფიქრობ, საჭიროა დაწყებით, განსაკუთრებით კი, 1-2 კლასებში, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

როდესაც მინიშნებებზე მუშაობა დავასრულეთ, დავიწყეთ „წითელქუდას რვეულიდან“ ამოხსნილი მინიშნებების პლაკატებზე გადატანა, რათა თითოეული მოსწავლის შრომა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო.

ძალიან საინტერესო პლაკატები გამოუვიდათ. ყველა ნამუშევარს ეტყობოდა მონდომებული შრომა. ნოემბრის ბოლო სასწავლო დღეს მოვაწყვეთ პრეზენტაციების დღე. მოსწავლეებს შევთავაზე, ამ დღისთვის განსაკუთრებულად გამოწყობილიყვნენ, სასურველი პერსონაჟის ფორმებში. ზოგი წითელქუდა იყო, ზოგი მგელი, ზოგიც უბრალოდ კეთილი ფერია ან პრინცი, რომლებიც საკუთარი ცოდნით ასე გულიანად დაეხმარნენ  მას, ვისაც ეს სჭირდებოდა.

მოსწავლეებს წინასწარ მივეცი რჩევები, რაზე შეეძლოთ გაემახვილებინათ ყურადღება პრეზენტაციების დროს:

რაში მივიღეთ მონაწილეობა; რა იყო ჩვენი მოვალეობა; რა სარგებელი მოგვიტანა ამ აქტივობაში მონაწილეობამ; რა რჩევას მივცემთ პერსონაჟებს; რაზე ვმუშაობდით; ვინ ან რა გვეხმარებოდა მინიშნებების ამოხსნაში; თითოეული სავარჯიშოს გააზრებულად წარმოდგენა – ახსენი, როგორ ამოხსენი.

თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად წარსდგა კლასის წინაშე საკუთარი პლაკატით და მოკლედ ისაუბრა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესახებ.

დაბოლოს, წითელქუდას სტუმრობის ჯერიც დადგა. და წითელი ქუდითა და კაბით კლასის წინაშე, რა თქმა უნდა, მე წარვდექი. მადლობა გადავუხადე თითოეულ მათგანს და სამახსოვროდ, საახალწლო წინდებითა და ტკბილეულით დავასაჩუქრე. ყველა ბედნიერი დავრჩით, რადგან ჩვენ ამ ერთი თვის განმავლობაში შევძელით სტრესის, პრობლემების, წუწუნისა და მოწყენილობის გარეშე გვემუშავა ჩვენს პირველ კომპლექსურ დავალებაზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი