ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თვითშეფასება სკოლაში

თამთა ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ სკოლაში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ, მიმოვიხილავთ ხარისხის განმარტებებს, მისი წარმოშობისა და განვითარების ეტაპებს. ამჯერად სკოლაში ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესზე – შიდა შეფასებასა და თვითშეფასებაზე ვისაუბრებთ.

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ სკოლის შეფასებას არცთუ მცირე ისტორიული საფუძველი აქვს. გარე შეფასების აუცილებლობაზე XIX საუკუნის ბოლოს აქტიურად დაფიქრდნენ ინგლისში, სადაც XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა კიდეც სკოლებში ინსპექტირების მსგავსი მაკონტროლებელი მექანიზმი და ორგანო. გერმანულენოვან სივრცეში პირველად შვეიცარიაში, XVIII საუკუნის ბოლოს (1771-1772), ციურიხში იყო კითხვარის მეშვეობით სკოლის შეფასების მცდელობა. აქ, ინგლისისგან განსხვავებით, პირველი აქცენტები შიდა შეფასებაზე დაისვა. საერთო ჯამში, მიუხედავად ევროპული გამოცდილებისა, სკოლის შეფასების სათავეებთან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. 1893 წელს გამოცემული Rice-ის წიგნი „The Public School System in the United States“ მრავალი სკოლის პრაქტიკის შეფასების პირველი ემპირიული მცდელობა გახლდათ. შტატების მიხედვით, სკოლებიდან ემპირიული მონაცემების აქტიური მოგროვება 1915 წლიდან დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შეფასების ეს პირველი მცდელობები დღეს ხშირად იქცევა კრიტიკის ობიექტად, მათში ერთმნიშვნელოვანად იკითხება საკუთარი სკოლების პრაქტიკის გაუმჯობესების, სუსტი მხარეების აღმოჩენის და შეფასების სათანადო მექანიზმების შექმნის სურვილი.

სკოლის გარე და შიდა შეფასება ერთმანეთისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით განსხვავდება:

1) მიზანი;

2) შემფასებელი;

3) ჩართული პირები;

4) შედეგების გამოყენება.

ბევრისთვის ალბათ სიახლე იქნება, რომ შიდა შეფასება და თვითშეფასება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცნებებია და ერთი მეორეს ყოველთვის არ გულისხმობს. შიდა შეფასებად ძირითადად აღიქმება ის პროცესი, რომელიც დაგეგმილი და წარმართულია თავად ორგანიზაციის წევრების მიერ. დასაშვებია შეფასების დროს გარე შემფასებლის მიერ დადგენილი სტანდარტების, ინდიკატორებისა და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება, თუმცა პროცესის შედეგებზე მთავარ პასუხისმგებლობას სკოლა იღებს. შიდა შეფასების დროს სკოლის გუნდი (შეფასების წარმმართველი აქტორი) წარმოგვიდგება როგორც პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი, მოტივირებული ჯგუფი, თუმცა მისი მიზნები და ქმედებები გარე ფაქტორებითაა განპირობებული.

ლიტერატურაში ხშირად ბარიერებს ქმნის ტერმინების „შიდა შეფასება“ და „თვითშეფასება“ გამოყენება, თუ ამას სათანადო განმარტება არ ახლავს თან. გავრცელებულია ორგვარი მიდგომა: პირველი, როდესაც შიდა შეფასებას წარმოადგენენ ვრცელ პროცესად, რომლის ნაწილიცაა თვითშეფასება და მეორე, როდესაც თვითშეფასება სრულიად დამოუკიდებელ ქმედებათა ჯაჭვია, მიმართული პრობლემის იდენტიფიცირებისკენ ვიწრო ფოკუსით (მაგალითად, მასწავლებელი აფასებს საკუთარ პრაქტიკას კონკრეტულ კლასში).

სკოლის შიდა შეფასება თანდათან განვითარდა როგორც მნიშვნელოვანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინსტრუმენტი, რომელსაც ორგანიზაციაში სოციალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, თუ პროცესი თვითშეფასებასაც მოიცავს და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად წარმოგვიდგება. ორგანიზაციის შიგნიდან მოტივირებული, ხარისხისა და სისტემის განვითარებაზე ორიენტირებული ეს მიდგომა ანგლოამერიკული სივრცის გამოცდილებას ეფუძნება („HighStake-Testings“ – გარე შეფასება, ინსპექტირება). შიდა შეფასება ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განვითარების ფუნქციებსაც ითავსებს. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ შეფასებას შეუძლია შეითავსოს სხვადასხვა სტრატეგია და როგორც სისტემური პროცესი, შერეული ვარიანტის ფორმითაც წარმოგვიდგეს.

თვითშეფასების პროცესს აკვირდებიან დელეგირებისა და ცენტრალიზების თვალსიაზრისითაც. როგორც ტერმინოლოგიიდან ჩანს, ეს ორი მიდგომა ადმინისტრაციის მხრივ პროცესში ჩარევის დონეებს აერთიანებს.

სკოლაში თვითშეფასების პროცესი მოიცავს სამ ფაზას, რომლებიც სამი ამოცანის გადაწყვეტას ითვალისწინებს: მიზნის ფორმულირებას, განხორციელებას, მეთოდის/მეთოდების შერჩევას. გერმანულენოვან სივრცეში თვითშეფასების პროცესი უმთავრესად სასწავლო პროგრამებსა და სასწავლო მუშაობაზეა ფოკუსირებული. მონაცემთა შეგროვების მეთოდებად დოკუმენტაციის ანალიზი, თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები გამოიყენება. საინტერესო მონაცემებს გვაწვდის ამ სფეროში გამოქვეყნებული კვლევები. სკოლებში, რომლებშიც უკეთაა განვითარებული კომუნიკაციის კულტურა, მასწავლებელთა თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა ჯანსაღად აღიქმება, თვითშეფასების პროცესი სასკოლო კულტურაზე დადებით გავლენას ახდენს.

2013 წელს ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა სასკოლო კულტურაზე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გავლენას სკეპტიკურად უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სკოლაში მონაცემების შეგროვება და ანალიზი წარმატებით მიმდინარეობს, სირთულეს წარმოადგენს პრაქტიკაში მისი გადატანა, შედეგების იმპლემენტაცია და სათანადო აქტივობების დაგეგმვა. 2009 წელს ჩატარებული მეტაანალიზი (Hattie, 2009), რომელმაც 50 000 კვლევის მონაცემები შეადარა ერთმანეთს და 138 ფაქტორი გაითვალისწინა, აჩვენებს, რომ სწავლა/სწავლების პროცესში ისეთი საქმიანობები, რომლებიც ფასდება, დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეთა წარმატებაზე.

დემსკიმ (და სხვ., 2012) და ვურსტერმა (და სხვ., 2013) ასევე აჩვენეს დამოკიდებულება შეფასების სხვადასხვა წყაროს შორის. კერძოდ, გამოთქვეს მოსაზრება, რომ თვითშეფასებისა და შიდა შეფასების დროს მოპოვებულ მონაცემებს გაცილებით მეტი სარგებლობა მოაქვს სკოლისთვის, ვიდრე გარე შეფასების მაჩვენებელს. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ სკოლის შიდა/თვითშეფასების პროცესის გავლენა სკოლის განვითარებაზე ჯერ კიდევ საკამათოა და დადებით ან უარყოფით გავლენაზე დაბეჯითებით საუბარი მიკერძოება იქნებოდა. მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ფაქტორი სფეროში ახალი კვლევების ნაკლებობით და ზოგადად, სფეროს ხანმოკლე ისტორიითაა განპირობებული.

სკოლაში თვითშეფასებისა და შიდა შეფასების ეფექტიანობასთან დაკავშირებული კვლევების სიმრავლით განათლების სფერო ჯერ კიდევ არ გამოირჩევა. თეორიული დისკურსი ეფუძნება პროგრამების, პროექტების შეფასების ჩარჩოსა და ხარისხის უზრუნველყოფისადმი ზოგად მიდგომას (Learn, Do, Check, Act). ლიტერატურის ანალიზი გვაჩვენებს, რომ შიდა შეფასებისა და თვითშეფასების გადაკვეთის წერტილები შეფასების თემასთან დაკავშირებითაც იკვეთება:

  • სწავლის შედეგები (სასწავლო მიზნების მიღწევა, ცოდნის ტრანსფერი, სსსმ მოსწავლეებთან მიღწეული შედეგები);
  • გაკვეთილი (ცხადი და ნათელი მიზნები, შინაარსი, შეფასება);
  • ურთიერთობები (ღირებულებები, უკუკავშირის კულტურა, მკაფიო როლები, ინფორმაციის გავრცელების პოლიტიკა, ლიდერებისა და ადმინისტრირების აღქმა);
  • სტრუქტურა და რესურსები (დრო და სასწავლო რესურსების განაწილება, თანამშრომლობის ფორმები, პროფესიული განვითარების პოლიტიკა).

შიდა შეფასების მიმართ დროთა განმავლობაში მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომა ჩამოყალიბდა. გამოცდილებამ ცხადყო, რომ ორგანიზაციულ შეფასებას ღრმა მეთოდოლოგიური ცოდნა სჭირდება, რაც არაერთი ქვეყნისა და სკოლის პრობლემაა. იმისთვის, რომ სკოლებს პროცესების წარმართვა გაუადვილდეთ, შემუშავდა სხვადასხვა მექანიზმი. ერთი მათგანია გერმანულენოვან სივრცეში არსებული SEIS (Selbsevaluation in Schulen). იგი მოიცავს ვრცელ ონლაინკითხვარს, რომელიც ითვალისწინებს სკოლის ადმინისტრაციის, სხვა ადამიანური რესურსების, მოსწავლეთა და მშობელთა მოსაზრებების მოკრებას. მსგავსი ელექტრონული სივრცის შექმნის მიზანია, გაუმარტივოს სკოლის ადმინისტრაციას ისეთი რთული პროცესი, როგორიც მონაცემების შეკრება და ანალიზია.

შიდა შეფასებისა და თვითშეფასებისთვის საერთოა მონაცემთა შეგროვების მეთოდებიც. შიდა შეფასებისას მონაცემთა შეგროვების მრავალი მეთოდი არსებობს. მათი გაერთიანება შეიძლება შემდეგ კატეგორიებად: გამოკითხვა, დაკვირვება, დოკუმენტების ანალიზი, ექსპრესიული და კრეატიული მეთოდები.

გამოკითხვა. გამოკითხვის ნაწილს მიეკუთვნება კლასიკურ, სოციალურ მეცნიერებებში აპრობირებული წერილობითი გამოკითხვის ფორმები ღია და დახურული კითხვებით/შეფასებითი სკალებითა და/ან არჩევითბოლოიანი პასუხებით. გამოკითხვის ერთ-ერთ კრეატიულ მეთოდად მიიჩნევა, .. თერმომეტრის/ბარომეტრის მეთოდი. მისი მიზანია მონაწილეთა მოსაზრებების მოკრება ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ. მკვლევარს შეუძლია მისი გამოყენება როგორც ჯგუფში, ისე ინდივიდუალურადაც. ბარომეტრი საკვლევი შეკითხვით იხატება ჯგუფში და მონაწილეებს ევალებათ, პასუხების ვარიანტები  სკალას შეუსაბამონ. რაც უფრო პოზიტიურადაა გადმოცემული გამოკითხულთა მოსაზრებები, მით უფრო მაღალ ადგილს იკავებს ის სკალაზე. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ნათლად დაინახონ გამოკითხვის შედეგი თვალსაჩინოების გამოყენებით. კვლევები მოწმობს, რომ ეს მეთოდი გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე უბრალო წერილობითი გამოკითხვა. თუ გვსურს პოპულაციის მოსაზრებების გაცნობა რამდენიმე საკითხის ირგვლივ, გამოკითხვის ბლოკში ერთიანდება ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა შავი დაფა, გარდამავალი დღიური, SWOT ანალიზი, სასწავლო წრე, ინტერვიუები, დისკუსია, ჯგუფური დისკუსია (Fischbowl), რეიტინგული შეფასება, Q-დაჯგუფება და უკუკავშირი. დაკვირვების ბლოკიერთიანებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა გარე დაკვირვება, თვითდაკვირვება, თვითდაკვირვების სპეციალური ფორმაფოკუსირებული დაკვირვება და კოლეგიური ჰოსპიტაცია. დოკუმენტების ანალიზის ნაწილს მიეკუთვნება პორტფოლიოები, საკლასო სამუშაოებისა და სასწავლო მასალების შესწავლა. ექსპრესიული და კრეატიული მეთოდები აერთიანებს ფოტოშეფასებას და როლურ თამაშს (კობახიძე 2020, Bürger and Schmidt).

შედეგების წარმოდგენისა და ანალიზის თვალსაზრისით მიდგომები აქაც მსგავსია. კვლევები აჩვენებს, რომ სკოლებში ყველაზე დიდ პრობლემას მონაცემთა შეგროვების ადეკვატური მეთოდების შერჩევა და მათი ანალიზი წარმოადგენს. პრობლემა მწვავედ დგას როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებშიც. ლიტერატურის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ქვეყნები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სკოლებში ხარისხის უზრუნველყოფის, კერძოდ, თვითშეფასების კულტურით/რეგულირებით/მიდგომით. უფრო მეტად ცენტრალიზებული სისტემის მქონე ქვეყნებს ზოგადი განათლების ეს სფეროც მეტწილად ცენტრალიზებული აქვთ, თუმცა მათ შორის შეიმჩნევა განსხვავება კონკრეტული სკოლების მაგალითებზე, რომლებიც ანგარიშვალდებულების სისტემის გაძლიერებით ცდილობენ სკოლაში თვითშეფასების კულტურის დამკვიდრებას და მისდამი მასწავლებელთა დამოკიდებულების შეცვლას.

ქვეყნების საერთო პრობლემაა შიდა შეფასების/თვითშეფასების მიმართ მასწავლებელთა დამოკიდებულებაც. ქვეყნებში, სადაც სისტემის მართვა ძირითადად ხელისუფლების მხრივ ძალაუფლების შენარჩუნების, კონკრეტული ღირებულებების გატარებისა და კონტროლის მექანიზმია, ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებული საკითხებისადმი უნდობლობაც დიდია, ცენტრალიზებული, მეტად დემოკრატიული ქვეყნების პრობლემას კი პროცესის ფორმალური, აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულება წარმოადგენს. ამ შემთხვევაში დიდი როლი ენიჭება სკოლის ადმინისტრაციას, რომელმაც პირადი მაგალითით უნდა აჩვენოს სასკოლო საზოგადოებას, რა სარგებლობა მოაქვს გამართულ თვითშეფასების სისტემას სკოლაში, კერძოდ, სასწავლო შედეგების გაუმჯობესება, სასკოლო კულტურის ამაღლება და სსსმ მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი