ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მოვლენა, რომელიც სახელმძღვანელოებში ვერ მოხვდა

ჩემი მასწავლებლები ყოველთვის მირჩევდნენ სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები მოღვაწეების მემუარების კითხვას. მუდამ მიმითითებდნენ, რომ უშუალო  მონაწილეთა მიერ  მოვლენათა განსხვავებული შეფასებების ცოდნა აუცილებლად დამეხმარებოდა საკუთარი  კომპეტენტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. კეთილი ადამიანების წინადადება ჩემთვის უაღრესად სასარგებლო გამოდგა და არაერთი მნიშვნელოვანი ახალგაზრდა მაძიებლისათვის ფასეული აღმოჩენის გაკეთებაში დამეხმარა.

დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ისტორიის და ვერც სამოქალაქო განათლების ვერც ერთ სახელმძღვანელოში ვერ აღმოაჩენთ ცნობას გასული საუკუნის დასაწყისში თბილისში განვითარებული ერთ-ერთი უსერიოზულესი კონფლიქტის შესახებ. შესაძლოა, დარგის სპეციალისტების გარდა არც არავინ იცის, რომ 1905 წელს ჩვენს დედაქალაქში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის უმძიმესი შეტაკება მოხდა. მხარეების მორიგება განსაკუთრებული ჩარევის შედეგად მოხერხდა. არადა, აღნიშნული მოვლენა საკუთარ მემუარებში დაწვრილებით აქვთ აღწერილი საქართველოს განათლების პირველ მინისტრ გიორგი ლასხიშვილსაც და იმპერიული დუმის ერთ-ერთ ლიდერ ქართველ დეპუტატ ისიდორე რამიშვილსაც.

რა მოხდა 1905 წელს თბილისში?

პირველი რევოლუციის ტალღამ პერიფერიულ რეგიონებამდეც მიაღწია. სამხრეთ კავკასია თვითმპყრობელობის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი გახლდათ. სოლიდარულად მოქმედი კავკასიელი ერების დასაპირისპირებლად და წინააღმდეგობის მოძრაობიდან მათი გამოთიშვის მიზნით,  რუსებმა პროვოკაციების გზა აირჩიეს. თავდაპირველად სომეხთა და აზერბაიჯანელთა სისხლისღვრის წახალისება ორივე ეროვნების ადამიანებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, ბაქოში, ყოფით ნიადაგზე მოხდა და შემდგომ განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. ხელსაყრელი გარემოებით ისარგებლეს თბილისში მოქმედი რელიგიურ-პოლიტიკური ორგანიზაციის „ჭეშმარიტ რუსთა კავშირის” წევრებმა. ორივე ეროვნების ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი „შავრაზმელები” თბილისის ქუჩებში თავს ესხმოდნენ სომხებსაც და აზერბაიჯანელებსაც. შედეგად, ქმნიდნენ ილუზიას იმისა, რომ ბაქოს მოვლენებმა საქართველოშიც გადმოინაცვლეს. მათ მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია.  თბილისში სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ერთმანეთის ხოცვა მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკური ნიშნის საფუძველზე დაიწყეს. როგორც ისიდორე რამიშვილი გადმოგვცემს, პოლიცია და ჟანდარმერია  ცეცხლზე ნავთს ასხამდა და ღამ-ღამობით ორივე ეროვნების წარმომადგენელთა სახლებზე სპეციალურ ნიშნებს ამაგრებდა, რათა დაპირისპირებულებს ფარული თავდასხმებისას ადვილად ამოეცნოთ „მტერი”. საბოლოოდ კონფლიქტმა რუსებისთვისაც კი წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია. ბოტანიკურ ბაღთან და სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სომხური შეიარაღებული რაზმები, თათრის მოედანზე კი ხიშტიანი თოფებით აღჭურვილი აზერბაიჯანელები ჩამწკრივდნენ. ფაქტობრივად ორ ჯგუფს შორის სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება გაჩაღდა მაშინდელი თბილისის საქმიან უბანში, სალდათის ბაზრობისა და აბანოების უბანში.

ცხადია, ამ კონფლიქტს გაკოტრებული და ნდობის არმქონე ცარისტული ხელისუფლება ვერ მოაგვარებდა. მხარეების მორიგება ქართული საზოგადოების ყველაზე გავლენიანმა ძალამ, მემარცხენე მოძრაობამ იკისრა. მემარცხენეთა მანიფესტაცია ნაძალადევში დაიწყო. ისინი მსვლელობით კონფლიქტის შუაგულისკენ გაეშურნენ. ალექსანდრეს ბაღთან, ვორონცოვის ხიდზე, თვითმმართველობის მოედანზე და სხვა საკვანძო ადგილებიდან მსვლელობას ათასობით ადამიანი შეუერთდა. საბოლოოდ, ძირითადად ქართველებით დაკომპლექტებული მომიტინგეები სომეხ-აზერბაიჯანელთა ბრძოლის ველის ცენტრში დაბანაკდნენ. თითქმის ერთი კვირა მშვიდობის მოთხოვნით იყვნენ დაბანაკებულნი რეგიონის ყველაზე ცხელ წერტილში. მალე მათ შეიარაღებაც იშოვეს, რათა მომრიგებელ ბანაკზე თავდასხმის შესაძლებლობა შეემცირებინათ. თუმცა ქართულმა ბანაკმა მიზანს ვერ მიაღწია. უნებლიე გასროლამ კონფლიქტის შუაგულში ორმხრივი ცეცხლის გაჩაღება გამოიწვია. შედეგად, „წითელი ჯვრის” აქტივისტი რაჟდენ სტურუა დაიღუპა. მაშასადამე, სომეხ-აზერბაიჯანელთა ერთკვირიან საბრძოლო მოქმედებებში ფაქტობრივად ერთადერთი მსხვერპლი ქართველი აღმოჩნდა. თბილისში მცხოვრები ერების მორიგება სწორედ რაჟდენ სტურუას სამოქალაქო დაკრძალვაზე მოხდა. თუ გიორგი ლასხიშვილს ვენდობით, თბილისშივე დასრულებულმა კონფლიქტმა დედაქალაქს ბორჩალოს მაზრიდან მომავალი აზერბაიჯანული რაზმების თავდასხმა აარიდა თავიდან.

რა შეგვიძლია ვთქვათ განხილული მოვლენის საფუძველზე?

უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გავუსვათ საქართველოს მოსახლეობის განსაკუთრებულ როლს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება წარსულში კავკასიურ ეთნოსთა მორიგების საქმეში ასრულებდა. სომეხ-აზერბაიჯანელთა კონფლიქტი უშუალოდ არ ემუქრებოდა ქალაქის დანარჩენ მცხოვრებლებს. თუმცა მიუხედავად ამისა, ათასობით მოქალაქე სიცოცხლის რისკის ფასად დაპირისპირებულ მხარეთა შორის ჩადგა. აქვე უნდა ითქვას მოწინააღმდეგეთა დაზავების შედეგად დემოკრატიული მოთხოვნებით ბრძოლის გაგრძელების შესახებ. თბილისი კიდევ ორი წლის განმავლობაში იყო კავკასიური ერების სოლიდარული, ანტიცარისტული მოქმედებების მთავარი კერა.

დღეს, ამ საზოგადოების წარმომადგენლები ვეღარ ვახერხებთ ერთა შორის თანხმობის პროცესებში მთავარი ფუნქციის შესრულებას. მეტიც, ამ ეტაპზე ჩვენი მოქმედებების მთავარი იარაღი ღორის სისხლი და ამავე პირუტყვის თავი გახლავთ. იქნებ ამგვარი მორალური კრიზისის ერთ-ერთი უმცირესი წინაპირობა ისიც არის, რომ ასეთი ისტორიები თანამედროვე სახელმძღვანელოებში საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი