ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რუსუდან თედორაძე – ხსოვნა გადასარჩენად

ამ ბოლო დროს, იცით, რა მჭირს?

წერას დავიწყებ რაღაც თემაზე და შუა გზაში მეცვლება გეზი.

აი, დღესაც, ვაპირებდი დამეწერა იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებ თანამედროვე პოეზიას კლასიკური ტექსტების განხილვისას თუ სხვადასხვა თემატური პარალელებისთვის.

მაგრამ ამაზე სხვა დროს მოვყვები.

დღეს კი, უკვე ნოემბერი დაიწყო, განსაკუთრებით სუსხიანი, ცივი და ყინვიანი. ასეთ ამინდებში განსაკუთრებით გჭირდება სხვადასხვა ამბების ნაფოტები გულის ბუხარის გასათბობად.

ჰოდა, მეც ასეთი ამბები უნდა ჩამოვთვალო, ჩემთვის, თქვენთვის, უფროსებისთვის, უმცროსებისთვის, გულშიც და ხმამაღლა.

ჩემი ერთგვარი თერაპიაა, მრავალჯერ გამოცდილი, კარგად დაცდილი.

ექვთიმე თაყაიშვილის დღიური გინახავთ? რამდენი დღე უსადილოდ და უსაუზმოდ, მაშინ, როცა უზარმაზარ განძს დარაჯობდა ეს განსაკუთრებული ქართველი და განსაკუთრებული ადამიანი. „რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”. იმას აღარ გაგახსენებთ, მარტოობაში რომ გარდაიცვალა, სულ 40–დე ადამიანმა გააცილა უკანასკნელ სამყოფელში, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი.

წმინდა მღვდელმონაზონი გრიგოლ ფერაძე? მოძმისთვის წამებული, მოყვასისთვის შეწირული…

ქართული საგანძურის გადარჩენაში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის. ექვთიმე თაყაიშვილის თანამოაზრემ, განათლებულმა სასულიერო მოღვაწენ, მრავალშვილიანი ებრაელის დანაშაული აიღო თავზე ოსვენციმის ბანაკში და გაზის კამერაში საკუთარი ფეხით შევიდა.

ამ ნოემბრის სუსხიან დღეს ძალიან მინდა ერთი ნაწყვეტი წაგიკითხოთ კათოლიკოს ამბროსი ხელაიას დაკითხვის ოქმიდან, მინდა ერთად წავიკითხოთ :

„მოსამართლე ერქომაიშვილი -როდის იყო საქართველო თავისუფალი?

კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს

კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას.

პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?

კათალიკოსი ამბროსი ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის. “

კიდევ, კიდევ რა გაგახსენოთ? ამბავი იმდენია, იმდენი რამის მოყოლა მინდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ამბები გეცოდინებათ, როგორი დიდი შრომა და თავგანწირვა დასჭირდათ ქართული მეცნიერებისა და კულტურის მოამაგეებს პირველი უმაღლესი სასწავლებლისთვის ბრძოლაში.

უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლებლები გახლდნენ – გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი.

როდესაც ურთულესი საკითხები გადაიჭრა, მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ შეგროვდა შემოწირულობები ცოდნის ტაძრის დასაარსებლად, ბოლოს და ბოლოს 1918 წლის 13 იანვარს უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიის პირველმა სხდომამ განიხილა უნივერსიტეტის რექტორის არჩევის საკითხი. უნივერსიტეტის პირველი რექტორის თანამდებობაზე კოლეგიამ ივანე ჯავახიშვილის კანდიდატურა ერთხმად წარადგინა, მეცნიერმა სიტყვა ითხოვა და თქვა :”პეტრე მელიქიშვილი ცნობილი მეცნიერია, რუსეთშიაც და საზღვარგარეთაც, და მისი არჩევა დიდ პრესტიჟს შეუქმნის ჩვენს უნივერსიტეტს…”

კიდევ რა გიამბოთ?

იცოდით, რომ როდესაც რეზო ინანიშვილი, შესანიშნავი მწერალი ღარიბი სტუდენტი იყო, უნივერსიტეტის რექტორი, ნიკო კეცხოველი ურიცხავდა სტიპენდიას ანონიმურად, საკუთარი ხელფასიდან….

კიდევ გიამბობდით, მაგრამ თერაპიის მთავარი ნაწილი თქვენზეა – თავად უნდა გაიხსენოთ, რომ არ გაწყდეს ასეთი ამბების ჯაჭვი.

ჰოდა, როდესაც ნოემბრის სუსხზე, საკუთარ თავზე თუ საკუთარ ქვეყანაზე, სხვა ადამიანების ბოროტებაზე, ღალატსა და მესაკუთრეობაზე გაბრაზდებით ( სრულიად სამართლიანადაც), გაიხსენეთ ასეთი ამბები, დაანთეთ საკუთარი გულის ბუხარი და გახსოვდეთ, რათა გადარჩეთ, გადარჩეთ, რათა გიყვარდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი