ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ვაზისუბნელი ჩე გევარას პორტრეტი

თეთრი პერანგის ძიებაში, წინა დილას, სისხამზე,  ტახტს თავი ქვევრივით მოვხადეთ, საიდანაც, როგორც სულმნათი გარსია მარკესი დაწერდა, ოჯახის ისტორია ამოიღვარა. აივნის კარი გავაღეთ, რის გამოც სიძველის სურნელი სუფთა ჰაერს თავპატიჟის გარეშე შეერწყა და ოთახიდან ნელა გაიპარა. ეს იყო ისტორია, რომელშიც სხვა გროშსაც არ გადაიხდიდა, ჩემთვის კი დიდი ფასი ჰქონდა. ასეთი ფილმი გეხსომებათ – „მდიდარი რიჩი” ჰქვია. მანდ ეგეთი ამბავი დატრიალდება: მილიარდერის საოჯახო საცავში შესული გულღრძო გმირი გამოშტერდება, როცა იქ ბევრი მწვანე დოლარის ნაცვლად საოჯახო ხარა-ხურა დახვდება. ჩვენს ტახტშიც ეგეთი განძეულობა ინახებოდა: ძველისძველი ტანსაცმელი – ნაფტალინით გაჟღენთილი და ჩრჩილისთვის უინტერესო; საახალწლო ნაძვის ხის აბჯარი თავისი ნათურებით – ძველებით, ილიჩის დროინდელებით, ზოგი რომ საუკუნეა არ ანთებულა – ისეთებით; კომუნისტების დროინდელი თოვლის ბაბუა – თიხის დაბღვერილი  სახითა და კოჭებამდე ჩამოშვებული წითელი ქურქით. იქვე იყო თეთრი პერანგები – ზოგი მამაჩემის, ზოგი კი – ჩემი ძმის ნაქონი. თეთრი პერანგი, რომელიც, მეორე დილით ტანზე თეთრ ბაირაღად უნდა მომესხა  იმის ნიშნად, რომ 11 წელი გავიდა. 11 წელი უკან დარჩა. 
ვაზისუბნის IV-ს I-ში 2 კაცი იყო, ვისაც ხელი უჭრიდა, ანუ თეთრი პერანგის მოხატვა შეეძლო. პირველი გახლდათ ჩვენი უფროსი მეგობრის, წვერას მამა – ბატონი თამაზი. მასთან თანასკოლელი მორაგბეების რიგი დადგა – ბურთამოიღლიავებული გოლიათები მოახატინეს. მეორე მხატვარი კი ზურა ქუთათელაძე იყო – ჩვენზე ასე 7-8 წლით უფროსი მოქანდაკე, რომელსაც პროფესია მიევიწყებინა და მხოლოდ მაისის თვეში თუ გაიხსენებდა ხოლმე, როცა ჩემნაირები თეთრი პერანგებითა და მარკერებით მიადგებოდნენ. მე ზურასთან მივედი. 
როგორ ვთქვა? – მაშინ მე ქათმის მოძულე და კვერცხის მოყვარული ვიყავი. ხვალისას ვერაფერს გეტყოდით, მარტო იმ დღისით ვცხოვრობდი. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, ისიც იმიტომ, რომ ნიშნების ფურცლი უკვე ნანახი მქონდა, იყო ის, რომ სკოლა დავამთავრე, მაგრამ იმის გაგებაშიც არ ვიყავი, რა მოხდებოდა შემდეგ. ამის გამო, ვცდილობდი მხოლოდ ერთი ნაბიჯით წინ გამეხედა. ამაზე მეტად შორეული ხედები მაშინებდა. წინ იყო კლასის უკანასკნელი ექსკურსია – ძველმანი ავტობუსით რომ უნდა წავხრიგინებულიყავით სადმე, ნაკლებად საინტერესო ადგილას და ავტობუსის უკანა სავარძლებზე ყველაზე მაგრები მომსხდარიყვნენ; წინ იყო ბანკეტიც – შარვალ კოსტიუმებში რომ უნდა გამოვწობილიყავით რაიკომის მდივნებივით და კაი-კაი, ოღონდ ნათხოვარი მანქანებით მივსულიყავით სკოლის ეზოში. ბანკეტი, რომელზეც წინასწარ ვიცოდი, რომ ბავშვობაში, მძიმე დაავადებასავით აკიდებული კომპლექსები უფლებას არ მომცემდა მეცეკვა. წინ მელოდა  მოახლოებული გამოცდები, რომელიც შიშის ზარს მცემდა. 

აკი გითხარით, მეხვალიე კაცი ვარ-მეთქი და რა გასაკვირია, რომ ბოლო ზარის ნახატზე ფიქრი უკანასკნელ დღემდე მიმყვა. თავში რამდენიმე ვარიანტი ტრიალებდა.
I ვარიანტი: 

რა თქმა უნდა, მათ შორის იყო 172-ე სკოლის ყველა თაობის ყმაწვილთა საოცნებო ნახატი – ტიტველი ქალის გამოსახულება თეთრი პერანგის უკანა მხარეს. თუმცა, ეს ოცნება ისევე აუხდენელად დამირჩა, როგორც წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, ღმერთმა ქნას, ბრაზილია დარჩება თასის გარეშე. 
II ვარიანტი:

მეორე ვარიანტი, არც მეტი, არც ნაკლები – ვაჟა-ფშაველას პორტრეტი გახლდათ. ეს იყო ერთადერთი შანსი გამორჩეულ ტიპად გამოვჩენილიყავი და მასწავლებლების გულიც მომეგო. ჯერ ერთი ვაჟა ყოველთვის მიყვარდა, როგორც ავტორი და როგორც ხასიათი. თანაც, იმხანად ხმები დადიოდა, ვაჟა ფშაველას პოეზიამ ალენ დელონი დეპრესიიდან გამოიყვანაო. მოკლედ, მიზეზ-მიზეზ და მეთქი – ვაჟას დავახატიბენ თეთრ პერანგზე. მოდით შევაჯამოთ: გვყავს 16 წლის ბიჭი, რომელსაც წონის პრობლემები აქვს (სიჭარბის მხრივ), გადაბმული წარბები (ან, გნებავთ ერთი დიდი წარბი) ამშვენებს არცთუ ლამაზი თვალების ზემოთ, მათ შორის სტანდარტულზე დიდი და მოღრეცილი ცხვირი აქვს გამოშვერილი და სათვალეს ატარებს (ანუ, იმდროინდელი სტანდარტებით „აჩკარიკაა”). თუმცა, გულის სიღმეში მასაც უნდა ბედნიერი მომავალი: ლამაზ გოგოსთან ურთიერთობა, კაი ტიპის სახელი, თავგადასავლებით აღსავსე სტუდენტობა და კარგი სამსახური. აღიქვით სიტუაცია? ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რომ ასეთ ვითარებაში მყოფი კაცი თავის მდგომარეობას იმითაც ამძიმებს, რომ ბოლო ზარზე სკოლის ეზოში ვაჟა-ფშაველას გამოსახულებით მიდის.
III ვარიანტი:

ჯეკ ნიკოლსონი ფილმიდან „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” – ჩემი ყველა დროის საყვარელი პერსონაჟი, რომელსაც არჩევანის გაკეთებისას სულ 1 წარმოსახვითი ხმით მოუგო ერთმა არგენტინელმა კაზახმა.
IV ვარიანტი:

ერნესტო ჩე გევარა – კაცი, რომელსაც ჩემი თაობა თითქმის არ იცნობდა, მაგრამ, რატომღაც, ბრმად ეთაყვანებოდა. ჩე რელიგიას ჰგავდა, რომელიც ბრმად უნდა გერწმუნა. სხვა ხალხის მიწაზე რევოლუციის მოწყობა და ნატალია კარდონეს სიმღერა  სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, რათა სკოლის ბოლო ზარზე მისი ცნობილი პორტრეტით მივსულიყავი. 
მას შემდეგ ხშირად ვფიქრობ და ბოლომდე მაინც ვერაფრით ამომიხსნია, რამ შეიძლება გააჩინოს ერთდროულად ძალიან ზედაპირული და ძალიან ღრმა სიყვარული ფიდელ კასტროს ძმობილის მიმართ ქართველ ახალგაზრდებში იმის ფონზე, რომ მათ თითქმის არაფერი იციან ამ კაცის შესახებ იმის გარდა, რომ ბერეტი ეხურა, წვერს ატარებდა და ღმერთი არ ასვენებდა ხოლმე. მორჩა! ჩემს თაობაში მეტს ვერაფერს გეტყოდათ ის მოსწავლე, ვინც გაიძახოდა, რომ ჩე მაგარი კაცია. 
სინამდვილეში რა აზრი ჰქონდა? ზურგზე გინდ ვიტალი ხაზარააძე მქონოდა გამოსახული, ბოლო ზარის ხმა მაინც გაისმა. ის იმაზე მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. „გაქცევა შოუშენკიდან” გახსოვთ? იქ ერთი ჭკვიანი კაცი ამბობს, რომ ციხეში ყოფნის პირველ ღამეს, როცა გისოსი დაიკეტება და მჭახე ხმას გამოსცემს, სწორედ მაშინ აცნობიერებ, რომ ეს სიზმარი არ არის. ამ ზარის შემდეგ ბევრი რამ იცვლება: ზოგიერთი მეორე დღესვე ამბობს, რომ სკოლა მოენატრა, დროდადრო შეივლის ხოლმე და ყოფილ მასწავლებლებს გადაკოცნის, მაგრამ ეს ყველაფერი შამპანურის გახსნილ ბოთლში საცობის ხელახლა მოთავსების პროცესს ჰგავს – მისი ადგილი იქ აღარ არის. ზოგიერთი ცდილობს კლასელების ერთობა შეინარჩუნოს და ქეიფი დაგეგმოს, რომელიც, გამოცდილება მკარნახობს, რომ მხოლოდ 15-20 წლის მერე ან კიდევ უფრო გვიან თუ მოხერხდება. ანუ, მხოლოდ მაშინ,  როცა ადამიანები უკან გამოხედვისას უფრო მეტს დაინახავენ, ვიდრე წინ გახედვისას ხედავენ.

ზოგიერთი უსაქმური კი ზის და წლების შემდეგ ამაზე წერს, რადგანაც ყველაზე ადვილი, ალბათ, სწორედ ესაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი