ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ჩვენი მთავარი ევროპელი მეგობარი

აგვისტო საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის უმძიმესი თვეა. ყველას ომის საშინელი თავგადასავლები და ასობით უსამართლოდ დაღუპული ადამიანი ახსენდება. ჩვენს ისტორიოგრაფიაში უკვე დაიწყო 2008 წლის სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ შესაბამისი მასალების შეგროვება. წელს ცნობილმა ქართველმა კინოდოკუმენტალისტმა მორიგი ფილმი გადაიღო, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმძიმეს ტრაგედიას და მის პოლიტიკური შინაარსს აღწერს. ფილმების პროფესიული შეფასება და ანალიზი ჩემი საქმე არ არის, მხოლოდ საკუთარ შთაბეჭდილებებზე შემიძლია საუბარი. თითქოს ფილმის ავტორიც და მისი რესპონდენტებიც ცდილობენ, რომ პუტინის რუსეთის შემდეგ საქართველოს ყველაზე ავისმოსურნე ქვეყნად გერმანია წარმოაჩინონ. გამიკვირდა და გავბრაზდი. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პარტნიორისადმი განსაკუთრებული უმადურობის გამოვლენა ჩვენი საზოგადოებისათვის სიკეთისმომტანი არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რატომ არის გერმანია ჩვენი მთავარი ევროპელი მეგობარი.

შორეულ წარსულს აღარ მივუბრუნდები, აღარ გავიხსენებ არც საქართველოს წყალქვეშა ნავებით მომარაგების საკითხს და არც გერმანიის პირველი ელჩის, გრაფ შულენბურგის მიერ ნაჩუქარი გერმანული ჩაფხუტების ისტორიას. მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ჩამოყალიბებულ თანამედროვე ეპოქას მიმოვიხილავ მოკლედ, ძალიან მოკლედ.

გერმანია ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა გახლდათ, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო და თბილისში საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა. ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში არ თმობს მოწინავე ადგილს საქართველოს დონორებს შორის. მათ მიერ გამოგზავნილი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება ყოველთვის სოლიდური იყო, ევროპელებს ჩვენთვის არასდროს უწყალობებიათ წყალი და ჰიგიენური საშუალებები. რაც მთავარია, გერმანელები აქცენტს ყოველთვის სკოლასა და მასწავლებლებზე აკეთებდნენ.

საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ არ იცის, რომ გერმანიის ფედერალური ხაზინის დაფინანსებით 1997 წლიდან საქართველოს ათზე მეტ სკოლაში სპეციალური სასწავლო პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მონაწილეები ინტენსიურად შეისწავლიან გერმანულ ენას, საკუთარ სკოლაში უფასოდ იღებენ საერთაშორისო ენის დიპლომს და კავშირებს ამყარებენ კვალიფიციურ უცხოელ თუ ქართველ პროფესიონალებთან. ამასთანავე, პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს გერმანიის სხვადასხვა პედაგოგიურ დაწესებულებაში სწავლების ყველაზე თანამედროვე მეთოდებს დაუფლების შესაძლებლობა ეძლევათ. “ZfA-ს” ხელშეწყობით უკვე რამდენიმე ათასმა ქართველმა მოსწავლემ მოახერხა გერმანული ენის უმაღლეს დონეზე შესწავლა, რამდენიმე ასეულმა პედაგოგმა კი დამატებითი, სერიოზული პროფესიული გამოცდილება დააგროვა.

გერმანიის ხაზინისა და სხვა შემომწირველების ხელშეწყობით 1988 წლიდან საქართველოში „გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის” (DAAD) წარმომადგენლები მუშაობენ. ალბათ ვერავინ დათვლის რამდენი სტუდენტი, მასწავლებელი, ლექტორი, ახალგაზრდა მკვლევარი გააგზავნა ამ დაწესებულებამ გერმანიის უმთავრეს სამეცნიერო ცენტრებსა და წამყვან უნივერსიტეტებში. DAAD გახლავთ ორგანიზაცია, რომლის ხელშეწყობითაც უამრავი ცნობილი და გავლენიანი პროფესორი ჩამოდის საქართველოში. მოწვეული პროფესორები ახალ, ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის უნიკალურ სალექციო კურსებს უძღვებიან და ადგილობრივ კადრებს მაღალი დონის სასწავლო პროგრამების შემუშავებაში ეხმარებიან.

საქართველოში დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ღირებულებების დაცვისა და განმტკიცების სადარაჯოზე კი გერმანული პარტიული ფონდები დგანან. წლებია თბილისში ფუნქციონირებენ ჰაინრიხ ბიოლის, ფრიდრიხ ებერტისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდები. მათი დაფინანსებითა და ხელშეწყობით იქმნება სოციალურ მეცნიერებებში მოწინავე და თანამედროვე აკადემიური  ნაშრომები, იბეჭდება უნიკალური კვლევები და პუბლიკაციები (ჰაინრიხ ბიოლის ფონდის გამოცემებს სამართლიანად მოიხსენიებენ „ბესტსელერებად”), გაიცემა სასწავლო გრანტები და სტიპენდიები. შედეგად საქართველოს განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერისა და სამოქალაქო სოლიდარობის წახალისებისათვის უამრავი ახალი დამატებითი რესურსი იქმნება.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და აღარ დავწვრილმანდები “გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა გაერთიანების”, „გერმანია-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის” და სხვა ათობით მსგავსი დაწესებულების საქმიანობის აღწერით. აღარც საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შესაშურ აქტიურობას გავიხსენებ, რომელიც 2008 წლის ზაფხულის დასაწყისში სოხუმსა და თბილისს შორის დარბოდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა მხარეები ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმების ხელმოწერაზე დაეყოლიებინა.

მაშასადამე, ვფიქრობ, გერმანია ყოველთვის გახლდათ ჩვენი მთავარი ევროპელი მეგობარი, რომელიც ხელისუფლების მხარდაჭერაზე მეტად მასწავლებლების, მეცნიერების, მოსწავლეების, სამოქალაქო აქტივისტების დახმარებაზე ფიქრობდა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი – ამ უმდიდრესი და უძლიერესი სახელმწიფოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი მოქალაქეებია. შესაბამისად და საუბედუროდ, ჩვენ ვერ მოვთხოვთ მათ, რომ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა აღმოსავლეთ ევროპის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოების ბედი დააყენონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი