პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სიჯიუტე – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

ძნელდ იპოვით ბავშვთან ურთიერთობაში მყოფ და მისი აღზრდით დაკავებულ ადამიანს, რომელიც აღსაზრდელის სიჯიუტის გამოვლინებათა უშუალო მოწმე არ გამხდარა. სიჯიუტე განსაკუთრებული სიმწვავით ვლინდება განვითარების კრიტიკულ პერიოდებში, 3-დან 5 და 10-11-დან 15-16 წლამდე. აღნიშნულ პერიოდებში სიჯიუტე „მე“-ს ცნობიერების აღმოცენებას და თვითდამტკიცების, თვითდამკვიდრების, თვითგამოხატვის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას უკავშირდება. არასწორი მიდგომის შემთხვევაში ის შესაძლოა ხასიათის თვისებად ჩამოყალიბდეს და ადამიანის განვითარების ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე იჩინოს თავი.

ბავშვებში სიჯიუტის დასაძლევად, უპირველეს ყოვლისა, მის გამომწვევ მიზეზს უნდა მივაგნოთ.

 

სიჯიუტის მიზეზები

  • აღზრდის ავტორიტარული სტილი და ბავშვის მკაცრი კონტროლი უფროსების მხრიდან – თუ ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები, ზედმეტად მომთხოვნები, ყურადღებას არ მივაქცევთ ბავშვის ინტერესებს, მოთხოვნილებებს, შენიშვნებით, საყვედურებით ავავსებთ და უამრავ აკრძალვას დავუწესებთ მას, აგრესია და სიჯიუტე მისთვის საკუთარი „მე“-ს დაცვის და ემოციური დაძაბულობის მოხსნის ერთადერთი საშუალება გახდება. როდესაც ბავშვი იძულებულია, აკეთოს ის და ისე, როგორც ჩვენ მოვითხოვთ მისგან, მას რჩება ძალიან მცირე სივრცე ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისთვის, მოკლებულია არჩევანის თავისუფლებას, ხმის უფლებას. ვინაიდან არჩევანის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების განვითარებისათვის, როდესაც ბავშვს ვზღუდავთ და არ ვაძლევთ საშუალებას, დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი, ის წინააღმდეგობას უწევს მის პიროვნებაზე „თავდასხმის“ მცდელობას და სიჯიუტით ცდილობს საკუთარი ნების გამოხატვის უფლების დაცვას.
  • ჰიპერმზრუნველობა, ზღვარგადასული მეურვეობა, აღზრდის ზედმეტად რბილი ტაქტიკა – თუ ბავშვს ყველა სურვილს ვუსრულებთ, ის იწყებს მანიპულირებას და ჯიუტობს, როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც სურს.
  • უფროსების მიერ ბავშვის ნიჭისა და შესაძლებლობების ექსპლუატაცია – თუ ბავშვს კარგი მუსიკალური სმენა ან ხატვის ნიჭი აქვს და აქტიურად ვზრუნავთ მისი უნარების განვითარებაზე, ზედმეტად ვტვირთავთ პატარას და მოსაწყენ და მოსაბეზრებელ სამუშაოდ ვაქცევთ იმას, რასაც ადრე სიამოვნებით და გატაცებით აკეთებდა, პროტესტის ნიშნად ბავშვი შესაძლოა გაჯიუტდეს და უარი თქვას იმის კეთებაზე, რასაც მისგან მოვითხოვთ.
  • ხშირი კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის და დაძაბული ატმოსფერო იმ გარემოში, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა – ასეთ დროს ბავშვის სიჯიუტე ბუნებრივი რეაქციაა მისთვის ძვირფას ადამიანებს შორის კონფლიქტებზე. ამ გზით ის მათი ყურადღების საკუთარ თავზე გადატანას და მათ შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.
  • ცვლილებები ბავშვის ცხოვრებაში (საცხოვრებელი ადგილის, საბავშვო ბაღის, სკოლის შეცვლა, მშობლების დაშორება) – თუ წინასწარ არ მოვამზადებთ ბავშვს მოსალოდნელი ცვლილებებისთვის, ის შესაძლოა დაითრგუნოს, ისე განიცადოს ცხოვრების ჩვეული წესის დარღვევა, რომ ნებისმიერი ცვლილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყოს.
  • უფროსების მიმართ წყენის, ბრაზის გამოხატვის სურვილი – ხშირად სიჯიუტე საუკეთესო საშუალებაა უფროსების მიმართ უკმაყოფილების, ბრაზის, წყენის გამოსახატავად. ამ შემთხვევაში სიჯიუტე შურისძიების იარაღია. ასეთი ქცევა ძალიან კარგად ავლენს პრობლემებს უფროსებისა და ბავშვების ურთიერთობაში.

 

რეკომენდაციები სიჯიუტის დასაძლევად

  • უპირველეს ყოვლისა, ვერიდოთ დაპირისპირებას. არ შეიძლება მოვთხოვოთ პატივისცემა ბავშვს და პატივი არ ვცეთ მას. ვაღიაროთ, რომ ბავშვს აქვს შეცდომის უფლება. კარგი იქნება, თუ ის თავად იგრძნობს თავისი სიჯიუტის არასასიამოვნო შედეგებს. შეცდომების დაშვება და მათი გამოსწორება პიროვნული განვითარების გზაა. ვეცადოთ, დახმარება შევთავაზოთ და არა თავს მოვახვიოთ.
  • მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება, მივცეთ საშუალება, თავად, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ შეუძლია, უჩვენოდ აკეთოს რამე, ის კმაყოფილებას იგრძნობს, თავდაჯერება, მიზანდასახულობა, მიზანსწრაფულობა მოემატება, რაც ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება.
  • ვიყოთ მომთმენი. ვერიდოთ ფიზიკური ძალის გამოყენებას, სიმკაცრეს, აკრძალვებს. ნუ დავამცირებთ პატარას და ნუ გავაუფასურებთ მის სურვილებს, მოთხოვნილებებს. ვეცადოთ, შევხედოთ სიტუაციას „ბავშვის თვალით“. ვესაუბროთ მის გრძნობებზე, დავანახოთ, რომ გვესმის მისი – „ვიცი, რომ ნაწყენი ხარ, მეც მემართება ხოლმე ასე, როცა რამე არ გამომდის“.
  • დავუსაბუთოთ ჩვენი პოზიცია; მშრალი აკრძალვები და მოთხოვნები ჯიუტ ბავშვებთან არ ჭრის.
  • მოვაწესრიგოთ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, შევქმნათ მშვიდი გარემო. ბავშვის სიჯიუტე როგორც რეაქცია ოჯახურ პრობლემებზე იმის ინდიკატორია, რომ მათ სასწრაფოდ სჭირდება მოგვარება.
  • როგორი დაკავებულიც უნდა ვიყოთ, გამოვყოთ დრო ბავშვთან აქტიური ურთიერთობისთვის. ხშირად იმისთვის ჯიუტობენ, რომ მოუცლელი მშობლების ყურადღება მიიპყრონ. საკმარისია, ბავშვთან მეტი დრო გავატაროთ, რომ მისი ქცევა შესამჩნევად შეიცვლება, თავად ბავშვიც უფრო ღიმილიანი, დამჯერი და გულისხმიერი გახდება.
  • ვერიდოთ გაჯიუტებულ ბავშვთან კონფლიქტს. ამ დროს მასთან კამათი უსარგებლო და უკიდურესად დამქანცველია. ჩხუბით, დაპირისპირებით ბავშვის მორჩილებას ნამდვილად ვერ მივაღწევთ, ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კი გავაუარესებთ.
  • შევუქმნათ ბავშვს არჩევანის ილუზია. თუ ის უარს ამბობს თხოვნის შესრულებაზე, შევთავაზოთ ალტერნატივა. ამასთან, აუცილებელი არ არის, ეს ალტერნატივა რეალური იყოს. მაგალითად: „რა გავაკეთოთ პირველად, ვისადილოთ თუ სათამაშოები დავალაგოთ?“ ამ შემთხვევაში ბავშვი ჩვენს თხოვნას ბრძანებად არ აღიქვამს და მშვიდად შეასრულებს მას.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ ბავშვის ჯიუტობა სწორი მართვის პირობებში არც ისეთი საგანგაშოა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. უფრო მეტიც, სიჯიუტე სკოლამდელ პერიოდში ნორმა უფროა, ვიდრე გადახრა. ამდენად, თუ პატარას სიჯიუტე ზიანს არ აყენებს მის ჯანმრთელობას, შეიძლება, მას გარკვეულ საზღვრებში გასაქანიც კი მივცეთ – ამგვარად ის ძლიერი ნებისყოფის, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამიტომ არ ღირს განგაშის ატეხვა; სწორი მიდგომით დროთა განმავლობაში პრობლემა მოგვარდება, ბავშვი თანდათან დაძლევს სიჯიუტეს და კვლავ გამგონი, დამჯერი გახდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი