სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ქართული მღვიმეების საიდუმლო კოდი

დერეფანი საშინლად დავიწროვდა, მაგრამ არქეოლოგები უკან დახევას არ აპირებდნენ. მათი მთავარი სამიზნე კარსტული ჭა იყო, რომლის შავი ხვრელი მაგნიტივით იზიდავდათ. ჭის სიღრმის დასადგენად არქეოლოგებმა ჯერ ქვები ჩაყარეს და რაკი სუსტი ექო გაისმა, ამირან ჯამრიშვილმა და ვალერი ბარბაქაძემ თოკები მოიბეს და უკუნეთ სიბნელეში გადაეშვნენ…

ჭიათურიდან 12 კილომეტრზე, სოფელ ვაჭევის ტერიტორიაზე, მღვიმე, სახელად უნდო, რიონ-ყვირილის აუზის ძველი ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ ნიკა თუშაბრამიშვილის ჯგუფმა დაზვერვითი სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოაჩინა.

ზემო იმერეთში საერთაშორისო მნიშვნელობის იმდენი მღვიმეა, რომ მათი ზუსტი რაოდენობა არავინ იცის. ორთვალაში, ძუძუანაში, ბონდში, უნდოში, ჯრუჭულაში, სამგლეში, სამერცხლეში და მრავალ სხვა ადგილას სიცოცხლე პალეოლითის ეპოქიდან ფიქსირდება. ეს სხვადასხვა ტიპის დასახლებებით – სამონადირეო თუ მუდმივი მღვიმეებით, გამოქვაბულებით, სეზონური თუ ღია სადგომებით დასტურდება. ნიკას სამეცნიერო ჯგუფის მთავარი მიზანი სწორედ ადამიანისა და პალეოგარემოს, ადამიანთა და ცხოველთა სამყაროს გარემოსა და კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციების კვლევაა – პალეოლითის ეპოქიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით. ეს კი საუკეთესოდ აისახება დასავლეთ საქართველოს მღვიმეებში, რომელთა გეოლოგიური ფენები თითქმის ხელუხლებლადაა გადარჩენილი.

მღვიმეები ინფორმაციის დიდი რესურსის შემცველია როგორც არქეოლოგებისთვის, ისე სპელეოლოგებისთვის, ანთროპოლოგებისთვის, პალეონტოლოგებისთვის, არქეოზოოლოგებისთვის, პალეობოტანიკოსებისა და სხვა დარგის სპეციალისტებისთვის.

ნიკა დარწმუნებულია, რომ ჭიათურის რეგიონში თავმოყრილი მღვიმეები უამრავ აქტუალურ კითხვას პასუხობენ: როდის და როგორ გამოჩნდნენ და გავრცელდნენ ნეანდერტალელები კავკასიაში და, საზოგადოდ, ევროპის ტერიტორიაზე? როგორი იყო მათი დემოგრაფიისა და ევოლუციის ისტორია? რატომ წარმოადგენდა ეს ტერიტორია გეოგრაფიულ ჩიხს, სადაც არეალის სიმცირის გამო სხვადასხვა კულტურა იძულებით კონტაქტობდა?

უკვე დადგენილია და ცნობილია, რომ ეს ტერიტორია ნეანდერტალელებმა დაახლოებით 35 000-34 000 წლებში აითვისეს (შესაძლოა, უფრო გვიანდელ პერიოდამდეც), რაც, თავის მხრივ, განაპირობებდა იმას, რომ ამ მცირე და ჩაკეტილ სივრცეში Homo sapiens sapiens-ს, რომელიც ამ რეგიონში 35 000 წლის წინათ გამოჩნდა, ძალაუნებურად მოუწევდა ნეანდერტალელებთან ურთიერთობა.

 

რას გვიამბობს უნდო

…უნდოს 50-მეტრიანი სიღრმის კარსტული ჭიდან ამირან ჯამრიშვილი და ვალერი ბარბაქაძე ორი ტომრით დაბრუნდნენ და სასწრაფოდ, იქვე გადმოაპირქვავეს. მოულოდნელობისგან ნიკაც კი შეცბა – სველ ტალახში ცხოველების ძვლებთან ერთად ადამიანების ძვლებიც ეყარა.

არქეოლოგებმა უნდოს მღვიმის შესასვლელი გათხარეს და შუა პალეოლითურ ფენაში (300-40 000 წ.წ.) უამრავ სამონადირეო წვეტანას წააწყდნენ. იქნებ ეს მონადირეების დროებითი სადგომი იყო? – ივარაუდეს არქეოლოგებმა. – კარსტული ჭა კი ქვის ხანის ადამიანისთვის ნაგავსაყრელის როლს ასრულებდა? ან იქნებ ამ ადგილას რაიმე რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც მასში ცხოველები და ადამიანები იყრებოდნენ? ან ჭა აქ მცხოვრებთა უსაფრთხოების გარანტი იყო, რადგან ადამიანების გარეთ დამარხვას ან გადაყრას მტაცებელი ცხოველების მოზიდვა შეეძლო?.. თუმცა უკვე ეჭვგარეშე გახლდათ, რომ ეს უნიკალური სადგომი, რომელიც ვარხმელის ხევის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე, ციცაბო კლდეზე მდებარეობდა, უამრავ საიდუმლოს ინახავდა.

ნიკას ინიციატივით, უჩვეულო მღვიმის შესწავლაში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევრები ჩაერთნენ. უნდოს კლდე სპეციალური აპარატურით, ტოტალ სთეიშენით, ვინჩესტერის უნივერსიტეტის თანამშრომელმა კის ვილკინსონმა აზომა, ესპანელმა სპეციალისტებმა მადრიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტიდან ხავიერ ბაენამ, ფელიპე კვარტერომ, დიეგო მარტინ პუიგიმ, სერხიო ბარეზმა, მარტა როკამ კი მღვიმის შესასვლელიდან 15 მ-ის სიღრმეზე, უცხო თვალისგან მოშორებით, კედელზე ამოკაწრული ხელებაღმართული კაცუნას გამოსახულება იპოვეს.

პალეონტოლოგიური მასალის შემადგენლობამ დაადასტურა მოსაზრება, რომ ჭაში სპეციალურად ხდებოდა ნაშთების ჩაყრა. მღვიმეში ლოდებში ჩაყოლილი მღვიმური დათვის რამდენიმე ინდივიდის ძვლებიც ნახეს. შესაძლოა, ისინი ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლეს, მაგრამ მღვიმეში ირმისა და შვლის ძვლებიც იყო. კარსტულ ჭამდე მისასვლელი დერეფანი ვიწროა, ეს ცხოველები იქ ნამდვილად ვერ გაეტეოდნენ. მაშ, როგორ მოხვდნენ ჭაში?

ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა რუვენ იეშერუნ და გაი ბარ-ოზიმ დაადგინეს, რომ ერთი ადამიანი და ცხოველების ნაშთების ნაწილი ჭაში სიკვდილის ან მათი მოკვდინების შემდეგ იყო ჩაყრილი. ამ და სხვა უნივერსიტეტების თანამშრომლებთან ნიკა თუშაბრამიშვილს 1993 წლიდან აკავშირებდა სხვადასხვა პროექტი, რომლებიც შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლას და, ბუნებრივია, ნეანდერტალელების თანამედროვე ადამიანით ჩანაცვლებასაც ეხებოდა.

ნიკა თუშაბრამიშვილის მოსაზრება გამყარდა – უნდოს კლდე პირველყოფილ ადამიანთა სარიტუალო ადგილი ან მონადირეთა სადგომი იყო.

უნდოს უფსკრული ქართველ სპელეოლოგებთან ერთად საფრანგეთის სპელეოლოგიური ფედერაციის წარმომადგენლებმაც შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ის არ არის ერთადერთი კარსტული ჭა. ეს მთელი სისტემაა, რომელიც შედგება დერეფნებისგან, ჭებისგან, უფსკრულებისგან, სადაც მრავლადაა ანთროპოლოგიური და ფაუნისტური ნაშთები. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ შუა და ზედა პალეოლითური ფენები ერთმანეთთან კონტაქტში აღმოჩნდა.

რადგან ზედა პალეოლითი თანამედროვე ადამიანების ცხოვრების ეპოქად განიხილება, შუა კი ნეანდერტალელების, ამან ქართველ არქეოლოგებს ახალი კვლევისკენ უბიძგა: როგორ ჩაანაცვლეს ნეანდერტალელები თანამედროვე ადამიანებმა კავკასიის ტერიტორიაზე? თანაარსებობდნენ თუ არა ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში? თუ თანამედროვე ადამიანები ნეანდერტალელების გადაშენებიდან გარკვეული ხნის შემდეგ გამოჩდნენ?

ეს კითხვები პასუხს ითხოვდა, მაგრამ ჯერ კიდევ მიმდინარე ახალი აღმოჩენების ფონზე რამის დაბეჯითებით მტკიცება სარისკო იყო. ამ მიმართულებით საერთაშორისო კვლევები პერმანენტულად მიმდინარეობს. მათში ჩართული არიან სხვადასხვა ინსტიტუტის, მათ შორის – საფრანგეთის ბუნების მუზეუმის ადამიანის პალეონტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები: მარი-ელენ მონსელი, დავიდ პლოღდო, პიერ ვუანშე.

ზემო იმერეთის ტერიტორია, სადაც უნდოს კლდე მდებარეობს, მღვიმეების ნაირსახეობებით და მდინარე ყვირილას ვიწრო ხეობის კარსტულ ინტერიერში ჩაფენილი „შავი“ ქალაქით, ჭიათურითაა განთქმული. თითქმის ორი საუკუნეა, ქალაქი მანგანუმის მადნის მოპოვებით სულდგმულობს. კლდეებზე შეფენილი ვიწრო ქუჩები საბჭოთა კავშირის დროინდელი საბაგირო გზებითაა დაქსაქსული.

მზის ჩასვლისას აქაური კანიონები და ნახევრად დაშლილი მონსტრი ქარხნები თეატრის სევდიან დეკორაციას ემსგავსება. სამაგიეროდ, დიდთოვლობაში ცენტრალური საავტომობილო გზიდან მკაფიოდ ჩანს დაღარული ფერდობებიდან ამაყად მომზირალი გამოქვაბულები და მღვიმეები.

სენსაციური აღმოჩენები ზემო იმერეთში წლიდან წლამდე ხდება. ჭიათურა-საჩხერის ტერიტორია სავსეა პალეოლითის ძეგლებითა და იმდროინდელ ადამიანთა დისლოკაციის ადგილებით. რიონ-ყვირილას აუზის მღვიმეების იდუმალება მეცნიერთა ცნობისმოყვარეობას XIX ს-ის 70-იანი წლებიდან აღვივებს. ამასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი კვლევები პოლონელ მეცნიერს სტეფან კრუკოვსკის ეკუთვნის. 1916-1917 წლებში მას აღუწერია ჭიათურის რაიონის სოფელ რგანთან არსებული მღვიმეები: გვარჯილას კლდე, ბნელ კლდე, საქაჯი კლდე, საძროხია, ჩელტი.

არცთუ დიდი ხნის წინ კი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ნამდვილი შოკი განიცადა – ჭიათურასთან, ბონდში, საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ადრეული – დაახლოებით 35 000-იანი წლების – სელის ბოჭკო აღმოაჩინეს. ამან კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ ზედა პალეოლითში ადამიანები უკვე ქსოვდნენ და ეს კლიმატის ცვლილებითაც იყო განპირობებული.

სოფელ მღვიმევთან, ძუძუანას მღვიმეში, რომელიც მუდმივად იპყრობდა ჰარვარდისა და ებრაული უნივერსიტეტების სპეციალისტთა ყურადღებას, ერთი წლის შემდეგ, 2008 წელს, ქართველმა არქეოლოგებმა კიდევ ერთი ასეთივე ტექსტილის ნაშთი, ლერწმისგან დამზადებული 34 000 წლის გრეხილი ძაფის ნაკეთობა იპოვეს.

ძუძუანას უნიკალურ მღვიმეს, სადაც ძაფთან ერთად ორნამენტირებული ძვლის, ამულეტების, ავგაროზების ასამდე ნიმუშიც აღმოჩნდა, მრავალი წლის განმავლობაში ნიკა თუშაბრამიშვილის მამა, ცნობილი ქართველი არქეოლოგი დავით თუშაბრამიშვილი იკვლევდა. მისი ხელმძღვანელობით ჭიათურა-საჩხერის რაიონში 1957-1992 წლებში ყვირილას აუზში 70-ზე მეტი პრეისტორიული, პალეოლითური პერიოდის მღვიმური ძეგლი გამოვლინდა.

„მამამ ექსპედიციაში პირველად ოთხი წლისა წამიყვანა“, – იხსენებს ნიკა. ახლა ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, პალეოგარემოს რეკონსტრუქციის, ბიომრავლფეროვნებისა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო ჯგუფი ზემო იმერეთში 1993 წლიდან მუშაობს. ამავე წლიდან, საქართველოში მიმდინარე ომების მიუხედავად, დასავლეთ საქართველოს ძეგლების შესწავლის პროექტებში ჩართულნი იყვნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ოფერ ბარ-იოზეფი, დანიელ ადლერი და ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორი ანა ბელფერ-კოჰენი.

მღიმეების ისტორიული სიმდიდრე

ადამიანის მიერ მღვიმეების ათვისება საქართველოში 700 000 წლის წინ იწყება და კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. პრეისტორიულ ხანაში მღვიმე ადამიანისთვის სიცივისა და ცხოველთა თავდასხმისგან დამცავი ხელსაყრელი და სასურველი თავშესაფარია. ისტორიულ ხანაში კი, უკვე მწარმოებლური მეურნეობის არსებობისას, უპირატესობა სხვა ტიპის საცხოვრებელ გარემოს ენიჭება და მღვიმეების ათვისებაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს უკავშირდება. მაგალითად, სოფელ რგანში აღმოჩენილ ორ უსახელო მღვიმეში, რომლებიც გამოყენებული იყო როგორც სახიზარი და სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, შუა საუკუნეების მასალა იპოვეს. ამას კედელზე ამოკვეთილი ჯვარიც ადასტურება. ერთ-ერთში პალეოლითის ფენებიც ნახეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს მღვიმეებში ჩაშენებული დინამიტების საწყობის გამო ისინი დარღვეული აღმოჩნდა. ცოტა ხანში კი, მანგანუმის საბადოს გახსნისას, ორივე მღვიმე მიწის ქვეშ ისე ჩაიმარხა, რომ მათი ბოლომდე შესწავლა ვერც მოასწრეს.

ზემო იმერეთის პლატოს სივრცეში, სოფელ ნავარძეთთან, კაჟის მოშიშვლებული საბადოები ახლაც შესანიშნავად ჩანს. კაჟის ძარღვები ფიქსირდება სალიეთში, კაცხსა და ჭილოვანში. ასეთ ადგილებზე ადამიანი მილიონი წლის წინ, შესაძლოა, უფრო ადრეც სახლობდა და მისთვის ეს კომფორტული საცხოვრებელი იყო – მდინარიდან წყალი ჰქონდა, იარაღს აქვე, კაჟისგან ამზადებდა. გარეთ ცხოვრებაში თბილი კლიმატიც ხელს უწყობდა. საქართველოს დღევანდელი ტერიტორია, ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, შავი ზღვიდან წამოსული თბილი ჰავისა და ჩრდილოეთიდან ცივი მასების შემაკავებელი დიდი კავკასიონის ქედის გამო, როგორც ერთი დიდი სახლი, მართლაც სამოთხე იქნებოდა! ამიტომ გამყინვარების 7000-წლოვან პერიოდსაც (25 000 წლიდან 18 000 წლამდე) იოლად გადაურჩა.

გოდერძი სამხარაძემ ყოფილმა მთამსვლელმა და ჭიათურის რაიონში არქეოლოგიური ექსპედიციების შეუცვლელმა წევრმა, რამდენიმე ხნის წინ მიამბო, რომ რაც უფრო დაბლაა მდინარის ხეობიდან მღვიმე, მით უფრო გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება, რადგან ასეთი ხეობების კირქვულ რეგიონებში მღვიმეები წყლისა და მდინარეების ნაკადების მიერ არის შექმნილი. დროთა განმავლობაში, ხეობის გარღმავებასთან ერთად, ადამიანიც მდინარიდან სულ უფრო ზემოთ ადიოდა.

ნეანდერტალელი და თანამედროვე ადამიანი საცხოვრებლად ყოველთვის მშრალ ადგილს, თუმცა კი მაინც წყლის სიახლოვეს ირჩევდა. სწორედ ასეთია ამ რეგიონში ყველაზე ძველი, 300 000 წლის ჯრუჭულას მღვიმე. მისი თარიღი დადგენილია ბორდოს უნივერსიტეტის არქიომეტრიული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარ ნორბერ მერსიეს, კლიმატისა და პალეოგარემოს მეცნიერებათა ლაბორატორიის თანამშრომელ ელენ ვალადასის და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ჯგუფის წარმომადგენელ ჟან-ლუი ჟორონის მიერ.

ამ რეგიონში მუდმივად ცხოვრობდა ადამიანი. ადრეულ ეტაპზე ჯრუჭულაში, სადაც ხელუხლებელი გეოლოგიური ფენებია შემორჩენილი, ნაპოვნია როგორც კაჟისგან, ისე არგილიტისგან, ანდეზიტისა და ბაზალტის ვულკანური ქანებისგან დამზადებული იარაღი. როგორც ჩანს, ამ ნედლეულს ადამიანები მდინარის კალაპოტში პოულობდნენ, მდინარეს კი ის კავკასიონის კალთებიდან ჩამოჰქონდა.

„რაც თავი მახსოვს, ჭიათურის მთებში დავდივარ და ვრწმუნდები, რომ ამ მიწაში ჩამარხული ისტორიული სიმდიდრე ჩვენი წარმოდგენის ფარგლებს სცდება“, – ამბობდა ენთუზიასტი არქეოლოგი გოდერი სამხარაძე. ზემო იმერეთის მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ნაპოვნ უნიკალური მასალას ის ჭიათურაში, საკუთარი სახლის პირველ სართულზე ინახავდა. მას შემდეგ, რაც „შავი“ ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში მის მიერ მოწყობილი არქეოლოგიური მუზეუმი გაქურდეს, ძვირფასი არქეოლოგიური მონაპოვარის მნიშვნელოვანი ნაწილი ჭითურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცა, ნაკლებად ღირებული ნივთებისგან კი შინ მოკრძალებული სამუზეუმო ექსპოზიცია შექმნა. მის პირად კოლექციაში სხვადასხვა პერიოდის ქვის იარაღი ჭარბობს, ასევე, არის შემკვრივებული ზღვის ვარსკვლავი და ქვაში ჩაკირული უზარმაზარი ნიჟარა, იმდროინდელი, როდესაც ზემო იმერეთის კანიონები ჯერ კიდევ წყლით იყო დაფარული, ჩვ. წ. IV-V საუკუნეების ნატიფი სამშვენისები, ჯიხვის რქები, ყალიონი, სათითეები, რვალიტრიანი ღვინის სასმისი, გიგანტური დათვის კბილები.

„რატომ უწოდებთ ამ რეგიონს გეოგრაფიულ ჩიხს?“ – ვეკითხებით ნიკას, რომლის ორხიდიანი ჯიპიც ბონდის მღვიმისკენ მოყინულ გზას ხტუნვა-ხტუნვით მიუყვება.

„როდესაც კასპიისა და შავი ზღვების ტრანსგრესიისა და გამყინვარების შედეგად კავკასიონის მთები ყინულით დაიფარა, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ადამიანის მიგრაცია გართულდა. ამის გამო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა რეფუგიული ზონები, სადაც ფაუნისტური და მცენარეული სახეობები გაცილებით მეტხანს, ზოგი კი დღემდე შემორჩა. ასეთია ძელქვა, პანტა, უთხოვარი, ლაფანი. მათი შესწავლისას ადგენ, რა კლიმატში ცხოვრობდა ადამიანი. კლიმატის კარგი მაჩვენებლები არიან მღრღნელებიც. მაგალითად, ევროპაში 1 200 000 წლის წინ გადაშენებულმა Allophaimys Pliovaenicus-მა და Lagurodon arankae-მ ჩვენს ტერიტორიაზე დაახლოებით 300 000 წლით მეტხანს იარსება“, – მპასუხობს ნიკა.

გეოგრაფიულ ჩიხად მონათლულ რეგიონში სხვადასხვა კულტურა იძულებით კონტაქტობდა. ეს ტერიტორია ნეანდერტალელებმა დაახლოებით 35 000-34 000 წლებში აითვისეს. მსოფლიოსთვის საინტერესო უნდა იყოს ქართველ მეცნიერეთა მიერ წარმოებული ის გენეტიკური და მულტიდისციპლინური კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ მცირე და ჩაკეტილ სივრცეში ნეანდერტალელებს იძულებით მოუწიათ თანაარსებობა Homo sapiens-ებთან, რომლებიც რეგიონში დაახლოებით 35 000 წლის წინ გამოჩნდნენ. თანაარსებობის დამადასტურებელ ინფორმაციას დღეს ბონდისა და ორთვალას მღვიმეები ინახავს.

საქმე ის არის, რომ გამყინვარების პერიოდში, როდესაც კავკასიონის ქედის გადალახვა შეუძლებელი იყო, სამხრეთ კავკასიაში კი ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობდა, სხვადასხვა ტერიტორიიდან მიგრირებულ ადამიანთა ჯგუფები ამ არეალში თავს იყრიდნენ და თავიანთი კულტურა მოჰქონდათ.

მღვიმე როგორც მდიდარი მემატიანე

ბონდის მღვიმე ჭიათურიდან ექვს კილომეტრზე, სოფელ წირქვალთანაა. მასში შეკიდული ხიდის გავლით უნდა მოხვდეთ. ხიდი ქანაობს და მოყინულ საძელეებზე უკეთ მოსაჭიდებლად ხელთათმანებს ვიხდით. ქვემოთ ჩაკარგული მდინარის ხმა სიმაღლის გამო ჩვენამდე ვერ აღწევს. მერე საცალფეხო ბილიკით გადავდივართ. ბონდის მღვიმეში თბილა. ის მუდმივად 16-18 გრადუსს ინარჩუნებს. აქ რომ ცეცხლი ინთებოდა, ამის დამადასტურებელი ნაკერალი ფენებია აღმოჩენილი. თუ ზამთრობით ადამიანი მღვიმის შესასვლელს ტოტებით დახურავდა, მღვიმეში უფრო დათბებოდა.

ბონდის მღვიმის ფართობი 121 არასრული კვადრატული მეტრია, სიღრმე – 11 მეტრი, სიგანე – 7 მეტრი. ეს იდეალური საცხოვრებელია თაბაგრების ღელესა და კაჟის საბადოებთან ახლოს, ირემსა და დომბაზე მონადირე ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის. სხვადასხვა სფეროს მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ ასეთ ჯგუფებში, საარსებო არეალიდან და იქიდან გამომდინარე, რამდენს ადამიანს შეეძლო ეცხოვრა მღვიმეში, 15-20 კაცი იყრიდა თავს.

 

2007 წელს ნიკამ და მისმა სამეცნიერო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ მარი-ელენ მონსელი, დავით პლოვდო, გოდერძი სამხარაძე, ალპინისტი და მხატვარი ლაშა ორჯონიკიძე, ადგილობრივი მოყვარული არქეოლოგი ავთო ყიფშიძე და ნიკას სტუდენტები, ბონდის გათხრების შედეგად პატარა ბავშვის მოუცვეთელი კბილი იპოვეს. ეს ფაქტი და დიდი რაოდენობით წარმოების გადანაყარი აჩვენებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანისთვის მონადირეთა ბანაკი კი არა, არამედ მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ან დროებითი საცხოვრისი იყო.

მღვიმეში სიმშვიდეა. მისი კედლები „ავთო+ქეთისნაირი“ თანამედროვე წარწერებითაა შელახული. „მართალია, მხატვრობის ეს „ნიმუშები“ სამხრეთ საფრანგეთის გამოქვაბულების პეტროგლიფებისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ რამდენიმე ათასი წლის შემდეგ იქნებ კვლევის საგანიც გახდეს, – ხუმრობს ნიკა. – თუმცა კონკრეტულად ეს მღვიმე ისტორიაში სხვა მიზეზთა გამოა შესული“. ბონდის მღვიმეში საქართველოს ტერიტორიაზე პირველად დგინდება პალეომიწისძვრა. ზუსტი თარიღები 29 462 წელი და 17 500 წელია. მღვიმეში ერთ ზოლზე დაფიქსირებული ჩამოქცევები ბუნებრივი კატასტროფის უტყუარი ნიშანია. მღვიმის ზედა მხარეს ღრმა ნაპრალი კარგად ჩანს და ისეთივე შიშის განცდას იწვევს, როგორც თანამედროვე ბინების ჭერზე მიწისძვრის ძლიერი ბიძგებისგან გაჩენილი ბზარები.

თუმცა მიწისძვრა როდი იყო მღვიმეში მცხოვრები ადამიანების ერთადერთი განსაცდელი – 2010 წელს, RESET (RESonse of humans abrupt Environmental Transitions) პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევისა და ბონდის მღვიმის გათხრების დროს ლითოლოგიურად განსხვავებულ ფენებში ვულკანური ფერფლი აღმოაჩდა. მასალის სიმცირის გამო ფერფლის წარმოშობის დადგენა ვერ მოხერხდა. ამ პროექტზე ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა იმუშავეს, კერძოდ, ბრიტანეთის ბუნების მუზეუმის ცნობილი ანთროპოლოგის კრის სტრინგერის ჯგუფმა დასტინ უაიტის ხელმძღვანელობით. მიწისძვრის დროს იყო ვულკანიზმიც, ამის ნიშნები ერთსა და იმავე ფენაშია ნაპოვნი. ფერფლი ადგილობრივი ვულკანისა აღმოჩნდა, მაგრამ კვლევები უნდა გაგრძელდეს.

ბონდის მღვიმის შესწავლისას გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, პირველყოფილ ადამიანთა ჯგუფების თანაცხოვრება სხვადასხვა ხეობასა და მღვიმეში გარემოსთან მათ ადაპტაციასთან, კერძოდ, ბუნებრივი რესურსებისა და არეალების გადანაწილებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. საინტერესოა, რომ ერთ, იდენტურ ლანდშაფტში ადამიანი სხვადასხვა ტიპის საქმიანობას ეწეოდა. ბონდის პარარალელურ ხეობაში, სულ რაღაც ორ კილომეტრზე, ორთვალა მღვიმეში აღმოჩენილი მასალა ადასტურებს, რომ იქაურები უმეტესად ჯიხვზე ნადირობდნენ, ბონდში კი – დომბაზე. რატომ? ხომ არ იყო ეს მღვიმეები მათთვის სეზონური სადგომები, ან ხომ არ არსებობდა სხვადასხვა ცხოველებზე სპეციალიზებული ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც ტერიტორიები ჰქონდათ გადანაწილებული? ამის შესახებ ქართველ სპეციალისტებს მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეუძლიათ.

დენიელ ადლერს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და გაი ბარ-ოზის ჰაიფას უნივერსიტეტიდან ჰქონდათ მოსაზრება, რომ, მაგალითად, ორთვალა კლდე (მასზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ) სეზონურად იყო ათვისებული. მკვლევართა ეს მოსაზრება მონადირებული ზრდასრული ჯიხვების ასაკს ეფუძნებოდა. თუმცა ნიკა ამ ვარაუდს უარყოფს. მისი აზრით, ჯიხვზე ნადირობის ტრადიცია აქ ნეანდერტალელების დროიდან იწყება და ზედა პალეოლითშიც გრძელდება.

ნიკას აზრით, იმის გამო, რომ ვერტიკალური ზონები 1000 მეტრით იყო დაწეული, ჯიხვები საკვების მოსაპოვებლად ყოველდღიურად ორ კილომეტრს გადიოდნენ (ნაქერალას კლდე ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ მღვიმეების გარშემო მუდმივად ცხოვრობდნენ და ადამიანს ნებისმიერ სეზონზე შეეძლო მათი მონადირება.

გეზს სოფელ პერევისკენ ვიღებთ. მის მიდამოებში მრავალი კარსტული მღვიმეა: კლდეკარის გამოქვაბული, ორთვალა კლდე, ცაცას გერამი. გადმოცემით, ცაცას გერამში იოსებ სტალინი იმალებოდა, რაშიც ცაცა წერეთელი ეხმარებოდა.

ორთვალა კლდე მდინარიდან 40 მეტრ სიმაღლეზეა. დიდთოვლობის გამო ბილიკი არ ჩანს. ნიკა ყოფილი ალპინისტია. მთამსვლელობის დროს არაერთ მწვერვალი დაუპყრია. წინ სიფრთხილით მიიწევს. ორთვალას ორდარბაზიან მღვიმეში, საქართველოში იარაღების შესწავლის საფუძველზე, უკანასკნელი ნეანდერტალელის არსებობა ერთ-ერთი ბოლო, შუაპალეოლითური ფენის თარიღით – 35 000 წლით დადასტურდა. ასევე ნაპოვნია 39 000-37 000 ათასი წლებით დათარიღებული მამაკაცის მეორე საღეჭი. ის მაქს პლანკის ინსტიტუტის სვანტე პააბოს ჯგუფის წარმომადგენელმა და საფრანგეთის ბუნების ისტორიის მუზეუმის თანამშრომელმა ტონი შევალიემ შეისწავლა.

ორთვალაში ნიკამ არაერთ უცხოურ უნივერსიტეტთან ერთად იმუშავა, მაგრამ პასუხგაუცემელი დარჩა შუა და ზედა პალეოლითის გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული რამდენიმე კითხვა. ამჟამად გათხრილია მცირე დარბაზის ნაწილი. დიდი დარბაზი გაუთხრელია. აქ ფენები გაცილებით ღრმად მიდის. ამიტომ შესაძლოა, ეს ადგილი იქ მდიდარი ინფორმაციის მატარებელი იყოს.

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ორთვალას ორი მღვიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და რისთვის გამოიყენებოდა. სავარაუდოდ, დიდი დარბაზი საცხოვრისი უნდა ყოფილიყო, რადგან მისი შემოსასვლელის დახურვა ტოტებით ადვილად შეიძლებოდა.

ორთვალას დიდი დარბაზიდან მოპირდაპირე კლდის შთამბეჭდავი პანორამა იშლება. ნიკა ფოტებს თავისი მინიატურული წყალგაუმტარი აპარატით იღებს და ხსნის, რომ მღვიმის ქვედა შეუვსებელი, „სტერილური“ ფენა გვიჩვენებს – ადამიანი ამ პერიოდში აქ არ ცხოვრობდა, აციების გამო მან ის დროებით დატოვა და შემდეგ ისევ დაუბრუნდა.

…ჭიათურის საავტომობილო ტრასაზე გასულები, გზის პირას, ბალასტისგან გამოსასუფთავებელ ერთ-ერთ მოზრდილ მღვიმეშიც შევდივართ. არქეოლოგიური მასალა აქ არ აღმოჩნდა, მაგრამ საჩხერის მუნიციპალიტეტთან არსებული საქველმოქმედო ფონდისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, სამუზეუმო სივრცე და პალეოლითური ექსპოზიცია მოეწყობა. იქვე, კიდევ ერთ მღვიმეში, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი უნდა გაკეთდეს.

დაახლოებით ას მეტრზე, მაგრამ უკვე დიდ სიმაღლეზე, სამი მღვიმეც მოჩანს. ნიკას ჯგუფმა ანა დულარეს, ლაშა კვეკვესკირის, ილია ბერულავას შემადგენლობით აქ ალპინისტური მეთოდების გამოყენებით შეაღწია. ერთ-ერთ ციხე-ქვაბში (დაახლოებითი თარიღი – მე-6-7 ს.ს.-დან), რომელიც ორნავიანი ეკლესიის ნაწილი იყო, განდეგილები ცხოვრობდნენ. შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდში აქაურ ხეობებში გამოკვეთილი გამოქვაბულთა სისტემები, განურჩევლად იმისა, თავდაცვითი მნიშვნელობისა იყო თუ სამონასტრო სტრუქტურების შემადგენელი ქვაბოვანი საგანდეგილოები, თითქმის ყოველთვის იმის გათვალისწინებით იქმნებოდა, რომ ურთიერთშორის ვიზუალური კომუნიკაცია ჰქონოდათ. ეს მათ შორის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაციის გასცავლელად იყო საჭირო (ჟურნალი „სემიოტიკა“, №12, სტატია „ზემო იმერეთი – გზები, კლდის ძეგლები და კომუნიკაციის საკითხები“, ავტორები: ნ. თუშაბრამიშვილი, ნ. ბახტაძე, ლ. სუხიშვილი).

საქართველოს მღვიმეებს იმის გამოც აქვს მსოფლიო მნიშვნელობა, რომ ამ ძეგლთა კვლევის შედეგები ძველი ქვის ხანის მეცნიერთა წინაშე დასმულ არაერთ კითხვას პასუხობს: როგორ ხდებოდა ადამიანების გავრცელება? როგორი იყო მათი ცხოვრების წესი? როგორ მოხდა ერთი პერიოდის მეორით ჩანაცვლება? რა სახეობის ადამიანები ცხოვრობდნენ და როგორ ხდებოდა გარემოსთან მათი ადაპტაცია? ამით ინტერესდებიან დიდი საერთაშორისო ინსტიტუციები. საქართველოში არსებული ძეგლები მოხსენიებულია არა მხოლოდ სპეციალურ უცხოურ ლიტერატურაში, არამედ ქვის ხანის ძეგლების გზამკვლევებში, მაგალითად, კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულში.

„უნდოს მღვიმეში არაერთხელ რომ დავბრუნდები, ნამდვილად ვიცი. ბოლომდე გასარკვევია იმ კარსტული ჭის ფუნქცია, სადაც ადამიანისა და ცხოველების ძვლები ვიპოვეთ. ისიც გვაინტერესებს, იყო თუ არა დაკავშირებული კედლის გამოსახულება რაიმე რიტუალთან, ან ხომ არ იყო ეს ადგილი მონადირეთა ბანაკი, სად იყო ამ მონადირეების საცხოვრისი. უნდო ერთ-ერთი პატარა საიდუმლოა, თორემ მკვლევრებისთვის დასავლეთი საქართველოს კლდოვანი ტერიტორია ერთი დიდი თავსატეხია“, – ამბობს ნიკა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი