პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წინასწარ განსაზღვრულობა

რამდენიმე დღის წინ უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ერთ-ერთი გამოცემისთვის ახალ ავტორებს ვეძებდი. ათეულობით რეზიუმეს გაცნობის შემდეგ ყველაზე საინტერესო პრეტენდენტები გასაუბრებაზე დავიბარე. დიდი, მრგვალი მაგიდის გარშემო შეკრებილებმა აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ იყო კმაყოფილი არჩეული პროფესიით და უმეტესობას ძნელად წარმოედგინა თავი იმის სპეციალისტად, რასაც სწავლობდა. ისინი მეტისმეტად ახალგაზრდები იყვნენ, უმეტესობა – ჯერ კიდევ სტუდენტი. მეც დაახლოებით ამხელა ვიქნებოდი, როცა მივხვდი, რომ ის, რასაც ვსწავლობდი, საინტერესო კი იყო, მაგრამ არც იმდენად, მთელი ცხოვრება მისთვის მიმეძღვნა. ცოტა უფრო დიდი ვიყავი, როცა ერთ შეცდომას მეორე დავუმატე და მაგისტრატურაში იმავე უნივერსიტეტში, მონათესავე სპეციალობაზე ჩავაბარე. მთავარი, რაც თითქმის ექვსწლიანმა სწავლის პროცესმა მასწავლა, ის არის, რომ თუ გინდა, რაიმე კარგად გააკეთო, სულითა და გულით უნდა შეიყვარო. სხვანაირად არაფერი გამოვა. სხვანაირად ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგწყინდება, ხალისი დაგეკარგება, ენთუზიაზმი გაგიქრება და ყველაფერი აუტანელ რუტინად გადაიქცევა.

 

ასეც ვუთხარი მათ, ვისაც ნაადრევად და გაუცნობიერებლად მოუწია ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება, ვინც ახლა იწყებს მუშაობას, ვინც პირველ სამსახურს ეძებს. მგონია, რომ რაც მეტი ხალხი აირჩევს პროფესიას სიყვარულით, მით მეტი პროფესიონალი იქნება ჩვენ გვერდით, მეტი პროდუქტიული ადამიანი, მეტი კარგად გაკეთებული საქმე.

ჩვენს თაობაზე საუბრისას, როგორც წესი, ბნელ 90-იანებს, გადატანილ ომებს და მძიმე სოციალურ პირობებს ახსენებენ. იმ შეხვედრის შემდეგ ვიფიქრე, რომ მძიმე სოციალურ პირობებზე არანაკლებ ძნელად გადასატანი წინასწარ განსაზღვრული მომავალი, გაუცნობიერებლად გაკეთებული არჩევანი და ათასობით თავისი საქმისადმი გულგრილი სპეციალისტია, რომელთა ხელშიც მერე კიდევ უფრო მეტი ხალხის ბედი აღმოჩნდება ხოლმე.

ათი წლის წინ, სკოლას რომ ვამთავრებდი, წინასწარ განსაზღვრული მომავალი ასეთი იყო: ბიჭების უმეტესობა ეკონომიკურზე აბარებდა და დღეში ათი კაცისგან მაინც მოისმენდი ჯადოსნურ სიტყვათშეთანხმებას: „საბანკო-საფინანსო”; გოგოები ჟურნალისტობაზე ოცნებობდნენ და ჰუმანიტარული ფაკულტეტის ვარიაციებზე ნაწილდებოდნენ: უცხო ენები – ფილოლოგიური – საერთაშორისო ურთიერთობები. ეს ერთგვარი მემკვიდრეობაა ჩვენი მშობლების ყოფისა, სადაც კაცები ინჟინერ-ეკონომისტები იყვნენ, ქალები კი – ან დიასახლისები, ან ექიმები და პედაგოგები. მაგრამ მაშინ სხვა რეალობა იყო, საბჭოთა კავშირში არავის უწევდა სამსახურის ძებნა და უკეთესი მდგომარეობისთვისაც არც პროფესიონალიზმი გახლდათ მაინცდამაინც აუცილებელი. სისტემა ასაქმებდა და ინახავდა ყველას, ვისაც კონკრეტულ ადგილას ყოფნა შეეძლო. სისტემას ხელს აძლევდა მასზე დამოკიდებული ადამიანები მყარი საყრდენის, საკუთარი თავის რწმენისა და ამბიციების გარეშე. ალბათ ამიტომაც იყო, იმპერიის დაშლის შემდეგ ასე რომ გაუჭირდა ხალხს ვექტორების პოვნა – არ იყვნენ დამოუკიდებლად ცხოვრებას მიჩვეულები.

ისინი, ვისაც რამდენიმე დღის წინ შევხვდი, სრულიად სხვანაირები აღმოჩნდნენ: სისტემის გამოზრდილი ადამიანების დამოუკიდებელი შვილები. ახალგაზრდები, რომლებმაც შეძლეს და მალევე აღიარეს პროფესიის არჩევისას დაშვებული შეცდომები, რომლებიც ხედავდნენ განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს და უკმაყოფილონი იყვნენ ამა თუ იმ სასწავლო პროგრამით. ცალკე მცხოვრები და საკუთარი ჯიბის ფულისთვის მომუშავე თავისუფალი ადამიანები. მათ იციან, რომ თუ მოინდომებენ, მიზანს მიაღწევენ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ სასურველი რეალობისკენ: ზოგი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გეგმავს, ზოგი – მარტო ცხოვრებას, ზოგი – ფინანსურ დამოუკიდებლობას, ზოგიც – ახალი სპეციალობის შეძენას.

ჩვენი შეხვედრის შემდეგ ხშირად ვიხსენებ მათ და ვცდილობ გამოვიცნო, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ჩვენს წინასწარ განსაზღვრულ რეალობაზე. გარემოზე, სადაც ძნელად თუ შეცვლი რამეს. მოძალადე სისტემებსა და ადამიანებზე, რომლებსაც უჭირთ ფეხზე მყარად დგომა, მყარი პოზიციის ქონა და მისი დაცვა. მარტივი ლოგიკის თანახმად, ვინაიდან პრობლემა რთული და კომპლექსურია, „დამნაშავეც” ბევრი უნდა იყოს და ალბათ არ იქნება ურიგო, თუ ყველა ვაღიარებთ ჩვენს წილ შეცდომას და ავიღებთ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც ამას ეს გოგო-ბიჭები აკეთებდნენ: საკუთარი თავის შეცვლით, ახლის ძიებით, პროფესიის გამოცვლით, დაუღალავი შრომით. ურიგო არ იქნება, თუ ახალგაზრდების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში უფროსები ნაკლებად ჩავერევით, გადამწყვეტ წუთამდე კი მათ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას მივაწვდით, მეტ ალტერნატივას შევთავაზებთ, უფრო ფართო არჩევანს მივცემთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი