პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ძლიერი მასწავლებლები პატარა ევროპული საზოგადოებიდან

ცოტა ხნის წინ რამდენიმე დღით კვიპროსის რესპუბლიკაში გახლდით. ჩემი სასწავლო ვიზიტის მიზანი კუნძულის ორ რეგიონს შორის არსებული კონფლიქტის შესწავლა იყო. ერთი კვირის განმავლობაში თხუთმეტ მოხსენებას მოვუსმინეთ. ჩემდა გასაოცრად, შიდა პოლიტიკის თემებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სემინარზე მასწავლებლებისა და მათი პროფკავშირის შესახებ მოგვიწია საუბარი. ხმელთაშუა ზღვის პატარა სახელმწიფოში მასწავლებლები პოლიტიკური პროცესების უძლიერესი და ძალიან გავლენიანი მონაწილენი ყოფილან. კვიპროსის ისტორიის რამდენიმე გადამწყვეტ მომენტში პედაგოგებმა საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იტვირთეს. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, მშვიდობის მშენებლობის საქმეში მასწავლებელთა მონაწილეობის მნიშვნელოვანი როლის შესახებ თუ მოგიყვებით.

კვიპროსის ისტორიაში ადამიანი უამრავ უცნაურ თავგადასავალსა და საშინელ ქარტეხილს გადააწყდება. ქვეყნის წარსული რაღაცით ნამდვილად ჰგავს საქართველოს პოლიტიკურ გამოცდილებას. საუკუნეთა განმავლობაში კუნძულს ელინისტური კულტურის წარმომადგენლების გარდა სპარსები, არაბები, ბიზანტიელები, ვენეციელები, ქრისტიანულ ორდენთა წარმომადგენლები, ოტომანები და ბრიტანელები მართავდნენ. ბუნებრივია, რომ თითოეულმა ჰეგემონმა საკუთარი კვალი დააჩნია პატარა საზოგადოების განვითარების გზას. შედეგად, დღეს კვიპროსში ორი მრავალრიცხოვანი, ბერძნული და თურქული კომუნების გარდა სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ათასობით ადამიანი ცხოვრობს.

კუნძულის ისტორიაში განსაკუთრებით მძიმე პერიოდი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში იდგა. 1960 წელს კვიპროსმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სახელმწიფოს ერთიანობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ბერძნულმა და თურქულმა ნაციონალიზმმა, დიდი მეზობლების რეგიონალურმა იმპერიალიზმმა მალევე ჩაუყარა საფუძველი ეთნიკურ შუღლს ორ უდიდეს კვიპროსულ სოციალურ ჯგუფს შორის. ფაქტობრივად, 1963 წლიდან ერთმანეთისაგან გაიმიჯნნენ ბერძნული და თურქული პოლიტიკური ერთეულები. 1974 წლის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, თურქული ჯარების დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოსვლამ კი საბოლოოდ ჩატეხა ხიდი კუნძულის ორ მხარეს შორის. მაშასადამე, დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში კვიპროსი ორ ნაწილად არის გაყოფილი. დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის თანამშრომლობის განვითარება წლების განმავლობაში გადაულახავ წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული. ხშირ შემთხვევებში მხარეებს შორის ურთიერთობათა შეუფერხებელი წარმოება დღემდე სირთულეს წარმოადგენს.

 

ეთნიკური ჯგუფების მორიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისათვის ყველაზე ხელსაყრელი ნიადაგი 2000-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის მონაწილეობით საერთაშორისო საზოგადოებამ კვიპროსის გაერთიანების გეგმა შეიმუშავა. დღის წესრიგში დადგა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირების საკითხიც. აუცილებელი გახდა თურქულ მხარეს ევროპული არჩევანისა და ანანის გეგმის მხარდამჭერი კამპანიის ორგანიზება, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება მონდომებით ეწინააღმდეგებოდა კონფლიქტის გადაწყვეტის ამგვარ პერსპექტივას. ჩრდილოეთ კვიპროსში მდებარე თურქეთის საელჩოც არ თმობდა პოზიციებს და ყველანაირად ცდილობდა არსებული, მისთვის ხელსაყრელი „სტატუს კვოს” შენარჩუნებას. თავდაპირველად, დაწინაურებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაბედეს მთავრობასთან დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, 2001 და 2002 წლებში კუნძულს მასობრივი დემონსტრაციების ტალღამ გადაუარა. ვინ იყო ამ აქციების ორგანიზატორი? ვინ მოახერხა რეგიონის ყველა პროგრესული ძალის გაერთიანება? ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის დაცვის მიზნითა და კუნძულის გაერთიანების იდეით, თურქეთზე ფინანსურად დამოკიდებული საზოგადოების მობილიზება ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის მასწავლებელთა პროფკავშირებმა მოახერხა. დემონსტრაციების შემდგომ, რეფერენდუმზე თურქ კვიპროსელთა 73%-მა მხარი სახელმწიფოს გაერთიანებას დაუჭირა. მართალია, პროცესის დასასრულს კონფლიქტი ვერ გადაწყდა (ბერძნულმა მოსახლეობამ უარი თქვა გაერთიანებაზე), მაგრამ დღეს ჩრდილოელთა უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირის პასპორტის ფლობის შესაძლებლობა აქვს. ინდივიდუალურ დონეზე კომუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა 2004 წლიდან აღარ არსებობს. ამ საქმეში კი უდავოდ დიდია კვიპროსელ პედაგოგთა როლი.

რეფერენდუმის უშედეგოდ დასრულება სერიოზული საზოგადოებრივი იმედგაცრუების მიზეზი გახდა კუნძულის ორივე მხარეს. ბერძნულ და თურქულ კომუნებში კვლავ ნაციონალისტური განწყობების მქონე ძალები გააქტიურდნენ. დაყოფის მომხრეებმა, კონფლიქტის გადაწყვეტის მოწინააღმდეგეებმა საკუთარი მოქმედებების მთავარ სტრატეგიად ისტორიის ინსტრუმენტალიზაციის პოლიტიკა აირჩიეს. მაშასადამე, მათ პრიორიტეტულად მიიჩნიეს ისტორიის სახელმძღვანელოების გამოყენებით მოსწავლეებში ფსევდოპატრიოტული გრძნობების გაღვივება. სასკოლო წიგნებში წარმოჩენილი, ე.წ. „პატრიოტიზმი” წლების განმავლობაში ურთიერთსიძულვილის, უნდობლობისა და შეურიგებლობის კულტივირების წინაპირობად იქცა. უკვე დიდი ხანია უმძიმესი შედეგების მომტან განათლების პოლიტიკას ყველაზე აქტიურად მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან. მასწავლებელთა პროფკავშირები კვიპროსში სპეციალური პროგრამების (“Peace education”) დანერგვისთვის იბრძვიან და კონფლიქტის გადაწყვეტის საქმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაწილეებად მიიჩნევიან. შესაბამისად, საერთაშორისო თუ ადგილობრივი საზოგადოება ყოველთვის ითვალისწინებს ან პატივს სცემს პედაგოგთა პროფესიული გაერთიანების ინტერესებს.

ერთ-ერთ ყველაზე მეორეხარისხოვან და პერიფერიულ, კონფლიქტებითა და სამოქალაქო დაპირისპირებებით გამორჩეულ, ძალიან პატარა ევროპულ საზოგადოებაშიც კი მასწავლებლები და მათი პროფკავშირები უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ფუნქციას ასრულებენ და გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე. შვიდი დღე განსაკუთრებულად გულდაწყვეტილი ვუსმენდი ცნობებს ხმელთაშუა ზღვისპირელ პედაგოგთა შესახებ და ვოცნებობდი სამოქალაქო საზოგადოების მთავარ ძალად ჩამოყალიბებულ ქართველ მასწავლებლებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი