პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფრაგმენტები

ადრე, როცა მეტი დრო მქონდა და ნაკლებად ვიღლებოდი, საღამოობით აივანზე ვიჯექი და ქალაქის შენელებულ რიტმს ვუსმენდი. სახლის წინ, ქუჩაში, დროდადრო ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ნაგვის ურნებთან ჩერდებოდნენ, რაღაცას ეძებდნენ და გზას აგრძელებდნენ – მომდევნო ურნამდე, მომდევნო გადაგდებულ ბოთლამდე… ამ ადამიანების გამოჩენა სილის გაწვნასავით იყო ჩემი მშვიდი საღამოებისთვის. მათი დანახვისას მრცხვენოდა, რომ კარადაში ახალი პური მქონდა და მაცივარში – ნოყიერი საკვები, ონკანიდან კი ცივი და ცხელი წყალი მოდიოდა.

ახლა ქალაქის რიტმის მოსასმენად ვეღარ ვიცლი, დაღლილი დღეები მომრავლდა და აივანზე ჯდომას ძილს ვამჯობინებ, თუმცა ეს არაფერს ცვლის; იმას, რასაც ადრე ღამღამობით ვხედავდი, ახლა გამუდმებით ვხედავ.

ერთი ჩვეულებრივი შაბათი

 

ინტერნეტუსაფრთხოების შესახებ სამუშაო შეხვედრას ვესწრები. შესვენებაზე ნაცნობები ერთად ვსხდებით და ბოლოდროინდელ ამბებს ვუყვებით ერთმანეთს. ერთი ჩვენგანი ჰყვება, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ, ერთ-ერთი კანდიდატის სტუმრობისას, მისი ეზოს უკლებლივ ყველა ბინადარი „ჩამოთრეული” არაბების, ჩინელების, თურქებისა და „ზანგების” გაყრას ითხოვდა. იქ, იმ იტალიურ ეზოში, როგორც ჩანს, ყველა სხვა მოთხოვნამ, რაც კი წინასაარჩევნოდ აქვს ხოლმე მოსახლეობას, უკანა პლანზე გადაიწია, ვინაიდან უბანში, სადაც ჩემი ნაცნობი ცხოვრობს, მართლაც თვალშისაცემია უცხოელების მომრავლება.

იქ ასევე თვალშისაცემია უმუშევარი ახალგაზრდების „ბირჟები”, განადგურებული მწვანე საფარი და დანგრევის პირას მყოფი სახლების სიმრავლე, მაგრამ ეს მათ აღარ აღელვებთ, – მას შემდეგ, რაც სტუდენტი ინდოელი გოგონა, წვრილმანებით მოვაჭრე ჩინელი და შაურმის გამყიდველი თურქი გამოჩნდნენ, ყველა სხვა საზრუნავმა მნიშვნელობა დაკარგა.

ერთი ჩვეულებრივი კვირა

მე და ჩემი შვილი ვსეირნობთ, უფრო სწორად, კორპუსებს შორის დავძვრებით, ახალ-ახალ ეზოებს ვპოულობთ, ავტოფარეხებში გახსნილ სახელოსნოებს, დიდი ხეების ჩრდილში გართხმულ მძინარე ფისოებს, პატარა მოედნებზე მოთამაშე გოგო-ბიჭებს… იმ დღეს ბავშვობის შემდეგ პირველად ვნახე ლანდად ქცეული შუახნის კაცები, რომლებიც ჯართისა და სპილენძის ჩამბარებელ პუნტთან თაკარა მზეში ჩაცუცქულიყვნენ და კაბელებისგან სპილენძის ნაწილების გამოცალკევებას ცდილობდნენ.

ყბადაღებული 90-იანებიდან მახსოვს – დენის უქონლობის მიზეზი ხშირად იმ კაბელების ჩამოხსნა იყო, რომლებიც სპილენძს შეიცავდა. მინდა მჯეროდეს, რომ ის ბნელი და მშიერი წლები უკან მოვიტოვეთ, განვვითარდით, ცხოვრების სტანდარტი და დონე ავიმაღლეთ… მაგრამ არა, ჯერ კიდევ ბევრი ცხოვრობს ასე, პურის ნატეხისთვის თაკარა მზეში კაბელებთან მეომარი.

ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე

 

უკვე ორ თვეზე მეტია, ინტენსიურად მიწევს ელიავას ბაზრობაზე სიარული – ერთ-ერთი სახელოვნებო ორგანიზაცია, რომელთანაც დროდადრო ვთანამშრომლობ, აქ ეკოპროექტს ახორციელებს, რომლის მიზანიც ხელოვანთა ჩართულობით გადაუმუშავებელი მეორეული მასალისგან ახალი ნივთების შექმნა და ნარჩენების მაქსიმალური ათვისებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებაა. როგორც პროექტის მონაწილე, კვირაში ერთხელ მაინც მივდივარ ხოლმე იმ ადგილას, სადაც სიცხეში – მტვერი და ხვატი, ცუდ ამინდში კი ტალახი და ქარია, სადაც ადამიანები დილიდან საღამომდე მოთმინებით ელიან ვინმეს, ვინც რამეს იყიდის და აზრს შესძენს მათ წლობით იქ დგომას. მათი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ მათ იქ დგომას მუშაობაზე მეტად თვითგადარჩენისთვის ბრძოლა უფრო ეთქმის. აქ, ამ მასკულინურ სივრცეში, ყოველ მისვლაზე ახალი აღმოჩენა გელოდება. ასე ვიპოვე ბოლო ვიზიტის დროს „კაფე”, რომლის პატრონიც ნახევარ ელიავას ყავით უმასპინძლდება. მათთან, ვისაც ორი ნაბიჯის გადადგმა ეზარება, ყავა თვითონ მიაქვს ახალგაზრდა ქალს – მთელი დღე ნელი, ფრთხილი ნაბიჯით დადის ჯიხურებს შორის ლამბაქითა და ფინჯნით, საიდანაც ქაფიანი თურქული ყავა არასოდეს ეღვრება.

 

ვუყურებდი მის თხელ სხეულს, საგულდაგულოდ შერჩეულ მოკრძალებულ სამოსს, მკაცრად შეკრულ თმას და ვფიქრობდი: ნეტავ როგორია მისი ცხოვრება ამ ბაზრობის იქით, თვითონ თუ უყვარს ყავა, ვისთან ერთად ცხოვრობს, რომელია მისი საყვარელი ადგილი ამ ქალაქში, რაზე ოცნებობს, ტირის თუ არა ფილმებზე…

ვინ იცის, ვის აინტერესებს ხალხი, რომელიც ფრთხილად, ფეხაკრეფით დადის ჩვენ შორის?

ერთი ჩვეულებრივი სტატუსი Facebook-ზე

„ყველა ის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებია ამ ქვეყანაში, ან საკუთარი მანქანით დადის, ან მძღოლი ემსახურება. აბა, როგორ უნდა გაიგონ ამ ადამიანებმა, როგორია მგზავრობა ყოველ დილით გადაჭედილი ავტობუსით, როცა ფეხზე დასადგომი ადგილიც არაა, ჰაერი არ იძვრის, ადამიანები კი ამოდიან და ამოდიან ისედაც გადატენილ ავტობუსებში; ან როგორია, ჩარბოდე მეტროში, ბოლო ვაგონს რომ მიუსწრო და სახლში ფეხით წასვლა არ მოგიხდეს; როგორია, მთელი დღეები ფულის თვლაში გაატარო, გეყოფა თუ არა მეორე თვემდე მისაღწევად”.

ერთი ჩვეულებრივი საღამო

რამდენიმე დღეში ჩემს მეგობარს, ძალიან კარგ მომღერალს, კონცერტი აქვს. სწორედ კონცერტის ამბებს ვგეგმავთ – გვინდა, რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს, იმიტომ რომ საქველმოქმედოა. ოჯახები, რომლებსაც ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაეცემათ, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. მეგობარი მიყვება, რომ ერთმა მათგანმა უარი თქვა კონცერტის დროს ტანსაცმლის შეგროვების იდეაზე – მას ურჩევნია, ადამიანებმა მეტი თანხა ბილეთში გადაიხადონ. რამდენიმე ათეული (!) ლარი მისთვის მთელი თვის ბიუჯეტია, რომელიც მედიკამენტებზე, საკვებსა და კომუნალურ გადასახადებზე ნაწილდება; არ სცალია ტანსაცმელზე საფიქრალად, ფული ურჩევნია – მეტ პურსა და წამალს იყიდის, ნაკლებად მშიერი დაიძინებს და ტკივილიც ნაკლებად შეაწუხებს რამდენიმე დღე მაინც.

ასეა, სანამ ჩვენი ყურადღება აგიტაციის მანქანას მნიშვნელოვანი პრობლემებიდან პოპულისტურ თემებზე გადააქვს, სანამ პოლიტიკოსებს ჩვენი ღირსების დაცვას და ელემენტარული საარსებო პირობებით, სამუშაო ადგილებითა და გაძლიერებული სოციალური სამსახურებით უზრუნველყოფას ვთხოვთ, უამრავი ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის. უკეთესი მომავლისთვის კი, გარდა ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღებისა, ალბათ იმის გარჩევაც უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებს, რომელი პრობლემაა პირველადი და რომელი – მეორეული, ჩვენ კი გავითავისოთ, რომ საზოგადოება ცალკეული ადამიანებისგან შედგება და მათ, ვისი ხმაც არ ისმის, ხშირად უფრო ყურადღებით სჭირდებათ მოსმენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი