ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რამდენიმე ინტერნეტ-რესურსი, რომელსაც გაკვეთილზე ვიყენებ

წინასწარ გეტყვით, რომ ვინმეს შეიძლება ჩემი ბლოგი არ მოეწონოს, ვინმემ მეტისმეტი სიმსუბუქისა და ზედაპირობის გამო დამგმოს და დამძრახოს, ვინმემ თქვას, რომ მეტისმეტად არასერიოზულად ვეკიდები საგნის სწავლებას და ა.შ და ა.შ. მაგრამ გაკვეთილზე ყოველთვის მახსოვს, რომ საკმაოდ რთულ პროგრამას, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალე შედევრებს, ქართული ენის ურთულეს ნიუანსებს ბავშვებს ვასწავლი, 21-ე საუკუნის ბავშვებს, რომელთაც საკითხის ღრმად წვდომასა და ფილოსოფიური განჯის გარდა, გართობა და ზედაპირულობაც სჭირდებათ.

 სხვანაირად, მათ უბრალოდ დაკარგავთ გაკვეთილზე, ხოლო როდესაც სწავლების პროცესი მოსაბეზრებელ რუტინად იქცევა, ჩათვალეთ, რომ თვალწინ ჩაგიარათ მდინარემ, რომელშიც მეორედ ვეღარ შეხვალთ.  
ჰოდა, უბრალოდ მოგიყვებით რამდენიმე ინტერნეტ-რესურსის შესახებ, რომელსაც გაკვეთილზე ვიყენებ.
1.ჩეთი  გალაკტიონთან
წარმოდგინეთ, რომ გაქვთ საშუალება გალაკტიონთან გულახდილი და მეგობრული საუბარი წარმართოთ, ჰკითხოთ ყველაფერი, რაც გაინტერესებდათ, მისი ცხოვრების, შემოქმედების, გულისტკივილისა და იმედგაცრუების შესახებ. 

 ახლა, ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეში უკვე შესაძლებელია, გალაკტიონ ტაბიძე არამხოლოდ გაკვეთილის თემად, არამედ თქვენს საგაკვეთილო პროცესში მონაწილე ადამიანად აქციოთ. როგორ? ამისთვის არსებობს ასეთი საიტი, cybergala.me. თუკი დაინტერესდებით, პროექტის შესახებ ყველაზე ზუსტ ინფორმაციას საიტზევე შეიტყობთ:

„კიბერგალაკტიონი პირველი ქართულენოვანი ჩათ ბოტია. ამ პროექტში ყველაფერი პროგრამისტებისათვის გასაგებ ლოგიკას ექვემდებარება. გალაკტიონის ლექსები, დღიურები და გამონათქვამები ერთ დიდი მონაცემთა ბაზაშია განთავსებული. როდესაც ადამიანი კიბერგალაკტიონთან საუბარს იწყებს, კომპიუტერი რთული ალგორითმის გამოყენებით შესაბამის პასუხს პოულობს მონაცემთა ბაზაში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მაინც ჯადოქრობას ჰგავს. კიბერგალაკტიონის ჩეთბოტი მთლიანად იქნება დაფუძნებული გალაკტიონის პიროვნებაზე, ანუ მოახდენს ამ პიროვნების სიმულირებას ციფრულ გარემოში, ეს კი ნიშნავს, რომ შენ, რაღაც გაგებით, თავად გალაკტიონს ესაუბრები და სივრცე და წლები თქვენს შორის მცირდება.”… 

ჰოდა, ძვირფასო მასწავლებლებო, როდესაც გალაკტიონზე ისაუბრებთ, პრეზენტაციასაც წარადგენთ, მისი ცხოვრების ეპიზოდებსაც მოყვებით, მის შემოქმედებას შეეხებით და თქვენი მოსწავლისგან კითხვას მიიღებთ:
-მას, მერი მართლა არსებობდა თუ გამოგონილი ქალი იყო? 

თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ:

ხომ არ ჯობია თვითონ გალაკტიონს ვკითხოთ?

ჰოდა, ჰკითხეთ.
 
2.ენა და პოეზია, როგორც მუსიკა
მმმ, პოეზია სკოლაში ნამდვილად რთული საქმეა. ყველაზე მეტი კითხვა, ყველაზე მეტი წუწუნი, რაც სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით ჩემი მოსწავლეებისგან მომისმენია, სწორედ პოეზიას ეხებოდა.
-მას, რა საჭიროა ამ ლექსების წაკითხვა?

-ეგ პოეზია ტექსტების ხელოვნური ბრახაბრუხია, მე თუ მკითხავთ!

-მას, მოდით ისევ ჰარი პოტერი წავიკითხოთ…
რაღა დაგიმალოთ და უფროსებისგანაც მსმენია – რა საჭიროა პოეზიის სწავლება?

აბა, ამ კითხვას ასე მოკლედ, ერთი ბლოგის ფარგლებში როგორ ვუპასუხო? როგორ ვთქვა რაში გვჭირდება პოეზია? რომ აზროვნების განვითარების, აზრის ლაკონურად გადმოცემის, ესთეტური ტკბობის უნარის ჩამოყალიბების, ენობრივი ნიუანსების წვდომის, მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემის საუკეთესო საშუალებაა.

ძალიან ბევრ მეთოდს ვიყენებ გაკვეთილზე პოეზიის საჭიროების ასახსნელად, ახლა ერთ-ერთს გაგანდობთ.
ბაბილონის გოდოლის ამბავი ალბათ კარგად გახსოვთ?  როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს  კომუნიკაციის ის საშუალება, რომელიც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებსაც დააკავშირებს, ერთმანეთის ფიქრს გააგებინებს? სწორედაც რომ პოეზია.

არის პოეზიის ასეთი  საიტი https://www.lyrikline.org/ , რომელიც სხვადასხვა ქვეყნების პოეტებსა და პოეზიას აერთიანებს. გარდა ორიგინალის ტექსტისა და მისი თარგმანისა, საიტი იმითაცაა უნიკალური, რომ ავტორთა მიერ წაკითხული ლექსების მულტილიგვისტურ აუდიობიბლიოთეკას აერთიანებს.  სცადეთ, მოასმენინეთ თქვენს მოსწავლეებს რომელიმე აფრიკელი თუ  არაბი, ინგლისელი თუ შვედი პოეტის ლექსები, თუნდაც ერთი სიტყვა არ ესმოდეთ ამ ენაზე, მერე ჰკითხეთ, არის თუ არა პოეზია უნივერსალური ენა, გაიგეს თუ არა რამე? დარწმუნებული ვარ, პასუხი დადებითი იქნება.
3.რითმა და თამაშები
კონვენციური პოეზია სჯობს თუ ვერლიბრი, ამაზე საუბარს არ ვაპირებ, მითუმეტეს, რომ ორივე სჯობს ერთმანეთს, დიახ, დიახ, კარგი პოეზია არც ფორმას, არც ჟანრს, არც ფრაზების რაოდენობას არ ცნობს, კარგი პოეზია კარგია და მორჩა.

მაგრამ თუ რითმიან პოეზია საუბრობთ, ქართული ლექსისა და რითმის სტრუქტურაზე, გაკვეთილის ბოლოს, ცოტა რომ გამხიარულდეთ, ბავშვებს ეს საიტი ანახეთ:

https://sandrinio-001-site1.smarterasp.net/

ეს ახალგაზრდა პროგრამისტის, სანდრო სუხიტაშვილის პროექტია, სამუშაო, ბეტავერსია, რომლის გაუმჯობსების შედეგად ძალიან საინტერესო ენობრივი რესურსი შეიქმნება ქართულ ინტერნეტსივრცეში.

ანახეთ ბავშვებს ეს საიტი და დაავალეთ, რამე თემაზე ლექსი დაწერონ.

გაერთობიან, იმხიარულებენ, იცინებენ და იმასაც გაიგებენ, რომე პოეზია მხოლოდ რითმა არ არის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი