შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

უ ჩ ა

ჩემი მანქანა, შავი ფერის ბაბულიკური BMW E-316, დღემუდამ გასარეცხი და უსახური, ჩემზე 4 წლით პატარაა – 19 წლის გახლავთ. რა გასაკვირია, რომ ასაკთან შესაფერი პრობლემებიც  ტრავმატოლოგიური აქვს: დროდადრო ბუდიდან ამოხტება ხოლმე მარცხენა ფანჯარა; მენისკივით აწუხებს სავალი ნაწილი; შიგადაშიგ ვმუკრნალობთ სახსრების ტკივილებს; ზოგჯერ ელექტროობა აცხადებს დებოშს და თიშავს ყოველგვარ სინათლეს. ცოტა ხნის წინ გაუკეთეს შუნტირება და გადაუნერგეს სხვა BMW E-316 – ის ბენზოტუმბო. ერთი სიტყვით, ჩემს მანქანას ევაკუატორზე დგომისას გაცილებით მეტი გარბენი აქვს, ვიდრე თავისი სიარულით.
18 ივნისს, ხვატიან და მტვრიან საღამოს, სააკაძის მოედნიდან მომავალი, კოსტავას გამზირზე, ჯოჯოხეთურ საცობში აღმოვჩნდი. თბილისური საცობი კი, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, ცალკე პოეზიაა – მთელი სხეულით გრძნობ, რომ შენ გარშემო, მანქანებში მსხდომი ადამიანები ბოღმისაგან ლამისაა აალდნენ და დედამიწა გადააბრუნონ. თუმცა იმის გამო, რომ საამისო გამბედაობა და შნო არ აქვთ, მხოლოდ გინებით იმშვიდებენ ხოლმე ნერვებს. ამ დროს მათ სძულთ საკუთარი თავი, სხვა მანქანებში მსხდომი ადამიანები, მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა და ვინ იცის, მაგათსას რას გაიგებ, იქნებ მთელი დუნიაც კი სძულდეთ. 
ამასობაში, მე და ნიკა ესებუას მანქანა აგვიფეთქდა – ჩემმა BMW-მ კლიმაქსურ შეტევას ვერ გაუძლო და სიმხურვალისგან წყალი აადუღა. მანქანამ კი – თეთრი კვამლი ამოუშვა. 
– ან რომის პაპი ავირჩიეთ, ან რაღაც გაგვისკდა, – ნიკას ვუთხარი. 
– მგონი უფრო მეორე, – მიპასუხა ესებუამ და მანქანიდან გადავხტით…
ვდგავართ ასე, ყეყეჩებივით და ვუყურებთ როგორ მეცლება ხელიდან ჩემი მანქანა, თუ მანქანასთან გათანაბრებული მოწყობილობა. კაპოტს ვერ ვხდით, ცხელია. იქვე, ხის ქვეშ, სამი ბეყე კაცი დგას – აი, ისეთები 90-იანებში ბევრი ფული რომ იშოვეს და დღემდე იმ ინერციით მიგორავენ, თან ნაღდი ფულით მოძრაობენ. ხომ არაფერი გაგეგებათ-მეთქი და ისე შემომხედეს, თვალებით მითხრეს… მოკლედ, ცუდი თვალით შემომხედეს. იხსენებთ იმ ხალხს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი დასავლეთის ქვეყნებსა და აშშ-ში ცალ ფეხს რომ დადგამენ, ან ცალი თვალით შეიჭყიტავენ და შინ დაბრუნებულები აღმა-დაღმა იმას გაიძახიან იქ ყინულივით ცივი ხალხი ცხოვრობს, რას ლაპარაკობთ, ქუჩაში რომ რამე გაგიჭირდეს, რომ კვდებოდეთ, ზედ არავინ შეგაფურთხებსო? აი, იესომ რომ თქვა საკუთარ თვალში დირესაც ვერ ხედავენო, ამ სისულელის მქადაგებლებზე თქვა სწორედ. აშშ-ში კი არა, კოსტავაზე ვიდექი, საშაურმის გადაღმა.
ძლივს-ძლივობით ავხადეთ კაპოტი. მართალია გულისყურით ვათვალიერებთ, მაგრამ გინდა ყავაში ჩაგვეხედოს მე და ესებუას, და გინდაც მანქანის ძრავი დაგვეთვალიერებინოს – როგორც ამბობენ, გარტყმაში არ ვართ. სასოწარკვეთა მეუფლება. ვიბოღმები. გინების იშტაზე მოვდივარ. უცებ, არსაიდან ჩნდება ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მოგვიანებით ტარანტინოსეულ ბატონ ვულფზე ბევრად მაღლა დავაყენებ: 
– ხელი არ ახლოთ. 
– ჰა? 
– მე უჩა ვარ, აქ ვცხოვრობ, ფანჯრიდან დაგინახეთ.
– ვახ! დათო, ნიკა. 
– ღვედზეა თუ ჯაჭვზე?
აზრზე არ ვარ ჩემი მანქანის ძრავი ღვედზეა თუ ჯაჭვზე, მაგრამ არ მინდა, რომ უჩას უკანასკნელი იერარქიის იდიოტი ვეგონო. ვხვდები, რომ შანსები 50/50-ზე მაქვს და ერთერთს ვირჩევ: 
– ღვედზე.
– აბა, ჩავხედოთ… ჯაჭვზე ყოფილა…
– გაგეგება?
– კამაც-კამაც.
– რა კარგი კაცი ხარ შენ!
უჩამ დიაგნოზი ექიმი ჰაუსის გამორიცხვის მეთოდით დასვა. მერე კაპოტში, ვითარცა ზღვაში გადაეშვა, რაღაცები მიაერთ-მოაერთა და სანამ დამაქოქინებდა კბილებიდან გამოსცრა: „ახლა კი პროფესორს დავურეკოთ”. დაურეკა კიდეც. მე და ნიკა ვგრძნობდით, რომ ტელეფონის მეორე ხაზზე იყო თავისი საქმის ალფრედ ჰიჩკოკი, ალბერდ აინშტაინი, დიეგო მარადონა. პროფესორმა მითითებები ბრმად მოგვცა. უნდა დავაჰაეროთო – უჩამ. მე წყალსა და შპრიცზე გამგზავნა, ნიკა ადგილზევე დაასაქმა. ამასობაში ტელეფონმა დაურეკა, საქეიფოდ და ფეხბურთის „ჩასატკბარუნებლად” ეპატიჟებოდნენ. ისინი უჩამ ერთ ადგილზე გაისტუმრა: ჩემს ახლობლებს მანქანა გაუფუჭდათ, დავეხმარებიო. 
40 წუთში, ოფლგამომდენი შრომის, წუწაობისა და თხუპნაობის შემდეგ, უჩამ მანქანა დაგვაქოქინა. ძალიან გულიანად ჩავეხუტეთ, 1000 მადლობა ვუთხარით და წამოვედით. ის ბეყეები ისევ იქ იდგნენ და ჭორაობდნენ. გზაში მე და ნიკა ერთსა და იმავეზე ორ უკიდურესობაზე ვფიქრობდით, რომელსაც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, 8 კვადრატული მეტრის რადიუსში, 5 წუთის ინტერვალით გადავაწყდით – სამ ღიპიან და მოქეიფე კაცურ კაცზე, რომლებმაც გასაჭირში მყოფები ჯანდაბაში გაგვგზავნეს და ახალგაზრდა ბიჭზე, რომელმაც თავი შეიწუხა, ჩაიცვა, ჩამოვიდა, მეგობრებთან ერთად ფეხბურთის ყურებასა და ლუდის დალევაზე უარი თქვა, გავარვარებული მანქანის კაპოტში იძრომიალა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. 
– ბიჭო, ეს ვინ იყო? – მკითხა ნიკამ. 
– მგონი წმინდანს შევხვდით, – ვუპასუხე მე. 
– მაგრად გამეხარდა ასეთები რომ არსებობენ, თურმე, – მითხრა და გზის ბოლომდე ისევ დავდუმდით. 
იმ დღის მერე, სადაც არ უნდა მოვხვდე, თუკი 15 წუთზე მეტ ხანს სადმე გავჩერდი, ვცდილობ ეს ამბავი ყველგან მოვყვე და აი, რატომ: 22 ივნისს სახლისკენ მიმავალმა დავინახე, რომ ერთი ქალბატონი იმავე გასაჭირში  ჩავარდნილიყო, რომელშიც მაშინ მე ვიყავი. ეგრევე უჩა გამახსენდა, გავაჩერე, გადავხტი და ჩემი გადამრჩენელის ინსტრუქციას ბოლომდე მივდიე: 
– ხელი არ ახლოთ, – ვუთხარი.
– უკაცრავად?
– საღამო მშვიდობის, რამდენიმე დღის წინ იგივე დამემართა.
– ვიზიარებ. 
– ღვედზეა? თუ ჯაჭვზე?
– არ ვიცი.
– არც მე. 
– გესმით ესეთები? 
– მართალი გითხრათ, არა. რამეს მოვიფიქრებთ…
ვერაფერიც ვერ მოვიფიქრეთ. ერთი ისაა, რომ იმ ქალბატონს გვერდიდან არ მოვშორდი, სანამ მისიანებმა არ მოაკითხეს და მანქანა არ დააქოქინეს. იმ ღამის ფიქრებში, ძილის წინ, როცა რატომღაც სრულიად შემთხვევით ჭავჭავაძის დარიგება გამახსენდა, მივხვდი, რომ სიკეთე გადამდებია. ამას წინათ, ია ვეკუა და ირაკლი გუნია ამბობდნენ – რა ბედნიერები არიან ნიუ-იორკელი ბავშვები, ხან რომელ სუპერგმირს ხედავენ და ხან რომელსო. მიუხედავად იმისა, რომ უჩას არ შეუძლია შენობებზე ცოცვა და ხელიდან აბლაბუდას გამოშვება, არც რკინის კოსტიუმი აქვს და ვერც მრისხანე, მწვანე გოლიათად გადაქცევას მოახერხებს… მეტიც, უჩა ერთი საბურთალოელი, ღიპიანი ყმაწვილია, მაინც მგონია, რომ გულის სიღრმეში უჩაც ისეთივე სუპერგმირია, როგორც ტონი სტარკი ან პიტერ პარკერი. მისი სუპერძალა კი სიკეთეა. სიკეთე, რომელიც სამაგალითო და გადამდებია. 
… გადამდები როა, იმიტომაც ვწერ, თორემ, ჩემი მანქანა 2 დღეში ისევ გაფუჭდა. 19 წლისაა. აბა, მაგას რომელი უჩა უშველის?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი