პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები

იმის ამბის ახსნას არ დავიწყებ, სკოლაში მოსწავლეების ერთი ნაწილი „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი” რომ არის, მეორე კი „მონდომებული და ბეჯითი” – ყველამ, ვისაც კი სკოლასთან რაიმე შეხება ჰქონია, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ შექმნილი ეს ბინარული ოპოზიცია, ვფიქრობ, გადასარევად იცის; იმას მოვყვები, როგორია ცხოვრება, როცა შენგან დამოუკიდებლად, სხვების ანალიზისა და გადაწყვეტილების საფუძველზე, რაიმე კლას-კატეგორიის წევრი ხდები და ასევე შენგან დამოუკიდებლად იმ წესებით იწყებ თამაშს, რასაც კონკრეტული წრის წევრობა გულისხმობს, როგორია გრძელი გზა თავს მოხვეული როლიდან რეალურ სურვილებამდე.

ზუსტად არ მახსოვს, როდის, მაგრამ პირველსავე კლასებში ცხადი გახდა, რომ მე, არც ისე აქტიური და მხიარული ბავშვი, რომელსაც სკოლის რუტინასთან შეგუება სულაც არ მეადვილებოდა, არც თანაკლასელებისადმი გამოვირჩეოდი დიდი კეთილგანწყობით და საერთოდ, ყველაზე მეტ სიამოვნებას სახლში ჯდომა და „არასამეცადინო წიგნების” კითხვა მანიჭებდა, „ნიჭიერთა, მაგრამ ზარმაცთა” კატეგორიაში აღმოვჩნდი. მას შემდეგ გამუდმებით მესმოდა, რომ მეტი შემიძლია, ჩემს რესურებს სათანადოდ არ ვიყენებ, ზოგიერთ საკითხს ზერელედ ვეკიდები და ა.შ. სამაგიეროდ, ის, რომ „ნიჭიერი” ვიყავი და თუ რამის გაკეთებას მოვინდომებდი, გამომივიდოდა, უფლებას მაძლევდა, შენიშვნების ფონზე, მაგრამ მაინც გამეგრძელებინა ისე ცხოვრება, როგორც მინდოდა. შიგადაშიგ ვტიროდი, როცა ეს სიჭკვიანე მძიმე ტვირთად მექცეოდა და რამე ისეთს მთხოვდნენ, რაც არ შემეძლო ან არ მინდოდა. არავის აუხსნია, რომ პრივილეგიებსაც აქვთ გვერდითი ეფექტები.

როცა პატარა ხარ, სამყაროს, საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს სწავლობ, როცა ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახალს აღმოაჩენ, მაინცდამაინც არ ფიქრობ იმაზე, რა გავლენას ახდენს შენზე სხვების მიერ შექმნილი წარმოდგენები და შემოთავაზებული ქცევის მოდელები, მაგრამ ახლა, ზრდასრული და თავად დედა, ვხვდები, რომ საშინელი შეცდომაა, ერთი მხრივ, ადამიანებისთვის იარლიყების მიწებება, მეორე მხრივ კი მათი მარტივი ოპოზიციის პრინციპით დაყოფა. იმასაც ვხვდები, რომ სამყაროში გაცილებით მეტი ფერია, ვიდრე შავი და თეთრი და ისიც ცხადი გახდა, რომ სიზარმაცე უმეტესად სიზარმაცეს არ ნიშნავს და ის შეიძლება სხვადასხვა წყაროდან იკვებებოდეს. თავად სიზარმაცე კი ერთმნიშვნელოვნად ცუდი თვისებაა და მის გასამართლებლად არგუმენტების ძებნასაც არასოდეს მოაქვს სიკეთე.

როცა პატარა ხარ, შენს ქცევასა და განვითარებაზე პასუხისმგებლობა შენ გარშემო მყოფ უფროსებს, მშობლებსა და მასწავლებლებს აკისრიათ, რომლებმაც, სასურველია, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, ვიდრე ჩვენი (და ალბათ წინა და მომდევნო) თაობის გაზრდისას.

პატარაობისას ვერც იმას ამბობ, რაც ახლა შემიძლია ვთქვა, როცა ჩემი და ჩემ გარშემო მცხოვრები ზარმაცების, ბეჯითების, ნიჭიერების, უნიჭოების, მონდომებულებისა და არამონდომებულების ქცევის ანალიზის საფუძველზე მივხვდი, რომ სიზარმაცეს ხშირად ინტერესის უქონლობა განაპირობებს, ის, რომ ბავშვს ჯერაც ვერ უპოვია რაიმე ხელმოსაჭიდი, რასაც შეიყვარებს, რაშიც ჩაიძირება. თუ ადრეულ ასაკში ასეთი ვერაფერი მივაწოდეთ, სიზარმაცე შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს, უნივერსიტეტსა და სამსახურშიც კი – ჩვენ ხომ პროფესიასაც უმეტესად გაუაზრებლად ვირჩევთ სკოლის დამთავრებისთანავე და მუშაობასაც იქ ვიწყებთ, სადაც ბედი გაგვიღიმებს. 

ახლა, როცა სკოლაც, უნივერსიტეტიც და რამდენიმე მოსაწყენი სამსახურიც წარსულის კუთვნილებაა, როცა დღის განმავლობაში ჩემ მიერ გაკეთებულ საქმეს ვაჯამებ, ვფიქრობ იმ აზარტზე, რაც სამუშაოს წარმატებით შესრულებას ახლავს თან და სურვილზე, აკეთო მეტი და უკეთ, იმ ვნებათა ღელვაზე, ახალი პროექტის დაწყებისას რომ მიპყრობს და პასუხისმგებლობაზე, რომელსაც სასურველი შედეგის მიღწევამდე ვგრძნობ, როცა ვიცი, რომ არა რომელიმე კონკრეტული პირისთვის ან კომპანიისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის უნდა ვიყო ის, ვინც თავის მოვალეობას სრულყოფილად ასრულებს, არ დავკმაყოფილდე არსებული ცოდნით და მუდმივად ვადევნო თვალი სიახლეებს, ვისწავლო რაღაც ყველა ადამიანისგან და ყველა სიტუაციიდან – ვხვდები, როგორი მცდარი იყო ბავშვობაში ჩემთვის თავს მოხვეული კლიშე. არასოდეს ვყოფილვარ არც განსაკუთრებით ზარმაცი და არც განსაკუთებით ნიჭიერი; უბრალოდ, ზოგიერთი საგანი, მიდგომა და მოწოდების გზა უინტერესოდ და მიუღებლად მიმაჩნდა, რაც მათდამი გულგრილობას იწვევდა ჩემში, ის კი, რითაც დავინტერესდი და შევიყვარე, მზრდიდა და „მაჭკვიანებდა”. ვხვდები, რომ წლები დამჭირდა, რათა გამოვსულიყავი შემოთავაზებული მეტ-ნაკლებად კომფორტული როლიდან და საკუთარი თავი, საკუთარი ინტერესები მეპოვა.

ახლა ზაფხულია, დასვენებისა და მოგზაურობის დრო. მეც დასასვენებლად ვარ ერთ პატარა სოფელში, რომლის ორღობეებშიც არხეინად დარბიან გარუჯული გოგო-ბიჭები, ზანტად დააბიჯებენ მათი მამები და ბიძები, გზების პირას ჩარიგებულ სახლებში კი თავდახრილი დედები საქმიანობენ. სახლში, სადაც ჩვენ ვისვენებთ, უამრავი ისეთი წიგნი ვიპოვე, რომლებსაც ბავშვობაში ხარბად ვისრუტავდი. ვდგავარ ხოლმე თაროებთან, ვიხსენებ პირველ ემოციებს და ვფიქრობ, ნეტავი რას კითხულობენ ორღობეებში არხეინად მორბენალი გოგო-ბიჭები, რომელია მათგან „ნიჭიერი” და რომელი – „ბეჯითი”, როგორ ივლიდნენ მათი მამები, ამ ქვეყანაში სიზარმაცე მკვეთრად ნეგატიური შინაარსის მატარებელი რომ იყოს და როგორ იცხოვრებდნენ დედები, მათთვის ბავშვობიდან რომ არ მოეხვიათ თავს ქცევის გარკვეული მოდელი.

ისიც მაინტერესებს, მასწავლებლები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას ბავშვების კატეგორიებად დახარისხებისას და მართლა სჯერათ თუ არა, რომ სიზარმაცეს რაიმე გამართლება აქვს, ნიჭი კი შრომის გარეშეც ფასეულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი