პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ხშირად დასმული კითხვები

ზაფხულობით, როცა კუთვნილ შვებულებამდე დარჩენილ დღეებს ვითვლი ხოლმე, მანამდე მოსასწრებ საქმეებს და რესურსებს ვანაწილებ და თან დასასვენებელ ადგილებს ვარჩევ, მახსენდება დედა, რომელიც ამბობდა, ქალისთვის მასწავლებლობა ყველაზე კარგი პროფესიაა – ზაფხულში სამი თვე ისვენებ, მუშაობის პერიოდში კი შუადღისას უკვე სახლში ხარ და ბევრი დრო გრჩება საკუთარი შვილებისთვისო. ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ფილოლოგიის ფაკულტეტზე 16 წლისამ ამოვყავი თავი, სწორედ ეს იყო, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ “ქალის შესაფერისი პროფესია და სამსახური” მექნებოდა. ჩემგან მასწავლებელი არ გამოვიდა და უკვე რამდენი წელია, იმაზე გაცილებით მეტს ვმუშაობ, ვიდრე რომელიმე ჩემი ოჯახის წევრი ამას წარმოიდგენდა და ისურვებდა. ასევე ბევრი წელია მივხვდი, რომ სისულელეა საქმეების და პროფესიების დაყოფა გენდერული ნიშნით. ის უნდა აკეთო, რაც გაინტერესებს და გიყვარს. ასე გაცილებით პროდუქტიული ხარ,  წარმატებასაც უფრო ადვილად აღწევ და მუშაობის პროცესიც რუტინის მაგივრად, სიამოვნებაა. 
რამდენიმე დღის წინ “რადიო თავისუფლების” ყოველდღიური გადაცემა “გენდერული ამბებისთვის”  მოკლე ინტერვიუს მიცემა მომიწია თემაზე, სექსიზმი. როცა მკითხეს,  საკუთარი სქესის გამო დისკრიმინაციის რა ფორმებს ვაწყდები ყოველდღიურ ცხოვრებაში, პირველი რაც გამახსენდა, საზოგადოების ვნებაა, აკონტროლოს ქალის ცხოვრება, კითხვები, რომელსაც გამუდმებით, მოურიდებლად გისვამს თითქმის ყველა ნაცნობი და წნეხი, რომელიც ქალებს აწუხებთ, მიუხედავად იმისა, აცნობიერებენ თუ არა ამას.  ასეც ვუთხარი და ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ თითიდან გამოწოვილ პრობლემაზე ვლაპარაკობდი, კონკრეტული მაგალითებიც გავიხსენე. 
ვთქვი, რომ კონტროლის ათასი ფორმა არსებობს, დაწყებული “ქალისთვის შესაფერისი პროფესიის” შეთავაზებით, გაგრძელებული ათასი შეკითხვით და შეთავაზებით, რომელსაც შენი გარშემო მყოფებისგან ისმენ და რომელიც ყველა სფეროს ეხება –  პირად ცხოვრებას, შვილების რაოდენობას, წონას, პროფესიას, შემოსავალს, ცხოვრების წესს…

ასე მაგალითად:  გათხოვებამდე ყველა გეკითხება, გყავს თუ არა შეყვარებული, ვინ არის და რას წარმოადგენს იგი, ვინ არიან მისი მშობლები, როდის აპირებთ დაოჯახებას, როდემდე უნდა იაროთ “ასე”. თუ არ გყავს, რატომ არ გყავს, ნუთუ არავის მოწონხარ, თანაგრძნობას იწვევ და გიყვებიან ვიღაც უკვე გათხოვილი ნაცნობების ოჯახის ამბებს. გათხოვების მერე ინტერესს შვილები იწვევენ, რომელსაც თუ გააჩენ, რა გეჩქარებოდა, არ გააჩენ და ალბათ რაიმე პრობლემა გაქვს, გამოცდილ ექიმებსაც გირჩევენ. თუ შვილების გამო მუშაობას თავს ანებებ, რატომ კარიერაზე არ ზრუნავ, მუშაობ და ბავშვს დედა სჭირდება. გამხდარი ხარ? მეტი უნდა ჭამო, ძვლები ხომ არ უნდა გიჩანდეს,  2 კილოს მოიმატებ და ღმერთო ჩემო, როგორ გასუქდი. ასე დაუსრულებლად. 
დიახ, ეს ხშირად დასმული შეკითხვები,  რომელთა მიზანიც ქალის ცხოვრების კონტროლი და მისი ფორმირების სურვილია, სექსიზმის გამოხატულებაა, რომელიც მაწუხებს. აბა ვის მოუვა თავში აზრად კაცს კითხოს, 2  კილო რატომ მოიმატეო, ან უნივერსიტეტში ჩაბარებისას რაიმე “ენერგოეფექტური” ფაკულტეტი ურჩიოს. არც ოჯახურ მდგომარეობას მოკითხავენ დიდად სამსახურში მიღებისას, ვინაიდან ის ვერ დაფეხმძიმდება, ბავშვს ვერ გააჩენს და, შესაბამისად, “არაპროდუქტიულად” ქცევაც არ ემუქრება.  ბოლოსდაბოლოს, როცა კაცი ხარ, ზაფხულში შილიფად ჩაცმულს დაჟინებული მზერით არავინ გაგრძნობინებს, რომ შენი სამოსი და ლამაზი სხეული მათ გაღიზიანებას იწვევს. 
სექსიზმის გამოვლინებებზე ფიქრი ინტერვიუს მერეც გავაგრძელე და მივხვდი, რომ ყველაფერი არ მითქვამს. რომ საზოგადოებას, რომელსაც ინდივიდების კონტროლის დაუძლეველი ვნება ამოძრავებს, კითხვები კაცებთანაც აქვს და არანაკლებშემაწუხებელი. თუნდაც ის, რომ იგივე მასწავლებლობა ქალის პროფესიად ითვლება და კაცი მასწავლებელი, მით უმეტეს ახალგაზრდა, ბავშვების მიერ ანომალიად აღიქმება, სექსიზმი არ არის? ან ის, რომ კაცი ოჯახის მარჩენალია და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რამდენიც საჭირო იქნება, მათ სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენებას არ ნიშნავს? მარტო ის ფრაზა რად ღირს, მშობლები პატარა ბიჭებს რომ ეუბნებიან ხოლმე, “რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარო” და ემოციების თავისუფლად გამოვლენის უფლებას ბავშვობიდანვე ართმევენ. 
დიახ, ესეც სექსიზმია და არანაკლებშემაწუხებელი.
საერთოდ, სექსიზმი, საზოგადოების განვითარების შემაფერხებელი პრაქტიკაა. 
წარმოიდგინეთ, რამდენად ადვილი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, მას რომ არა ნაკარნახევი მოდელების, არამედ საკუთარი ინტერესების, ინტუიციისა და შეხედულებისამებრ ვაწყობდეთ:  იმდენს ვმუშაობდეთ, რამდენსაც ჩვენი ენერგია და რესურსები ეყოფა, იმ ასაკში ვქორწინდებოდეთ, როცა ნამდვილად შეგვიყვარდება ვინმე, ბავშვებს ისე ვზრდიდეთ, როგორც ჩვენ ჩავთვლით სწორად და ასე შემდეგ. რა მარტივი იქნებოდა, რომ ოჯახი და შვილები მხოლოდ დედის ტვირთი არ ყოფილიყო და საოჯახო საქმეები ქალსა და მამაკაცზე თანაბრად ყოფილიყო განაწილებული.  კაცებმა რომ იცოდნენ, რომ ოჯახის რჩენა მარტო მათი საქმე არ არის და ქალებს იმედი ჰქონდეთ, შვილებს მათი სახლში არყოფნისას მამა სრულფასოვნად უპატრონებს, რამდენ სტრესს აიცილებდნენ წყვილები თავიდან.  გოგოებისთვის ჰუმანიტარული და ბიჭებისთვის ტექნიკური საგნების სიყვარული და ნიჭი სავალდებულო მოცემულობა რომ არ იყოს, ბევრად მეტი და კარგი პროფესიონალი გვეყოლებოდა, რომლებიც საკუთარი პროფესიამდე საკუთარი არჩევნით მივიდოდა და თუ ყველა უფრო რეალიზებულები ვიქნებოდით, მეტად მშვიდად ვიცხოვრებდით და ალბათ ნაკლებად შეგვაწუხებდა ვნება, გვეკონტროლებინა სხვების ცხოვრება. 
ჩემგან მასწავლებელი არ გამოვიდა, ალბათ სწორედ იმიტომ, რომ კარგად ვაცნობიერებ იმ პროფესიის მნიშვნელობას, სირთულეს და პასუხისმგებლობას, რაც პედაგოგებს აქვთ. არ მგონია რომ ზაფხულში მეტი დასვენების დღე და ადრე დამთავრებული სამუშაო ნაკლები რესურსების დახარჯვას ნიშნავს მუშაობის პროცესში და ვინაიდან ვიცი, რა გავლენის მოხდენა შეუძლია კარგ მასწავლებელს მომავალ თაობებზე, მინდა გთხოვოთ, არ გამოგეპაროთ სექსიზმის გამოვლინებები, ყურადღება მიაქციეთ ხშირად დასმული შეკითხვების მნიშვნელობას პიროვნების განვითარებაზე და თხოვეთ მშობლებსაც და ბავშვებსაც, მეტი თავისუფლება მისცენ ერთმანეთს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი