სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

შეკითხვა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს

შესანიშნავი ამბავი შევიტყვე: შესაძლოა, ზაფხულის მიწურულს ერთ-ერთ მაღალმთიან დასახლებას კიდევ ერთხელ ვეწვიო – იქ სამოქალაქო განათლების სფეროში რამდენიმე სემინარის ჩატარება შემომთავაზეს.

ამ სასიამოვნო წინადადების მიღებისთანავე განსახილველ თემებსა და სემინარების ფორმაზე დავიწყე ფიქრი.

თავდაპირველად ჩემი მოსწავლეობის პერიოდი გამახსენდა. ჩვენს დროს სამოქალაქო გამათლება მეასეხარისხოვან სასკოლო დისციპლინად მიიჩნეოდა. მისი საკითხები ყოველთვის რჩებოდა დირექციისა და პედაგოგების ყურადღების მიღმა. დემოკრატიისა და მოქალაქეობის შესახებ ჩვენთან გასაუბრებას, როგორც წესი, ბოლო, მეშვიდე გაკვეთილზე გეგმავდნენ და ამ ურთულეს მისიას გეოგრაფიის ან ისტორიის მასწავლებელს აკისრებდნენ. ცხადია, დაქანცულ მოსწავლეებს მოსაწყენ, ერთფეროვან და ნაკლებად შინაარსიან მსჯელობაში მონაწილეობა გვიმძიმდა. ვიგონებდით ათასგვარ ოინს, რომ როგორმე ნაადრევად მიგვეტოვებინა ჩვენს ცხრილში მოვალეობის მოხდის მიზნით დამატებული გაკვეთილი. იყო გამონაკლისებიც: თუ ისტორიის (ან გეოგრაფიის) მასწავლებელი ვერ ასწრებდა თავისი საგნის პროგრამის სათანადოდ განხილვას, ჩვენ ეფექტურად ვიყენებდით უსარგებლოდ მიჩნეული სამოქალაქო განათლებისთვის გამოყოფილ დროს. ხანდახან კი ზოგიერთი მოსწავლის შეჩერებას რომელიმე ახალგაზრდა, მომხიბვლელი, დროებით მოწვეული პედაგოგი ახერხებდა.

გადავხედე სამოქალაქო განათლების სწავლებისთვის შექმნილ სასკოლო სახელმძღვანელოებსაც. ტენდენცია, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩენილა. ჩემს წიგნშიც იყო შაბლონური ამოცანები და სადისკუსიო მასალები ევთანაზიის მორალური კრიტერიუმებით შეფასების შესახებ, ნაწყვეტები მაქს ვებერის მიერ ჩამოყალიბებული ქარიზმული ლიდერის კონცეფციიდან, მოსაზრებები სკოლის განვითარების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობებსა თუ სქეებზე და ა. შ. ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ასეთი წიგნებით მუშაობა არაეფექტურია ან სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მათი სათანადოდ გამოყენება ურთულეს ამოცანას წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემს სემინარებზე სხვა თემებზე, სხვა პერსპექტივიდან ვისაუბრო. უპირველეს ყოვლისა, აქცენტს დავსვამ ახალი ეპოქის ქართველ განმანათლებლებზე. ჩვენს სკოლებში ძალიან ცოტა ადამიანი იცნობს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე აქტივისტებს, მათ მიერ განვლილ, ფათერაკებითა და საინტერესო თავგადასავლებით აღსავსე გზას. ისინი თავისუფალი არჩევნებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოპოვებისა და განმტკიცებისთვის, საყოველთაო განათლების უფლებისთვის, შეკრებისა და მანიფესტაციების, სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლების შეზღუდვის გაუქმებისთვის იბრძოდნენ. მიზნების მისაღწევად ისინი მოქმედებდნენ არაერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდის გამოყენებით – პეტიციების გავრცელებით, თეატრალური პერფომანსებით, საყოველთაო გაფიცვებით, საჯარო დისკუსიებით…

განმანათლებლებზე საუბარი ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისა და მიზნის მიღწევის სამართლებრივი მეთოდების წარმოჩენაში დაგვეხმარება.

აუცილებლად დავუთმობ დროს ჩვენს ქვეყანაში მოქმედ სხვადასხვა დიასპორასა და მათ გამორჩეულ წარმომადგენლებზე მსჯელობას. შევეცდები მოვძებნო პრეცედენტები ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრირებული (და არა ასიმილირებული) მოქალაქეების შესახებ, რომელთაც წარმატების მოსაპოვებლად საკუთარი იდენტობის მიჩქმალვა არ დასჭირვებიათ. ამგვარად შევეცდები განსხვავებული ეროვნების ადამიანთა მიმართ სოლიდარობის, თანადგომის განცდის გაღვივებას.

ერთი სემინარი მიეძღვნება ქალთა საკითხს, მათ ბრძოლას ემანსიპაციისთვის, მიღწეულ შედეგებსა და ამჟამად არსებულ მდგომარეობას. პრობლემის შესახებ სადისკუსიო მასალების წარმოდგენით მიზნად დავისახავ მოსწავლეთათვის ძალადობის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პოზიციის დასაბუთებას. შევეცდები ქალთა წარმომადგენლობის სტიმულირების, წახალისების შესახებ ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებათა წარმოდგენას.

შეუძლებელად მიმაჩნია, უყურადღებოდ დავტოვო ეკოლოგიური პასუხისმგებლობის საკითხი. ევროპის ნებისმიერი სკოლის სამოქალაქო განათლების პროგრამა წარმოუდგენელია გარემოსდაცვითი პრობლემატიკის გაშუქების გარეშე. განვითარებული საზოგადოების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ რესურსების გამოყენება სასარგებლო უნდა იყოს არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი თაობებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური მოგებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხების ურთიერთმიმართება მრავალი შინაარსიანი დისკუსიის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

უკანასკნელ შეხვედრებზე კი აქცენტს დავსვამ სოციალურ მოძრაობებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია არაერთი ეროვნულ-განმათავისუფლებელი, მუშათა თუ სამოქალაქო კამპანიის მაგალითის საფუძვლიანად გარჩევა. თითქმის ყველა მსხვილმასშტაბიანი სოციალური მოძრაობა უსამართლო, არადემოკრატიულ და რეპრესიულ პოლიტიკურ სისტემას უპირისპირდებოდა და უკეთესი საზოგადოებრივი ურთიერთობებისა თუ საარსებო გარემოს ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. ოტო ველსისა და ფერდინანდ ლასალის, მარტინ ლუთერ კინგისა და უილიამ ლოიდ გერისონის, ლეხ ვალენსასა და ვაცლავ ჰაველის საქმიანობის განხილვა აუცილებლად გამიხსნის ხელ-ფეხს ავტორიტარული რეჟიმების დახასიათებისა და დემოკრატიის ძირითადი თეორიებისა თუ პროცედურების წარმოჩენისთვის.

ჩვენს გაზეთს უამრავი პედაგოგი კითხულობს. ეჭვი არ მეპარება, მათ შორის სამოქალაქო განათლების ბევრი კვალიფიციური მასწავლებელია. მათთან ერთი პატარა კითხვა მაქვს: იქნება კი ეს საკითხები მოსწავლეთათვის საინტერესო და, იმავდროულად, სამოქალაქო განათლების საგნის კონცეფციისთვის შესაფერისი?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი