სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მამის როლი ბავშვის აღზრდასა და პიროვნების ფორმირებაში

დღეს არავინ კამათობს იმაზე, რომ ოჯახური აღზრდა შეუცვლელია, რომ მას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. როგორი ტიპის, როგორი სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაც არ უნდა შევარჩიოთ ბავშვისთვის, თუ მას ოჯახში სერიოზული პრობლემები აქვს, ჯანსაღი ფსიქიკის, სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების ამოცანა შეიძლება სერიოზული სირთულეების წინაშე დადგეს. რაც შეეხება ოჯახურ აღზრდას, მის წარმატებულობას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს დედისა და მამის თანაბარი მონაწილეობა, ჩართულობა პროცესში და მათ შორის ფუნქციების სწორად გადანაწილება.

ისტორიულად ბავშვის აღზრდა, მის სწავლა-განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვა დედის ფუნქციებში შედიოდა. მამა, როგორც წესი, ძირითადად ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფით იყო დაკავებული და ბავშვის აღზრდაში მისი მონაწილეობა ძირითადად „სადამსჯელო“ფუნქციით განისაზღვრებოდა. დღესაც შეიძლება გავხდეთ ისეთი სცენის მოწმე, როდესაც შვილის საქციელით გაღიზიანებული დედა ბავშვს ემუქრება: „აი, მამაშენს რომ ვეტყვი ყველაფერს, მერე ნახე, რაც მოგივა“; „დღეს უკვე ყველაფერს ვეტყვი მამას, ამის მოთმენა და დამალვა აღარ შეიძლება“.

უნდა ითქვას, რომ მამის როლი ბავშვის აღზრდაში დედის როლზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და ნამდვილად არ იქნება გამართლებული ამ როლის უბრალოდ სადამსჯელო ფუნქციასთან გაიგივება. კარგი მამის გარეშე ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბება და აღზრდა სრულფასოვანი ვერ იქნება. მამობრივი სიყვარული, ისევე, როგორც დედობრივი, წარმოადგენს აუცილებელ პირობას ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. ყურადღების ნაკლებობამ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან შეიძლება გამოიწვიოს სამყაროს აღქმის დამახინჯება და ბავშვის ქცევის დარღვევა. ის, თუ როგორ წარიმართება ბავშვის აღზრდა და განვითარება, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება მოზარდი, დამოკიდებულია ორივე მშობელზე. არსებობს მოძველებული სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც დედა-შვილის კავშირი უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისთვის და ამ კავშირში არავინ უნდა ჩაერიოს. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მამასთან ურთიერთობა არანაკლებ მნიშვნელოვანია პიროვნების სრულფასოვანი ფორმირებისთვის. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მამების შვილებთან ურთიერთობის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, თუნდაც მათი მუცლადყოფნის პერიოდში დაწყება, სერიოზულ დადებით გავლენას ახდენს მამა-შვილის მომავალ ურთიერთობაზე. ცნობილია, რომ ჩვილები, რომელთა მამებიც ჯერ კიდევ დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდში ელაპარაკებოდნენ მათ, სხვებზე ადრე იწყებენ მამის გამოყოფას გარშემომყოფებისაგან, უფრო ხშირად აჩერებენ მათზე მზერას, ცნობენ მათ ხმას, უღიმიან და გამოხატავენ მასთან ყოფნის სურვილს. მნიშვნელოვანია, რომ მამას იმის მიცემა შეუძლია შვილისთვის, რის მიცემასაც ამ სამყაროში სხვა ვერავინ შეძლებს.

 ბავშვის განვითარებისა და აღზრდის ძირითადი მიმართულებები, რომელშიც მამის მონაწილეობა განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა:

  • ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს ძალიან მნიშვნელოვანია მამის როლი ბავშვის ფიზიკურ განვითარებასა და ძირითადი მოტორული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. როგორც წესი, მამები ბავშვებს დედებისგან განსხვავებულ თამაშებს ეთამაშებიან. ისინი უფრო აქტიური ფიზიკური თამაშებისკენ არიან მიდრეკილი. მათ არ ეშინიათ პატარას ჰაერში „ასროლა“ და შემდეგ დაჭერა, ხშირად მხრებზე შემოსმულს ატარებენ, ასწავლიან კოტრიალს. ეს ყოველივე ბავშვის ფიზიკური აქტივობისთვის სერიოზული მასტიმულირებელი და მისი ფიზიკური განვითარების ხელშემწყობი ხდება;
  • მამა შეიძლება გახდეს შეუცვლელი დამხმარე ბავშვში ცალკეული ფსიქიკური პროცესების, განსაკუთრებით კი აზროვნებისა და მეტყველების განვითარებისთვის. ცნობილია, რომ მამები ბავშვს ლაპარაკს უფრო სწრაფად და უფრო სწორად ასწავლიან, ვიდრე დედები და ბებიები. ეს იმიტომ, რომ მათგან განსხვავებით მამები პატარებს ენის მოჩლექით, „ბავშვური ენით“ არასოდეს ელაპარაკებიან, არ ამახინჯებენ სიტყვებს მათთან საუბრისას. როგორც წესი, მამაკაცები უკეთესად ასწავლიან ბავშვებს საგნებით, განსაკუთრებით კონსტრუქტორებით და თავსატეხებით მანიპულირებას. ურთიერთობა მამასთან აფართოებს პატარის თვალსაწიერს, ხელს უწყობს მასში ფართო ინტერესების ჩამოყალიბებას;
  • მამის ფიგურა მნიშვნელოვანია დედა-შვილს შორის კონსტრუქციული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად. ოჯახში, სადაც ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულებებია მეუღლეებს შორის, ბავშვის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ჩვეულებრივ დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ, მამა ეხმარება პატარას მაქსიმალურად უმტკივნეულოდ „გამოეყოს“ დედას, განთავისუფლდეს დედასთან მიჯაჭვულობისაგან და მოხერხდეს მათ შორის ოპტიმალური დისტანციის დაცვა. კარგია, თუ მამა საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას ბავშვის სოციალიზაციის ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა პატარას „გადასახლება“ საკუთარ საწოლში, ცოტა მოგვიანებით საბავშვო ბაღის „გაცნობა“ და ა.შ. სწორედ მამა წარმოადგენს ბავშვისთვის თავისებურ „მეგზურს“ გარე სამყაროში და მისი წყალობით შეუძლია მას უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი;
  • მამის საშუალებით ბავშვი სწავლობს სოციალური იერარქიის ადეკვატურად აღქმას. ის აგებინებს მას, რას ნიშნავს ავტორიტეტი. აცნობს ისეთ სოციალურ ინსტრუმენტებს, როგორიცაა მოწონება და გაკიცხვა. ეს იმიტომ ხდება, რომ დედისაგან განსხვავებით, რომელსაც უყვარს ბავშვი უბრალოდ იმიტომ, რომ ის „არსებობს“, მამა პატარას ჩვეულებრივ უყენებს გარკვეულ მოთხოვნებს, რომელსაც ის უნდა იცავდეს. აღმზრდელობითი თვალსაზრისით მამა ბავშვისთვის დისციპლინის, მოთხოვნების, ნორმების განსახიერებაა;
  • მნიშვნელოვანია მამის როლი ბავშვის აღზრდის ისეთ ასპექტებში, როგორიცაა მისი გენდერული თვითიდენტიფიკაცია. უკვირდებიან რა მამას, მის ქცევას, ბიჭებს უყალიბდებათ ქცევის გარკვეული მოდელი, რომელსაც მოგვიანებით ურთიერთობებში იყენებენ. გოგონებს კი მამასთან ურთიერთობა ეხმარება საკუთარი თავის ქალთა სქესთან იდენტიფიცირებაში;

ბიჭს ესაჭიროება მუდმივი კონტაქტი მამასთან. მამის ქცევაზე დაკვირვებისა და მასთან ურთიერთობის პროცესში ვაჟი აკოპირებს მის ქცევას, ჟესტებს, მოძრაობებს, მანერებს, სიტყვებს. ისეთი თვისებები, როგორიცაა მამაკაცური ღირსება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ქალის მიმართ დამოკიდებულება და ბევრი სხვა თვისება ბიჭს უყალიბდება მამასთან ურთიერთობის პროცესში. ემოციური კეთილდღეობის თვალსაზრისით ყველაზე დაუცველები არიან ბიჭები მარტოხელა ოჯახებიდან. მათთან ხშირად ფიქსირდება სირთულეები ურთიერთობაში, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ჩაკეტილობა, ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება ახლობელ ადამიანებთან. გოგონების სრულფასოვანი აღზრდისა და ქალური ხასიათის ფორმირებისათვის ასევე აუცილებელია მუდმივი ურთიერთობა მამასთან. გოგონა ჩვეულებრივ არ ჰბაძავს მამას, მაგრამ მისი მხრიდან მოწონება მას საკუთარ თავში დარწმუნებულობას ანიჭებს. გოგონასათვის მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ მამა აფასებს მის აზრს, ინტერესდება მისი საქმეებით, გარკვეულ საკითხებს უთანხმებს, კონსულტაციებს უწევს, აქებს, იწონებს მის ჩაცმულობას. მამობრივი მიმღებლობა გოგონას თავდაჯერებულობასა და ქალურ ღირსებას უნერგავს. სწორედ ოჯახში, მამისა და დედის როლებზე დაკვირვებით ბავშვები იქმნიან წარმოდგენას ქალისა და მამაკაცის სრულფასოვან ურთიერთობაზე, მშობლის როლებსა და პასუხისმგებლობებზე, ოჯახურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

სასურველია მშობლები ითვალისწინებდნენ, რომ მათი ურთიერთობა მაგალითია ბავშვისთვის, რომლის რეალიზებასაც შემდეგ ის თავის მომავალ ოჯახურ ცხოვრებაში მოახდენს.

ხშირად, დაკავებული მამა, რომელიც ვერ იცლის ბავშვისთვის თავის სიყვარულს შვილის მიმართ ძვირადღირებული სათამაშოს ყიდვით გამოხატავს. მაგრამ, მომხიბვლელ და ძვირადღირებულ სათამაშოზე მეტად მამისაგან ბავშვს სჭირდება მისი ყურადღება, გაგება, მეგობრობა, მასთან ერთად თამაში და გართობა. მამა-შვილის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობის, კომუნიკაციის სურვილი. ასეთ დროს მანძილი და დროის უქონლობაც კი ვერ იქნება შემაფერხებელი. მთავარია, ბავშვმა იცოდეს, რომ მამას უყვარს ის, მას აინტერესებს შვილის ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა და, რაც მთავარია, მამა ყოველთვის დაეხმარება რჩევებითა და საქმით.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი