ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

პუნქტუაციის სწავლების ხერხები

საყოველთაოდ ცნობილია, პუნქტუაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები ქართული მართლწერის ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. იმისთვის, რომ ბავშვებს განვუვითაროთ პუნქტუაციის გამოყენების უნარები, მუშაობა პირველივე კლასში იწყება. სტრატეგია მარტივია – გვჭირდება მოქმედება (ზმნა-შემასმენელი) და გვჭირდება საგანი (ქვემდებარე, რომელიც სხვადასხვა მეტყველების ნაწილით შეიძლება იყოს გამოხატული), რომელიც მოქმედებს. ეს წყვილი უკვე ქმნის დასრულებულ აზრს და მათი დახმარებით ვასწავლით წინადადების რაობას, რომელთანაც უშუალოდაა დაკავშირებული წერტილის, ძახილის, კითხვის თუ კითხვით-ძახილის ნიშნის გამოყენება.

აქ მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოთი მოწაფეებს დავანახოთ მოქმედებისა და მათ ენაზე „საგნის“ უსასრულო რაოდენობა. ამისათვის რეკომენდებულია სავარჯიშოები, რომელთა ფარგლებშიც კონკრეტულ საგნისთვის ჩამოვათვლევინებთ ყველა შესაძლო მოქმედებას. მაგალითად: ზღარბი წევს, ჭამს, ეძებს, ფიქრობს, სძინავს, იბადება კვდება და ა. შ. ასევეა პირიქითაც, მაგალითად, ვინ შეიძლება აშენებდეს? შეიძლება აშენებდეს მშენებელი, მუშა, ქალი, კაცი, ბავშვი, ფუტკარი, მერცხალი და ა. შ.

ამ სავარჯიშოებს თავისუფლად შეგვიძლია, მივცეთ სხვადასხვა ფორმა: როგორც გონებრივი იერიშისას, დაფაზე ჩამოვწეროთ ყველა ვარიანტი, რომლებიც მოიფიქრეს პირველ 3 წუთში, მივამატოთ მეორე რიგად სიტყვები, რომლებიც მოიფიქრეს შემდეგ სამ წუთში და ა. შ.

ასევე შეგვიძლია კლასი დავყოთ ჯგუფებად და გამოვაცხადოთ შეჯიბრი, რომელი ჯგუფი მოიფიქრებს მეტს.

არ უნდა დაგვავიწყდეს თამაშისას, რომ შიგადაშიგ გავუმეორეთ მთავარი მიზანი, ისინი ამით შეისწავლიან წინადადების არსს და შეძლებენ სწორად დასვან თავიანთ ნაწერებში როგორც წერტილი, ასევე სხვა სასვენი ნიშნები.

ამრიგად, პირველ ეტაპზე ჩვენ გამოვიყენებთ როგორც გარეგან მოტივაციას (თამაშში გამარჯვებული), ასევე შევეცდებით გავუღვივოთ შინაგანი მოტივაცია (კარგად შეძლებ წერას).

როდესაც მოსწავლეები თავისუფლად ასახელებენ მოქმედებებსა და საგნებს, რომლებიც ამ მოქმედებას ასრულებს, შეგვიძლია გადავიდეთ სწავლების შემდეგ ეტაპზე და მათ წინადადებას მივუმატოთ განსაზღვრება (როგორც დაწყებით საფეხურზე სწავლობენ, საგნის თვისება).

როდესაც უკვე თავად ადგენენ მარტივ ორსიტყვიან წინადადებას (მაგალითად: ზღარბი ჭამს.), მარტივია დავსვათ კითხვა და მოვაფიქრებინოთ, როგორი ზღარბი ჭამს? პატარებს განსაკუთრებით ეხალისებათ თვისებების მოფიქრება. შემდეგ ნელ-ნელა შეგვიძლია შემოვიტანოთ გარემოების, პირდაპირი, ირიბი და უბრალო დამატების კითხვები, ისე, რომ ნელ-ნელა აღიქვან, რომ ეს ერთი წინადადებაა, ეს ერთი მოქმედების ირგვლივ თავმოყრილი სიტყვებია, რომლებიც ერთ საერთო აზრს ქმნის. მაგალითად:

ზღარბი ჭამს.

დავუმატოთ კითხვა: როგორი ზღარბი?

მშიერი ზღარბი ჭამს.

დავუმატოთ კითხვა: როგორ ჭამს ზღარბი?

მშიერი ზღარბი ხარბად ჭამს.

დავუმატოთ კითხვა: სად ჭამს ზღარბი?

მშიერი ზღარბი სოროში ხარბად ჭამას.

დავუმატოთ კითხვა: რას ჭამს ზღარბი?

მშიერი ზღარბი სოროში ვაშლს ხარბად ჭამს.

წინადადებაში თითოეული წევრის ჩამატებისას შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა ადგილი მოუხდება ამა თუ იმ სიტყვას. მართალია, მიზეზების ახსნა არ მოხერხდება, მაგრამ თავისთავად იმის ჩვენებაც, რომ თითოეულ სიტყვას რაღაც ადგილი აქვს, უკვე მნიშვნელოვანია.

ილუსტრაციისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ თავად კლასი, რომელიც გაერთიანებულია მასწავლებლის ირგვლივ და მიუხედავად ბავშვებს შორის განსხვავებისა, ქმნის ერთობას, კლასს. ასევე სიტყვები, რომლებიც ფუნქციითა თუ ჟღერადობით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ქმნის ერთიანობას – წინადადებას.

პუნქტუაციის საფუძველი სწორედ ესაა, წინადადების რაობის გააზრება. როდესაც დაწყებითი საფეხურიდანვე ვუვითარებთ ამის აღქმას, მოზრდილ ასაკში ისინი მარტივად გამოყოფენ რთული წინადადების საზღვრებს და საჭირო მძიმეს სწორ ადგილას სვამენ.

თავისთავად ცხადია, იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს მძიმეების სწორად დასმა, საჭიროა, იცოდეს სინტაქსი – იცოდეს წინადადება აგებულების მიხედვით, იცოდეს განკერძოების სახეები. თუმცა ხშირად მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე.

აქაც ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკულ სავარჯიშოებთან ერთად, სადაც კონკრეტულად სასვენი ნიშნებია ჩასამატებელი, გარკვეულ სინტაქსურ საკითხებთან დაკავშირებით ვავარჯიშოთ, თავად შექმნან წინადადებები და ამ გზით გაიაზრონ, მაგალითად, განსხვავება განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებასა და განკერძოებულ განსაზღვრებას შორის. პრინციპი აქაც იგივეა, რაც დაწყებით საფეხურზე. უბრალოდ ჩვენი მოთხოვნები უკვე შევსებულია შესაბამისი ლექსიკით. ვთხოვთ, დაასახელონ ნებისმიერი ქვემდებარე და შემასმენელი. შემდეგ ვთხოვთ, შეავსონ ადგილისა და ვითარების გარემოებით. მაგალითად:

ხე სწრაფად იზრდება ეზოში.

შემდეგ ვთხოვოთ განსაზღვრონ ხე. მათ შეიძლება შემოგვთავაზონ წიწვოვანი ხე ან რამე ამდაგვარი.

მაშინ გამოგვივა:

წიწვოვანი ხე სწრაფად იზრდება ეზოში.

შემდეგ ვთხოვოთ, წინადადება ხესთან გახლიჩონ და ჩაამატონ განსაზღვრებითი წინადადება. შეიძლება გამოუვიდეთ:

წიწვოვანი ხე, რომელიც პაპამ დარგო, იზრდება ეზოში.

შემდეგ შევთავაზოთ, დამოკიდებული წინადადების შემასმენელი აქციონ მიმღეობად. მიიღებენ წინადადებას:

წიწვოვანი ხე, პაპას დარგული, იზრდება ეზოში.

ამ წინადადებაში უკვე „პაპას დარგული“ განკერძოებული განსაზღვრებაა. შევთავაზოთ, მოიფიქრონ ამ წინადადების წყობა, ისე, რომ არ შეცვალონ სიტყვები და განსაზღვრება განკერძოების ნაცვლად ჩვეულებრივ განსაზღვრებად აქციონ:

პაპას დარგული წიწვოვანი ხე იზრდება ეზოში.

შემდეგ ვთხოვოთ, იმავე სიტყვებით განკერძოების სხვა შემთხვევას მიაგნონ:

პაპას დარგული, იზრდება ეზოში წიწვოვანი ხე.

ან

ეზოში იზრდება წიწვოვანი ხე, პაპას დარგული.

როდესაც მოსწავლეები იძულებული ხდებიან თავად შეადგინონ წინადადებები, შემდეგ ისინი ყველაზე კარგად იაზრებენ ამ წინადადებებში სასვენი ნიშნების, ყველაზე ხშირად კი კონკრეტულად მძიმის საჭიროებას.

ასევე შეგვიძლია მივაწოდოთ წინადადებების გარკვეული რაოდენობა, გავახსენოთ განკერძოებათა სახეობები, და მოვუწყოთ კონკურსი, ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს – ვინ უფრო მეტ განკერძოებას მიამატებს.

საილუსტრაციოდ ავიღოთ „ოთარაანთ ქვრივიდან“ ერთი წინადადება:

ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი ფიცრული ედგა.

მოცემულ წინადადებას შეიძლება დაემატოს პრაქტიკულად ყველა სახის განკერძოება და საჭირო კითხვებით, ვფიქრობ, ყველა პედაგოგი შეძლებს კლასის სასურველ პასუხებამდე მიყვანას.

მაგალითად: ჩავამატოთ დანართი:

ოთარაანთ ქვრივს, მოთხრობის მთავარ პერსონაჟს, სოფლის ნაპირას ერთი კაი ფიცრული ედგა.

ჩავამატოთ განკერძოებული გარემოება:

ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას, ტყიანი ფერდობის ძირში, ერთი კაი ფიცრული ედგა.

ჩავამატოთ განკერძოებული განსაზღვრება:

ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი ფიცრული ედგა, კარგად მორთულ-მოკაზმული.

ჩავამატოთ ჩართული:

საბედნიეროდ, ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი ფიცრული ედგა.

ჩავამატოთ „მიუხედავად“ თანდებულიანი გამოთქმა:

ოთარაანთ ქვრივს, მიუხედავად იმ დროის სიდუხჭირისა, სოფლის ნაპირას ერთი კაი ფიცრული ედგა.

ჩავამატოთ „გარდა“ თანდებულიანი გამოთქმა:

ოთარაანთ ქვრივს, გარდა თავისი ვენახებისა, სოფლის ნაპირას ერთი კაი ფიცრული ედგა.

იმას, რომ მოსწავლეებმა თავად მოიფიქრონ განკერძოების სახეები თავიდან აუცილებლად სჭირდება მასწავლებლის დამხმარე კითხვები, მაგ, როგორ შეგვიძლია შევავსოთ „სოფლის ნაპირას“ ისე, რომ მივიღოთ განკერძოებული გარემოება, რა შეგვიძლია მოვიფიქროთ დამატებით ფიცრულის ადგილმდებარეობის შესახებ და ა. შ. ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული საგაკვეთილო დრო მიაქვს, არაა სწრაფი პროცესი, მაგრამ ამ ტიპის სავარჯიშოები, როდესაც მოსწავლე იძულებულია, თვითონ შექმნას ნიმუში ამა თუ იმ წინადადების ტიპისა, ამ საკითხის ღრმად გააზრებას უზრუნველყოფს და მომავალში პუნქტუაციური შეცდომებიც საგრძნობლად იკლებს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი