პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქვეითის ჩანაწერები  

***

ორი პატარა გოგო მოდის ჭავჭავაძეზე. შილიფად აცვიათ, მოწყალებას ითხოვენ და არც ითხოვენ, თამაში ურჩევნიათ, ერთობიან. წამოეწიათ ერთი ლოთი. მოწყალებას ითხოვს და არც ითხოვს, უმისამართოდ დადის უბანში. ამოიტრიალა ჯიბეები და რაც ხურდა ჰქონდა, ამათ მისცა, კანფეტები იყიდეთო. გამხიარულდნენ გოგოები და გზას კუნტრუშით გაუყვნენ. ხედავენ, სტუდქალაქის წინ ქუჩის მუსიკოსი დგას. მოწყალებას ითხოვს და არც ითხოვს, ჯაზის დაკვრის მუღამზეა. ადგნენ და ხურდები იმ ბიჭს ჩაუყარეს.

 

***

საბაჩი პერეულოკით გავდივარ კამოდან პლეხანოვზე, თან ორნამენტულ გისოსებს და მაქმანიან ფარდებს ვაკვირდები. გადამიდგა ახალგაზრდა კაცი და მიღიმის. ვერ ვცნობ. იმან კიდევ, მოიცა, შენ არა ხარო. ჩემი უფეისბუქო კლასელი! მგონი, ამ საუკუნეში მანდ აღარ ჩამიხვევია, ვერც იმან გაიხსენა იმ ქუჩაზე ბოლოს როდის იყო. ამას ჰქვია “გადავიკვეთეთ!”.

 

***

ერთხელ ავრორასთან კაცმა გამაჩერა და მკითხა, კეპი სწორად მახურავს თუ არა, კარგად დააკვირდით, საჩრდილობლის ცენტრი ცხვირის წვერს უნდა ემთხვეოდესო. სწორად გახურავთ, მაგრამ ასე რომ არ იყოს, რა მოხდებოდა-მეთქი. აი, მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად შეიძლება ბაგებში ამომეყო თავიო.

***

ქუჩაში ქალს ნავაჭრი დაებნა და სანამ აკრეფაში ვეხმარებოდით, გაბრაზებული გაჰყვიროდა – რაც მთავრობა, ის პარკიო.

***

წლებია, ერთი ქალთან ვყიდულობ ბოსტნეულს და სოფელში გადავდივარ საცხოვრებლად, ორშაბათიდან აღარ ვიქნებიო. თითქოს აუღელვებლად დავემშვიდობე, მაგრამ მიწისქვეშა გადასასვლელში ქუჩის მუსიკოსის დაკრულზე ამეტირა.

 

***

შაბათის ბაზარი თამარაშვილზე:

– ბადრიჯანი მინდა, ქინძი და ნიორი.

– ო-ჰო-ჰო, უნდა შეწვათ ბადრიჯანი?

– კი, ეგრე ვაპირებ.

– ნიორი იმ ყუთიდან აიღეთ, თავს დავდებ, ერთი კბილიც არ იქნება გაპარული. ქინძი დაამატეთ, ერთი კონა რას გეყოფათ, ქვასანაყში გაგიქრებათ, ქალბატონო!

 

***

“აბა, მოწყენა არ გავიგო! დღეს არ გვაქვს, ხვალ გვექნება!” – მძღოლებს ამხნევებს ვაკის მთავარი ქოუჩი ფალიაშვილის და არაყიშვილის გზაჯვარედინიდან.

 

***

წლების წინ ქალაქში ერთი ქალი დადიოდა. ხელზე წინდა ჰქონდა წამოცმული და ხურდას იქ აგროვებდა. ვარაზის ხევში გადამიდგა ერთხელ, სად მუშაობო. პირველ არხზე-მეთქი. არა, „გიორგი სააკაძე“ მართლა მაგარი გამოგივიდათო.

 

***

კაცი გაჩერდა ჩემ წინ ქუჩაში, ხელები გაშალა და გაოცებული თქვა:

– გაგიჟდება კაცი, მაინც რა ძვირია ყველაფერი!

– ბატონო?

– შენ არ გელაპარაკები, კაცო!

 

***

„კარგი კაცი იყო, საყვარელი ჰყავდა გერცენზე.”- მთაწმინდაზე მეეზოვისგან მოსმენილი მცირე ქალაქური რომანი.

 

***

ამ ქალაქის არქიტექტურისა მოკლედ რომ გითხართ – ერთხელ დედაჩემმა დიღომში გავლისას პირჯვარი გადაიწერა და მამაჩემმა, ეგ რესტორანიაო.

 

***

“მერიდება შემოსვლა უფულოდ, ტყუილად ხომ არ დავიწყებ გაზომვას. აი, ღირსების ორდენზე ვარ წარდგენილი და თუ მომცეს და ფულიც მოაყოლეს, პალტოზე შემოგივლით,” – მაღაზიის კართან ჩამომდგარა მოხუცი ქალი.

***

ნაცნობი შემხვდა, ქუჩის მეორე მხრიდან დამიქნია ხელი. გავაბით მუნჯურად ლაპარაკი. ხელით მანიშნა, როგორ ხარო. თავი დავუქნიე, კარგად-მეთქი. ხელი ზემოთ ასწია, უფროსი როგორ არისო. ილიაუნისკენ ვანიშნე, დიდია და სტუდენტია-მეთქი. მერე პატარაზე მიმანიშნა, ის რას შვრება, ისო. დავიჭყანე, ძალიან საყვარელია-მეთქი. ბოლოს ხელები გაშალა, ტროტუარზე ჩამომდგარ მანქანებს მოავლო თვალი და ენა ამოიდგა. შეკითხვას ჟესტი ვეღარ მოუძებნა და ქუჩის მეორე მხრიდან დასჭექა: გვეშველება რამე?!

 

***

– გამარჯობა.

– ვაიმე, დედა! როგორ შემაშინეთ!

აბაშიძის ბუტიკებში ისეთი ფასებია, კვირიდან კვირამდე ხმის გამცემი არ ჰყავთ კონსულტანტებს.

 

***

„ნახეთ, ეს კაბა რა კარგია, თან თბილია და თან არ იკბინება, მოკიდეთ ხელი,“ – ქალი მომძახის არაყიშვილის ქუჩის იაფი მაღაზიიდან.

 

***

დღეს ვაკის პარკში ერთი კაცი გვეძახის მე და მატასის. მივედით და ნაძვის ხისკენ იშვერს ხელს. ნახეთ, ციყვები როგორ თამაშობენო. ისეთი სასიამოვნო იყო ამათი ცქერა, მარტო არ მინდოდა ყოფნაო.

***

არ მოვიდა ის ასაკი, რიგის ქუჩაზე წაბლების ასაკრეფად არ დავიხარო.

***

დავინახე ელენე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, დავუძახე – ვერ გაიგო, დავუსტვინე და გამომხედა. განა ბევრს უსტვენს დედა ქუჩაში. აბა, ჩქარა ვახშამი-მეთქი. კაფეში შემოვიარეთ, ახლა მშვიდად გავუშვებ.

***

ქუჩაში ერთი პატარა ბიჭი გამოიქცა, ამომეფარა და დაიყვირა: გარაჟში ვარ! დანარჩენებმა დევნა შეწყვიტეს. აკლდა ვითომ ქალაქს უნებართვო გარაჟები.

***

ქუჩაში ერთი ბავშვი დავინახეთ, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩვენს ნაცნობს, ოღონდ ასაკით ორი-სამი წლით უმცროსი იქნებოდა. მატასი მაინც გაუღიმა და ჩუმად მითხრა: “გეუბნები, ეგ არის, უბრალოდ ტყუილები რომ იცის, მაგისგან ცოტა დაიჩუტა.”

 

***

ვერელმა მეწაღემ, მე ვერაო და სხვა „ტოჩკა“ მიმასწავლა: “აგე, იქით პადზემკაშია. პადზემკა ხო იცი, რა არის, შვილო, გადი-გამოდის ხალხი.”

 

***

სტუდენტი ვიყავი, მელანომ და ლენამ „კრუგთან“ ვაჭრობა რომ დაიწყეს. ერთი თევზის მაღაზიის მხარეს იდგა, მეორე – მეცხრე საავადმყოფოს. მერე დამეგობრდნენ და მიწისქვეშაში ერთად იქირავეს ფართი. დღეს ჩავუარე, აი, გზა რომ გადაკეტილია, ვაჭრობა ისე არ მიდისო. სამაგიეროდ, კარგად გამოიყურებით-მეთქი. აბა, როგორ, ამ უბნის გოგოები ეგეთები ვართო.

***

თითქმის ორი წელია, პირბადეს ვატარებ და ბოლო თვეა, ამეკვიატა ფიქრი, რომ შეიძლება ადამიანმა ვერ მიცნოს. ამიტომ ქუჩაში ნაცნობი თუ შემხვდა, მოკრძალებული სალმის ნაცვლად, ომახიანად შევძახებ ხოლმე – რუსიკო რუხაძე მოგესალმებათ! ძალიან სასაცილოდ მეჩვენება ეს ამბავი და, თუ კარგად წარმოიდგენთ, ასეც არის.

***

ბერძენიშვილზე კაცები ნარდს თამაშობენ ხოლმე. ძალიან მინდა, გავერიო და მეც გავაგორო კამათელი. ჩემი სიბერე ეგრე, ნარდის და დომინოს მოთამაშე კაცებთან უფრო წარმომიდგენია, ვიდრე მზეს მიფიცხებულ ქალებთან. არ ვიცი, შეიძლება მანამდე რამე შეიცვალოს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი