პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ნიკუშას

ჩემი ძმიშვილი – ნიკუშა, წელს პირველი კლასის მოსწავლე გახდა. იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახში უკანასკნელმა მე გამოვიარე სკოლის წლები, ანუ მოწაფეობის ავან-ჩავანი წესით დანარჩენებზე უკეთ უნდა მახსოვდეს, გადავწყვიტე წერილი მივწერო მას. იქნებ რამეში გამოადგეს კიდეც. „რა უნდა ისწავლო სკოლაში?” – ვკითხე ნიკუშას რამდენიმე დღის წინ, რაზეც დაუფიქრებლად მიპასუხა – „კითხვა”. იმედი მაქვს, როდესაც კითხვას ისწავლის, ამ წერილისთვისაც დარჩება დრო.

ნიკუშა,
მეოთხე კლასი რომ დავამთავრე, მეგონა ცხოვრებაში უკვე ყველაფერი მქონდა ნანახი. კითხვა შემეძლო, წერაც ვიცოდი. რიცხვების ნამრავლის გასაგებად 12 ფურცლიანი მწვანე რვეულის (ზედ რუსული ასოებით ეწერა ხოლმე – ТЕТРАДЬ) უკანა გარეკანზე დახედვა სულ უფრო იშვიათად მჭირდებოდა, 1-ლი სექტემბრისთვის ჩემი ძმის, მამაშენის გამონაცვალის მაგივრად, ბებიაშენმა და ბაბუაშენმა ლილოს ბაზრობიდან თეთრი ბოტასი მომიტანეს, რაც ჩემს ცხოვრებაში იმავე წონის მოვლენა იყო, როგორიც მსოფლიოს ისტორიიისთვის დასავლეთ რომის იმპერიის დაცემაა. ისტორიის მასწავლებელი ამ ამბავს ალბათ ცოტა მოგიყვებათ მოგიყვებათ და მაშინ კი ნამდვილად მიხვდები რა ძვირფასი იყო ჩემთვის ის ფეხსაცმელი.
თუმცა, მეხუთე კლასამდე დიდხანს ვიარე…
ჩემს დამრიგებელს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მზრდიდა, ქაღალდისგან დამზადებული 5-იანებისა და 2-იანების გულსაბნევები ჰქონდა, რომლებსაც ხან მკერდზე გვამაგრებდა, ხან – თმაში, იმის მიხედვით, თუ რა ნიშანს მივიღებდით, ან როგორ მოვიქცეოდით. ამ წამოწყების მთავარი იდეა ის იყო, რომ გულსაბნევი სახლამდე უნდა გკეთებოდა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგეხსნა. გვჯეროდა, რომ ჩვენს მასწავლებელს არგუსის მსგავსად (მის შესახებ მითოლოგიის წიგნში წაიკითხავ) მრავალი თვალი ჰქონდა და ჩვენს თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდა. არ მოგატყუებ, ვისთან-ვისთან და შენთან ტყუილი არაფერში მჭირდება – ხუთიანითაც გამივლია ჩვენს სახლამდე მისასვლელი გზა და ორიანითაც, თუმცა, უნდა ვაღიარო, პირველ ჯერზე გვარიანად ვინერვიულე. მთელი გზა ტირილ-ტირილით გავლიე. მერე ამეკვიატა აზრი, რომ მამაჩემს სამსახურში გააგებინეს ჩემი ორიანის ამბავი და დამალვა აღარ გამოვიდოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს ორიანით გულდამშვენებული დავხვედროდი. მისხალი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა მოხდა ამის შემდეგ, ანუ რა მითხრა ბაბუაშენმა. დამეფიცება, ამ ამბის გამო, ერთი რამ ბოლომდე, დიდი ლურსმნით ჩავიჭედე გონებაში და არასოდეს ამომვარდნია: ყველაფერი, რასაც განგებ ან შემთხვევით ვაკეთებ თუ ვაფუჭებ, ყველაფერი, რაც ჩემი ნახელავია, ჩემს ზურგჩანთაში დევს და მასზე პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ, რადგანაც ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან. ლაჩრებს კი მოგვიანებით – ლიტერატურაში, ისტორიასა და რეალურ ცხოვრებაშიც, ბევრს შეხვდები. დააშავებ რამეს? – ისწავლე საკუთარ შეცდომაზე, მწარე გაკვეთილად მიიღე ის და აღარასოდეს გაიმეორო, მაგრამ არამც და არამც არ უარყო საკუთარი საქციელი და არც პასუხისმგებლობა აირიდო თავიდან.
წლების შემდეგ, ვინმე – მეზობელი, ნაცნობი, წვეულებაზე ახლადგაცნობილი გოგონა, თანამშრომელი ან იქნებ ჟურნალისტი, აუცილებლად გკითხავს, თუ როგორ გაიცანი შენი საუკეთესო მეგობარი. დამიჯერებ? – ამაზე ფიქრში ღამეები მითენებია და ვერაფრით გავიხსენე როგორ გავიცანი, მაგალითად, ირაკლი ისაკაძე – კლასელი, რომელსაც თითქოს სარკეში ჩახედვის დროს ვხედავ, 19 წელია ერთად ვართ. ნუ შეიქმნი წარმოდგენას თანაკლასელებზე იმის მიხედვით, თუ რამდენად ლამაზი კედები ან მაისური აცვიათ მათ (ასე მხოლოდ მათი მშობლების ჯიბეზე შეიძლება წარმოდგენის შექმნა), უმჯობესი იქნება მიხვიდე და პირდაპირ ჰკითხო: „რომელი სუპერგმირი ხარ?” – თუკი დაუფიქრებლად გიპასუხებს, ესეიგი მასთან მეგობრობა შეიძლება.
მეხუთე კლასში რომ გადავედი, პირველი სართულიდან მეორეზე ამოვბარგდით – დირექტორის მისაღების წინ. ჩვენმა ახალმა დამრიგებელმა ბიოლოგიის კაბინეტი დაგვითმო. ეს იყო ალბათ ყველაზე მოწესრიგებული, დალაგებული და ნიმუშებით სავსე საკლასო ოთახი მთელ შენობაში. ოთახი დაახლოებით ნახევარ წელიწადში სხვა ოთახების ინფრასტრუქტურას გავუთანაბრეთ – დავხატეთ მერხებსა და კედლებზე, ადამიანის ჩონჩხს (შეგახსენებ, ბიოლოგიის კაბინეტი იყო) ამოვაცალეთ მალები, რის შემდეგაც ჯერ ქვედა ყბა მოვატეხეთ, შემდეგ კი – ხელები მოვამტვრიეთ. ბოლოს პარკეტიც ავყარეთ. დამიჯერე, თუკი ცხოვრებაში რამის ძალიან მრცხვენია, ალბათ სწორედ ეს საქციელია. ხანდახან, როცა ლალი ყიფიანს (მაშინდელ დამრიგებელს) ქუჩაში ვხვდები, სურვილი მიჩნდება, რომ 1000 ბოდიში მოვუხადო ამის გამო, მაგრამ, როგორც წეღან გითხარი, ყველაფერი – კარგიცა და ცუდიც ზურგჩანთაში მიდევს და ამ სირცხვილის გრძნობასაც ბოლო ამოსუნთქვამდე მივიტან.
შენს მოწაფეობრივ ცხოვრებაში იქნება წლები, როცა სახლში ყველაფერი დაგრჩება ფიზკულტურის (მგონი ახლა სპორტის ჰქვია) ფორმის გარდა. ერთი სული გექნება, რომ ზარი დაირეკოს, რათა დარბაზის გასახდელ ოთახამდე ყველას მიასწრო. ცხადია, ამაში ცუდი არაფერია. აი მე კი, ფიზკულტურის გაკვეთილზე ყოველთვის ეს ამბავი მახსენდება: მეშვიდე კლასში ვართ. დარბაზთან ვდგავართ. კარი დაკეტილია. მასწავლებელი იგვიანებს. ისე ვხმაურობთ, ლამის ჭერს ვიმხობთ თავზე. ვყვირით, ვხტუნაობთ და გაუქმებული ბუფეტის კარს, რომელსაც ისედაც ძლივს უდგას სული, ფეხებს ვურტყამთ. უცებ, თითქოს ციდან ჩამოვარდაო, ნანა მასწავლებელი წაგვადგა თავზე და ხელში სწორედ ის მოიგდო, რომელიც ცელქობით გამოირჩეოდა – თორნიკე სადილიანი. ჩვენ გადავრჩით, თორნიკე კი – დირექტორთან წაიყვანეს. კრება გავმართეთ, რა ვქნათ, რით ვუშველოთო, შეიძლება გარიცხონო, დედამისს დაურეკავენო, ისაო, ესაო. იქამდე ცოტა ხნით ადრე ერთი ყმაწვილის ისტორია მქონდა მასწავლებლისგან მოსმენილი – თავისი მეგობრები ბოროტ კაცს დაუტყვევებია და ტანზე თაფლწასმულები მზის გულზე (აი, შუადღისას ჩვენი საშრობის კიდესთან როა ისეთ სიცხეში) გაუკრავს მიწაზე. ამას კიდევ უთქვამს, როგორც ჩემი მეგობრები იტანჯებიან, ისე უნდა დავიტანჯოო, მისულა, ტანსაცმელი გაუხდია და მეგობრებთან ერთად დამჯდარა (ამ ყმაწვილს ცოტნე ერქვა – მერე წაიკითხავ ამაზეც). ამ ისტორიით შთაგონებული დირექტორის კაბინეტისკენ გავემართე. მეშინოდა, მუხლები მიკანკალებდა, მეტირებოდა, მაგრამ მაინც შევედი. „მურმანი მასწ, მეც ვურტყამდი კარს ფეხებს” – ვუთხარი დირექტორს, რომელმაც სათვალის ზემოდან გადმომხედა. სადილას სახე გაუბრწყინდა და ჯიგარი ხარო – თვალებით მანიშნა. მურმანი მასწავლებელმა მოგვატყუა, პოლიციაში ვრეკავ და დაკავებააო, ამიტომაც ხელწერილები იკმარა.
გგონია ამ ამბავს იმიტომ გიყვები, რომ თავი გმირი მგონია? – არა. სულაც არა. უფრო სწორად, მაშინ მეგონა, მაგრამ ახლა ეს ისტორია ჩემი ზუგჩანთის იმ ჯიბეში გადავდე, სადაც სამარცვინო ამბებია მოთავსებული. მეგობრის თანადგომას არაფერი სჯობია, მაგრამ ხანდახან, როცა პრობლემა შეგექმნება, შეეცადე კადრები უკან გადაახვიო ხოლმე და დაინახავ, სად დაუშვი შეცდომა. შეცდომა და სწორი საქციელი ხშირად რთული გასარჩევია, ამიტომ შენს ენაზე აგიხსნი: როცა კარს ფეხებს ვურტყამდით ჩვენ ვიყავით მწვანე გობლინები და არა ადამიანი ობობები; ამ დროს ჩვენ ბოროტ ბეინს უფრო ვგავდით, ვიდრე ბეტმენს. მწვანე გობლინი და ბეინი კი, როგორც ამთავრებენ ხოლმე, ჩემგან არ გესწავლება.
კიდევ ბევრი პერიოდი დაგიდგება სკოლაში სწავლის დროს – შატალოების პერიოდი, მოწონებულ-შეყვარებულობის პერიოდი, აბიტურიენტობის პერიოდი. აქ არ არსებობს რეცეპტები. აქ ვერავინ ვერაფერს გირჩევს – ისე უნდა მოიქცე, როგორც გული და სინდისი გიკარნახებს. მთავარი იცი რა არის? – კითხვები დასვი. დაუსვი კითხვები მასწავლებლებსაც და საკუთარ თავსაც. არ მოგერიდოს, რომ არასწორად გაგიგებენ, ან სულაც – ვერ გაგიგებენ. თუკი ვინმე პასუხს ვერ გაგცემს, ჩათვალე, რომ ესეც პასუხია.
იმედი მაქვს, რომ ლიტერატურის სიყვარულში დამემსგავსები და არა ფიზიკურად.
ერთსაც მოგიყვები და ჩემით წავალ: 172-ე სკოლის შენობა, რომელშიც მე და მამაშენმა 11-11 წელი გავატარეთ, აჭრელებული იყო კურსდამთავრებულთა სახელებით. ისე მოხდა, რომ ჩემი კლასის გამოშვების წელს, სკოლა შეღებეს და მოაკოხტავეს. როცა ბოლო ზარი მოახლოვდა, ჩვენ დიდი თათბირი მოვაწყეთ და ყველამ – ოროსნებმა, ხუთოსნებმა, ცელქებმა, წყნარებმა, აღრიცხვაზე აყვანილებმა, სპორტსმენებმა, მოცეკვავეებმა – გადავწყვიტეთ, რომ კედლებზე არცერთი სახელი არ დაგვეწერა. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ზედაპირები, რომლებზეც თუკი საკუთარ ინიციალებს არ ამოტვიფრავ, შენი სახელი უფრო დიდხანს ემახსოვრებათ.
იფიქრე ამაზე.

სწავლის დაწყებას გილოცავ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი