პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ჟანგი

დღეს რატომღაც დიდი ხნის წინ სადღაც ამოკითხული სტრიქონები გამახსენდა: „სად რა-რა მიხვალ, ცხოვრებავ, განა სულ უნდა იდინო? / და შენაც, ჩვენო გამჩენო, ჩვენზე სულ უნდა იცინო?..” ცხოვრებაზე ხელჩაქნეულს თუ არა, თავისი სვე-ბედით მოღალულს უნდა აღმოხდენოდა ეს სიტყვები… ისე, მართლა რა არის ეს ჩვენი ყოფა, ზოგჯერ რა უცებ გაგიცქვრება ხელიდან ბროლის ძვირფას ნაკეთობასავით და ზედ შენს ფეხთით დაიმსხვრევა, როგორ გაგტანჯავს, წელში მოგხრის, იმ მიწას მიგაშტერებს, საიდანაც ცოტა ხნის წინ მოხვედი და მიგახვედრებს, რომ დროა, ისევ დაუბრუნდე სამუდამო სამყოფელს.

რატომ არ არის მარადიული ჩვენი არსება? რატომ ვემსგავსებით სიცოცხლის ბოლოს ჩასაქრობად გამზადებულ ჩამოღვენთილ სანთელს? ჩვენ და ჩვენი ხელითვე ჩამოქნილი კელაპტარი ერთ კანონს ვემორჩილებით – ორივე ვიჟანგებით ჩვენივე მასაზრდოებელი ჟანგბადით. დიახ, ვიჟანგებით, ისევე როგორც რკინა, ალუმინი თუ სხვა მეტალი და არამეტალი. ალბათ ამიტომაც არის, ქიმიურ ტერმინ „ჟანგს” ასე კარგად რომ იცნობენ არაქიმიკოსებიც.

როგორც ამბობენ, ჩვენი სამყაროს დასაბამს მზის სისტემაში ახალფეხადგმული ჩვენი პლანეტა კაშკაშა და მბრწყინავი იყო. დედამიწის ზედაპირზე ყველა ელემენტი თითქმის თავისუფალი სახით არსებობდა. რკინა რკინობდა, ალუმინი ალუმინობდა, სილიციუმიც თავისი დახვეწილი წახნაგებით ეკეკლუცებოდა მზის ათინათს. ჰაერიც სხვაგვარი გვქონდა, ჟანგბადს სანთლით ვერ იპოვიდით. მერე კი ბაცილა შეეყარა დედამიწას – ბაქტერიები, ლურჯი ფერის გამო ციანობაქტერიები რომ დავარქვით. მათ თავიანთ პაწაწინა სტომაქებში ჟანგბადის გამომუშავება დაიწყეს და იმ დღიდან მიეცა დასაბამი ჟანგების გაბატონებას სამყაროში. ჰაერში მოხვედრილი ჟანგბადი ვერ იგუეს დედამიწის ზედაპირზე მოლივლივე ელემენტებმა, ხარბად დაიწყეს მისი შთანთქმა და სილიციუმი სილიციუმის ჟანგად იქცა, რკინა – ხენჯად, ალუმინმაც ოქსიდის ქურქი მოიცვა…

ასე ნელ-ნელა დაიჟანგა დედამიწის მთელი ზედაპირი და სახე იცვალა – ტანი ჩამოეღრანტა, ბრწყინვალებაც დაკარგა… ციანობაქტერიების ამქარს ცოტა ხნის შემდეგ მცენარეებიც შეუერთდნენ. დედამიწის ჟანგბადით „დაბომბვაში” მათ მძიმე არტილერიის როლი შეასრულეს. მათ მიერ წარმოებული ჟანგბადის რაოდენობა უკვე დედამიწის წიაღსაც მისწვდა და ყველა აქტიურ ელემენტს უცვალა სახე და ფორმა. უფრო მეტიც – ჰაერში დაიწყო დაგროვება და როდესაც მისმა რაოდენობამ 10%-ს მიაღწია, გაჩნდნენ სხვადასხვა ჯურის ზავრები. კიდევ უფრო გაცხოველდა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ჟანგვის პროცესი. ახლა ელემენტებთან ერთად (თუმცა ისინი თითქმის უკვე დაჟანგულები იყვნენ) ცოცხალმა ორგანიზმებმაც იწყეს ჟანგვა. უფრო მეტიც: მათი არსებობა მთლიანად ჟანგვის პროცესზე იყო დამოკიდებული – ცოცხალი ორგანიზმების „ძრავა” ხომ ნახშირწყლების „წვის” პრინციპზე ააგეს მისმა კონსტრუქტორებმა.

არსებობას მოძრაობა სჭირდება, მოძრაობას – ენერგია. თბომავალი მოძრაობაში ნახშირს მოჰყავს, ავტომანქანა – შიდაწვის ძრავაში აფეთქებულ (დაჟანგულ) საწვავს, ადამიანი და სხვა სულიერები – დაჟანგულ გლუკოზას.

ორთქლმავლის ძრავა მრავალი დეტალისგან შედგება. ზოგჯერ რომელიმე მათგანი ტყდება და ვიდრე სულ მთლად გაჩერდებოდეს, ძიგძიგს იწყებს. ცოცხალი ორგანიზმის ძრავაც მრავალი უჯრედისგან შედგება და ზოგჯერ ისიც გამოდის მწყობრიდან. გლუკოზის ჟანგვის ციკლში ირღვევა პროცესის ნორმალური დინება და ჩვენი ძრავა ბიძგებითა და ჭრიალით იწყებს მუშაობას, რასაც უბრალო მოკვდავნი ტკივილსა და გმინვას ვეძახით, ექიმები კი – კანცერს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი