პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

საქართველოს თანამედროვე მარაზმისათვის

მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად გავიგე მიგელ დე უნამუნოს შესახებ. ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიპეტიებზე მსჯელობისას ჩვენმა მასწავლებელმა სალამანკას უნივერსიტეტის რექტორზე გაამახვილა ყურადღება. მაშინ შევიტყვეთ, თუ როგორ შეიძლება სასწავლებლის კედლებში გამომწყვდეულმა ადამიანმა აღიაროს საკუთარი მძიმე შეცდომა და სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდეს დიქტატორის ტიტულისაკენ ტრიუმფალურად მიმავალ სარდალს. მოგვიანებით შესანიშნავმა პროფესორმა პოლიტიკური მოძღვრებების ისტორიის შესწავლის დროს კიდევ ერთხელ შემახსენა ესპანელი ფილოსოფოსის სახელი. მას შემდეგ ჩემს თაროზე სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მიგელ დე უნამუნოს ესეების კრებულმა. ხშირად განსაკუთრებით ძვირფას მეგობრებსაც ვჩუქნი ამ წიგნის სხვა ეგზემპლარებს.

ესპანელ აკადემიკოსს უამრავი სტატია თუ ნარკვევი აქვს დაწერილი, ფილოსოფიურ თემებზეც და ყოფით პრობლემებზეც. ქართულად ნათარგმნ მის ათობით ნაშრომს შორის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ესეი სახელწოდებით „ესპანეთის თანამედროვე მარაზმისათვის” გახლავთ. რატომ??? მოაზროვნის პატარა თხზულება სრულად აღწერს ჩვენი საზოგადოების წინაშე წარმოქმნილ ურთულეს გამოწვევებსა და წინააღმდეგობებს. აქედან გამომდინარე, მიზნად დავისახე რამდენიმე კუთხით მისი ქართულ რეალობასთან დაკავშირება.

ესპანური საზოგადოების მარაზმის განმაპირობებელ ერთ-ერთ უპირველეს ფაქტორს დონ მიგელი ამგვარად ახასიათებს: „ხშირად დიდ აურზაურს ავტეხთ ხოლმე, მაგრამ გაგვივლის ეს ციებ-ცხელება და ყველაფერი მიყუჩდება, სირთულის სრულად  დამარცხებას არავინ შეეცდება…” 

დარწმუნებული ვარ, ცოტა ხნის წინ ყველამ ვნახეთ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე გასული ვულგარული და სექსისტური გადაცემა. ალბათ, მოისმინეთ არაერთი კრიტიკული და მკაცრი განცხადებაც. უამრავი აღშფოთებული ადამიანის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობაც მოგეცემოდათ. მაგრამ დავფიქრდეთ საბოლოო შედეგზე … რამდენიმე თვეში თითო-ოროლა ფემინისტის გარდა აღნიშნული ფაქტი და ზოგადად, ქალთა დისკრიმინაციის პრობლემა, თითქმის აღარავის ეხსომება. სამწუხაროდ, ანალოგიურად ვმოქმედებთ სხვა დროსაც …

მომდევნო მარაზმულ მახასიათებელზე მსჯელობისას სალამანკელი პროფესორი წერს: „დღევანდელი ესპანეთის საზოგადოება ერთნაირად მოიცვა უზომო ერთფეროვნებამ და ერთსახოვნებამ … სულ არ შენელებულა გათიშულობის ტენდენცია; იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა უკიდურესობისაკენ ჩვენი ინსტინქტური ლტოლვა, რომ სავარაუდო შუალედური ხაზი მარტო ამ ორ უკიდურესობათა შენაერთსღა წარმოადგენს … ისევ ისე ვხელმძღვანელობთ აბსურდული პრინციპით –  რომელი არა არს ჩემ თანა, იგი ჩემი მტერი არს”.

არა მგონია, რომ აღნიშნულ გარემოებათა ქართული ანალოგების აღმოჩენა გაგიჭირდეთ. თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვამჩნევთ შუღლს „ქოცებსა” და „ნაცებს”, ლიბერალებსა და ტრადიციონალისტებს, და სხვა მრავალრიცხოვან ბანაკებს შორის. რაც მთავარია, უკიდურესად დაპირისპირებული ჯგუფების წევრებს ვერ გაუგიათ, რას წარმოადგენენ სხვები, რომელებიც არც ერთ პოლუსს არ ემხრობიან. მათთვის გაუგებარია ხოლმე მოქალაქეთა განსხვავებული პოზიციები და დამოკიდებულებები, რადგან მრავალფეროვნების არსებობის არ სჯერათ. რაც მთავარია, მოწინააღმდეგეები ყოველთვის მზად არიან ბოლომდე შეავიწროვონ ოპონენტი და მათ ყველა გზა მოუჭრან. ბუნებრივია, აღნიშნულ პრობლემას საბოლოოდ გაუცხოებამდე და თანადგომის შესაძლებლობათა გამორიცხვამდე მივყავართ.

უნამუნო კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს სხვადასხვა პროფესიისა და თაობის წარმომადგენლებს. უპირველესად საზოგადოების განვითარების შეფერხებაში ფილოსოფოსი საკუთარ კოლეგებს, მეცნიერებს ადანაშაულებს. მოაზროვნის გაღიზიანებას იწვევს მკვლევართა საქმიანობა, რომელიც შემოქმედებითი ძიების პროცესის ნაცვლად ჟურნალებიდან გადმომღერებულ, „მეორე ხელიდან მოპოვებულ” მასალებს ეფუძნება. მას აბრაზებს ისიც, რომ თანამედროვე მეცნიერები უბრალო ტექნოკრატები არიან, რომელთაც მხატვრული გემოვნება და ღირებულებათა მწყობრი სისტემა არ გააჩნიათ. დონ მიგელი აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ნიჭიერება ფუჭმა მახვილსიტყვაობამ ჩაანაცვლა. 

გამოგიტყდებით და თავად ვიცნობ უამრავ ცნობილ პროფესიონალად მიჩნეულ ადამიანს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ენაწყლიანობის წყალობით, ფულის სანაცვლოდ ფაშისტური პარტიის ხელშემწყობთა შორისაც სიამოვნებით დაიმკვიდრებდა ადგილს. რაც მთავარია, აღნიშნულ მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ თომას მანის, სერვანტესის და თვით შექსპირის ნაწარმოებთა შინაარსის შესახებაც კი. მათ არასდროს შეუმჩნევიათ ველასკესის ან დალის არსებობა.

მრავალგზის დევნილ საზოგადო მოღვაწეს არ ავიწყდება ჟურნალისტთა შესახებ მსჯელობაც. იგი აღნიშნავს: „პრესა ხომ ნამდვილი ხავსმოდებული გუბეა, მარტო თავის თავში და თავისთვის რომ ცხოვრობს … ცოცხალი ამბის, ჩვენ თვალწინ რომ ხდება, უშუალოდ აღქმის უუნარობაა მიზეზი იმისა, რომ ნამდვილი ჟურნალისტები არ გვყავს”.

რამდენჯერ შემიხსენებია საინფორმაციო სამსახურებისათვის ტყიბულში, ჭიათურასა და რუსთავში უსაფრთხოების პირობების დარღვევის გამო დაღუპული მუშების ამბავი, დახურვის პირას მყოფი, „მინუსიანი” სკოლებისა და მათი პედაგოგების თავგადასავალი, ღარიბი უნივერსიტეტის ყოველდღიური პრობლემები, დევნილობის პირას მყოფი სვანების გასაჭირი, მაგრამ აღნიშნული საკითხები ჟურნალისტთა უმრავლესობას მეასეხარისხოვნად ეჩვენება.

უნამუნო ახალგაზრდებზეც წერს და მათ მხოლოდ საკუთარ კარიერასა და შემოსავალზე ფიქრში, საზოგადოებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს. ოთხწლიანი საუნივერსიტეტო პრაქტიკის განმავლობაში ბევრ ღირსეულ, იდეალისტ და მამაც თანატოლს შევხვედრივარ, მაგრამ მათ ყოველთვის სჭარბობდნენ ლოძის უნივერსიტეტში ერთსემესტრიან გაცვლით პროგრამაზე, შვიდასლარიან სამსახურსა და საუკუნის დასაწყისში გამოშვებულ მაღალსიჩქარიან ავტომობილზე მეოცნებე „ჰალსტუხიანი” ახალგაზრდები. თან ისინი თავიანთი უფერული მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელთა შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.

რაღა ბევრი გავაგრძელო, რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩვენც ესპანური საზოგადოების მსგავსად მარაზმის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა. მანკიერი საზოგადოების გაკეთილშობილების გზა კი, ცხადია, სკოლასა და მასწავლებელთა შრომაზე გადის. მე მხოლოდ მათი იმედი მაქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი