ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დაწყვეტამდე დაჭიმული ნერვებით

ის დროა, ღამისთევებისგან გამოფიტული, უმოქმედობისგან დათრგუნულიც და გაბრაზებულიც, საკუთარ თავს ვაწყდები და ენაზე მომდგარ სიტყვას დაუმუშავებლად ვამბობ, აღარავის რიდი და დარდი აღარ მაქვს. 
ბევრი რამ შეიცვალა. აგერ, სულ რომ არ ველოდით და სულ რომ არ გვეგონა ისე, ომი მოხდა და რომ გვჯეროდა, უფრო შეგვკრავდა და გაგვაერთიანებდა, პირიქით – სამუდამოდ მიგვაჯაჭვა ჩვენ-ჩვენ სარდაფებსა და მიწურებს.
ომიდან წელიწადი იყო გასული, ცოტა მეტი. ქუჩაში შემხვედრ ხალხს რომ ვუყურებდი, მეგონა ისინიც კუჭის წყლულით, ნევროზითა და ჰაერის უკმარისობით იტანჯებოდნენ. ეს სამი მიზეზი სავსებით საკმარისია იმისათვის, მოსვენება რომ დაკარგო. მაგრამ ეს სამივე მიზეზი იმაშიც გეხმარება, სხვასაც დააკარგვინო მოსვენება.
მეც, როგორც ყველა აზრზე მოსული და გაბრაზებული ბიჭი, ვცდილობდი ჩემსავით სხვასაც არ სძინებოდა და მთელი ღამეები ათას სისულელეზე ველაპარაკებოდი მაიკოს. იშვიათად რამე ჭკვიანური. ყოველ შემთხვევაში – დღეს, აქედან ასე ჩანს. ყოველ ღამე თითქოს ის განცდა მეუფლებოდა, ორიოდე წლის წინ, ნაავარიევს, ტომოგრაფიის აკლდამაში შესვლისას რომ ჩამისახლდა გვამში და ვცდილობდი, ამ გაბრდღვიალებული წყვდიადიდან გამომეღწია. 
ერთ დღესაც მაიკოს ვურჩიე „აველუმი” წაეკითხა. „მწარე წიგნია” – მგონი ასე ვუთხარი და არც ახლა გადავთქვამ ამ სიტყვებს, „ყველაზე მწარე წიგნი ოთარ ჭილაძის რომანებიდან”. ვერ გეტყვით, რატომ „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” არა, რომლის ფასიც იშვიათად დაწერილა ქართულ ლიტერატურაში. ეტყობა, განწყობამ და ხასიათმა თავისი გაიტანა.
რატომღაც მჯერა, რომ „აველუმი” დაწყვეტამდე დაჭიმული ნერვების კაცმა დაწერა, გულმოსულმა და იმ დროისათვის (ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის პირველი წლებია) უჩვეულოდ გულახდილმა, რომელმაც სხვებზე მეტი იცხოვრა („მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს”) და სხვებზე მეტი გამოგლიჯა ამ ცხოვრებას.
მაიკო დიდხანს, სვენებ-სვენებით კითხულობდა წიგნს და ჩვენ – მობილურ ტელეფონებზე ჩამოკიდებულები, ერთმანეთს საგრძნობლად დაშორებული ორი ქალაქიდან ვცდილობდით ჩავწვდომოდით „სიყვარულის იმპერიის” ოდისევსის – აველუმის ცხოვრებას; მის მიწყდომ-მოწყდომას ერთი სამყაროდან (ერთი ქალიდან) მეორისკენ, რომ ბოლოს ისევ თავის მიწას, თავის ითაკას, თავის მელანიას დაბრუნებოდა. მაიკოს, მახსოვს, ის ადგილი მოსწონდა განსაკუთრებით, მელანია რომ „ჩაჯდებოდა სავარძელში ტელევიზორის წინ, ცელოფანის პარკიდან ამოიღებდა რკინის ჩხირებსა და ძაფის გორგალს და, ვინ იცის მერამდენედ, გაუყვებოდა აველუმთან ერთად გამოვლილ გზას, ხან თავიდან ბოლომდე და ხან ბოლოდან თავამდე, რის გამოც, ძალაუნებურად, ნაქსოვიც მათ გზას ემსგავსებოდა – დაბლანდული, დახლართული, ბოლომდე გაურკვეველი, ჩხირების ნებაზე მიშვებული”.

…იმ დღის, 2009 წლის 1 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად მოისმენდით, რომ ოთარ ჭილაძე სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმედ ავადმყოფობდა. იყო ბევრი ეპითეტი, ზოგან სრულიად სტანდარტული და ამაღლებულად შაბლონური, პათეტიკური ტექსტები, რომელიც უმალ საბჭოთა ენციკლოპედიიდან და „გუგლიდან” ამოკრებილ ინფორმაციებს ეყრდნობოდა, ვიდრე დიდი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების თუნდაც ზოგად ცოდნას.
შუადღისას ტელეფონის ეკრანზე ნაცნობი სახელი აციმციმდა. „გისამძიმრებ!” – მაიკო იყო, რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ კი: 
– უცნაური რამე მოხდა. წუხელ, რომ არ გამოჩნდი, გვიანობამდე შევყევი „აველუმს”. რაღაცები ხელახლა წავიკითხე. ის სიტყვები გახსოვს? თავში რომ ამბობს, ერთ ადგილას: „მოცლილო მკითხველო… არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. ხვალ კი არა, დღეს რა მოხდება, ის არ ვიცით, არ ვიცით, ერთი საათის მერე ცოცხლები ვიქნებით თუ არა საერთოდ…” ეს წავიკითხე მაშინ, მაგრამ თითქოს რა ისეთი განსაკუთრებული, შეიძლება ბევრმა გაიფიქროს ასე. ამ წუთას კი ინტერნეტში გადავაწყდი ინფორმაციას, – და მაიკომ ათრთოლებული ხმით, დამარცვლით წამიკითხა: „დღეს, გამთენიისას ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს” მწერლის შვილმა, ზაზა ჭილაძემ განუცხადა, ოთარ ჭილაძე გულისა და ფილტვების მწვავე უკმარისობით იყო ავად: „იგი საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში იწვა და დღეს გამთენიისას, დაახლოებით 03:30 საათზე გარდაიცვალა”. 
რამდენიმე წამი ჩუმად ვიყავი და აფორიაქებულის სიმშვიდით ვუცდიდი „მწარე და ძვირფასი” ამბის მაიკოსგან გამხელას:
– ზუსტად იმ დროს, როცა მე მის სიტყვებს ვკითხულობდი, გამთენიისას… ცოცხლები ვიქნებით თუ არაო… ზუსტად იმ დროს… ის კვდებოდა!
…თითქოს გუშინ იყო, არადა ხუთი წელი გასულა, რაც აველუმი აღარ არის.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი