პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სასტუმრო ონში

ჩემი ადრეული მეხსიერების ერთი მთავარი ადგილი რაჭაა. სანამ საბჭოთა ამბები სულს ღაფავდა და მერეც, ვიდრე აფხაზეთის ომის დაწყებამდე, იქ დავდიოდით. იმის შემდეგ, ასე რიტუალური წასვლა დასასვენებლად არ მახსენდება – ჯერ დრო შეიცვალა და მერე მე. ნაკლებად ვარ მსგავსი საქმეების კაცი, ერთ ადგილას სამი-ოთხი დღე თუ გავჩერდები. ხოლო რაჭა ჯადოსნური ადგილია – მრავალძალში, ნისლი რომ სახლის ღიობებში რძესავით (ამ გაცვეთილი, მაგრამ შედარებისთვის ბოდიშს ვერ მოვიხდი – ზედმეტად ზუსტია) შემოდის და უწერაში, წყალი რომ ჟანგს იკიდებს და წესით, კარგი გემო რომ არ აქვს და მაინც დაუსრულებლად სვამ და ბებოები და ბაბუები სახლის წინ, ძალიანაც რომ არ აშტერდებიან გამვლელს, ჩვენთან რომ ერთგვარი სპორტია – ისე. შესანიშნავი ხალხი. 

  ასოციაციების საქმეებზე და თქვენთვის ნაცნობ შეგრძნებებზე აღარ დაგაყოვნებთ. ანუ აღარ მოგთხრობთ იმაზე, თუ როგორია დიდი ხნის უნახავ ადგილებზე დაბრუნება, მით უფრო მაშინ, როცა ეს მხარე ბავშობას გულისხმობს. რაჭაზე და რაჭველებზე მერეც დავწერ, ონის მუზეუმის და ბიბლიოთეკის გმირ თანამშრომლებზე (ხომ ბევრი გაცვეთილი ეპიტეთი გხვდებათ, მაგრამ სულ ზუსტია და სხვა გზა არ არის), იქაურ სირთულეებზე – იმაზე, რომ ძალიან მიტოვებული მხარეა. ,,ყველა მთავრობისგან დავიწყებული’’ – როგორც იქ ამბობენ. ახლა, იმ ოჯახზე მინდა მოგიყვეთ, ,,მთავრობებს’’ რომ არ დაელოდა.

 ეროვნულ ბიბლიოთეკას და კომპანია ჯეოსელს გვაქვს ასეთი პროექტი – ეროვნული ფოტომატიანე. სოფელ-სოფელ დავდივართ და ოჯახებში შემონახული ფოტოები ციფრულ ფორმატში გადაგვყავს. კარგი საქმეა. ახლა რაჭაში ვიყავით. დავბინავდით სასტუმროში. აი, გესთ-ჰაუსებს რომ უხმობენ. ,,მხატვრის სახლი’’

https://georgiahotelgallery.blogspot.com/p/blog-page_8013.html

ამ სასტუმროს პატრონებზე მოგიყვებით. ჩათვალეთ, სარეკლამო ტექსტადაც ეს ბლოგი ან გნებავთ მოწოდებად: მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს,  ოჯახმა გადაწყვიტა თბილისდან ონში ჩასულიყო საცხოვრებლად. ეს ამბავი ხომ ჩვენს ქვეყანაში პირიქით ხდება და პირველი აღსანიშნავი ეს არის. მერე გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ სასტუმრო, რომელიც სტუმრებს მხოლოდ ღამეს კი არ გაათევინებდა, არამდე ,,რაჭას ასწავლიდა’’. ცოლ-ქმარი, ორივე კარგი ხელოვანია – თეიმურაზ გუგეშაშვილი და ელენე მაგრაქველიძე. ცოცხალი მუზეუმი შექმნეს – პროცესი, რომელშიც ცხოვრობ – არაყს ხდი, ღვინოს აყენებ, ხატავ, რთავ, ლობიანს აცხობ, ლორს ჩამოთლი, საჩუქრებს იღებ, ექსკურსიებს გიწყობენ და თან სასტუმროში ხარ, ეთნო-ოთახში გძინავს. საგნების ფოლკლორში. სამოც ლარად.  ძაღლი, რომელსაც შეშა პირით შემოაქვს სახლში და ღუმელთან აწყობს – ცალკე თემაა ჩემთვის, როგორც ,,ძაღლოფილისთვის’’. და ეს ხალხი არავის დაელოდა, საკუთარი ხელებით დაძლიეს ბევრი წინააღმდეგობა, მათ შორის ზოგჯერ მათგანაც, ვისი გასაკეთებელიც გვგონია ეს საქმე.

   მე კი იმის თქმა მინდა, განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის, რომლებიც ამ წერილს კითხულობენ და კიდევ უფრო რაიონების და სოფლის სკოლის მოსწავლეებისთვის, რომ ყველაფერი თქვენს ხელთაა, ნუ დაელოდებით სხვას – გარისკეთ და იშრომეთ, სადაც ხართ იქ ან სადაც გინდათ – იქ. ყველაფერი გამოვა. როგორც ,,მხატვრის სახლი’’ რაჭაში. ონში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი