პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ომები და კონცერტები

მე ალბათ იმ იშვიათი ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებსაც აქამდე არასდროს მოუსმენია გრიგორი ლეპსის შესრულებისთვის. ამიტომ მასზე, როგორც მუსიკოსზე, ვერაფერს ვიტყვი. ვერც სხვების დადებით ან უარყოფით შეფასებებს ავყვები – პირად საუბრებსა და სოციალურ ქსელში ერთიც შემხვედრია და მეორეც. უფლებას ვიტოვებ, ნოსტალგიურ და ფსევდოპატრიოტულ ნოტზე ნათქვამი სადღეგრძელოებითაც არ მოვიხიბლო: სოჭში დაბადებული, წარმოშობით ქართველი ხელოვანი ჩამოდისო, რომ გაიძახიან, უნდა დავაფასოთო, ამ ქართველებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ ნიჭიერი შვილების დაფასებაო.

არც იმ ხალხზე ვაპირებ რამის თქმას, სპორტის სასახლეში, კონცერტზე მისვლა რომ გადაწყვიტა. ყველას აქვს არჩევანის უფლება და კვირადღეს სადაც უნდა იქ წავა გასართობად. მით უმეტეს, ლამის მთელი წელია რადიოდან, ტელევიზიით, ქალაქში გამოკრული ბანერებითა და აფიშებით მიეჩვია, რომ 7 დეკემბერს რუსეთში საკმაოდ ცნობილი და პოპულარული შემსრულებელი ჩამოვა საქართველოში. გულზე ხელი დავიდოთ და ხმამაღლა ვთქვათ, თუ რამე გვემშობლიურება და რამეზე გვიცეკვია გატაცებით ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ეს რუსული ესტრადაა.

სახელების სათითაოდ ჩამოთვლა არ ღირს – ძალიან შორს წაგვიყვანს, ტკბილ მოგონებებს გაგვიღვიძებს. მათი გადაფარვა ვერც ჩვენს ბავშვობაში მომხდარმა სამოქალაქო ომებმა შეძლო და ვერც სულ ახლახან, 2008 წლის აგვისტოში, საკუთარი თვალით ნანახმა სისხლიანმა ეპიზოდებმა. ეტყობა, ომისთვის და სიმღერისთვის ერთნაირად გახსნილი ქვეყანა ვართ, ბრაზის გულში ჩატოვება დიდხანს არ შეგვიძლია და მტრობა არ გამოგვდის. 
ჩვენი ეს თვისება ალბათ კარგად იციან მათ, ვინც მათრახის და თაფლაკვერისა არ იყოს, ომებსა და კონცერტებს გეგმავენ. თორემ რაც ამ ბოლო დროს ინტერნეტარქივში პირადად ლეპსისგან პირადად რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტისადმი ქება და თავმოდრეკანი ვისმინე, არათუ საქართველოში, კავკასიაში არ უნდა ჩამოესვლებოდეს მისი პოზიციისა და შეხედულებების კაცს. 

ძალიან კატეგორიული გეჩვენებათ? მაშინ ერთ შემთხვევას დავიმოწმებ, მეტისთვის არ გაგწირავთ.

 

ეს ამბავი ქსენია სობჩაკის გადაცემაში ხდება. წამყვანი გაიხსენებს, ნიკოლაი ბასკოვისგან მსმენია, პუტინთან რომ იყავით დაჯილდოების შემდგომ აუდიენციაზე თქვენ ორნი და კიდე ფილიპ კირკოროვი, პრეზიდენტს ძვირფასი საათის ჩუქება ნდომებია თქვენთვის, მაგრამ ბასკოვი ჩარეულა, – ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ლეპსი ხატების კოლექციონერია, ეგ საათი მე მაჩუქეთო.

სიმართლე გითხრათ, რასაც კოლია ამბობს, მე ეგ საუბარი არ მახსენდებაო, – თავიდან ცოტათი შორს დაიჭერს ლეპსი, – შეიძლება იყო კიდეც ასე. მგონი სხვებიც იყვნენ ერთ-ერთ შეხვედრაზე… ლარისა დოლინა იყო, ღმერთო გამახსენე… მთელი წყება არტისტები. ექვსი-შვიდი წლის წინანდელი ამბავია. კი, მართალია, ხატი მაჩუქეს, სახლში მაქვს დაბრძანებული, ვაფასებ და ვუფრთხილდებიო. – ბავშვივით იშმუშნება, თავს ათამაშებს რუსული ესტრადის ვარსკვლავი, – მესიამოვნაო.    

თითქოს აქ უნდა მორჩეს ყველაფერი, მაგრამ როგორც კულუარების მცოდნე და ვარსკვლავების პირადი ცხოვრებით დაინტერესებულ ჟურნალისტებს ჩვევიათ, ქსენია სობჩაკი კიდევ უფრო ჩაეძიება:

– და ის თუ არის მართალი, ამ ხატზე პუტინს ავტოგრაფი რომ სთხოვეთ?

– ეგეც მართალია… მოგვიანებით, ორი წლის შემდეგ წამიწერა: „პატივისცემითო”.

ამას იტყვის თუ არა, ხელსახოცს აიფარებს გრიგორი ლეპსი – ვერ მიხვდები, შერცხვა, მოერიდა, თუ იმას ფიქრობს, არ დავისაჯო ამ ჩემი გულწრფელობისთვისო. ან იქნებ ის აღელვებს, ეგებ ზედმეტად თავშეკავებული ვარ და უფრო მეტად უნდა შემექო ჩემი მწყალობელიო.   

სობჩაკი კი ბოლომდე აგრძელებს კითხვების დაშენას:
– საპირისპირო მხარეს გააკეთა წარწერა?
– კი, უკანა მხარეს. თუ არ გჯერა, ხატი სახლში მაქვს, მოდი და ნახე. 
– და ხატზე ვინაა გამოსახული?
– მაცხოვარი.

როგორც ჩვენი ერთი სახელოვანი კრიტიკოსი იტყოდა, „ზნეობრივი გახრწნილების სურათი დასრულებულია” – ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებითა და საქმიანობით უპირისპირდება ქრისტიანულ მორალს, ავტოგრაფით ამკობს ქრისტეს ხატს. და ამით სახალხოდ თავს იწონებს მისი ქვეშევრდომი, უზენაეს ძალაუფლებას მონურად დამორჩილებული ესტრადის ვარსკვლავი. 

…ჩვენ კი, კონცერტს რომ გავიგონებთ, და იმასაც თუ გვეტყვიან, ქართული წარმოშობის, სოჭში დაბადებული და გაზრდილი მუსიკოსი ჩამოვა და თბილისში იმღერებსო, ისე ავღელდებით, ისე ავფოფინდებით, რომ ერთიანად დაგვავიწყდება ხოლმე ყველა ომი, სისხლიანი ეპიზოდი, წართმეული მიწები, საკუთარი სახლებიდან გამოყრილი და ნაწამები, პოლიტიკოსების გაუთავებელი თამაშით გამწარებული და იმედგადაწურული  ხალხი.  

 

და თავს ამქვეყნად ყველაზე უსუსური, ფარისევლური არგუმენტით ვიმართლებთ: „ჩვენ ხელოვნება გვაინტერესებს, პოლიტიკაში არ ვერევით. გთხოვთ, პოლიტიკას და ხელოვნებას ნუ აურევთ ერთმანეთში”. 
რა ვქნათ, არ გამოგვდის ბრაზის გულში ჩატოვება. არც მტრობა გამოგვდის.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი