ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

გივერგილ, იმე ხარი?

ამასწინათ სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ სასკოლო პროგრამიდან ლეო ქიაჩელი ამოუღიათ. ეს ცნობა დიდად არ გამკვირვებია – ეტყობა ამ ბოლო დროს დავეჩვიეთ, რომ ბევრი რამ უმიზეზოდ და განუკითხავად ხდება. უბრალოდ გავბრაზდი იმიტომ, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ამ რანგის მწერლის ასე ადვილად და უხმაუროდ მოშორება.
ვისაც ლეო ქიაჩელის დიდი მწერლობისა არ სჯერა, მორიდებით შევახსენებდი მის ორ მოთხრობას, რომლის დონისა და მასშტაბის მხატვრული ნაწარმოებები იშვიათად მოიძებნება ქართულ მწერლობაში.
„ჰაკი აძბა” და „ალმასგირ კიბულან” არა მხოლოდ სასკოლო პროგრამაში უნდა იყოს, არამედ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, როგორც კლასიკური მემკვიდრეობა (დროში გამოცდილი და მუდამ ცოცხალი) ხშირად უნდა გამოიცემოდეს სხვადასხვა ფორმატის წიგნებად და დაუბრკოლებლად ითარგმნებოდეს, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. 

დაეჭვებულთათვის ერთი-ორს მაინც ვიტყვი. 

ის, რაც ისედაც თვალნათელია – აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზა ადამიანებზე, ადამიანურ ურთიერთობებზე გადის. პათოსურ და მილიტარისტულ განწყობას თუ უარს ვეტყვით, დარჩება კულტურის ენა, სადაც სწორედ ჰაკი აძბასა და მისი ძუძუმტეს, უჯუშ ემხას ამბავია სანიმუშო. ეს ლიტერატურული შედევრი (განსხვავებით ბევრი სხვა ყალბი, პროპაგანდისტული ტექსტისგან – იქნება ეს პოლიტიკოსების რიტორიკა თუ იმავე პოლიტიკოსებისგან დავალებული და წაქეზებული მწერლების გულზე მჯიღის ცემანი), დაწერილი სადად, გულწრფელად, ხელოვნური ემოციების გარეშე, ნამდვილი მწერლის მიერ, ყოველთვის მოახდენს მკითხველზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. 

შთამბეჭდაობის თვალსაზრისით „ალმასგირ კიბულან” შესაძლოა აღემატებოდეს კიდეც „ჰაკი აძბას”. ეს ადამიანური ტრაგედიაა, სადაც ერთმანეთში იჭრება ყოფითი და მითოსური სურათები, სულიერი და მატერიალური იმპულსები. ტრაგედია, რომლის პერსონაჟიც, ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად, მდინარეც არის. ენგური აქ არა მხოლოდ ერთი ოჯახის განადგურების ველია, არამედ ამქვეყნად დაშორებული მამა-შვილის იმქვეყნად შეხვედრის მიზეზიც და საშუალებაც.

ლეო ქიაჩელის ორივე მოთხრობაში წინა პლანზეა ღირსების თემა. უჯუშ ემხა საკუთარი ადამიანური და მოქალაქეობრივი ღირსების დასაცავად კლავს მოძალადე ვასკა-პირატს, შემდეგ კი, მთელი ქალაქისგან გაწირული და მიტოვებული, მათი ზნეობრივი განადგურების შემხედვარე, უდრტვინველად ეგებება სიკვდილს; ალმასგირ კიბულანი, საკუთარი თავისა და სხვების დაუდევრობით შეძრული, რომ შვილს ვერ გაუფრთხილდა, გარშემომყოფებს აჰყვა და გივერგილა სასიკვდილოდ გაწირა, ჯერ სხვებს მოსთხოვს პასუხს, შემდეგ კი მდინარეს მისცემს თავს, რომ დაკარგულ შვილს ენგურის ზვირთებში თუ არა, ზმანებებში მაინც მოჰკრას თვალი.  

დარწმუნებული ვარ, თუკი პროფესიონალი თარგმნის და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიც შეუწყობს ხელს, ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა” და „ალმასგირ კიბულან” შენაძენი იქნება მსოფლიო ლიტერატურისთვის. ოღონდ მანამდე ორიგინალის ენაზე, საკუთარ სამშობლოში უნდა აღიდგინოს მოქალაქეობა – ეროვნული სასწავლო გეგმიდან კი არ უნდა იღებდნენ წარამარა, „ექსპერტთა” ახირებებისა და ერთმანეთში შეუთანხმებლობის გამო, არამედ შეფასდეს თავისი ღირსების, ღირებულებისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. 

– „ჰაკის” თუ ამოვიღებთ, მაშინ „ალმასგირი” შევიტანოთ, ცოდოა ქიაჩელი! 

– „ალმასგირი” არ ერთულოთ ამ ბავშვებს, ისევ „ჰაკი” ჯობია, მაგრამ უჭირთ ხოლმე მაგის გაგებაც!

– „თავადის ქალი მაია” უფრო ლაითი იყო. ეგებ იმის დაბრუნება სჯობდეს.

რაღაცით ნაცნობი, ცოტა ანეკდოტური დიალოგია, მაგრამ რეალობასთან საკმაოდ ახლო. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ლეო ქიაჩელის სახელი გამქრალია სასკოლო პროგრამიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მის შესახებ უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს ეცოდინება მომავალში. 

არადა, დასანანია, რომ წაუკითხავი დარჩეს თუნდაც ის სცენა, თუ როგორ ხვდება გარდუვალ სიკვდილს უჯუშ ემხა – მწერლობა ხომ ასეთი მომენტებისგან შედგება: „ემხა თავაწეული მოაბიჯებდა, დინჯად და ნელა. მაღალი ტანი სწორად ეჭირა. განიერი ბეჭები ოდნავი რხევით მოჰქონდა. გემის ბანს იქით იცქირებოდა მაღლა შემართული თვალებით. გახევებულ და უმეტყველო სახეს მხოლოდ ერთი ხაზის მკრთომარება უცხოველებდა, რომელიც უძრავად თვალებში შეფინებოდა. ეს იყო ნაღვლიანი ღიმილის ძლივს შესამჩნევი ციმციმი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დარდს გამოხატავდა უნდო შეგნებით დაძლეულს. პირდაპირ ცის კიდურზე გართხმულ მოწითალო სინათლის კრთომას შეჰყურებდა, სადაც ნათელი დღის კარი უნდა გაღებულიყო”.

ან ის… თუმცა რაღა ციტატად, თითქოს ახლაც ყურში მიდგას –

„გივერგილ, იმე ხარი?” – ალმასგირ კიბულანის ხმა, ჯებირის ნგრევას რომ მოჰყვა ნაპირზე. მამა ენგურის ზვირთებში დაკარგულ შვილს უხმობს. მხარბეჭგაშლილს მარჯვენა ხელში თოკის ერთი თავი უჭირავს, მარცხენაში – მეორე თავი. ხან ერთს დახედავს, ხან მეორეს და ცოფმორეული მხეცივით ღმუის: „გივერგილ, იმე ხარი?”. ღმუის და დაეძებს, ქალღმერთ დალის ავედრებს და მართლაც – იქ, სადაც ენგური ზღვას უერთდება, აციალებული ზღვის სიღრმეში დაინახავს მთვარის შუქმფენ სახეს. ეს გივერგილას მფარველი დალია, რომელიც ზეციდან ძირს დაეშვა, სადღაც ახლოს. დალის ოქროს თმებში თვალგახილული, მომღიმარი გივერგილა გაუხვევია და ალერსით გულში ჩახუტებული უფსკრულიდან ამოჰყავს. „გივერგილ!” – არაადამიანურად გახარებულია ალმასგირი, მძიმე ტანს აიმჩატებს, ჰაერში შემართული ხელების დიდრონ, კაუჭა თითებს მოლანდებული შვილისკენ გაიშვერს, წყალს შეაპობს და ზღვაში შეიჭრება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი