პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მარადიული ოდისეა

ლიტერატურის ყველაზე მთავარი ამბავი მაინც ოდისეა მგონია. ომისა და სახლში ვერდაბრუნების მარადიული სევდა. ყველაზე ნაღვლიანი ისტორია, ყველაზე დიდი განშორება და შეხვედრა.
საერთოდაც, გინდათ, რაღაცაში გამოგიტყდეთ? მე ალტერნატიული მითოლოგიისაც მჯერა, რომელიც სადღაც არის და ჯერ კიდევ ელის აღმომჩენს.

ჰოდა, ამ ალტერნატიული მითოლოგიის მიხედვით, დარწმუნებული ვარ, რომ ოდისევსი თავიდანვე პოეტი იყო, ან ტროას ომში დაიწყო წერა, ან ცოტა მერე,  მსუბუქი ყოფაქცევის ქალღმერთებს რომ გადაეკიდა,  მეგობრები რომ დაკარგა, მეგზურები რომ შემოეფანტა. ჰოდა, იქნებ არსებობს კიდევ „ილიადასა” და „ოდისეის” სხვა ვერსია, რომლის ავტორიც თავად ოდისევსია, ყველაზე ჭკვიანი და მოხერხებული მეომარი, სამყაროს ყველაზე მაგარი მეტაფორის – ხის ცხენის – ავტორი.

მოკლედ, შორიდან დავიწყე. არადა, არც ისე ანტიკურ პოეტზე მინდოდა თქვენთვის მომეყოლა, სულ რაღაც, გასულ საუკუნეზე, სულ რაღაც  ბერძენ ნობელიანტზე – იორგოს სეფერისზე.

პირველი მიზეზი, რატომაც მასზე თქვენთან საუბარი მომინდა, რასაკვირველია, სუბიექტურია, ის ჩემს საყვარელ პოეტთა შორისაა.

მეორე – ესეც სუბიექტურია. ისიც, როგორც მე, თურქეთიდან ემიგრირებული ბერძნული დიასპორის ნაწილია.

მესამე – სულ მგონია, რომ ბერძნები და ქართველები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ხასიათით, ტემპერამენტით, წარსულის გაიდეალებით, აწმყოსთან დაკავშირებული ეჭვითა და ნიჰილიზმით, დაკარგული ტერიტორიებით, თავისუფლებისთვის ბრძოლით და მთავარი კითხვით?  აქვს თუ არა ძველ ბერძნულ კულტურას გაგრძელება დღევანდელი ბერძნული კულტურის სახით? ასევეა ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი ცნობილი მწერლის პერიფრაზი რომ გავაკეთო, იმ ბედაურებზე ის  ქართველები შესხდნენ და გააჭენეს?

ყველაზე ზუსტი და კარგი პასუხი ამ კითხვაზე სწორედ იორგოს სეფერისთან ვიპოვე, ეს ქართულ რეალობასაც მოუხდება და ბერძნულსაც :

„არ ვამბობ, რომ ჩვენც ის სისხლი გვაქვს (რაც ჩვენს წინაპრებს) – რადგან რასისტური თეორიების მეშინია – მაგრამ ჩვენც იმავე ქვეყანაში ვცხოვრობთ და იმავე მთებს გავყურებთ, სანაპიროდან პირდაპირ ზღვაში რომ ეშვებიან”.

მოკლედ, მგონი, დაგისაბუთეთ, რატომ ვსაუბრობთ დღეს დიდ ბერძენ პოეტზე – იორგოს სეფერისზე.

ქალაქი, სადაც 1900 წელს  იორგოს სეფერისი  (სეფერიადისი) დაიბადა,  თურქული წარმოთქმით იზმირად იწოდება, ბერძნებისთვის კი ის სმირნაა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი ბერძნული ლიტერატურისათვის, რადგან  ჰომეროსის ბიოგრაფიის შვიდი, ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსიებიდან ერთ-ერთი, სწორედ სმირნას ასახელებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეტის დაბადების ადგილად. ეს ამბავიც სიმბოლური მგონია, შვიდი ქალაქიდან ერთ-ერთში ბოლოსდაბოლოს, დაზუსტებულად იშვა მსოფლიო მნიშვნელობის ბერძენი პოეტი.

მშობლიური ქალაქი მისმა ოჯახმა მალე დატოვა და საცხოვრებლად ათენში გადავიდა. ამის მიზეზი გართულებული თურქულ-ბერძნული ურთიერთობების გარდა, ალბათ ოჯახის უფროსის, სტელიოს სეფერიადისის სურვილიც იყო, რომ მის შვილებს უფრო ადვილ, ბერძნულ გარემოში ეცხოვრათ.

ათენის მერე სწავლა ჯერ საფრანგეთში, მერე ინგლისში გააგრძელა სეფერისმა და ელადაში ძალიან კარგი დიპლომატიური და იურიდიული განათლებით დაბრუნდა. ამის შემდეგ, თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა. ხომ არის მეოცე საუკუნის ოდისევსისთვის შესაფერისი კარიერა? მაგრამ ამავე დროს მეოცე საუკუნის ოდისევსი პოეტიც იყო, თან ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის პოეზიამ სრულიად შეცვალა ბერძნული პოეზიის ტრადიციული ხაზი და ახალი პოეტიკა დაამკვიდრა.

იორგოს სეფერისი სურათხატია იმისა, როგორ შეიძლება გარედან, სხვა რეალობიდან მოსულმა ადამიანმა რეინტეგრაციის პროცესი გაიაროს, ჩამოყალიბდეს პიროვნებად, რომელიც თავად შეცვლის სამყაროს, სადაც ის მოხვდა.

თუმცა, საუკუნე, როდესაც ის ცხოვრობდა სულაც არ იყო მარტივი საუკუნე, პირიქით. ყველა ეპოქას თავისი ილიონი აქვს, მეოცე საუკუნის საბერძნეთსაც ჰქონდა.

პირველი მსოფლიო ომი, თურქეთ-საბერძნეთის დაპირისპირება, თურქეთში მცხოვრები  ბერძნული დიასპორის დევნა და საბოლოო გამოდევნა, ბერძენი მიგრანტები, ბერძნული რევოლუციები, მეორე მსოფლიო ომი და ფაშიზმი, ტოტალიტარიზმი და ტირანია და ხანგრძლივი ემიგრაცია…

მეოცე საუკუნის ოდისევსმა იმაზე მეტი გადაიტანა ვიდრე მისმა ანტიკურმა პროტოტიპმა. 1922 წელს სმირნაში განვითარებული ცნობილი მოვლენების დროს, როცა ბერძნები ქალაქიდან გამოდევნეს და მათი სახლები გადაწვეს, ოდისევსი ბავშვობის სახლის გარეშე დარჩა – ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა.

””…ან იქნება რა, სულაც არ რჩება არაფერი
გარდა სიმძიმის
იქნებ სიმძიმე გვენატრება ჩვენ ცოცხლად ყოფნის
უფესვებონი მორჩილად რომ ვითმენთ და  ველით….””

შემდეგ იყო უამრავ ქვეყანაში მოგზაურობა, ცხოვრება, კიდევ ერთხელ, ხელახლა მოპოვებული სახლის თავიდან მიტოვება, შრომატევადი და მჩქეფარე დიპლომატიური სამსახური,  დაპირისპირება ავტორიტარულ მმართველობასთან, ლიტერატურული წარმატება, პოპულარობა,  ნობელის პრემია ლიტერატურაში… და მაინც, იორგოს სეფერისი სახეა მეოცე საუკუნის ოდისევსისა, რომელიც დაბრუნდა თუ არა ითაკაში, არავინ იცის.

ამდენი კი მხოლოდ იმიტომ გელაპარაკეთ, რომ მინდა მისი ლექსები მოძებნოთ და წაიკითხოთ, სულ ესაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი