ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„მწვერვალზე ასვლა არჩევითია, ჩამოსვლა – გარდაუვალობა“

სპორტის უამრავი სახეობა არსებობს. ზოგი ისტორიულად მოგვყვა, ზოგიც ჩვენ გამოვიგონეთ… მავანნი კი კვლავაც აგრძელებენ ფიქრს ახალის მოსაფიქრებლად…

რატომ არის სპორტი ასე პოპულარული?

მას შემდეგ რაც ადამიანთა ყოფა შედარებით უსაფრთხო გახდა და ყოველდღიურ ცხოვრებაში აღარ იყო საჭირო მუშტისა თუ სატევრის ქნევა ლუკმა-პურის მოსაპოვებლად თუ თავის გადასარჩენად, საკუთარი სიძლიერის დემონსტრირებისათვის სპორტი გამოვიგონეთ. ჯერ კიდევ დიდი რომის დროს, განცხრომაში მაცხოვრებელი მოქალაქეებისათვის კოლიზიუმები  ააშენეს  და გლადიატორების შერკინებებით დაატკბეს. მოგვიანებით გლადიატორთა ბრძოლამ ცივილური ფორმა მიიღო და არენებსა და მოედნებზე სისხლი აიკრძალა… სპორტიც კიდევ უფრო პოპულარული გახდა და არაერთი მომდევარი გამოუჩნდა. გაიზარდა მისი არეალიც და რომის იმპერიის საზღვრებს ბევრად გასცდა. დრო მიდის, მაგრამ კაცობრიობის ინტერსი სპორტის მიმართ, არათუ ნელდება, არამედ სულ-უფრო და უფრო იზრდება. იგი საუკეთესო საშუალებაა ადამიანის, ამ ერთი პატარა უსუსური არსების, სიძლიერის, მოხერხებულობის, ეშმაკობის თუ გონიერების დემონსტრირებისათვის. გარდა ამისა, იგი ადამიანს ცნობადს და ხშირად შეძლებულსაც ხდის. არის აზარტიც – შენი ეს წლობით ნაწვალები შესაძლებლობები ასეულობით,  ათასეულობით და ზოგჯერ ათეულათასობით მაყურებლის წინაშე გამოფინო და ექსტაზში შესული თაყვანისმცემელ-გულშემატკივრების ყიჟინას ჩამოაქცევინო თანამედროვე კოლიზეუმების თაღები.  ამიტომ დღევანდელ პაექრობებში სპორტულთან ერთად სანახაობრივი ელემენტებიც უხვადაა. სპორტული კლუბების მეპატრონენი, მწვრთნელ-მენეჯერები ყველაფერს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მიიზიდონ თავიანთი გაწვრთნილი შევარდნების  საცქერლად. მათაც ძალიან უჭირთ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ასპარეზობა. ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა მაყურებელთა ოვაციების გარეშე ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, კრივი, ჭიდაობა… კომფორტული სკამებით შემოსაზღვრულ პატარა სივრცეს მოკლებულ ავტორალსა და ბეატლონსაც ჰყავს თავისი მაყურებელი. ჭადრაკსაც კი, რომელშიც თვალით უხილავი გონებისა და ნერვების ჭიდილია,  სრულ მდუმარებაში უამრავი თვალი მისშტერებია  არაერთი საათის განმავლობაში…

მაგრამ არის ერთი სპორტის სახეობა, რომელსაც მაყურებელი პრაქტიკულად არ ჰყავს… მისი მიმდევარნი არ არიან განებივრებულნი მრავალათასიანი ყიჟინით. ისინი უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან პაექრობენ, საკუთარ შესაძლებლობებს ცდიან „სიცოცხლის ზღვარზე”…. ეს სპორტი ალპინიზმია! ალპინიზმი – ყველაზე გუნდური სპორტის სახეობა, რომლის „მოთამაშეებიც” ყველაზე დიდი ინდივიდუალისტები არიან!

ბევრს უკვირს, ბევრს კი არაფრით არ ესმის, თუ რა უბიძგებთ მავანთ ამ სპორტისაკენ… მაგრამ თუ ვინმეს ერთხელ მაინც დაუდია ფეხი თუნდაც პატარა ბორცვაკზე, მისთვის ადვილი წარმოსადგენი იქნება, თუ რას წარმოადგენს ევერესტზე ფეხის დადგმა… „მე შემიყვარდა მთები, რადგან მათ მაგრძნობინეს თუ რა პატარა ვარ” ამბობს მარკ ობმასიკი თავის წიგნში „Halfway to Heaven” – „ისინი დამეხმარნენ შემეფასებინა ცხოვრებაში, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი”.

დიახ, მთა ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელია. მას ბევრი რამის სწავლება შეუძლია. ერთი კია, მეტად პირქუში მასწავლებელია. ურჩ და გაუგონარ მოსწავლეებს მკაცრად სჯის…

კაცთა მსგავსად, ალპინიზმით მოლეკულათა ქვეყანაშიც არიან დაინტერესებულნი ზოგიერთები. ჰელიუმი, ერთი უკარება, განდეგილი ნივთიერებაა, თუმცა მეტად საინტერესო ჩვევა აქვს…

თხევადი ჰელიუმი მსუბუქი, უფერო გამჭვირვალე სითხეა. ჯერ კიდევ 1936 წელს კეეზმა შენიშნა, რომ 2.172 K-ზე  ნაჯერი ორთქლის წნევის ქვეშ (37.80 მმ ვერცხლისწყლის სვეტი) თხევად ჰელიუმში  ადგილი აქვს ფაზურ გადასვლებს. მან  ამ ტემპერატურის ზემოთ ჰელიუმს უწოდა ჰელიუმ I, ხოლო ქვემოთ – ჰელიუმ II. ეს ტყუპი ძმები ჰელიუმ I და  ჰელიუმ II მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. სხვა კრიოგენური სითხეების მსგავსად ჰელიუმ I მთელ მოცულობაში დუღს გაცხელებისას და იკუმშება, როდესაც ტემპერატურა ლამბდა წერტილის ქვემოთაა.

ჰელიუმ II კი  მშვიდი სითხეა. იგი ლამბდა წერტილის ქვემოთ იწყებს მისთვის არაჩვეულებრივი ხასიათის გამომჟღავნებას. ჰელიუმ II-ს დუღილი შეუძლებელია მაღალი სითბოგამტარობის გამო. გაცხელებისას იგი შთანთქავს ენერგიას და იწყება სითხის აორთქლება. ჰელიუმ II-ის სითბოგამტარობა ყველა ცნობილ ნაერთზე დიდია, იგი მილიონჯერ აღემატება ჰელიუმ I-ის  და რამოდენიმე ასეულჯერ  სპილენძის სითბოგამტარობას. ამიტომ ჰელიუმ II-ში ადგილი აქვს თერმომექანიკურ (შადრევანის) ეფექტს.

ჩვეულებრივი სითხეებისაგან განსხვავებით ჰელიუმ II ცოცდება ზედაპირზე ერთიანი დონის მისაღწევად. თუ ჰელიმიუმ II-ით შევსებულ წურჭელში მოვათავსებთ მეორე ჭურჭელს, მცირე ხნის შემდეგ დონეები გათანაბრდება. გარდა ამისა ჰელიუმი აცოცდება გარე გახშული კონტეინერის შიგა კედლებზეც. თუ იგი დახშული არ იქნება, ჰელიუმი გარეთაც გამოაღწევს და გაუჩინარდება.

 

ჰელიუმისაგან განსხვავებით, ჩვენთვის მთისა თუ კარიერის მწვერვალზე ასვლას ცნობილი ამერიკელი მთასვლელის ედ ვიესტურის  „კანონი” აწესრიგებს: „მწვერვალზე ასვლა არჩევითია, ჩამოსვლა – გარდაუვალობა”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი