ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ერთგულება და განტევების ვაცები

გუნდი, რომელსაც თითქმის ოცი წელია ვგულშემატკივრობ, წელს ჯგუფში ჩარჩა. უფრო მეტიც, ინგლისის ნაკრებმა D ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და რაც თავი და ინგლისელების მიერ ჩატარებული მატჩები მახსოვს, ყველაზე საშინლად ითამაშა.

სანამ ამ მიზეზების გასარკვევად შეთხზულ ურიცხვ სტატიას, სტატუსს და კომენტარს მოილევს და მოინელებს საფეხბურთო სამყარო, ერთი ფრაგმენტი გავიხსენოთ დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნიდან:
„როცა საქმე ცუდად მიდის, წარუმატებლობის მიზეზად აუცილებლად ვინმე კონკრეტული უნდა დასახელდეს. თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატი რომ ავიღოთ: ინგლისის ნაკრების მარცხი 1998 წელს მე დამბრალდა, 2002-ში დევიდ სიმენს. 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის განტევების ვაცი, საზოგადოების მოლოდინის გაცრუების გამო, ფილ ნევილი აღმოჩნდა. მედიას და მაყურებელს ყოველთვის სჭირდება როგორც გმირი, ასევე დამნაშავეც”.

ბექჰემის თეორიას თუ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე განვაზოგადებთ, ალბათ ძნელი იქნება კონკრეტული დამნაშავის მოძებნა, ვისაც ინგლისის ნაკრების ასეთი სავალალო შედეგი დაბრალდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ვერც გმირს, გამოკვეთილ მოთამაშეს დავასახელებთ, ვინც ბოლომდე დაიხარჯა, ნიჭიც და იღბალიც გამოიყენა და ყველას დაუმტკიცა, რომ ფეხბურთი მხოლოდ გუნდური სპორტი არ არის და თითოეულ ფეხბურთელს თავისი განსაკუთრებული როლი აქვს. და ამ ერთმა ფეხბურთელმა ხშირ შემთხვევაში მთელი გუნდის საქმე შეიძლება გააკეთოს. მაგალითისთვის ურუგვაელი ლუის სუარესიც გამოდგება, „ლივერპულის” ფორვარდი, რომელმაც ორი თამაში იმყოფინა იმისთვის, ერთდროულად ორი ტიტულოვანი ნაკრები დაებრუნებინა სამშობლოში და თვითონაც, არასპორტული საქციელის გამო, გუნდს დროზე ადრე დამშვიდობებოდა.

ვიცი, რომ ინგლისის ნაკრებს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში, შესაძლოა ბრაზილიელებზე, გერმანელებზე, ჰოლანდიელებზე და ესპანელებზე მეტი არა, მაგრამ არც ბევრად ნაკლები. და ეს იმ დროს, როცა ინგლისელები თხუთმეტ წელზე მეტია სანაკრებო დონეზე მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ. ერთგულებაც ამას ჰქვია. იმაზე არაფერს ვამბობ, პრემიერლიგას ლამის მთელი ფეხბურთისმოყვარული საქართველო რომ უყურებს შაბათ-კვირაობით, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედს”, „არსენალს” და „ლივერპულს” თაობები რომ ქომაგობენ. 

ბევრისგან მსმენია: ქვეყანას, რომელსაც უძლიერესი ჩემპიონატი აქვს, ყველა სათამაშო პოზიციაზე დიდი ფეხბურთელები და მსოფლიოს ყველა კუთხეში ასეთი ერთგული გულშემატკივარი ჰყავს, რატომ არ შეუძლია, ვთქვათ, კოსტა რიკისა და ურუგვაის ბარიერის გადალახვა? მხოლოდ მწვრთნელია დამნაშავე? მაგრამ როი ჰოჯსონამდეც ხომ მაღალი კლასის მწვრთნელები იყვნენ ინგლისის ნაკრებში?

ამ უპასუხო კითხვების მოსმენის შემდეგ უცნაური რამ მემართება, დაახლოებით ისეთი, უნივერსიტეტში სწავლისას, გამოცდების დროს რომ მჭირდა. მახსოვს, რამდენჯერ გადამიდია გვერდზე საგამოცდო საკითხები და სუფთა ქაღალდზე სხვა რაღაცების წერა დამიწყია – გონებაში მოსული ფიქრების, ჩახლართული სიუჟეტების, გამომცდელი ლექტორების პორტრეტების, ერთი სიტყვით, ათასი აზრიანი და უაზრო წვრილმანის, ოღონდ იმ დადგენილი და დაწესებული აუცილებლობისთვის ამერიდებინა თავი. 

ახლაც, როცა ინგლისის ნაკრების კრიზისზე ჩამოვაგდე სიტყვა, უცებ ის შემთხვევა მომაგონდა, უეინ რუნის რომ უწერია თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში. თქვენც გეხსომებათ. 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი” „ჩელსის” ხვდება. თამაშის ძირითადი დრო ფრედ მთავრდება. პენალტების სერიაში, როცა ანგარიში 4:4-ია, პენალტის ნიშნულთან ჯონ ტერი მიდის, მეხუთე პენალტის შესასრულებლად. მას ამ დარტყმით შეუძლია თავის გუნდს გამარჯვება მოუტანოს. 

რუნი უიმედოდაა, ბედი არ გვაქვს, რაღა მაინც და მაინც ჯონ ტერი, „ჩელსის” გმირი და კაპიტანი. თან ინგლისის ნაკრების ვარჯიშებზე მახსოვს მის მიერ შესრულებული პენალტები და არასოდეს მინახავს აეცილებინოსო:
„ის მარჯვნივ დარტყმას აპირებს, ედვინ ვან დერ სარი მარცხნივ ხტება და ჯონი ურტყამს. უეჭველი გოლია, მაგრამ სულ ბოლო წამს მას ფეხი უსრიალდება, საყრდენი ფეხი გაურბის და ბურთს კარს აცილებს. სიხარულისგან შევხტი. ჯონ ტერი ინგლისის ნაკრებში ჩემი თანაგუნდელია, მაგრამ ამ წუთას ეს არ მაინტერესებს. მისი შეცდომა ძალიან მახარებს. ეს ეგოიზმია, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს. ჯონი გაზონზე ჯდება, თავს ხრის და გაბრაზებულია. მე თავს ამაყად ვწევ”. 

ტერის უიღბლობა და გაფუჭებული პენალტი თანაგუნდელებზეც მოქმედებს – ცოტა ხანში უკვე ედვინ ვან დერ სარი იგერიებს ნიკოლა ანელკას დარტყმულს და „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა თასის მფლობელია. 
და ამ დროს ხდება ის, რაც არა მხოლოდ უეინ რუნისთვის არის შთამბეჭდავი ამბავი, არამედ ყველასთვის, ჩვენთვის, ვინც ფეხბურთს, ინგლისის ნაკრებს და ინგლისურ გუნდებს ვგულშემატკივრობთ. მოდით, ისევ რუნის მოვუსმინოთ:
„ირგვლივ სიგიჟეა. ჩვენი გულშემატკივარი გაგიჟებულია. მეც გიჟს ვგავარ. რონალდუ მინდორზე წევს და ცრემლებში იხრჩობა; ჯონ ტერიც მინდორზე წევს და ტირის. ვხედავ, როგორ მირბის მასთან გარი ნევილი, თავსხმა წვიმაში, რათა დაამშვიდოს. გარი მართლაც ბრწყინვალე ადამიანია… ჩვენ „იუნაიტედისათვის” ვთამაშობთ, ისინი „ჩელსისთვის”, მაგრამ ინგლისის ნაკრებში თანაგუნდელები ვართ და მძიმე სანახავია ასეთ დღეში მყოფი ჩემი თანაგუნდელები…”.

ალბათ ამ ერთ ეპიზოდად ღირს ცხოვრება და ფეხბურთი. ის წიგნიც, სადაც ეს ცხოვრება და ფეხბურთი შეიძლება გადაიკვეთოს ერთმანეთში. 

დღეს გარი ნევილი ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია, ჯონ ტერიმ კი ნაადრევად დაასრულა სანაკრებო კარიერა. არადა, რამდენიმე წლის წინ არც ერთი იყო მწვრთნელი და არც მეორე მხოლოდ „ჩელსის” ანაბარა, ორივენი… მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ. ისეთ ფეხბურთს, მარტო სანახაობრივს კი არა, ცხოვრებასავით ტკბილ-მწარეს, მოულოდნელს, მარცხითა და გამარჯვებებით აღბეჭდილს, იღბლიანს და შეცდომიანს.
ბლოგში გამოყენებულია ციტატები წიგნებიდან:
დევიდ ბექჰემი – „ჩემი მხრიდან” (ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ, „არტანუჯი”, 2013). 
უეინ რუნი – „ათი წელი პრემიერლიგაში” (ინგლისურიდან თარგმნა ივანე ჩხიკვაძემ, „არტანუჯი”, 2013).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი