ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ქუჩის აკადემია – ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი

სად აღარ გაიგონებთ სიამაყით ნათქვამს, რომ ქუჩამ აღზარდა, ქუჩა ყველაზე დიდი აკადემიაა… ლამის გელათისა და იყალთოს დამსახურებებს მიაწერენ მას. შემიმჩნევია, საუბრის მანერაც ყველას ერთნაირი აქვს – გაწელილი ბგერებით, ოდნავ მოძველბიჭო, ისეთი, სამწუხაროდ, ახალგაზრდებმა რომ აიტაცეს და თბილისური, ქალაქური რომ ჰგონიათ.
ბევრი ვიფიქრე, ვეცადე, ყოველი მხრიდან დამენახა, განმესაჯა ის, რასაც ცნობილი ადამიანები საჯაროდ აკადემიად მოიხსენიებენ, მაგრამ, მცდელობისდა მიუხედავად, ვერავითარი სიკეთე ვერც გავიხსენე და ვერც დავუკავშირე.
თითქმის მთელი თაობები გაანადგურა ქუჩურმა გარჩევებმა, დაჯგუფებებმა, „ბირჟაზე” უქმად დგომამ, განათლებისთვის წართმეულმა დრომ, ნარკომანიამ, ალკოჰოლიზმმა, ტოქსიკომანიამ, შრომისა და გარჯისთვის თავის არიდებამ და ქურდულმა მენტალიტეტმა. 
რა თქმა უნდა, ყველასა და ყველაფერს თავისი ახსნა აქვს და პრობლემის ცალმხრივად განხილვაც არ იქნება მართებული, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი უდიდესი მტერი, რომელიც დღესაც მონდომებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაითრიოს თავის საშიშ თამაშში, ქუჩაა; რომ მას არავითარი სიკეთე არ მოუტანია ჩვენი შვილებისთვის და ის ადამიანებიც საშიშები არიან, ვინც ჩვენს ახალგაზრდებს შავს თეთრად წარმოუჩენს და ქუჩას და მის აკადემიას სიკეთედ უსახავს.
დღეს ვის ან რას ეკისრება პასუხისმგებლობა სასტიკი და დაუნდობელი ქუჩის ანაბარა მიტოვებულ ბავშვებზე? მშობლების უპასუხისმგებლობას? განათლების სისტემის პრობლემებს? თუ საზოგადოების შეგუებას ქუჩის აკადემიის გავლენასთან?
როგორ გადავარჩინოთ ქუჩაში გამოსახლებული ბავშვები?

როგორ გამოვტაცოთ შვილები პრესტიჟულ ქუჩის აკადემიას?!


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი