ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მხარი დავუჭიროთ „ქალთა მოძრაობას“!

2014 წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ქალებისა და მთელი საზოგადოებისათვის. ათი თვის განმავლობაში ოჯახურ ძალადობას სულ მცირე ოცდაოთხი ქალი ემსხვერპლა. ალბათ უამრავი სხვა მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, დამალულია. საპოლიციო უწყებები მეტწილად უძლურნი აღმოჩნდნენ და ვერ მოახერხეს უამრავი ტრაგედიის თავიდან აცილება. საუბედუროდ, საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი დუმილს ამჯობინებს და პრობლემის აღიარებისგან თავს იკავებს. მეტიც, ზოგიერთი მოძალადის გამართლებასაც კი ცდილობს. მათი არგუმენტები მანკიერ, შუა საუკუნეების ეპოქაში დამკვიდრებულ კულტურულ სტანდარტებს ეფუძნება.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მასობრივი ძალადობის წახალისებაზე???

ბუნებრივია, უსამართლობა იქნებოდა, რომ მხოლოდ პოლიტიკოსები და სამართალდამცველები დაგვედანაშაულებინა. ვერც მხოლოდ განათლების სისტემის წარმომადგენლებს მივუთითებთ საბედისწერო შეცდომებზე. ქალებზე ძალადობა საყოველთაო სენია და მის გაღვივებაში თითოეულ ჩვენგანს მიგვიძღვის წვლილი.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას მხოლოდ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის სახე არ აქვს. ის მხოლოდ ოჯახში ან მცირე სოციალურ ჯგუფებში არ ვლინდება. ქალებზე ძალადობა გაცილებით მასშტაბურია და ეკონომიკურ სივრცეშიც ღრმად იჭრება. ვფიქრობ, ეკონომიკური ჩაგვრა ქმნის ნოყიერ ნიადაგს ყველა სხვა ტიპის უბედურებისთვის. ცოტა ხნის წინ ქართველმა ქალმა აქტივისტებმა მოგვიწოდეს: „თუ კაცებს ფემინისტურ საკითხებზე პროფესიონალურ აზრს გეკითხებიან, შეეცადეთ, გადაამისამართოთ ქალ პროფესიონალებთან”. შრომით დისკრიმინაციას მე საყოველთაო პრობლემად განვიხილავ. ამიტომ გავბედავ და რამდენიმე სიტყვას მოგახსენებთ აღნიშნულ საკითხზე.

დავიწყოთ სტატისტიკური მონაცემებით. რამდენიმე თვის წინ „საქსტატმა” გვაცნობა, რომ საქართველოში ქალი იღებს 50%-ით ნაკლებ ჯამაგირს, ვიდრე კაცი ზუსტად იმავე სამუშაოს შესრულებისათვის. ევროპაში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 15-22%-ს უტოლდება. ამგვარი უთანასწორობას ხაზს უსვამს კიდევ ერთი კვლევა. IDFI-ის მონაცემებით სახელმწიფო, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა 70%-ზე მეტი მამაკაცია, დაქირავებულ ქალთა რაოდენობა კი მხოლოდ 29%-ს უტოლდება. ამას ემატება ისიც, რომ ამავე სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციათა 80%-ზე მხოლოდ მამაკაცები ინიშნებიან. რაც მთავარია, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოშიც და მის ფარგლებს  გარეთაც უმაღლესი განათლების მომპოვებელთა შორის ქალები შესამჩნევად დაწინაურდნენ.

მაშასადამე, გამოდის, რომ მიუხედავად კვალიფიკაციისა, დისკრიმინირებული სქესის წარმომადგენლები ვერც დასაქმების თვალსაზრისით აღწევენ განსაკუთრებულ წარმატებას, დაწინაურების შანსებიც  ნაკლები აქვთ და ვერც ადეკვატურ ანაზღაურებას იმსახურებენ.

დარწმუნებული ვარ, შეგაშფოთებთ ის კონკრეტული მაგალითებიც, რომლებსაც ახლა შეგახსენებთ. ერთი თვის წინ „ნეტგაზეთის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნინო ბაქრაძის ჩართული გაუმჟღავნებელი დაკვირვება. მკვლევარმა სამკერვალო ფაბრიკებში არსებული შრომის პირობების შესწავლა გადაწყვიტა. საფეიქრო მრეწველობაში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი (80-85%) ხომ ქალია. კვლევის შედეგები შემაშფოთებელია. ერთ-ერთი ამგვარი საწარმოს მიერ დაქირავებული პირები ყოველდღიურად ათი საათი მუშაობენ, არ იღებენ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, ვერ სარგებლობენ შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასვენების დღეებით. სამუშაოს შესრულება კი ხანდახან შაბათობითაც უწევთ. ფაბრიკაში სათანადოდ დაცული არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, მუშები არ არიან უზრუნველყოფილნი ხარისხიანი სპეციალური სამოსითა და ერთჯერადი კვებით. გაინტერესებთ რამდენია ფეიქარი ქალების ყოველთვიური ჯამაგირი? მხოლოდ 230 ლარი. სამაგიეროდ, ამ საწარმოებში დამზადებული ათასობით ერთეული ტანსაცმელი უძვირესად იყიდება ონლაინმაღაზიებში. ვინ უცხადებს სოლიდარობას ამ ადამიანებს? რატომ არ ქმნის სახელმწიფო ამ პრობლემების დასარეგულირებლად შრომის ინსპექციას ან გენდერის ოფიცრის ინსტიტუტს? ეს კითხვები პასუხგაუცემელია. ამ კითხვებზე საპასუხოდ არავინ შეიწუხებს თავს, თუ ვინმე სხვების დასაცავად მოქმედებას არ დაიწყებს.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის, ქართველი მასწავლებლებისთვის ჩემი სათქმელი აბსოლუტურად გასაგებია. თქვენი უდიდესი უმრავლესობაც ხომ არაადეკვატურ ანაზღაურებას იღებს, უმძიმეს სოციალურ პირობებში ცდილობს პროფესიონალიზმის შენარჩუნებას. მიუხედავად ყველაფრისა, უამრავ დაუსაბუთებელ საყვედურს იღებს ზოგიერთი უცნაური, არაფრისგამკეთებული ადამიანისაგან.

კიდევ ერთი წყაროდან მინდა შეგატყობინოთ, რომ საქართველოში „ქალთა მოძრაობა” დაფუძნდა. მის შემადგენლობაში ძირითადად ლიბერალი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ირიცხებიან. მათი მოთხოვნები სამართლიანია, მაგრამ მხოლოდ ერთი სეგმენტის აქტიურობა საკმარისი არ არის. ამ მოძრაობის შესაძლებლობებს უზომოდ გააძლიერებდა სოციალური უსამართლობის, ეკონომიკური დისკრიმინაციისა და ჩაგვრის აღმოფხვრაზე ორიენტირებული ქალთა ჯგუფები. ეჭვიც არ მეპარება, რომ მასწავლებლები, ფეიქრები და სხვები სათანადო სიმამაცეს გამოამჟღავნებთ. რატომღაც მგონია, რომ ჩვენი (მამაკაცი სტუდენტების) დიდი ნაწილი არაფერს დაზოგავს თქვენს მხარდასაჭერად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი