სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

სხვა მასალა ხელოვნებისთვის

ნატო, ისევე როგორც მე, ახალგაზრდა დედაა. პატარა გოგონა ჰყავს, ჩემი უფროსი შვილის ტოლი და ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ბავშვებზე, მათი აღზრდის სირთულეებსა და იმ სიხარულებზე, რაც პატარების ყოლას ახლავს თან. ნატო სინგაპურში ცხოვრობს, მე თბილისში. ახლა, როცა მე თბილი ნაქსოვი სვიტრი მაცვია, ის თხელი კაბებით დასეირნობს. იქ ადამიანები ჩვენზე გაცილებით მეტს მუშაობენ და ცხოვრების მაღალი დონე აქვთ. სამაგიეროდ, უფრო მაღალი ფასებია. ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის მაღალი ინდექსით გამოირჩევა, განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ მასში დასავლური და აღმოსავლური კულტურები, ტრადიციები და  გამოცდილებები კარგად არის შეზავებული და იქ მაცხოვრებელი ხალხის უმეტესობა თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. იქ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და განათლების გამო მადლიერები უნდა იყვნენ, მაშინ, როცა ჩვენ ბავშვის ბაღში მისაყვანად მისი ონლაინრეგისტრაციის მისტიკური პროცედურის გავლა გვიწევს, რის შედეგადაც ათასობით პატარა მაინც საბავშვო ბაღს მიღმა რჩება. სკოლებში კი უსაფრთხო გარემოს შექმნა ვერა და ვერ ხერხდება, ისევე როგორც ვერ ხერხდება პატარების დაცვა აგრესიისგან. ნახავდით ალბათ ვიდეოს, სადაც რამდენიმე ბიჭი სასტიკად ცემს და კლავს ლეკვს. ეს არა მხოლოდ მათი, არამედ ჩვენი ყველას დანაშაულია: მასმედიის, სკოლის, საზოგადოების, ყველასი, ვინც ამართლებს ნებისმიერ ძალადობას და მიიჩნევს, რომ სუსტის დაჩაგვრა „მოსულა”. მთავარია, უმრავლესობის უფლებები იყოს დაცული, მთავარია, ძლიერმა თავისი ძალის დემონსტრაცია შეძლოს.

მეორე თემა, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, თანამედროვე ხელოვნებაა. ინტერნეტში ორივე დიდ დროს ვატარებთ და ერთმანეთს ვუზიარებთ იმ არტისტებს და ნამუშევრებს, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იქცევს. საუბარს ხშირად ვამთავრებთ  ფრაზით, რომ „ხელოვნებაშიც, ისევე როგორც ზოგადად, კრიზისია”. ჩვენი დასკვნა ემყარება არტისტების ნამუშევრებს, რომლებიც არტს სხვადასხვა, უცნაური მეთოდითა და ფორმით ქმნიან.

არ ვიცი, რამდენად ადევნებთ თვალს იმას, რაც იქმნება. ამიტომ გეტყვით, რომ დღეს არაერთი არტისტი ქმნის ნამუშევრებს არატრადიციული მასალით, არატრადიციული პროგრამებით და ხშირად ეს ნამუშევრები მხოლოდ ამ ნიშნით არიან ხოლმე შესამჩნევები. ამიტომაც ჩნდება შეგრძნება, რომ ხელოვნება კრიზისშია, რაც შესაძლოა, სულაც არ იყოს სიმართლე, რაც შესაძლოა ის გზა იყოს, რომელიც მან უნდა გაიაროს ახალი ფორმის, ფუნქციის, საკომუნიკაციო ენის პოვნამდე.

თანამედროვე ტექნოლოგიების, ზღვა ინფორმაციისა და გახსნილი საზღვრების პირობებში ხელოვნებამ გარდა ესთეტიკური სიამოვნების მინიჭებისა, სხვა ფუნქციებიც უნდა იტვირთოს  და ეს ყველას არ გამოსდის. ამიტომაც ეძებენ გამოსახვის ახალ გზებს, სათქმელის ფორმირების უჩვეულო მეთოდებს.

უფრო კარგად რომ აგიხსნათ რასაც ვგულისხმობ, რამდენიმე კონკრეტულ არტისტზე მოგიყვებით, რომელთა შესახებაც შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებსაც მოუყვეთ და მათთან ერთად განიხილოთ თანამედროვე ხელოვნების ტენდენციები. უკვე დროა ბავშვებს ვუთხრათ, რომ ვან გოგისა და მიქელანჯელოს, ფიროსმანისა და გუდიაშვილის გარდა სხვა სახის ხელოვანებიც არსებობენ და მათთვის თვალის დევნება არანაკლებ საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ გარშემო არსებული პროცესები უკეთ აღიქვა.

მოსწავლეებისთვის ამ არტისტების ნამუშევრების ჩვენება იმიტომაც შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო, რომ თითოეული მათგანი სპობს ილუზიას ხელოვანის განსაკუთრებულობის შესახებ და გიჩენს განცდას, რომ ამის კეთება შენც შეგიძლია და თუ პატარები ფანტაზიას არ შეზღუდავენ, შესაძლოა არანაკლებ საინტერესო ნამუშევრები შექმნან. ყველაფერი ხომ ასე იწყება, გარემოდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავებით და საკუთარ თავში დარწმუნებით.

მაშ ასე.

არსებობს 74 ჩინელი ფერმწერი, ტაცუი ჰორიუჩი, რომელმაც ხატვა 60 წელს გადაცილებულმა დაიწყო.  ვინაიდან იმ კომპიუტერული პროგრამების ოფიციალური ვერსიები, რომელიც ხატვისთვის არის განკუთვნილი, ძვირი ღირდა. მოხუცმა საკუთარი იდეების გასახატავად ექსელი გამოიყენა.

Excel-ზე არჩევნის გაკეთებას მხატვარი ორი მიზეზით ხსნის: ის ამბობს, რომ  მათემატიკური ოპერაციებისთვის შექმნილი პროგრამა  უფრო მარტივია, ვიდრე Paint და უფრო იაფი, ვიდრე ფოტოშოპი. მან ასევე სცადა ბედი Word-ში, მაგრამ ის Excel-თან შედარებით ნაკლებად მოქნილი აღმოჩნდა ხელოვანისთვის.

 ჰორიუჩის ნამუშევრები არაერთი გამოფენის მონაწილეა.

 2006 წელს კი ხელოვანმა ექსელის არტკონკუსის მთავარი ჯილდო აიღო.

მალაიზიელი მხატვარი და არქიტექტორი ჰონგ ი (Hong Yi) ცნობილი იმითაა, რომ  ხატვისას პრინციპულად არ იყენებს ფუნჯს. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი  750 წყვილი წინდისგან შექმნილი 3D პორტრეტია, რომლის შესახებაც ისეთი წამყვანი გამოცემები წერდნენ, როგორებიც არიან  Huffington Post, Wall Street Journal და Daily Mail.

 

 გოგონას ნახატები ფეხბურთის ბურთისა და წითელი საღებავის, ყავის ჭიქისა და ნალექის და სხვა ორიგინალური კომპილაციების საშუალებითაც შეუქმნია.

რუთი ოსტერმანი თავისი ორი წლის გოგონას დახმარებით ხატავს, რომელიც ამ ასაკის ბავშვების მსგავსად, ქაღალდებზე აბსტრაქტული ფიგურების ნახაზებს აკეთებს. დედა აქედანვე ზრუნავს, რომ შვილთან ერთად ბევრი პროექტი განახორციელოს. შვილის დახატული ესკიზის მიხედვით, რუთი ნახატებს სრულყოფილს ხდის და ცდილობს ამ გზით უფრო გაუღვივოს ინტერესი ხატვის მიმართ და გაუფართოვოს ფანტაზიის უნარი.

იაპონელი ხელოვანი ჰიროტოში იტო, იგივე ჯიუსეკი, სპეციალურად მუშაობს მაგარ მასალაზე და ისეთ სკულპტურებს ქმნის, რომლებიც ამ მასალაზე შექმნილ წარმოდგენას სრულად ანგრევენ. მასალად ჯიუსეკი ქვებს იყენებს, რომლებსაც სახლთან ახლოს, მდინარეზე აგროვებს. თითოეული ქვის დამუშავება სათანადო ფორმის მიღებამდე  დიდ დროს და ნებისყოფას მოითხოვს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ შედეგი  ამად ღირს.

ამერიკული ნიკ ჯორჯიუ   სკულპტურებს  ქაღალდის ნაგლეჯებისგან,  დახეული წიგნებისა და ძველი ჟურნალ-გაზეთებისგან ქმნის. მისი ნამუშევრები მკვეთრი ფერებით გამოირჩევა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი