პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ვიქტორინა ეფექტური მოსმენისთვის

სამყარო სავსეა ხმებით. გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ მუდმივად გვესმის ქარის ზუზუნი, ლიფტის გრუხუნი, შეძახილები ეზოდან… მასწავლებლებს კი იმაზე მეტი სიხშირის ხმის გაძლება გვიწევს, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებს. მუდმივად ვუსმენთ და გვისმენენ. ამგვარია მასწავლებლების ცხოვრების ყოველდღიურობა. ხშირად შიში მიპყრობს – იქნება კი ჩემი ხმა ყველა მოსწავლისთვის გასაგონი?

ეფექტური მოსმენის სწავლა შესაძლებელია. გამუდმებით ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ კარგი მსმენელი ვიყო – ვუსმინო გულისხმიერებითა და ინტერესით და არა ვალდებულების მოხდით. ჩემი დაკვირვებით, ცხოვრების ხარისხიც დიდწილად მოსმენის კულტურაზე დგას. დაჰკვირვებიხართ, ვის უსმენთ დღის განმავლობაში? რას ისმენთ? როგორ ჟღერს სიტყვები, რომლითაც სათქმელს  ვქსოვთ?

ამერიკელი ენათმეცნიერი, ჯონ ვარინერი, თავისი გრამატიკის სახელმძღვანელოში ერთ თავს მოსმენას უთმობს. ის წერს, რომ დღის განმავლობაში იმაზე მეტს ვისმენთ, ვიდრე ვსაუბრობთ; უფრო მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე ვკითხულობთ და ვკითხულობთ მეტს, ვიდრე ვწერთ.

ჯონ ვარინერი ეფექტური მოსმენის სწავლებისთვის პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც გვთავაზობს. მისი აზრით, მოსმენა შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი – როცა გვესმის, მაგრამ არ ვფიქრობთ მის შესახებ; და გაცნობიერებული – როცა ვაანალიზებთ მოსმენილს, ფაქტებად ვანაწევრებთ, კრიტიკულად ვიაზრებთ, საკუთარ დამოკიდებულებას ვაყალიბებთ. მოსმენა – პასიური პროცესია, გაგება (გაცნობიერებულად მოსმენა) კი – აქტიური.

მოსწავლეები ზოგჯერ თავს იკატუნებენ, თითქოს ყურადღებით გვისმენენ და ამ დროს კი მათი გონება სხვა რამეზე ფიქრობს. ამგვარი სიტუაცია ზრდასრულებისთვისაც ნაცნობია.  იმაზე ფიქრმა, თუ როგორი რთულია მოსმენა, ერთი სახალისო ვიქტორინა მომაფიქრებინა. ეს  აქტივობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანაბრად უბიძგებს აქტიური მოსმენისკენ.

აქტივობის აღწერა

სახალისო ვიქტორინა შეგვიძლია სხვადასხვა მიზნით გამოვიყენოთ – საშინაო დავალების კითხვისას, თხრობისას… მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ ყურადღებით უნდა მოუსმინონ ერთმანეთს. ხელში გვიჭირავს დღიური და მოსწავლის წაკითხულიდან ვინიშნავთ საკვანძო სიტყვებსა ან ფრაზებს. როდესაც ყველა დაასრულებს დავალების წაკითხვას, ვიქტორინის დრო დგება. ვკითხულობთ ჩვენ მიერ ჩაწერილ სიტყვას ან ფრაზას, მანამდე მოსწავლეებს ვაფრთხილებთ, რომ საკუთარი ნათქვამის გაგონებისას ჩუმად იყვნენ, რადგან მთავარი ამოცანაა – სხვამ ამოიცნოს და წამოიძახოს იმ ბავშვის სახელი, რომელსაც ჩვენ მიერ წაკითხული სიტყვა ან ფრაზა ეკუთვნის.

ერთი დიდი ბედნიერებაა ბავშვების სახეებზე დაკვირვება, როდესაც კლასელები მის სახელს ამბობენ. ამგვარად, აქტიური მოსმენის პარალელურად, სოციალურ ურთიერთობების გაღვივებასაც ვუწყობთ ხელს, ერთმანეთის შემჩნევასა და აღიარებას ვასწავლით.

ვიქტორინისთვის მზადებისას მასწავლებლის ყურადღება წამით ვერ მოდუნდება, რადგან მას უწევს რამდენიმე მიმართულებით მუშაობა:

  1. მოსმენა მოსწავლისთვის;
  2. მნიშვნელოვანი დეტალის შერჩევა და ჩაწერა;
  3. ზეპირი განმავითარებელი კომენტარის მოფიქრება და ადრესატისთვის თქმა.

როდესაც მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს მთავარ დეტალზე და ამას ხმამაღლა აჟღერებს, ეს სხვა ბავშვებისთვისაც პირად მაგალითად იქცევა. მოსმენისას მნიშვნელოვანი დეტალების შემჩნევას იწყებენ.

ყველა მოსწავლის მიერ საშინაო დავალების ხმამაღლა წაკითხვას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ სახალისო ვიქტორინის დაგეგმვისას ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

მეტი სიცხადისთვის ჩემი დღიურის ჩანაწერებს მოვიშველიებ. რამდენიმე დღის წინ მესამეკლასელებმა ამირანს პირადი წერილები მისწერეს. ისინი კითხულობდნენ, მე კი ჩემს დღიურში საკვანძო ფრაზებსა და სიტყვებს ვინიშნავდი. ზოგი მოსწავლის სახელის გასწვრივ რამდენიმე ფრაზა და სიტყვა მიწერია, რადგან ხშირად მათი აზრები მეორდება და ვიქტორინის დროს არჩევანის საშუალება უნდა მქონდეს. თითოეული ჩანაწერისას ხმამაღლა ვაჟღერებ იმას, რაზეც ყურადღებას ვამახვილებ, მაგალითად, თაკო სიტყვა „აჯიმანიებს“ ამბობს. საშინაო დავალების წაკითხვის შემდეგ თაკოს ვუთხარი, რა კარგია, ამირანი ვარჯიშის სურვილს რომ აღგიძრავს. ყველა ამბობს სიტყვას „აჯიმანია“, მაგრამ სწორი ფორმაა „აზიდვა“ და გთხოვ, ჩაასწორე-მეთქი. ვიქტორინის დროს ვკითხულობ – აბა, რომელმა მოსწავლემ წაიკითხა შემდეგი ფრაზა: „აჯიმანიებს“ ვაკეთებ“ და თითქმის ყველა თაკოს სახელს გაჰყვირის. თაკოს თაფლივით თვალებში სითბო ეღვრება და ღიმილი სახეს უნათებს.

ნატა ერთსა და იმავე შინაარსის ფრაზებს იყენებს, ამიტომ მეც დაქანებული ზვავის სისწრაფეს თითებში ვუხმობ და რამდენიმე ფრაზას ვიწერ. „ყოჩაღ, ამირან!“ – საბოლოოდ ამ ფრაზაზე ვამახვილებ ყურადღებას. მეცინება, ნატა მასწავლებელივით რომ აქებს ქალღმერთი დალის ვაჟს.

ჩანაწერების თანმიმდევრობა ამგვარია:

თაკო – „აჯიმანიებს“ ვაკეთებ.

ნატა – რა მამაცი ხარ! როგორ დაამარცხე სამთავიანი დევი! ყოჩაღ, ამირან!

ანი – მარტოდმარტო… იმედი მაქვს, შენც მომწერ წერილს.

ნუცა – სხვათა შორის;

გაბო – რატომ შეებრძოლე ღმერთს?

ანდრია – მეც მინდა, სამართლიანი ვიყო!

დათუნა – შენსავით ძალები მქონდეს, მონსტრები დავამარცხო.

სოფი – ძალიან მაგარი ხარ, ალბათ, ვარჯიშობდი.

ცოტნე – გამიხარდა, რომ საქართველოში დაიბადე!

დათუნა – დაამარცხე ბოროტება…

საბა – ამირან, შენ ხარ უშიშარი! გაგიძნელდა სამთავიანი ბაყბაყდევის დამარცხება?

ბარბარე – მეც მინდა, შენსავით ძლიერი ვიყო!

თამარი – ღმერთმა რატომ დაგაბა?

საბა – მე მინდა ერთი ძალა, რომ ადამიანებს დავეხმარო.

გოგა – შენ გადაარჩინე ჩვენი ქვეყანა.

მესამეკლასელი გოგა სომეხია და მისი სიტყვები „ჩვენი ქვეყანა“ გულგრილს არ მტოვებს. მიხარია, საქართველოს საკუთარ ქვეყნად რომ თვლის და მითურ ამირანს დევების განდევნას ასე უფასებს.

ამგვარად, თითოეულ მოსწავლეს განმავითარებელ კომენტარს ვაძლევთ. საკუთარი ნაშრომის კლასელების  წინაშე წარდგენით ყველა გახარებულია. ამასთანავე, დაინახეს, რომ სიტყვებით სხვისი ყურადღების მიქცევა შესძლებიათ, და ბოლოს,  სახალისო ვიქტორინა ერთიანობის დაუვიწყარ განცდას ბადებს, შესანიშნავი განწყობა კი საშინაო დავალების დაწერის მოტივაციასაც ამაღლებს.

სახალისო ვიქტორინა ეფექტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ თხრობის დროსაც. მთავარია, მოვიფიქროთ საკვანძო შეკითხვა და მათი პასუხები ჩავიწეროთ, მაგალითისთვის მახსენდება მოთხრობა „ფუღურო“. თითოეულ მოსწავლეს მოყოლის შემდეგ ვეკითხებოდი, სად დაასახლებდა ობობას და ბოლოს უნდა გამოეცნოთ ერთმანეთის პასუხები, რომლებიც მხოლოდ ერთი სიტყვისგან შედგებოდა.

თუკი მოსწავლეებს ხმამაღლა ვუკითხავთ, მოვიფიქროთ ერთი მთავარი შეკითხვა და ვთხოვოთ წერილობით პასუხის დაფიქსირება. ჩვენ კვლავ ვინიშნავთ მათ პასუხებს. მაგალითად, ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდის“ უკანასკნელ თავში ჯადოქარი მუმინების ხეობის ბინადრებს ერთ სურვილს უსრულებს. ხმამაღალ კითხვასა და მოსმენას წერილობითი აქტივობით ვანაცვლებ და წინადადების დასრულებას ვთხოვ.

„მე ჯადოქარს ვთხოვდი…“ –  მათი პასუხები კი ამგვარი იყო:

ბარბარე – ოჯახის ბედნიერებას;  დათო – კარგად სწავლას; გაბო – ფრთებს; საბა – მოტოძრავას 125 ძრავით; ნუცა – ლელა მასი სულ ჩვენთან იყოს; ნატა – ძაღლს; ცოტნე – ახალ ტელეფონს; გოგა – ჩემი ოჯახი არ იყოს მოწყენილი; თაკო – ოჯახის ჯანმრთელობას; ანდრია – კავკასიურ ნაგაზს; დათუნა – მე და საბას ერთად გვეცხოვრა; ანი – სულ გაზაფხული იყოს; სოფო – დედას საქმეები აღარ ჰქონდეს; ნიკო – სოფლის სახლს.

რა არის ამაზე უკეთესი, როდესაც ბავშვები საკუთარ სურვილებს გიზიარებენ, ხმამაღლა გიკითხავენ, ერთმანეთს უსმენენ და ხედავენ, რომ მასწავლებელიც გულდასმით უსმენს მათ?

სახალისო ვიქტორინას კი მეტი სიცხადისთვის  კონკრეტული სახელი სჭირდება. ძვირფასო მკითხველო, დიდი სიხარულით მოვისმენდი თქვენს ვერსიებს. რა შეიძლება დავარქვათ სახალისო ვიქტორინას, რომელიც გვასწავლის ეფექტურ მოსმენას და სასწავლო პროცესს სიხარულით ავსებს?

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. John Warriner, English Grammar and Composition, 1965, Listening;

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი