ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რას მიქვიან ქვეყნის იმიჯზე ზრუნვა

ისე მოხდა, რომ ჩემი თაობა დროის ოცწლიან მონაკვეთში ორი პრეზიდენტის გარდაცვალებას მოესწრო. ჩვენ ბუნდოვნად გვახსოვს პირველი პრეზიდენტი – მხოლოდ ფოტო- და ვიდეოკადრებზე გვინახავს. ხანმოკლე იყო მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი: აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული ეროვნული მოძრაობის ლიდერი მალე იმ გადატრიალების მსხვერპლი გახდა, რომელსაც ცეკას ყოფილი მდივანი უნდა მოეყვანა ქვეყნის სათავეში.
კონტრასტი ხელშესახებია – საქართველოს სსრ-ის ცეკას ყოფილი მდივანი, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი VS ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელი, მეცნიერი და მთარგმნელი. 

ჩვენი არჩევანის კონტრასტსაც ვგულისხმობ. თუმცა რაღა კონტრასტი, ეს ერთგვარად საკუთარი არჩევანის უკან წაღებაც იყო (ისევე, როგორც წლების წინ უკან გაიტანა ინტელიგენციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა „თვითმფრინავის ბიჭების” საქმეზე დაწერილი შეწყალების ტექსტი): იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჩვენი ხალხი ხომ – საყოველთაო ძალადობისგან დაშინებული, მასმედიის პროპაგანდისგან გაბრუებული, დასავლური პოლიტიკის მხარდაჭერით თვალახვეული – თითქმის ისეთივე განცდით, იმედითა და მოლოდინით მივიდა საარჩევნო ყუთთან ედუარდ შევარდნაძის ასარჩევად, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში გააკეთა. 
ბევრმა შეიძლება გაიკვირვოს, – არჩევანის ღალატი რა შუაშია, თუ ერთი პოლიტიკოსის ნაცვლად მეორეს ავირჩევთო. დაგეთანხმებოდით, აქ ერთი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავი რომ არ იყოს – მოძალადისთვის, კანონიერად არჩეული ქვეყნის პრეზიდენტის დამხობაში ეჭვმიტანილი პირისთვის ხმის მიცემა, მისი ლეგიტიმაცია, მეტი რომ არ ვთქვათ, სამოქალაქო უსუსურობაა, ის პოზიცია, ჩათრევას რომ ჩაყოლას ამჯობინებ, და მერე თავიც შეგიძლია იმართლო.   
როგორ? – სხვა გამოსავალი არ იყოო, სახელმწიფო ინგრეოდაო, რამე გზა ხომ უნდა მოგვეძებნა, ქვეყანა რომ ომსა და ქაოსში, შიდადაპირისპირებასა და კრიზისში არ ჩარჩენილიყოო. როგორ ფიქრობთ, შეიარაღებული ფორმირებებისა და მისი მხარდამჭერი ინტელექტუალური ფრთის მიერ უალტერნატივოდ შემოთავაზებული კანდიდატურა გამოსავალი იყო? 
სულ რომ სახელგანთქმული დიპლომატი, მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკოსი და ცივი ომის დასრულების მაცნე ვეძახოთ, სამხედრო გადატრიალებით მოსული პერსონა იმთავითვე მიუღებელი უნდა ყოფილიყო ცივილიზებული სამყაროსთვის, რომელმაც რატომღაც ყურადღების ღირსად არ მიიჩნია ეს საკმაოდ შემაშფოთებელი (მათ ენაზე რომ ვთქვათ) შემთხვევა კავკასიაში.   
ამიტომაც ცოტა არ იყოს უცნაური მეჩვენა ქვეყნის მესამე, ემიგრაციაში მყოფი პრეზიდენტის სამძიმრის ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ დღეიდან სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გვერდით, მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის კუთხეც იქნებაო. ამით კი პატივს მივაგებ ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ეს მე ვიყავი, ვინც, 2003 წელს, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, შევარდნაძის სისხლის სამართლებრივ დევნაზე კატეგორიული უარი თქვა, რადგან პატივი ვეცი პრეზიდენტის ინსტიტუტსა და ქვეყნის იმიჯსო.
შერჩევითი პატივისცემა – დაახლოებით ასე გამოდის. აბა სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ დღემდე დაუდგენელია პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ აიღო საკუთარ თავზე ამ საქმის გახსნა, და მერე კი უნდათ დაგვარწმუნონ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ქვეყნის იმიჯზე ზრუნავენ. 
ვიღაცები შემახსენებენ, სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს მოხდა პირველი პრეზიდენტის გადმოსვენება და პატივით დაკრძალვა მთაწმინდის პანთეონშიო. მართალია: მეორე პრეზიდენტის მიერ გამოტანილი განაჩენი – „პროვინციელი ფაშისტი” საკუთარ ქვეყანაში არ დაკრძალულიყო – მესამე პრეზიდენტმა დაარღვია. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მიცვალებულის პატივისცემაზე მეტად, მისი სახელის უკვდავსაყოფად ჩადენილ ათასგვარ ქმედებაზე მეტად, სიმართლის დადგენა ფასობს. ბოლოს და ბოლოს, ამას გვავალდებულებს კონსტიტუციაც და მორალიც. იქ, სადაც ყველას თვალწინ, დიდი უმრავლესობით არჩეული, მერე კი დევნილი და ნაღალატევი ქვეყნის პრეზიდენტი, ასეთ გაურკვეველ ვითარებაში იღუპება, სხვა – ჩვეულებრივი მოქალაქე – მშვიდად როგორ შეიძლება იყოს. ის ხომ უფრო მეტად დაუცველია, ხმაჩაწყვეტილი და შერიგებული უსამართლობას: პრეზიდენტის საქმეს არ იძიებენ და მე ვის დავკარგვივარო.
მიუკერძოებელ შეფასებას და სიმართლის დადგენას გვავალდებულებს ჩვენი შვილების თაობაც, რადგან გაყალბებული ისტორიის შესწავლა მათ ფასეულობებზე, ცხოვრების წესსა და შეხედულებებზე აისახება.  

   

…კვირა დღეს სამების ტაძრიდან გამოასვენებენ საქართველოს მეორე პრეზიდენტს, ადამიანს, რომლის ცეკას მდივნობის დროს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს სრულიად უდანაშაულო სასულიერო პირს – მამა თეოდორე ჩიხლაძეს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი