ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ქართული ლიტერატურის გაკვეთილები

„ვის ეშინია თანამედროვე ქართული ლიტერატურის?” თუ ამ კითხვას (სხვა, ცნობილი კითხვის პერიფრაზს) დავსვამ, პასუხის ნაცვლად უამრავ სხვადასხვა კითხვას მივიღებ. მათ შორის ბევრს – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისგან:

– რატომ უნდა ვკითხულობდეთ ამ აბდაუბდას?
– რა საჭიროა, ბავშვებს ტვინი ამ ტექსტებით გამოვუტენოთ?
– ესენიც არ მყავდნენ გალაკტიონი ან გურამიშვილი!
– რა, კლასიკურ ლიტერატურას სჯობია?

მოკლედ, ასე და ამგვარად.

ბევრი პირიქითაც იტყვის, საყვარელ ავტორებსაც დაასახელებს, იმასაც აღნიშნავს, უმთავრესად რით გამოირჩევიან თანამედროვე მწერლები, მაგრამ იქნებ ბოლოს დაატანოს: – ჰო, მაგრამ ძველები მაინც სხვა საფეხურზე იდგნენ!

რა თქმა უნდა, იმ გაკვეთილის ამბავს არ მოვყვები, როცა, შეშინებულმა და დამორცხვებულმა, საიდუმლოს გაზიარებასავით, უფრო სწორად, აღსარებასავით წავუკითხე ჩემს მეცხრეკლასელებს ლექსები. მინდა, სხვა გაკვეთილზე გიამბოთ და, საზოგადოდ, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ იმის შესახებ, რომ ხშირად თანამედროვე ლიტერატურა არა მხოლოდ საინტერესო გაკვეთილების ჩატარების საშუალებას, არამედ ზოგიერთ კლასიკურ ტექსტთან მისასვლელი მარშრუტის გზამკვლევსაც გვთავაზობს.

ჩემი გამოცდილებით, მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ ის პოეტური ნაწარმოებები, რომლებიც მათ თანამედროვე გარემოში ან თუნდაც რამდენიმე წლით ადრე შეიქმნა. ამიტომაც არის, რომ ზვიად რატიანის, შალვა ბაკურაძის, ეკა ქევანიშვილის, მაია სარიშვილის, ლელა სამნიაშვილის და სხვა თანამედროვე ავტორთა შესახებ მომზადებული, თანამედროვე სალიტერატურო პროცესის, საზოგადოდ, ჩვენი ეპოქის ლიტერატურული კონტექსტის გასაცნობად დაგეგმილი გაკვეთილი ძალიან ინტერაქტიული, დინამიკური, დისკუსიითა და კამათით გაჯერებული გამოდის.

მიკერძოებად თუ არ ჩამითვლით, ვიტყვი, რომ თუკი რამე მნიშვნელოვანი იქმნება დღეს ჩვენს ქვეყანაში, პოეზია ერთ-ერთი მთავარია. მათ შორის – ახალგაზრდა ავტორთა შემოქმედებაც. გარდა დამოუკიდებელი მნიშვნელობისა, თანამედროვე ტექსტი ძალიან კარგად შეიძლება გამოვიყენოთ კლასიკურ ნაწარმოებებთან მიმართებით, ინტერტექსტუალური, პარალელური აზროვნების გასავითარებლად.

მაგალითად, დავით გურამიშვილის პოეტიკას ხსნით? ან ქართულ ჰიმნოგრაფიაზე საუბრობთ? იქნებ შალვა ბაკურაძის პოეზიაც წაუკითხოთ ან მოასმენინოთ ბავშვებს (საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები მრავალფეროვანი რესურსების გამოყენების საშუალებას იძლევა).

სამოქალაქო და პატრიოტული პოეზიის თემა გაქვთ? აუცილებლად უნდა მოძებნოთ და გააცნოთ მოსწავლეებს ზვიად რატიანის ლექსი „ნეგატივი 20 წლის შემდეგ”:
ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს
და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ
ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს; საკუთარ წვენში
ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა
რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,
და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება განსხვავებისა თუ მსგავსების პოვნა და აღნიშვნა სხვადასხვა პერიოდისა თუ ეპოქის პატრიოტული ნარატივის ლექსებს შორის. ამ თემატიკაზე საუბრისას აუცილებლად გაიხსენეთ ზაზა თვარაძე და პაატა შამუგია.

განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე პოეზიის მოხმობა მაშინ, როდესაც ქართული ლექსწყობის სისტემებზე, პოეზიის ჟანრებსა თუ ლექსის ტიპებზე საუბრობთ. როგორ განვითარდა ქართული რითმა ბორენა დედოფლის ცნობილი იამბიკოდან, მაგალითად, რატი ამაღლობლის, რეზო გეთიაშვილის, გიორგი საჯაიას ან  გიორგი ლობჟანიძის პოეტიკამდე, ანდა სიმბოლისტების მიერ ლექსის ევროპული ფორმების შემოტანის ტრადიცია როგორ გააგრძელა შოთა იათაშვილმა, ხოლო თუ ქართველ მეფეთა პოეზია სპარსული ლექსის ტკბილხმოვანებით იკვებებოდა, როგორ გამოიყენეს იაპონური სალექსო ფორმები – ტანკა თუ ჰაიკუ თანამედროვე ავტორებმა.

ქართულ ვერლიბრზე საუბრისას არ გამოგრჩეთ მაია სარიშვილის პოეზია. ქართულ ხალხურ ფოლკლორსა და მითოლოგიასთან დაკავშირებით იქნებ ისიც ახსენოთ, როგორ დამუშავდა ეს თემატიკა თანამედროვე პოეზიაში.
როდესაც კონფლიქტებსა და ომებზე ისაუბრებთ, თანამედროვე ქართველი ავტორების ლექსებიც წაიკითხეთ.

მოკლედ, მე მხოლოდ რამდენიმე მინიშნება მოგეცით, დანარჩენი თავად მოიფიქრეთ.

უამრავი საინტერესო ავტორი არ მიხსენებია, უკვე ცნობილი და ძალიან კარგი პოეტები. თავად წაიკითხეთ ლიტერატურულ პერიოდიკაში, ინტერნეტში… აუცილებლად სცადეთ მათი მოძებნა.

იცით თუ არა, რომ თქვენი საყვარელი ინტერნეტგაზეთის „mastsavlebeli.ge”-ს ავტორთაგან ბევრი ძალიან საინტერესო პოეტია? – ნატო ინგოროყვა, ზაალ ჩხეიძე, სალომე ბენიძე, თამთა დოლიძე, ირაკლი კაკაბაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, სალომე შენგელიძე, მაია სარიშვილი, ნათია ნაცვლიშვილი, ცირა ბარბაქაძე, მაია სარიშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, პაატა შამუგია, თორნიკე ჭელიძე, გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი… მალე სხვა პოეტი ავტორებიც შემოგვიერთდებიან.

პ.ს. პუნქტუაციაზე საუბრისას იქნებ გამოგადგეთ პაატა შამუგიას ეს მოსწრებული ფრაზა:

„წერტილი მძიმეა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი