ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ერთი ფოტოს ბლოგი

„როცა მოიჭრება უკანასკნელი ხე, მოიწამლება უკანასკნელი მდინარე, დაიჭერენ უკანასკნელ ჩიტს – მხოლოდ მაშინ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმევა” /ინდიელთა სიბრძნე/.
ეს ფოტო ამ ზაფხულს თურქეთში გადავიღე.

მეგობრებმა გადავწყვიტეთ, აგვისტოში ოჯახებითურთ სტამბოლის ახლოს, პრინცის კუნძულებზე დაგვესვენა.

ბევრი ფიქრისა და ძებნის შემდეგ ერთ-ერთი კუნძული, ჰეიბალიადა შევარჩიეთ, უმთავრესად იმიტომ, რომ იქ იშვიათად ჩადიან ტურისტები და, სხვა კუნძულებისგან განსხვავებით, სიმშვიდეა.

დიდი ხნის წინ, როცა პირველად მოვხვდი პრინცის კუნძულებზე, ადგილობრივი მოსახლეობისა და სტამბოლელი დამსვენებლების გარდა იქ თითქმის ვერავის მოჰკრავდით თვალს, დღეს კი არც ერთი ტურისტი ისე არ წავა თურქეთიდან, მარმარილოს ზღვაში მდებარე ეს ულამაზესი კუნძულები არ მოინახულოს.

გადაწყვეტილების მიღებისას ვერ გავითვალისწინეთ, რომ ყველა ახლომდებარე პლაჟი ფასიანი იყო, უფასო საბანაო ადგილების საპოვნელად კი გრძელი გზის გავლა მოგვიხდებოდა. ამწვანებულ, აყვავებულ და მოვლილ კუნძულებზე სეირნობა სასიამოვნო კია, მაგრამ ერთი ბოლოდან მეორემდე ბავშვებთან ერთად ყოველდღე სიარული ჭირდა, თანაც პრინცის კუნძულებზე ავტომანქანები არ დადის, გადაადგილება მხოლოდ ფაიტონით, ველოსიპედით და ელექტროველოსიპედით შეიძლება, რაც არცთუ იაფი სიამოვნებაა.

ამ სურათს სწორედ პლაჟისკენ მიმავალი გადავეყარე, გიზიარებთ და ვიცი, ჩემსავით, ერთსა და იმავე დროს, აღფრთოვანდებით და დამწუხრდებით.

აღფრთოვანდებით იმით, თუ როგორ ეპყრობიან ამ მხარეში ადამიანები ბუნებას, როგორ უფრთხილდებიან თითოეულ ხეს, მზად არიან, საგზაო მშენებლობის წესებიც კი დაარღვიონ სასიცოცხლო გარემოს გადასარჩენად.

დამწუხრდებით, რადგან ასეთ დამოკიდებულებას, მზრუნველობასა და სიყვარულს ჩვენში ვერ ნახავთ, ასეთ პასუხისმგებლობას სიცოცხლის, ბუნებისა და მომავალი თაობის მიმართ ვერსად წააწყდებით.

არც თურქეთია ამ მხრივ სამაგალითო ქვეყანა, იქაც, ისევე როგორც ჩვენთან, ხშირად გიგანტურ ჰესებსა და დიდ მშენებლობებს ეწირება მწვანე გარემო და აუცილებელი სასიცოცხლო სივრცე, მაგრამ იქ ერთ ხეს აშკარად უფრო დიდი შანსი აქვს, გადარჩეს და ადამიანებს გადარჩენაში დაეხმაროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი